მერე ბიბლიოთეკის კიბეებთან გარეთ გამოტანილ ქოლგიან მაგიდასთან მიდგმულ ხის სავარძელზე ჩამოვჯდები; ზურგჩანთიდან პატარა, მსუბუქ ლეპტოპს ამოვიღებ და თუ სახელდახელოდ დატენილი ბატარეა მაცდის, იმ პატარა მოთხრობას დავწერ, რომელიც თავში იდეების „ფოლდერის“ რომელიღაც „ფაილში“ მაქვს შენახული და რომელსაც სახლში ყოფნისას „კომპში“ გადატანა ვერა და ვერ ვაღირსე. უცნაურია, მაგრამ ჩემი აკვიატებული სიუჟეტი სწორედ ამ ადგილზე ამომიტივტივდება ხოლმე და რატომღაც, როგორც კი წიგნის „ადგილის დედას“ გავშორდები, ნელ – ნელა მიქრება. ამიტომაც საჯაროდან მოშორებით, მერვე ავენიუსა და 42–ე ქუჩაზე, გაზეთ NewYork Times შენობასთან, ჩემს თავში მხატვრული ჩანაფიქრის ნაკვალევსაც კი ვერ ვპოულობ. მაგრამ თუ უკან გავბრუნდები, სააზროვნო ორგანოში იგი ისევ ჩნდება, თითქოს დროის უკან გადამხვევი მანქანით ჰაერში გაბნეულ სიტყვებს მაგნიტი კრებს და ამის გამო „ბიბლიოთეკის გზაზე“ შედგომისას ბუკეტად შეიკვრება. ჰოდა, სწორედ საჯაროს კიბეებს უნდა შევეკედლო, რადგანაც სიტყვები ბიბლიოთეკის და, ზოგადად, შენობის შიგნით მიფრთხება, ორთქლდება, მისხლტება…. ხოლო თუ ბრუკლინიდან „ბორჯომი“ მანჰეტენამდეც მოაღწევს და კოკა–კოლასა და ფორთოხლის წვენთან ერთად გაიყიდება, აუცილებლად ვიყიდი და დავლევ. ოღონდ – ძალიან ცივს. აბა, ნიუ იორკში „პინოგრიჟიოს“ ბიბლიოთეკებთან არ ყიდიან, თან ისედაც იშვიათად და ძალიან ცოტას ვსამ, უფრო სწორად, ვწრუპავ და მხოლოდ მაშინ, როცა კომპანიონი მყავს. ოღონდ ეს დაგეგმილი ტერფშიშველა გასეირნება გვიანგაზაფხულ–ზაფხულ–ადრეულშემოდომაზე იქნება. ზამთარში ღია ლურჯქოლგიან მაგიდებს არ შლიან, თან არც მე ვაპირებ, კიდურები გავიყინო და ჩემს დანახვაზე ნიუ იორკელებს ვაფიქრებინო, რომ დროა სასწრაფო დამხარებას ოპერატიულად გამოუძახონ. მზის სეზონში კი ფეხშველობისას, არა მგონია, ვინმემ დიდი ყურდღება მომაქციოს, მაგრამ რადგანაც წიგნის უბნის ეს მონაკვეთი დიდი ხალხმრავლობით არასოდეს გამოირჩევა, ამიტომ სრულიადაც შესაძლებელია, რომ იქვე ჩამწკრივებული კაფეების, პიცერიების, მობილური ტელეფინებისა და ოქროულობის მაღაზიების ვიტრინებიდან გაკვირვებულმა ადამიანებმა შემომხედონ, რადგანაც დამდნარ ჰაერში მოლივლივე ნიუ იორკის ქუჩა სველი მწვანე ბალახი სულაც არაა, რომ მასზე სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს. ამ ქუჩაზე ყოველთვის ნათელი ჩრდილი დგას, ხოლო შედარებით გაგრილებულ ასფალტს, რომელსაც დროდადრო „რწყავენ“, ცივი, ლითონში ჩაკირული „წიგნები“ აცივებენ. აი, როგორც არიზონას უდაბნოში პირგამომშრალი და ბაგედახეთქილი მზისგან გამთბარ წყლის მაღალ ჭიქაში ყინულის კუბიკებს ავტომატი–მაცივრიდან რომ ჩააჩხრიალებ. თანაც რამდენჯერაც აქ გავიარე, იმდენჯერ ეს ქუჩა რატომღაც ნაწვიმარს ჰგავს, გაგრილებულია. ჰოდა, მომაქცევენ ყურადღებას, აბა, რას იზამენ. თან ფეხზე ფეხის სამკაულებს გავიკეთებ, რომ „ხმაურიანად“ გავიარო…. დიდი ვაშლის ქალაქში ფეხის სამკაულების თითქოს მოგუდული „ჯინჯილი“ ერთგვარი „სუბკულტურული“ ფენომენია… მის ჩაწერას სუპემგრძნობიარე აუდიოაპარატურა სჭირდება და არა უბრალოდ თუნდაც ძალიან თანამედროვე ფოტოაპარატის ვიდეოჩამწერი ფუნქცია. რადგანაც ასეთ ტექნიკას ჯერ არ ვფლობ, ამიტომაც ფეხის „ჯინჯილების“ მელოდიის ჩაწერა–აღწერა მოიცდის.
