ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

გამოფენა „ფერადოვანი სამყარო“ ნიუ იორკში

გამოფენა „ფერადოვანი სამყარო“ ნიუ იორკში

ნიუ იორკში, მანჰეტენის ქვემო აღმოსავლეთით ქალაქის საინტერესო სახელოვნებო სივრცეები მდებარეობს. მათ შორისაა “დაქირავებული ბინის მუზეუმი” (იგივე “ემიგრაციის მუზეუმი”), The New Myseum, „ფოტოგრაფიის  საერთაშორისო ცენტრი” და გალერეა Artifact, რომელიც, როგორც ტრადიციული არტის, ასევე ახალი მედიების, ახალგაზრდა მხატვრების კარიერის მხარდამჭერია. ამას წინათ სწორედ ამ არტსივრცეში ამერიკული კომპანიის Madatart  ორგანიზებით (ხელმძღვანელი მარიტა დამენია) გაიმართა 18 ხელოვანის გამოფენა სახელწოდებით “ფერადოვანი სამყარო”. არტისტების უმრავლესობა ქართველები იყვნენ, მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიის ეგიდით არაერთ ჯგუფურ ექსპოზიციაში (მხატვარ ცირა ახობაძეს პერსინალური გამოფენაც ჰქონდა) მიუღიათ  მონაწილეობა:  ნესტან ჯოლია,  ცირა ახობაძე, სოფო ვარაზი, ნინო ხვადაგიანი, მარიტა კაპანაძე, მილა კაკუშაძე, მარიკა მამუჩიშვილი, მაკრინე ტყებუჩავა, თინათინ სანიკიძე, მალხაზ რუსაძე, ლელა ქართველი, ლოლა სახურია, პაპუნა დაბრუნდაშვილი, ნათია ბექაური, ლაშა ბაღათურია, ნანა გოგაბერიშვილი, ირინა ფედორენკო, ეფიმ გულიევი.

გამოფენა გელერეა Artifact-ში

გამოფენილი იყო  ფერწერა, გრაფიკა, ფოტო, სამკაული, ქანდაკება, ასევე დიზაინერების ნამუშევრებიც. როგორც მარიტა დამენიამ აღნიშნა: “მონაწილეების უმრავლესობისთვის ეს პირველი გამოფენა არ იყო. ქართველების გარდა იყვნენ უკრაინისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები.

ჩვენ გამოფენებს ფართო რეზონანსი აქვს, ინფორმაცია საქართველოსა და აშშ–ის გარეთაც ვრცელდება და არტისტები გვიკავშირდებიან. რაც შეეხება ემინ გულიევს, ჩვენი თანამშრომლობა თებერვალში დაიწყო, როცა Susan Eley Fine Art გალერეაში მისი პირველი სოლო გამოფენა მოვაწყვეთ. ამჯერად მას ძალიან ორიგინალური სკულპტურები ჰქონდა, ბისერებით გაწყობილი ფიგურები. Madatart-ის აღმოჩენაა მაკრინე ტყებუჩავა, რომელიც ზეთში მასტეხინით ძალიან შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის. სამწუხაროდ, ნამუშევრებმა ტრანსპორტირების პრობლემის გამო დაიგვიანეს. მხატვარი კი იყო, მაგრამ მისი ნახატები – არა. მაგრამ მან ერთ ღამეში, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო – ორი ნახატი.  ჩემთვის ასევე აღმოჩენა იყო დიზაინერი მილა კაკუშაძე, რომელიც დეკუპაჟის და სხვადასხვა ტექნიკის საშუალებით დეკორატიულ ბოთლებს, სკივრებსა და წიგნის ყუთებს ქმნის. მას მართლაც საინტერესო და უცხო ტექნიკა აქვს”.

