ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„შიშის მომგვრელი ვირტუოზის“, ნიკოლოზ ნამორაძის კონცერტი ნიუ იორკში

„შიშის მომგვრელი ვირტუოზის“, ნიკოლოზ ნამორაძის კონცერტი ნიუ იორკში

ეს ის იშვიათი წუთები იყო, როცა უბრალოდ ჩუმად ზიხარ და ცდილობ იმ შეუძლებელი პიანისიმოს, რომელიც სცენიდან გესმის, თანაზომიერი „ბრავო, ბრავო“ შენთვის წაიჩურჩულო, მაგრამ მაინც ისეთი ვერ გამოგდის. თან საფორტეპიანო განათლების მიუხედავად, გიჭირს წარმოიდგინო კლავიშთან ამგვარი ინტიმური და  ტემპერამენტული კავშირი. როცა „კარნეგი ჰოლში“ ნიკოლოზ ნამორაძემ ბახის “სიმფონია N9”-სა და “პარტიტა N6”-ის შესრულება დაიწყო, ვიცოდი, რომ ეს არა მარტო დროსა და სივრცეში მოგზაურობა იქნებოდა, არამედ ოდესღაც ნაცნობი და ვერგახსენებული ფრაზების ციტირებაც, ოღონდ პაინისტის ინტერპრეტაციით.

პროგრამა თითქოს ერთი კონცეფციით იყო შერჩეული, ოღონდ იმის გათვლით, რომ ბოლოს მათი კონტრაპუნქტი უნდა გაჟღერებულიყო: სკრიაბინის „სონატა N9“, ბახის “სიმფონია” N9; რობერტ შუმანის “არაბესკის” და ბოლოს თავად პიანისტის  ნაწარმოებები: „არაბესკი” (2018), ეტიუდები “მაჟორული გამები” (2015), “ძირითადად ტრიადები” (2017) და “მოძრავი სარკეები” (2017). და ოთხ ბისზე დაკრული სკრიაბინის ოთხი ეტიუდი.

კონცერტის დასრულებიდან ნახევარი საათის მერეც ბისზე გამოძახებული არტისტის სცენაზე ყოფნაში არაფერი იყო ექსტრაორდინალური. არ ვიცი ზუსტად “კარნეგი ჰოლის” “ზანკელ ჰოლში” ვის ჰქონდა ყველაზე ბევრი “ბისი”, მაგრამ ჩემ მეხსიერებაში ნიკო, მგონი, პირველია. ყოველ შემთხვევაში, ქართველი. “ბისები” ისეთივე ორგანული ნაწილი იყო კონცერტის, როგორც სხვა, “საბაზისო” ნაწარმოებები. შეიძლება ითქვას, რომ “კარნეგი ჰოლში”  ქართველი პიანისტის დებიუტი ძალიან წარმატებული იყო, რაზეც მეტყველებდა არა მარტო აუდიტორიის რეაქცია, ასევე ლამის იმავე დღეს პრესტიჟულ ვებგვერდზე პიანისტის ხელოვნების აღმწერი ტექსტი, სათაურით “ნამორაძე ნიუ იორკულ დებიუტში იკვლევს  ღრმა და ბნელს აჩრდილებს” და მოგვიანებით – ნიუ იორკის წამყვანი კრიტიკოსის ბრწყინვალე რეცენზია.

ნიკოლოზ ნამორაძის აფიშა, რომელზეც აღნიშნულია, რომ კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია

კონცერტისთვის კანადიდან სპეციალურად ჩამოვიდა “ჰონენსის” კონკურსის დირექტორი ნეილ ედვარდსი, რომელმაც ჩვენთან კიდევ ერთხელ გაიხსენა შარშან შემოდგომაზე ჩატარებული კონკურსის მიმდინარეობა და ნამორაძის განსაკუთრებულობა.

„2018  წლის 7 სექტემბერს ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი ნიკოლოზ ნამორაძე “ჰონენსის” სპეციალურად შერჩეულმა შვიდწევრიანმა საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულად გამოაცხადა“ – ამბობს ნეილ ედვარდსი, „ეს მოხდა კალგარიში გამართული ათდღიანი კონკურსის დასასრულს, სადაც მან სოლოს გარდა ერთობლივი კონცერტი  ბარიტონ ფილიპ ადისთან, მევიოლინე ჯონათან კროუსთან და კალგარის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად დაუკრა. “ჰონენსი” სხვა კონკურსებისაგან იმით გამოირჩევა, რომ ფოკუსირდება მხოლოდ ერთ არტისტ – შემსრულებელზე, ვისი სახასიათო ხმა, უნივერსალურობა, სიმსუბუქე კომუნიკატორის რანგში და, რასაკვირველია, ვისი ვირტუოზული ტექნიკური უნარებიც თვალსაჩინოა და აჩვენებს, რომ იგი პროფესიული კარიერისთვის სრულად მზადაა. არტისტებმა, რომლებიც “ჰონენსში” იღებენ მონაწილეობას, ასევე უნდა გამოხატონ სპეციფიური ოსტატობა თავიანთ პროგრამებსა და ინტერვიუებში ჟურნალისტებთან, რაც მათ თანამედროვე ხელოვნების მიმართ მგრძნობელობასა და თანამედროვე აუდიტორიასთან ეფექტური ურთიერთობის საწინდარს წარმოადგენს.