მანჰეტენის წიგნიერების ამ გზაზე სკულპტორ გრეგ ლეფივრის მიერ შექმნილი „მემორიალური დაფები“ არა შენობების კედელზე, არამედ ზედ ტროტუარზეა დაკრული და, რამდენადაც ვიცი, ამ „ფურცლებზე“ დასატანი ციტატების „გამოქვეყნებაზე“ ცნობილმა ექსპერტებმა ტვინი დიდხანს იჭყლიტეს. ბოლოს, ცოტა იფიქრეს თუ ბევრი, როგორც იქნა, შეარჩიეს კიდეც. კერძოდ კი, 11 ქვეყნის 45 ცნობილი ავტორი. აქაც „ჩვეულებრივი ბალანსია“: მამაკაცი (34) მეტია, ვიდრე – ქალი ავტორი (11). არის თომას ჯეფერსონის (1743–1826) სიტყვები: „იქ, სადაც პრესა თავისუფალია, ყველა ადამიანს კი კითხვა შეუძლია, ყველა დაცულია“; ვირჯინია ვულფის (1882–1941): „თუ შენ არ იტყვი სიმართლეს შენ შესახებ, როგორ იტყვი სიმართლეს სხვების შესახებ?“; უილა კეთერის (1873–1947): „სულ ორი ან სამი ადამიანური ისტორია არსებობს, რომლებიც თავის თავს ისე დაჟინებით იმეორებენ, თითქოს მანამდე არასოდეს მომხდარა“; ე.ბ. უაითის (1899–1985) „მე არ ვიცი, რომელია უფრო შემძვრელი – ლიტერატურა თუ ქათმები“; პაბლო პიკასოს (1881 –1973): „ბუნება და ხელოვნება ორი განსხვავებული რამაა და ერთი ვერ იქნება. ხელოვნების საშუალებით ჩვენ გამოვხატავთ იმას, თუ რას არ წარმოადგენს ბუნება“; მურიელ რუკეისერი (1913 – 1980): „სამყარო შედგება მოთხრობებისგან და არა ატომებისგან“; სემუელ ბეკეტის (1906–1989):
“ვლადიმერი: რა თქვეს?
ესტრაგონი: მათ თავიანთი სიცოცხლის შესახებ ისაუბრეს.
ვლადიმერი: იყო ცოცხალი, არაა მათთვის საკმარისი.
ესტრაგონი: მათ უნდათ, რომ ისაუბრონ ამის შესახებ.
ვლადიმირი: იყო მკვდარი, არაა მათთვის საკმარისი.
ესტრაგონი: ეს არ არის საკმარისი.“
იმ დღეს ოდნავ წვიმდა და შევეცადე მალე გამევლო ფრაზების სერპანტინი ბიბლიოთეკისპირა მხარისკენ, სადაც შემაჯამებელი თუ საწყისი აკორდი მელოდა. იგი გახლავთ კარადის თაროზე შემოწყობილი წიგნების ფირფიტა, რომელზეც ხოსე მარტის (1853–1895) სიტყვებია ამოტვიფრული: „რამოდენიმეს ტირანიისგან განსხვავებული ლიტერატურათა ცოდნა ათავისუფლებს“. აი, ეს ძალიან და ყველაზე მეტად მომწონს. როცა ავტორიტეტების მონოპოლიას ლეგიტიმურად და ღვთისგან ბოძებულ მადლად არ თვლიან. ნიუ იორკია ასეთი. ერთფეროვნება და აკვიატებები არ უყვარს და არც ძირგამჯდარი ჰეგემონებისა და მათი უნებლიე თუ შეგნებული მსხვერპლთა ცრემლების სჯერა. და საერთოდ, ცრემლების კი არა, ამ ქალაქს არაფრის სჯერა, საკუთარი თავის გარდა. ჰო, იმ დღეს ამ კუბელი პოეტისა და ჟურნალისტი ხოსეს „ვარსკვლავზე“ ფოტოაპარატი Сanon–ი ბოლოჯერ გავაჩხაკუნე, თან ისე, რომ დათვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ ჩემი ტერფის თითიც კი აღმინუსხავს. უნდა ვისწავლო სამიზნის მკაცრ ჩარჩოში ჩასმა და უცხო სხეულების გაძევება. ამიტომ, წვიმამ ოდნავ რომ გადაიღო, ისევ დავუბრუნდი კუბელ რევოლუციონერსა და მოდერნიზმის მამას და უკვე ჩემი თითის გარეშე გადავიღე. რაც მთავარია, არც ერთ ძირს მწყობრად მიმოფანტულ ბრინჯაოს „ცნობის ფურცელზე“ არც უნებლიეთ და არც ნებსით არ დამიბიჯებია. წიგნები, რისგანაც არ უნდა იყვნენ „გამოწრთობილნი“, ამისთვის არ იქმნებიან . . .
რამდნეიმე დღით ადრე კი ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების არსებობის დასადასტურებლად სრული ერთი დღე ამერიკულ კატალოგებში კირკიტ – ძრომიალს მოვანდომე, წიგნის სახელწოდებები და აღწერები კი ცალ – ცალკე ფურცლებზეც კი ამოვბეჭდე. მანჰეტენის წიგნების მაღაზიებში, ბუკინისტებში თუ ისეთებში, როგორიცაა Barnes and Noble და, მით უმეტეს, „ბიბლიოთეკის გზაზე“ გაბნეული ქართული ფურცლები, ცხადია, ვერ ვიპოვე. სამაგიეროდ, ბრაიტონზე მდებარე რუსული წიგნების დიდ მაღაზია „სანკტ–პეტერბურგში“ არც ისე პატარა კედლის ნახევრის თაროებზე კოხტად შემოლაგებული ქართული ავტორების ნაშრომები ვიხილე. არა, განა რუსულად გადათარგმნილები, არამედ ქართულები. გამყიდველსაც ვკითხე, როგორ მიდის ვაჭრობა–მეთქი. ისე რაო… ქართული წიგნებიდან დიდი შემოსავალი არა გვაქვსო, მაგრამ ამ კუთხეს მაინც ვინახავთ, სხვათა შორის, სხვა ენაზე ამგვარად დახუნძლული თაროები არ გვაქვსო; ქართველებს უყვართ ბრაიტონი, აქაა ქართული რესტორანი და ქართული კერძების მაღაზიები, ჰოდა, იშვიათად, მაგრამ მაინც სტუმრობენ ჩვენს მაღაზიას და შიგადაშიგ ქართულ წიგნებსაც ყიდულობენო…