თბილისის ნატიფი ხელოვნების აკადემიის ტრიკოტაჟის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ცირა ახობაძე ამბობს, რომ არტისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემფასებელმა მხატვარი ჯერ სწორედ საგამოფენო დარბაზებში გაიცნოს (და არა მხოლოდ ინტერნეტში), რადგანაც უკუკავშირიცა და შედეგიც უფრო ხილვადია. მაგალითად, მხატვრის სოლო გამოფენაზე (2017) ნამუშევრების ნახევარზე მეტი სწორედ ექსპოზიციის შემდეგ გაიყიდა.

ცირა ახობაძე

ცირა ახობაძე ყოველთვის გამოხატვის ახალ ფორმებს ეძებს – აქვს სარკის ნამსხვრევებისგან შექმნილი კომპოზიციები, მუშაობს ზეთში, აკრილში, გრაფიკაში და ახლა ოქროშიც (ოქროს ტუში). “არტიფაქტში” გამოფენილი იყო ცირა ახობაძის დიდი ზომის ნამუშევარი “ველური კალის მინდორი”, რომელიც შესრულებულია აკვარელში, გუაშსა და 18 კარატ ოქროში.  მეორე ნამუშევარი – “ველური ყვავილები”, აკვარელ – მიქს-მედიისა და ოქროს ნაზავია. მხატვარი ამბობს, რომ ხატვისას იგი მუსიკას, კლასიკოსებიდან კი ბახს, მოცარტსა და შოპენს ყოველთვის უსმენს. ოქროს გამოჩენა მის შემოქმედებაში სიახლეა. იგი გვიყვება, რომ გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა სტანდარტებიდან გასვლა და სწორედ ამ დროს მისი ყურდღება მიიპყრო ხავერდოვანმა ქაღალდმა, რომელსაც ძირითადად აკვარელისთვის არ იყენებენ.

„1990-იანებში, როცა ყველაფრის კრიზისი იყო და ელემენტარულად აკვარელის ფურცლებიც კი არ გვქონდა, ბევრჯერ კედლის ქაღალდს ვარჩევდი, რომელიც თითქმის იგივე ფაქტურაა“, – ამბობს ცირა, „– ამგვარ ქაღალდთან შეხება რატომღაც ოქროსთან შეხებასთან გავაიგივე. არც აკვარელის ფურცლის გამოყენება მომინდა და არც კლასიკურ აკვარელში მუშაობა – ჯერ ნახევრად სველი ტექნიკით აკვარელი და ტუშის ნაზავი შევასრულე, შემდგომ ოქროსა და პლატინაზე გავამახვილე ყურადღება, რადგან იმ დღეს კლიმტისა და მონეს გავლენის ქვეშ ვიყავი. სწორედ აკვარელი ოქროთი იყო წარმოდგენილი ნიუ იორკის „არტ ექსპოზე“ (2017). ეს ნამუშევარი „არტექსპოს“ ვებგვერდზეც მოხვდა, რაც ჩემთვის დამატებითი სტიმული გახლდათ. ხშირად ყვავილებს  კი იმიტომ ვხატავ, რომ ისინი მალე ჭკნებიან… მე კი მინდა, რომ  მუდამ ცოცხლები იყვნენ. რახან ტრიკოტაჟის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, იმედს ვიტოვებ, რომ მნახველის წინაშე ამ სფეროში ჩემი ნამუშევრებითაც წავრსდგები.  ფოტოგრაფია კი ჩემი სულის სიმშვიდეა და რადგან მხედველობითი მეხსიერება მაქვს, ვცდილობ ჩემი აღქმა ფოტოკამერამაც დააფიქსიროს და სხვებსაც გავუზიარო”.

ცირა ახობაძე ასევე ამზადებს ნაძვის ხის ორნამენტებს, მაისურებს თავისივე ნახატების პრინტებით, სამკაულებს, ჭიქებს, სადგარებს და ამ საგნების წარდგენა/გაყიდვაში მას სოციალური მედიაც ეხმარება. იგი ასევე მუშაობს ინტერიერის დიზაინზე, საახალწლო მორთულობებსა და მაკიაჟზე. მხატვარს ექსპოზიციაზე ძველი თბილისის ხედებიანი მასიურებიც ჰქონდა წარმოდგენილი.