ნიკოლოზ ნამორაძე მუსიკის ღრმააზროვანი ინტერპრეტატორია, უბადლო თანამშრომელი, შიშის მომგვრელი ვირტუოზი, კომუნიკატორი, რისკიანი მკვლევარი, მეოცნებე. იგი გამოხატავს და ინტერპრეტირებს იდეებს ფართო კულტურული კონტექსტიდან, მძაფრი ფანტაზიით პერფორმანსის საშუალებით და ერთგვარი პროგრამული გადაწყვეტილებებით, რომელიც “შეკაზმულია” სიცოცხლით. ნიკო გულს შთააგონებს და ინტელექტს იზიდავს. მისი შემოქმედებითი ცოდნა მომდინარეობს არა მარტო  თავად კონკრეტული კომპოზიციის ცოდნისგან, არამედ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმ ფართო ცოდნისგან, რომელიც მუსიკას უკავშირდება, კერძოდ კი მუსიკალურ ლიტერატურას ზოგადად და ხელოვნების სხვა დარგებსაც: კინოს, გამომსახველობით ხელოვნებასა და ლიტერატურას. ჭეშმარიტად, იგი “ჰონენსის”  “სრულყოფილი ხელოვანის” ფილოსოფიის განსახიერებაა.“

  • როგორ დაახასიათებდით  ამ კონკურსს და რა მნიშვნელობა აქვს მას არტისტის მომავლისთვის?

ეს კონკურსი პიანისტთა სამყაროში ყველაზე დიდი ფულადი პრიზით ხასიათდება, რომელიც გამარჯვებულს გადავეცით. ეს თანხა  არტისტის განვითარებას მოხმარდება. “ჰონენსი” ითვლება ერთ-ერთ ყველაზე  პრესტიჟულ კონკურსად თავისი უნიკალური პროგრამის მეშვეობით, რომელიც  არტისტული და კარიერული ზრდის საშუალებას იძლევა. “ჰონენსს” შეუძლია გააკეთოს უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ იპოვოს გამოჩენილი პიანისტები. ეს უპერეცედენტო შესაძლებლობებია ახალი რეპერტუარის შესასწავლად, მსოფლიოს სცენებზე სადებიუტო სოლო კონცერტების ჩასატარებლად “კარნეგი ჰოლში” (ნიუ იორკი), “ვიგმორ ჰოლში” (ლონდონი) და “კონეცრტჰაუსში” (ბერლინი); თავისი კარიერა  განავითაროს ხმის ჩამწერ სტუდიებში (ლეიბლები: Hyperion, Steinway და Honens) და ასევე საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს დირიჟორებთან, ორკესტრებთან და მთელს მსოფლიოში წამყვან მუსიკოსებთან. ამ პროგრამის ფარგლებში ნიკო ასევე მიიღებს გლობალურ წარმომადგენლობას Kanzen Arts–ში.

  • ახლა, ალბათ, უფრო მეტი ინტერესია საქართველოს მიმართ…

პირადად მე ზოგადი ფონიდან გამომიდინარე ვიცოდი, რომ საქართველოს მდიდარი ვოკალური ტრადიციები აქვს და მოხიბლული ვიყავი მისი რთული და დამატყვევებული პოლიფონიით. თუმცა ძალიან ცოტა რამ ვიცოდი თქვენი ქვეყნის შესახებ. რახან “ჰონენსს” ქართველი გამარჯვებული ჰყავს, მაქვს იმის სურვილიც, რომ მეტი გავიგო საქართველოს შესახებ და მოუთმენლად ველოდები საქართველოში გამგზავრების შესაძლებლობას, მათ შორის, ნამორაძის სოლო კონცერტისთვისაც. გვიხარია, რომ ნიკო არის “ჰონენსის” პირველი ქართველი ლაურეატი და ამაზე უფრო ამაყი ვერ ვიქნებით. ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ კანადაში საქართველოს საელჩოსთან, რომ წლის ბოლოს კონცერტი დავგეგმოთ. “ჰონენსი” კი უკვე 2021 – ის კონკურსის დაგეგმვის პროცესშია. მე ჯერ არავინ შემხვედრია, ვინც იგებს და ითვისებს “ჰონენსის” პრინციპებს ისე, როგორც ნიკოლოზ ნამორაძე და, ცხადია, “ჰონენსი” მას  მხარს დაუჭერს.