კიდევ დავამატებ, რომ იმის მიუხედავად, რომ ოდნავ წვიმდა და, პროფესიონალი ფოტოგრაფისდარად, წესითა და კანონით, ჩემი ინსტრუმენტი დასველებისგან უნდა დამეცვა, ბიბლიოთეკის გზაზე მოფენილ სიტყვათა პატარა ხალიჩების ფოტოების შთამბეჭდავი კოლექციის შექმნა მაინც მოვახერხე. ზოგიერთი გამვლელ–გამოვლელი, როცა ხედავდა, რომ ცათამბჯენების ქალაქში რაღაცას ზემოთ ან პირდაპირ კი არა, ქვემოთ ვაკვირდებოდი და თან ვუღებდი, თავადაც იცვლიდა მზერის „ბისექტრისას“, სულ ერთი წამით ჩერდებოდა და ობიექტს აკვირდებოდა. წვიმა რომ არა, ალბათ, ორ ან სამ წამს გაჩერდებოდნენ. ერთი მამაკაცი კი საერთოდ გვერდით ამომიდგა და 5 – 6 ავტორი ჩემთან ერთად ხმამაღლა კითვა–კითხვით გაიარა. სამწუხაროდ, გვიან მომაფიქრდა, რომ ჩემი ფოტოაპარატის რეჟიმი ვიდეოზე გადამეყვანა და უცნობი თანამგზავრისთვის გადამეღო. უნიკალური მომენტი იყო და, როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე, ამას მხოლოდ პოსტფაქტუმ მივხვდი. ჰოდა, წიგნებისა და უცნობ ქალთან სეირნობის მოყვარულმა ფრენსის ბეკონის (1561 – 1626) სიტყვები ოდნავ დამარცვლით წარმოთქვა: „ზოგიერთ წიგნს გემოს უსინჯავენ, სხვას გადაყლაპავენ და მხოლოდ მცირეოდენს ღეჭავენ და ითვისებენ“… რომელიღაც ავტორის თავზე მე და ჩემმა უცნობმა თანამგზავრმა ერთმანეთს გავუღიმეთ, So Great– ვუთხარით და კარგი დღე ვუსურვეთ. მერე გამახსენდა, რომ „წიგნის ქუჩის“ სადღაც შუაში ვიღაცამ ტელეფონზე დამირეკა და ამის გამო ლაპარაკ–ლაპარაკით, მგონი, რამდენიმე „ფურცელი“ წაუკითხავად „გადავფურცლე“. ამიტომ უკან გაბრუნება დავაპირე, მაგრამ სწორედ იმწამს წვიმამ უეცრად დასცხო, მე კი ქოლგა არასოდეს მიდევს ჩანთაში, ამიტომ გადავიფიქრე და სასწრაფოდ იქვე, პატარა კაფეში შევქანდი, ვიტრინასთან მიდგმულ მაღალ სკამზე მოვკალათდი და ჩემს Canon –ში იმის თვალიერება დავიწყე, რაც იმ დღეს ნიუ იორკის სეფეხმავლოზე აღმოვაჩინე. მოსავალი კი ასეთი იყო: რამდენიმე მოაჯირი, ათამდე კიბე, სარეკლამო პოსტერი და კიდევ ნიუ იორკის ცენტრის, თაიმს სქვერის შეუცვლელი „ექვსფეხა არსებები“, ცხენებზე ამხედრებული პოლიციელები, იგივე პატრული. ასევე, რამდენიმე ფოტო ეკლესიებთან ნახევრად შიშველი მოდელების დიდი სარეკლამო პოსტერებითურთ. ჩემი ნება რომ იყოს, ნიუ იორკის სავიზიტო ალბომში ამგვარ სურათებს აუცილებლად შევიტანდი. მაგალითად, როგორაა გახსნილი ტანსაცმლის მაღაზია ერთი დიდი ტაძრის მარცხენა ფლიგელში. ეკლესიის დიდი რკინის კარზე დიდი ჯვარი და მის მარცხნივ, მაღაზიად გაყიდულ ფლიგელში გამოფენილი მაისურები და შარვლები. ბიზნესი ბიზნესია. ეკლესიამ ან მიაქირავა, ან მაღაზიამ იყიდა. არაფერი დახურულად და ჩუმჩუმელად. მგონი, იმ დღეს 80 – ზე მეტი ფოტო გადავიღე. ივლისში კიდევ „გავილაშქრებ“, ხოლო ზაფხულის ბოლოს, ფოტოგრაფიის საერთაშორისო დღეს, 19 აგვისტოს, დავუყვები ქალაქს და ქუჩისა და მეტროს მუსიკოსებს სათითაოდ აღვბეჭდავ. ნიუ იორკის მიწისზედა და მისიწქვეშა მუსიკა ხომ ცალკე დიდი და ამოუწურავი საგაა. ჰო, სექტემბისთვის ვიცი, რასაც გადავიღებ. ნიუ იორკის ფანჯრებს, საფოსტო ყუთებს, სადგურების ჭერსა და მანეკენებს. არა, განა ისინი აქამდე არ გადამიღია? როგორ არა, გზადაგზა, მაგრამ ფართომასშტაბიანი „იერიში“ ამ სამიზნეებზე ჯერ არ მიმიტანია, თორემ ჩემს ფოტოარქივში სადგურ გრანდ ცენტრალის „ზეცაც“ კი მაქვს, რომელზეც რომელიღაცა თანავარსკვლავედია გამოსახული თავისი მბჟუტავი მნათობებით. ჭერი ძალიან მაღალია და ერთი თვალის შევლებით „ირმის ნახტომს“ ვერ შეამჩნევ, ამიტომ დაკვირვება ორივე თვალითა და გამადიდებლით ანდა ფოტოაპარტის დისტანციის მარეგულირებელით უნდა აწარმოო, რათა მოციმციმე ციური სხეული შენიშნო. მერე ვიფიქრე, ნიუ იორკის საფოსტო ყუთებს გადავუღებ–მეთქი. რა შეიძლება ადამიანის გზავნილების დროებითი ლითონის დანომრილ ნავსაყუდელებზე უფრო შინაარსიანი და ტევადი იყოს? სხვადასხვაგვარი ფორმები, მოცულობები, ფერები და ორნამენტები. მათი სტილის მიხედვით შეიძლება ხის წრეებისდაგვარად სახლის ასაკი თუ არა, შენობის მფლობელის გემოვნება მაინც გამოიცნო. ზოგი საფოსტო