მაკრინე ტყებუჩავა

მაკრინე ტყებუჩავა უცხო ენების სპეციალისტია, რომელმაც დიზაინერთან და მხატვართან მარინა გახუტიშვილთან ერთწლიანი მომზადების კურსი გაიარა. მისი ნამუშევრები ხშირადაა როგორც საქართველოს საგამოფენო დარბაზებში, ასევე  საქველმოქმედო აქციებზე. ამ გამოფენის დასრულების შემდეგ მაკრინე ტყებუჩავას ერთ-ერთი ნამუშევარი ორგანიზაცია “საქართველოს ამერიკელი მეგობრების” აუქციონზეც აღმოჩნდა. მხატვარი ყვება, რომ “არტიფაქტის” ექსპოზიციისთვის საქართველოდან გამომგზავრებული მისი ნახატები გზაში შეფერხდა. “დღე ილეოდა, მე სასტუმროში ვიჯექი და საშინლად ვნერვიულობდი, რომ უკვე საღამოს ექვსი საათია, ხვალ  გამოფენაა, ჩემი ნაშრომები კი არსად ჩანს. შემდეგ უცებ გადავწყვიტე დამეხატა. გავიქეცი, ვიყიდე ტილო და საღებავები და ასე, ფაქტობრივად,  ცხრა საათში ორი ყვავილი დავხატე. არ ვიცი საიდან მომეცა იმის ძალა, რომ ასე სწრაფად მემუშავა.” – ამბობს მაკრინე.

მარიტა კაპანაძე

მარიტა კაპანაძე სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. იგი ორ ფაკულტეტზე – მოდელირებასა და ტექსტილის დიზაინზე სწავლობდა. როგორც თავად ყვება, 2010 წლიდან მას აქვს საკუთარი კომპანია, რომლის მეშვეობითაც ინტერიერ–დიზაინურ მომსახურეობას ეწევა. ამზადებს დეკორაციებს: ჭაღებს, მაგიდებს, ტიხრებს და ა.შ. შესრულებული აქვს ინტერიერის არაერთი პროექტი საქართველოსა თუ საზღვარგარეთ; მონაწილეობს საერთაშორისო დიზაინ-კონკურსებსა თუ გამოფენებში. პარალელურად იგი ყოველთვის ავეჯის კომპანიებში, მაგალითად, “ბელჰაუსში”, მუშაობდა. 2017 წელს ამერიკაში ჩამოვიდა და მის ბიოგრაფიაში უკვე ექვსი ჯგუფური გამოფენაა.  ამჯერად “არტიფაქტში” მნახველმა მარიტას მიერ აბრეშუმისგან ხელით შექმნილი სანათები იხილა.

პაპუნა დაბრუნდაშვილი

თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, სკულპტორი პაპუნა დაბრუნდაშვილი საქართველოში არაერთ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში ქვის ორნამენტების ავტორია. გარდა ამისა, იგი სარესტავრაციო სამუშაოებსაც ასრულებს (ალერტის წმინდა გიორგის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი). სკულპტორი ასევე ქმნის ემალის ნაკეთობებს, რომელიც წარმოადგენს ქანდაკებაში ტიხრული მინანქრისა და ქვის სინთეზს.   საქართველოში შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად იგი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, მაგალითად, ნაფარეულის “სათემო განვითარების ცენტრში” ასწავლიდა ტიხრულ, ტვიფრულ, ვიტრაჟულ მინანქარსა და მინანქარს შუშაზე, რომლის დამუშავების ახალი ტექნოლოგია მისი გამოგონილია. ამერიკაში იგი პირველად გამოიფინა  2016 –ში გალერეაში Phenix Galerry, სადაც წარადგინა თეთრი ქვისგან გამოთლილი მისი ერთ – ერთი ნამუშევარი “სიყვარულის ისტორია”, რომელიც “არტიფაქტშიც” ვიხილეთ.  პაპუნა ამბობს, რომ „სკულპტურა განასახიერებს ერთობას, სიცოცხლის გაგრძელების ინსტინქტს; ამ ყველაფრის მეხსიერებაში ჩასმასა და მერე დავიწყებას, მაგრამ ხანდახან კვლავ გახსენებას”.