* * *

ნიკოლოზ ნამორაძე ამბობს, რომ სამომავლოდ ძალიან ბევრი, ინტენსიური,  საინტერესო პროექტით დატვირთული პროგრამა აქვს. წინაა სადებიუტო კონცერტები მსოფლიოს წამყვან დარბაზებში, როგორიცაა: “ვოგმორ ჰოლი” ლონდონში, “კონცერტჰაუსი” ბერლინში და “ბუნკა კაიკანი” ტოკიოში. ასევე გეგმავს ჩანაწერების გაკეთებას „ჰონენსის“, „ჰაიპერონის“ და „სტეინვეის“ ჩამწერ სტუდიებთან; კონცერტს ლონდონის ფილარმონიულ ორკესტრთან.

  • “კარნეგი ჰოლისთვის” რა პრინციპით შეარჩიეთ ნაწარმოებები?

“კარნეგის ჰოლის” პროგრამა წარმოადგენდა კავშირს სხვადასხვა მუსიკალურ პერიოდებს შორის. იგი გაიხსნა სკრიაბინის სონატით, რომელიც ცნობილია სახელწოდებით “შავი მესა”, და გაგრძელდა ბახის სამხმიანი ინვენციით ფა მინორში. ეს თანმიმდევრობა ხაზს უსვამს ისეთ თვისებას ერთი კომპოზიტორის ნაწარმოებში, რომელიც, როგორც წესი, ასოცირდება მეორე კომპოზიტორთან. ასეთია რთული პოლიფონიური ტექსტურები სკრიაბინის სონატაში და გაბედული ქრომატიზმი ბახის მოკლე ინვენციაში. ბახის ინვენცია ასევე ასრულებდა მაკავშირებელ როლს სკრიაბინის სონატასა და ბახის ფართომასშტაბიან ნაწარმოებთან, პარტიტასთან მი მინორში.

პროგრამის მეორე ნახევრის დასაწყისში შესრულებული იყო შუმანის ორი ნაწარმოები: პირველი, შექმნილი კომპოზიტორის შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერ პერიოდში და მეორე – მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი. თუ კი “არაბესკი” შუმანის ერთ-ერთი ყველაზე ნატიფი ნაწარმოებია, „განთიადის სიმღერები“ (“Gesänge der Frühe”) არის მისი ყველაზე ექსპერიმენტული ნაწარმოები. ამას მოჰყვა მსოფლიო პრემიერა ჩემი „არაბესკისა“, რომელიც შუმანის ამავე სახელწოდების ნაწარმოების სტრუქტურულ მსგავსებას წარმოადგენს. პროგრამა დასრულდა ჩემი სამი ეტიუდით.

ნიკოლოზ ნამორაძე. ია მერკვილაძის ფოტო

  • როგორ შეიქმნა „არაბესკი”?

„არაბესკი” შარშან ბუდაპეშტში დავწერე დიდი სიცხეების დროს, როდესაც ფორტეპიანოზე მეცადინეობა ძალიან არაკომფორტული იყო. ასეთი ნაწარმოების შექმნის იდეა რამდენიმე ხნის წინ გამიჩნდა და ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა რამდენიმე დღე ამ იდეის განსახორციელებლად სრულიად დამეთმო.

ნაწარმოები ეფუძნება პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს “არაბესკებს”  ვიზუალური ხელოვნებაში. ესენია ორნამენტირებული, სპირალური და ერთმანეთში გადახლართული ნიმუშები. მთელი ნაწარმოების განმავლობაში პიანისტის ერთმანეთზე გადაფარებული ხელები უკრავს გადაჯაჭვულ კონფუგურაციებს, სადაც ინდივიდუალური თემების გარჩევა შესაძლებელია მხოლოდ ხელების დინამიური ცვლილებების დროს.

  • საქართველოში ხომ არ აპირებთ ჩასვლას?

ჩემთვის ძალზედ სასიხარულოა, რომ წელს საშუალება მექნება ქართველი მსმენელის წინაშე წარვსდგე. სექტემბრის ბოლოს დავუკრავ სოლო კონცერტს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ელისო ვირსალაძის მიერაა დაარსებული.