ყუთი მუდმივი ნიავების ქვეყანაში გაქარულ და მზისგან დანაოჭებულ მგზავრს ჰგავს; ზოგი– მრავალჭირნახულ, 1940 – იან წლებში გამოშვებულ Ford 2GA-ს; ზოგი – სტერილურ ლაბორატორიაში ჩემოსხმულ თხელ ლითონის კოლბას; ზოგიც პოსტმოდერნისტული კონსერვის Campbell Soup -ის ახალდროებაში ვერჩამჯდარ ქილას. ზოგან ჩაჭუჭყნული სარეკლამო ბუკლეტების „ყურები“ მოჩანს, ზოგს ციხის საკნის პატარა მართკუთხა, ვიწრო „ფანჯარა“ აქვს, ზოგის კარზე დიდი და ფერადი ასომთავრულით დაწერილი სახელ – გვარებია, ზოგან შავი „სფრეით“ Fuck You –ა გამოყვანილი, ზოგის პირი პირდაფჩენილ – კარგატეხილია, ზოგან ქართულ გვარებსაც შეხვდებით… განა ლათინური ასოებით, არამედ – ქართულად. იშვიათად, მაგრამ მაინც. მერე ნიუ იორკის ფანჯრები ამეკვიატა.. ოთხკუთხა, მრგვალი, მართკუთხა, ფარდებიანი და უფარდო, ჟალუზიანი, მოგრძო და პატარა ილუმინტორებივით, ფანჯარა – მინის კედელი. ფანჯარა–სარკე, ფანჯარა – ექსჰიბიციონისტი… მახსოვს ჩემი პირველი ფანჯარა. ერთხელ ჩემს მეგობარს ბრუკლინში, მეტროს სადგურთან ველოდებოდი და არ ვიცი, ჩემ პირდაპირ დაბურულ ჩვეულებრივ სახანძრო შესასვლელ ფანჯარას რატომ მივაქციე ყურდღება. დავაკვირდი და შევამჩნიე, რომ ფანჯრის იქით შავ–მოანაცრისფრო ბურუსში გახვეული ასეთივე ფერის მტრედები დაფრინავდნენ. გადავუღე. სულ სხვანაირი არიან მტრედები, რომლებიც ბრაიტონის პლიაჟზე თოვლის საფარველზე დაბნეულები დაბორიალობენ და რას კენკავენ, ვერ გაიგებ. თოლიები კი ცალკე იკრიბებიან. „სარანგების“ ეს ორი გუნდი კი ისე პატრულირებს სანაპიროს პერიმეტრს, თითქოს ერთმანეთის არსებობას ვერ ამჩნევენ, თითქოს „ერთი გორისა“ არ იყვნენ. . .
ნიუ იორკში მადლიერების დღე და ახალი წელი ფანჯრებისა და ვიტრინების ფანტასმაგორიის პერიოდია. მე მგონი, ასეთი სცენები მხოლოდ LSD -თი დაექსპერიმენტებულ ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს. და საერთოდ, ამ მეგაფანჯრების გადამკიდე ქალაქი ოდესღაც შენი საკუთარი ფერადი სიზმრების სცენარით დაწერილ კინოფილმს თუ სტოპკადრს ემსგავსება. თან ფიქრობ, როგორ მოახერხეს, ანდა როდის მომპარეს ჩემი პირადი, კერძო საკუთრება, საავტორო უფლებებით დაცული ხატები? ნუთუ ადამიანებს საკუთარი ფანტაზია არ ჰყოფნით და ამიტომ სხვათა სიზმრების უკანონო გადაზიდვებს მიჰყვეს ხელი? არადა, ცხადად მახსოვს, რომ სწორედაც რომ ჩემია ზუსტად ასეთი ელეგანტურად ყელმოღერებული ზებრა, ოქროსფერი ბუ, ჰაერში მოკალათებული თეთრი ვარდიფერწინწკლებიანი როიალი და ლურჯი, ბრჭყვიალა მეოცნებეთვალება მფრინავი თევზი…
ყოველთვის მაინეტერესებდა, რატომ უღებს ადამიანი ფოტოსურათს გარე სამყაროს? ეს კომუნიკაციის მცდელობაა, თუ ეგოიზმის გამოვლენა? გასაგებია, ქორწილს, ნობელის პრემიის გადაცემას ტურისტები თუ მზვერავები რატომაც იღებენ. მაგრამ ვიწროტურისტულ–დაზვერვით და ესთეტიკურ ინტერესს თუ გამოვრიცხავთ? ვინ იცის, იქნება სულაც ადამიანს იმ სივრცის დაუფლება უნდა, რომელიც არასოდეს და ვერასოდეს გახდება მისი? ან კიდევ ფოტო მოკლემეტრაჟიანი ტრაგიკომედიაა და ამ ფოტოფირზე აღბეჭდილი წამით თუ ციფრული გამოსახულებით მანიპულირება დროის სვლასა და გარდუვალ დასასრულს განგამანძილებს? ჩემი ძმა, როცა პატარა იყო, ფოტოწრეზე დადიოდა და სახლშიც ფოტოგამჟღავნების ის სიუჟეტი გაჩნდა, რომელიც კინოფილმებშიც მენახა: აბაზანაში, თოკზე „შპილკებით“ დამაგრებული, გასაშრობად გაფენილი– ჩამოკიდებული ბლანტი თეთრი ქაღალდები, როგორც არსებული თუ არარსებული ცხოვრების მართკუთხა ნაფლეთები. ჩვენს პირველ ფოტოაპარატს „კიევი“ ერქვა და კარაგდ მახსოვს იგი, სურამში რომ ვისვენებდით, მაშინ შევიძინეთ. ერთმა ფოტოგრაფმა, რომელიც სურამის ტყეში დამსვენებლებს იღებდა, სწორედ ამ ბრენდის ყიდვა გვირჩია. „კიევი“ ახლაც გვაქვს სახლში. კარგად მახსოვს მისი ღია ყავისფერი ტყავის ბუდე და ის ლეგატო „ჯჭჟჟჟჟჟჟჟ“, რომელსაც გადასაღები ღილაკი დაჭერისას გამოსცემდა. ახლა კი სულ სხვაგვარი ფოტოაპარატებია, ციფრული (თავად ფოტოაპარატების გადაღების იდეა თავში არ მიჯდება), „პოლაროდიც“ კი წარსულს ჩაბარდა და აბაზანის მეტლახი თოკზე ჩამწკვრივებული თეთრი ფურცლებიდან მწვეთავ გასამჟღავნებელ სითხის წვეთებს გადაურჩა.