ლელა ქართველი

ლელა ქართველი (ქართველიშვილი) გრაფიკოსია. მას “არტიფაქტში” თავისი რამდენიმე გრაფიკული ნამუშევარი ჰქონდა გამოფენილი: “ერთი დღე აქ”,  “სამება”, “გზა კოსმოსისკენ” და “სიცოცხლის ხე”. მხატვარი მუშაობს ტუშითა და აკვარელით. როგორც თავად ამბობს, მისი გრაფიკა ფილოსოფიურ-თეოლიგიური დატვირთვისაა. “მე ბავშვობიდან ვხატავ და სანამ გრაფიკის ფაკულტეტს დავამთავრებდი, მქონდა პერსონალური გამოფენაც და ასევე ვმონაწილეობდი ჯგუფურ იქსპოზიციებში. შემდეგ რამდენიმე წელი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის სხვადასხვა პროექტში ჩავერთე. რამდენიმე  წელი ადამიანის უფლებათა დაცვის, კონფლიქტების მოგვარებისა და საარჩევნო სისტემების  მიმართულებების განვითარების სფეროში ვიმუშავე. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ხატვის დრო აღარ მრჩებოდა, თუმცა სურვილი არ გამნელებია.  პირიქით, ეს სურვილი დროთა განმავლობაში უფრო მეტად მიმძაფრდებოდა. აშშ–ში ჩამოსვლის შემდეგ კი ჩემ საყვარელ საქმიანობას ახალი ძალებით დავუბრუნდი”.

თინათინ სანიკიძე

სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებული თინათინ სანიკიძე ფერწერის სხვა ჟანრებს შორის სუპერეალისტურშიც მუშაობს. “არტიფაქტში” წარმოდგენილი მისი ორი ნახატიდან (“ბუ” და “ლეოპარდი”) “ბუ” იმ დღესვე გაიყიდა. 2010-ში საქართველოში მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა და მას მერე იგი არაერთ არტექსპოზიციაში მონაწილეობდა, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თინათინი წელსაც აპირებს, რომ თავისი ნამუშევრები საქართველოში წარადგინოს. იგი ამბობს, რომ ყველაფერი მის ფერებში სამყაროს მისეული აღქმის ანარეკლია. მაგალითად, მისი შავ–თეთრი, გრაფიკული ნამუშევრების შექმნა და განწყობაც 2015-ში თბილისის ცენტრში წყალდიდობის გამო დატრიალებულ ტრაგედიას დაემთხვა. ეს ნახატები კი რომში, გალერეა Vacarella-ში გამოიფინა. როგორც თავად თინათინ სანიკიძე ამბობს, “ეს ნახატები ცნობილმა ხელოვნებათმცოდნე ემა ქამიგლიამ შეაფასა და აღნიშნა, რომ ჩემი მხატვრობა ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა და რომ იგი რენესანსის პერიოდის ხელწერასთან ახლოსაა. მე ვცდილობ მნახველს ვაჩვენო ახალი ემოციური პერსპექტივა, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურობასთან სიახლოვე შეგვიძლია შევაფასოთ, რადგანაც საქმე გვაქვს იმასთან, თუ როგორ გამოიყურებიან ადამიანები. ისინი ხომ გაცილებით მრავალფეროვანნი არიან, ვიდრე ჩვენ ვხედავთ.”

გამოფენა გელერეა Artifact-ში