ზამთარში ნიუ იორკი ირეალური ხდება, რადგანაც მისი ფანჯრებიდან და ვიტრინებიდან ფანტაზმების პომპეზური ნაკადები იღვრება … გარეთ ზამთარია, ცივა, თოვს, საღამოს 6 საათზე უკვე საკმაოდ ბნელა და ამ დროს ცნობილი მაღაზიების– Macy’s, Rockeffeler Center, Lord and Taylor, Bloomingdale’s, Barneys და სხვათა ვიტრინები საოცარად აკაშკაშებულ, სტატიკურ და დინამიკურ სანახაობებს დგამს. თითოეული ფანჯარა უნიკალურია… ყოველ წელს ეს საბრენდო– სავაჭრო ქსელები თუ რეტეილერები თავისი გარე მინების გასაფორმებლად სხვადასხვა თემებს ირჩევენ და ამ ანტურაჟისთვის უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ. წელს Bergdorf Goodman -მა ცხოველების კარნავალი მოაწყო. მენდეთ სიტყვაზე, რომ ეს ნამდვილი ჰიპნოზი იყო… აისბერგები და პრერიები, ტროპიკები და წყალქვეშა სამყარო; ცნობილი მხატვრის სერჟიო ბუსტამანტეს ლითონის ფრინველები, ბრეტ უინჰამის სხვადასხვა ფორმის კრისტალებისა და სხვადასხვა ფერის თვლებით ინკრუსტირებული მასალები… „წვეულება ჩრდილოეთ პოლუსზე“ – დიდი თეთრი დათვი ტელევიზორში ფეხბურთს უყურებს…
სულ დამავიწყდა ამეხსნა, თუ რატომ მინდა ფეხშიშველამ ბიბლიოთეკის გზაზე გავიარო. იმიტომ, რომ სანანებელი არ გამიხდეს. ასევე უნდა აგიხსნათ, რატომ ვიღებ მოაჯირებსა და კიბეებს. საქმე იმაში გახლავთ, რომ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ დღემდე აუსრულებელ ოცნებად გამომყვა ერთი რამ: სკოლის კიბის მოაჯირზე ჩამოსრიალება. ეს ერთი შეხედვით უბრალო რამ ვერაფრით მოვახერხე. რამდენჯერ დავაპირე, იმდენჯერ ახლო–მახლო ცოტა თუ ბევრი მოწმე იდგა. მახსოვს, ერთხელ მასწავლებელმა სასწავლო ოთახიდან საკლასო ჟურნალის მოსატანად გამიშვა, ჰოდა, კლასიდან რომ გამოვედი, თითქოს არც არავინ იყო ირგვლივ, გული მოსალოდნელი სიხარულის განცდისგან ლამის ამომივარდა, ავსკუპდი კიდეც მოაჯირზე და ის – ის იყო მესამე სართულიდან პირველზე ჩასრიალება დავაპირე (ჩვენი სკოლის შიდა კიბის მოაჯირის თავი ბიჭების სრიალ–სრიალისგან ყინულის საციგურაო ტრასასავით იყო მოპრიალებული), რატომღაც ქვევით ჩავიხედე და დავინახე, რომ პირველ სართულზე მოაჯირს მიყრდნობილი ორი ადამიანი საუბრობდა… და ჩამოვსკუპდი. ხომ ჯობდა, ქვედა სართულები არ დამეზვერა? ნამდვილად ჯობდა. გოგონებს სკოლაში შარვლები არ გვეცვა, სპორტული დარბაზი კი, სადაც ფიზკულტურის გაკვეთილი გვიტარდებოდა, სკოლის შენობიდან მოშორებით იყო, თანაც გოგონებს „არ შვენოდათ“ ამგვარი „ფიგურული სრიალი“. ჰოდა, მას მერე რამდენჯერ სწორ, დახვეულ, მიხრილ–მოხრილ, სპირალისებურ თუ ზიგზაგისებურ, ხის–რკინის–ქვის–პალსტმასის სახელურიან მოაჯირებს დავინახავ, ლამის იმდენჯერვე სკოლის ის სასრიალო „ბილიკები“ მახსენდება, რომელზეც ვერა და ვერ ჩამოვსრიალდი. კიდევ კიბეებზე ასვლა–ჩასვლა მიყვარდა. კიბეები ჩემთვის საყვარელ მულტფილმში მონაწილეობას უდრიდა. სხვადასხვა მასალის, როგორც წესი, კი მარმარილოს, ხორკლიანი ქვის, დაგრეხილი, გაპრიალებული, ფართო, საშუალო და მოკლე, მაღალი და დაბალი, ხის მორებისგან გაკეთებული, დაღლილ–დაქანცული, მლიქვნელი, ერთგული, ორგული, ინტელიგენტური და მხიარული კიბეები…
დამიჯერეთ, ნიუ იორკის მანაკენები დიდი ტომებისა და ბროშურების ღირსია. მე მათ ქალაქის ღირსშესანიშნაობების სიაში შევიტანდი. ტიტვლები და ჩაცმულები, მოწყენილები და სოციალურ ღიმილიანები, მოძრავები და გაშეშებულები, გამხდრები, მაღლები და უკიდეგანოდ მარტოსულები. აი, რომ შეხედავ და ეგრევე გული შეგეკუმშება. ერთი სიტყვით, ნიუ იორკის მანეკენები მსოფლიოში ყველაზე კრეატიული მანეკენები არიან. და საერთოდ, დიდი ვაშლის ქალაქში მოაჯირ–კიბე–მანეკენის „ძეგლების“ ღია ცის ქვეშ მუზეუმები უამრავია. ამიტომ თუ ფოტომანიამ საბოლოოდ არ გადამრია და საღ ჭკუაზე მაინც დავრჩი, ყველაზე საინტერესოდ მომეტყველე, ინტრავერტ–ექსტრავერტრ სხვა „არტეფაქტებსაც“ მივადგები და გადავუღებ…
ნიუ იორკი არის მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვან–პოლიფონიური თმისა და უცნაური ვარცხნილობების ყველაზე–ყველაზე მთავარი დედა და მამაქალაქი. საწინააღდეგო არგუმენტებს არ და ვერ მოვისმენ. ვიცი, რასაც ვამბობ. თმები: ოდნავ სწორი, სწორი, ძალიან სწორი და უსწორესი; ოდნავ ხუჭუჭა, ხუჭუჭა, ძალიან ხუჭუჭა და უხუჭუჭესი; ოდნავ მოფრიალე, მოფრიალე, ძალიან მოფრიალე და უფრიალესი; ოდნავ გრძელი, გრძელი, ძალიან გრძელი და უგრძელესი; ოდნავ გაბურძგნული, გაბურძგნული, ძალიან გაბურძგნული და უგაბრძგნულესი; ოდნავ მბზინვარე, მბზინვარე, ძალიან მბზინვარე და უბზინვარესი: ოდნავ მწვანე, მწვანე, ძალიან მწვანე და უმწვანესი და ასე უსასრულოებამდე… აი, მაგალითად, ამას წინათ მეტროში ჩემ წინ დაჯდა ასე 25–30 წლის მამაკაცი, რომლსაც თავის მარჯვენა ნახევარსფეროზე თმები გადაპარსული აქვს და თან ისე ფიგურულად, რომ პაციფისტების ნიშანი აშკარად დაიმზირებოდა, მეორე მხარეს კი თმა, რომელიც წვრილ ნაწნავებად ჰქონდა ჩაწნული, წელამდე წვდებოდა. გარშემო მყოფნი არ იმჩნევდნენ, მაგრამ ვიცი, რომ კაი გვარიანად უნდოდათ მიშტერება და დეტალების გარჩევა. კისრის მარჯვენა მხარეს ყვავილებში ჩასმული ჟირაფის კისერი და თავი ჰქონდა დასვირინგებული. დამერწმუნეთ, ეგეთი ფლორილებული ჟირაფი არსად გინახავთ. ჟირაფის დანარჩენი ნაწილი, რასაკვირველია, უხილავი იყო. ანუ, მისი (ჟირაფის) ტანი და ფეხები ალბათ ადამიანის ქვედა კიდურებამდეც კი ჩადიოდა. ფეხებსაც კი დავაკვირდი და ვინატრე, ნეტავ შორტები ცმოდა. თუმცა გააჩნია ცხოველის კისერს. იქნება და სხეულზე მხოლოდ ჟირაფის კისერი ჰქონდა აღბეჭდილი? სახეზე მხოლოდ ერთი პირსინგი ჰქონდა. მარცხენა წარბთან ორი რკინის ბურთულა კონწიალობდა, ერთმანეთს ეხეთქებოდა და სტოკატოდ „წრიპინებდა“. ოჰ, ნეტავ ვინმეს სცოდნოდა დედამიწის ზურგზე იმწუთას, თუ როგორ მეფხანებოდა ხელები. ვიზუალურად წარმოვიდგინე, ჩემი ფოტოაპარატი ჩემი ჩანთის რომელ კუთხეშია მიყუჩუებული. წარმოვიდგინე, როგორ ამოვიღე ჩემი Сanon–ი და ამ „მისტერ ნაწნავა ჟირაფს“ გადავუღე. მაგრამ ჩემი თავი დროზე შეძლებისდაგვარად ხელში ავიყვანე და მარცხენათი ჩემი მარჯვენა ხელი დავაკავე, თუ პირიქით. ვიცი, რომ საშინელი უტაქტობაა, ასე პირდაპირ მჯდომ ადამიანს სურათი გადაუღო, თუნდაც ნებართვა სთხოვო და თანაც არ მინდოდა სავარაუდო კონფლიქტის გაჩაღება. ჰოდა, ვიჯექი ასე და თოლიებზე ვფიქრობდი. თუმცა „პაპარაცის“ ნიჭმა რამდენიმე დღით ადრე მაინც თავისი ქნა, როცა „გრანდ ცენტრალზე“ ძალიან გრძელთმიანი კაცი შემხვდა. აი, მოდის ადამიანი და ხედავ, რომ მის ფეხსაცმელებთან რაღაც აქეთ–იქით ქანქარებს. იმწამს ჩემში ფოტომანიაკის ინსტინქტმა იხუვლა და როგორც კი ზურგი შემაქცია, მაშინვე გადავუღე. თმა თითქმის მთელ სიგრძეზე ნაჭრით ჰქონია შეკრული. სანამ ფოტოაპარატში გადაღებულს ანუ ნადავლს ვათვალირებდი, აფრო–ამერიკელმა ქალმა გამაჩერა და ღიმილით მითხრა, რომ ვარ სხარტი, რომ ასეთ თმას ყოველდღე ვერ ნახავო, ნიუ იორკშიც კიო. მე კი მის თმას დავაკვირდი. თმა სამყაროს ყველა მიმართულებით გაშვერილი დახუხუჭუბულ ყავისფერ სხივგაუმტარ სხივებს ჰგავდა. კინაღამ შევთავაზე, ჩემი კოლექციისთვის თქვენი თმის ფოტოპორტრეტს შევქმნი–მეთქი. მაგრამ ჩემს თავს მყისვე გავუწიე კონტროლი და ქვეცნობიერის ნახევრად ცივილიზებული მანიის სიმპტომები იქვე ჩავახშე… თუმცა მერე ვინანე. დიდი ამბავი! მეკითხა. იქნება და დამთანხმებოდა? ან „კის“ მეტყოდა, ან „არას“. იქვე მდგომ პოლიციელს ხომ არ მოუხმობდა? ჩემი და მოაჯირის სინანულისა არ იყოს, ამიერიდან შერჩეულ „სამიზნეს“ ყოველგვარი მორიდების გარეშე შევთავაზებ ჩემი ფოტოაპარატით უკვდავყოფას… უნდა – უნდა… არ უნდა და ნუ უნდა…
ჰო, ზემოთ თოლიებზე ფიქრი შემთხვევით არ მიხსენებია. საქმე იმაშია, რომ ერთხელ ნიუ იორკიდან გასვლისას ნიუ ჯერსისკენ მიმავალ ერთ–ერთ „ჰაივეიზე“ ლაჟვარდოვნად ცისფერ სარეკლამო რკინის ფირნიშზე, ტელეფონის ნომრის ქვეშ ასეთი სიტყვების წაკითვხა მოვასწარი: „კრემაციის სერვისი. ხარისხი გარანტირებულია“ და გვერდით მაღალფეხება, თეთრი, სახეზე აგნოსტიკური გამომეტყველების მქონე თოლიაა მიხატული. ჩქაროსნულ ტრასაზე მანქანას ვერ გააჩერებ და სურათის გადაღებას ვერ დაიწყებ. ამიტომ ადამიანის ფერფლად ქცევის მომსახურებისა და თოლიის ურთიერთკავშირის დაფიქსირებას ვერაფრით ვახერხებ. სამაგიეროდ, წყლისპირა ქალაქებში ყოველთვის შეგიძლია კრემაციის რეკლამაში კასტინგგაუვლელი მარტო ცოცხალი თოლიების კი არა, იალქნიანი და უიალქნო, პატარა და დიდი, თეთრი და ცისფერი გემების გადაღება, რასაც სიამოვნებით ვიწყებ, თუ, რასაკვირველია, რაიმე საინტერესო რაკურსს აღმოვაჩენ.
რომ იცოდეთ, რამდენი ასეთი მომენტი მაქვს ხელიდან გაშვებული, გამარჯობას არასოდეს მეტყოდით. ქალაქის ყველაზე შეუმჩნეველი კონტრასტები ჩემი არაპროფესიონალიზმის გამო ჩემს Canon -ში ვერ ხვდება, მაგრამ მეხსიერებაში – პირდაპირი გზით. აი, მაგალითად, შარშან, მოსაღამოებისას ჩემთვის უცნობ ქუჩაში მივდივარ და ვხედავ სექსშოპის ვიტრინა ნაირფერებადაა გაჩახჩახებული, შორი–ახლო კი ორი მამაკაცი ხმამაღლა საუბრობს. ერთს ასე, 4–5 წლის პატარა გოგონა ახლავს თან, რომელიც ნაყინს მიირთმევს. პატარამ უცებ უფროსისგან ხელი გაითავისუფლა და ვიტრინისკენ გამოიქცა. ჯერ იქ გამოდებულ საგნებს დააკვირდა, დარწმუნებული ვარ, ვერც ვერაფერი გაიგო და უცებ ხელი მთელი ძალიათ მოიქნია, ნაყინი მინას ესროლა და განწირული ხმით ტირილი მორთო. მე ჩემი მანია სრულიად დამავიწყდა… არადა, ნამდვილად ღირდა, სექსშოპის ვიტრინისკენ მფრინავი შოკოლადის ნაყინი გადამეღო… ანდა, მაგალითად, ამას წინათ: გვარიანად ცხელა, „პენსთეიშენის“ მხრიდან 34–ე ქუჩისკენ გადავდიოდი და თან ყურსასმენებით აიფოდიდან ბლუზს ვუსმენდი. უცებ ვხედავ, რომ ჩემ წინ სამი შავ ბურკაში შემოსილი მუსლიმი ქალი ენერგიულად მიდის, ჩემთვის უცხო ენაზე ქაქანებს, სამივეს „საშოპინგო“ დიდი მუყაოს „კვაწკვაწა“ წითელი ჩანთები უჭირავს და ნელ – ნელა უახლოვდება შენობას, რომლის ერთ კედელზე, ვერტიკალურად მთელ სიგრძეზე თეთრ საცვალში გამოწყობილი დეივიდ ბეკჰემი გაჯგიმულა. სანამ ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და ფოკუსი დავაყენე, ქალებმა მარჯვნივ შეუხვიეს… გაწბილებისგან ტირილის ხასიათზე დავდექი. ასე რომ, მხოლოდ ბეკჰემიღა შემრჩა, რომელსაც სამახსოვროდ მაინც გადავუღე. თქვენ გგონიათ, ამ მიზანსცენაში კაცის საცვლებისა და „უხორცო“ ქალების კონტრასტი იყო მთავარი? არა. მთავარი იყო შავის, წითლისა და თეთრის ურთიერთშეხამება თეთრის აშკარა დომინირებით. და საერთოდ, ჩემი გამოცდილებით, თუ ფოტონადირობა გაქვთ განზრახული, იმ დღეს აიფონ – აიფედები, მობილური ტელეფონები და ტექსტმესიჯების არსებობა დაივიწყეთ. ისინი ყურადღების გაფანტვის ყველაზე უტყუარი საშუალებაა.
ნიუ იორკი მარტო ჩვეულებრივი და ეგზოტიკური თმების ტერიტორია არაა… იგი ამავე დროს ჰალსტუხების მექა და მედინაა… ერთგვარი უნიკალური საჰალსტუხეთი. თუ თმა, ყოველ შემთხვევაში ბიოლოგიურად ადამიანის სააზროვნო ორგანოს ქოლგადაა მოაზრებული და პარალელურად მის ცხოვრებისეულ სტილსაც გამოხატავს, ჰალსტუხს მკაცრად განსაზღვრული მისია აკისრია. იგი ადამიანებთან ურთიერთობის კომუნიკატორ–მესინჯერია. მინახავს ჰალსტუხები, რომლებზეც ამერიკის მთელი ისტორიაა დატანილი თავისი პოლიტიკური, სოციალური, კულტურული თუ ეკონომიკური ძვრებით. ჰალსტუხები, როგორც ადამიანიებისა და ქცეყნების მემატიანეეები. რასაკვირველია, ქალებს ჰალსტუხები ძალიან იშვიათად უკეთიათ. მაგრამ მაინც. აი, მაგალითად, ჩემი სკოლის ბოლო კლასებში გოგონებს ლურჯი ქვედა ბოლო და კოსტუმი გვეცვა და თეთრ ზედაზე – ლურჯი ჰალსტუხი. მას მერე ჰალსტუხიანი კომბინაცია მხოლოდ 3–4 ჯერ მქონდა. აი, მამაკაცების საჰალსტუხე სივრცე უფრო ფართოა, მოზაიკური და ამოუწურავი. აქ არ აღვნიშნავ ფორმებისა და ფერების, კლასიკურებისა და პოსტრმოდერნული გეომეტრიული ფიგურების შემცველ ჰალსტუხებს, არამედ მხოლოდ ასეთებს: ჰალსტუხი ამერიკული დროშის ფერებითა და აფეთქებული „ტყუპებით“; ჯიმი ჰენდრიქსის თავით, რომელიღაცა კომპოზიციის ნოტების ფონზე, ალბათ, Hey Joe-ის; ვეგეტარიანელობის სარგებლობის ბუკლეტივით, სადაც წინა პლანზე სტაფილოა გამოტანილი; აფრიკაში მოშიმშილე ბავშვების სახეებითა და გულის მომაკვდინებელი სტატისტიკით; მწერების რომელიღაც იშვიათი ჯიშის გადარჩენის მოწოდებით; კამა–სუტრას მერამდენეღაცა პოზის ვიზუალიზაციითა და ზედ დართული ტექსტით; ბარაკ და მიშელ ობამას პორტრეტით. ისინი სადღაც ზემოთ იუირებიან, ალბათ, ნათელი მომავლისკენ; სხვადასხვა ფერის ინდაურებით (ალბათ, მადლიერების დღისთვის) და ა.შ. მამაჩემს აქვს ჰალსტუხების დიდი კოლექცია. მათი დათვალიერება კი დიდი მხატვრული სიამოვნება და ისტორიული ექსკურსი გახლავთ. მაგრამ ბოლო ორი ათეული წელი კი, მგონი, ნელ–ნელა დაივიწყა თავისი ჰალსტუხომანია. 1990– იანებში, როცა ქვეყანაში გაჭირვება და სიბნელე ჩამოწვა, ესპადრილების მოდა შემოქანდა… კარგი და გამძლე ნაჭრის ესპადრილები ნამდვილი ფუფუნება იყო, ამიტომ მამაჩემის ნებართვით ჩემს მეგობრებსა და თანასკლასელებს ჰალსტუხები დავურიგე, რათა მათ ესპადრელები შეეკერათ. დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი ფეხის სამოსი საქართველოში კი არა, მთელს მსოფლიოშიც არსად იყო. თავად მე კი ჩემთვის ვერც ერთი ვერ გავიმეტე და, მართალი გითხრათ, იმ საყოველთაო ესპადრილიზაციის ეპოქაში ისინი არც კი მცმია… ნიუ იორკის ცენტრში კათოლიკური ქრისტეშობიდან 15 იანვრამდე ძალიან ჭრელ–ჭრელი ბაზრობები იმართება. გინდ იქ გისეირნია და გინდ „მეტროპოლიტენ მუზუმში“ ან MoMA-ში. წელს ჰალსტუხების განყოფილება ტრადიციულად მრავალფეროვანი და ხალისიანი იყო. აი, როგორც ბრაზილიური კარნავალი. დავდიოდი, ვიღებდი და თან ვფიქრობდი: კიდევ კარგი, ჩილეში არა ვარ. იქ თურმე მავანს ჰალსტუხებით კოპწიაობაზე შეზღუდვის დაწესება მოუთხოვია იმისთვის, რომ… წყალი დაიზოგოს. ჰალსტუხი ცივილიზაციის უსარგებლო ატრიბუტიაო და მის რეცხვაზე დახარჯული წყალიცა და ენერგიაც წყალში გადაყრილიაო. შარშან ჩემი კოლეგის ბაბუა–ბებიის სახლში ვიყავით და მათ ოთახში საინტერესო რამ აღმოვაჩინე. ხის მომრგვალებულ დაფაზე, „საიდუმლო სერობის“ ქვეშ ჰალსტუხები ისვენებდნენ… აი, ისე, თითქოს „და ვინჩის კოდი“ ერთად ამოხსნეს და პენსიაშიც ერთად გავიდნენ…
მხოლოდ ჰელოუინის დროს კი არა, ჩვეულებრივ სამუშაო დღეებშიც ნიუ იორკის საზოგადოებრივ ტრანსპორტის სარეკლამო დიზაინსა და მსუბუქ თუ მძიმე ავტომანქანებზე დაკვირვება ცალკე სახალისო მეცნიერებაა. მაგალითად, ჯიპის თავზე დამაგრებული მენორა, ანდა სიტროენის თავზე – დიდი ტელეფონი, რომელიც მაშინვე რეკავს, როგორც კი მძღოლი ამუხრუჭებს. ერთხელ ზამთარში, შობის წინა დღეებში მცირე შოკიც კი მივიღე, უფრო მოულოდნელობისგან, ვიდრე უჩვეულობისგან. იმ დღეს სახლში ძალიან დაღლილ – დაქანცული საკმაოდ გვიან ვბრუნდებოდი და ერთი წამით 24 საათიან ღია მაღაზიასთან შევჩერდი, რომ რაღაცები მეყიდა. უცებ ქუჩის მბჟუტავი სინათლიდან ნელი სვლით ვერცხლისფერი მანქანა გამოცურდა, რომელსაც სახურავზე გასაბერი ქრისტეს ფიგურა ჰქონდა დამაგრებული. „ქრისტე“ ქარის ტალღების სინქრონში ირხეოდა… და მაშინვე ჩემს ბავშვობაში ნანახი დინო რიზის ფილმი „ოპერაცია „წმინდა იანუარიუსი“ და მასთან დაკავშირებული ასოციაციები ამომიტივტივდა. მძღოლს რეპი ჰქონდა ჩართული. იგი მაღაზიასთან გაჩერდა, სწრაფად გადამოვიდა და მაღაზიაში შევარდა. რეპი არ გამოურთავს. მალევე დაბრუნდა, მე კი ისევ ვიდექი და ვუყურებდი ამ კლერიკალიზებულ სამეცნიერო ფანტასტიკას. ფოტოს გადაღება ისევ დამავიწყდა. მაგრამ იმ ღამეს ერთი სურათი მაინც გადავიღე. ჩემს „კორპუსთან“ მიჯრით ეზოიანი სახლი დგას. მის პატრონს იგი საახალწლოდ ჰქონდა მორთული, ფანჯრებზე კაშკაშა ნათურებიანი ფიფქები და ნაძვის ხეები, ეზოში კი გაბერილი მხიარული მიკი მაუსი და მისი მეგობრები ბინადრობდნენ. დილაუთენია უოლტ დისნეის ეს კომპოზიცია ჩაჩუტული მხვდებოდა, საღამოს ხანს კი – გაბერილი. ახალ წლამდე სულ ექვსი თვეღა დარჩა და, ვიცი, მათ ისევ ვნახავ…