ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ნატალი კოული და ‘ბლუ ნოუთ ჯაზ ფესტივალი’ – 5

ნატალი კოული და ‘ბლუ ნოუთ ჯაზ ფესტივალი’ – 5

ფესტივალი, რომლის დამაარსებელია Blue Note Jazz Club–ი, როგორც წესი, ქალაქის თხუთმეტ არტსივრცეში (მათ შორის, ცენტრალ პარკის სცენებსა და “თაუნ ჰოლში”) ტარდება და ოთხმოცზე მეტი მომღერლისა და ბენდის კონცერტს მოიცავს. წარსულში “ბლუ ნოუთ ჯაზ ქლაბის” “დროშის” ქვეშ გამოდიოდნენ დიზი გილესპი, ოსკარ პიტერსონი, სარა ვაუგჰანი, რეი ჩარლზი, დეივ ბრუბეკი, უინტონ მარსალისი, ჩიკ კორეა და კით ჯარეთი.

წელს ფესტივალს, წესისამებრ, მუსიკის ძველი და ახალი მეტრები სტუმრობდნენ: ბადი გაი, ელ დი მეოლა, ოლივერ ლეიკი, ელ კუპერი, კენეთ გორელიკი, დარლინ ლავი, სამხრეთ აფრიკელი ჯაზპიანისტი აბდულა იბრაჰიმი, იაპონელი კომპოზიტორი/პიანისტი ირომი, ბრიტანელი დრამერი ჯინჯერ ბეიკერი, ესპანელი მომღერალი ბუიკა, კუბელი მომღერალი/პერკუსიონისტი პედრიტო პარტინესი, The Manhattan Tranfer Meets Take 6, The Bad Plus Joshua Redman, Robert Glasper Trio და ბევრი სხვა.

არაერთ ჰოლივუდურ ფილმში დილის ნიუ იორკის ქუჩების ჩვენებისას ჟღერს ვაშლის ქალაქის “გარიჟრაჟის ჰიმნი” This Will Be (“ეს იქნება”), რომლის სადებიუტო შესრულებამაც 1975 წელს ლეგენდარულ ჯაზ მუსიკოსის ნათ (კინგ) კოულის შვილს, ნატალი კოულს მაშინვე დიდი პოპულარობა მოუტანა, ეს სიმღერა კი დღესაც ამერიკულ ჰიტად რჩება. This Will Be –ის განსაკუთრებულობაზე ისიც მეტყველებს, რომ ორმოცი წლის შემდეგაც კი პირველი ჰანგების აჟღერებისთანავე Town Hall–ის (1921) დარბაზის სხვადასხვა ასაკის მსმენელს, ფაქტობრივად, ერთი რეაქცია ჰქონდა – ყველა წამოხტა, ტაში შემოჰკრა და ადგილზე ცეკვა დაიწყო.

ცხადად მახსოვს, თუ როდის ვნახე პირველად წარსულისა და აწმყოს სასცენო “მონტაჟი” – ნატალისა და მისი დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი მამის სიმღერა – დუეტი სახელწოდებით “დაუვიწყარი” (Unforgettable). საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყებიდან სამი წელი სრულდებოდა… “დვიჟოკით” ამუშავებული ტელევიზორის ეკრანზე დავინახე, რომ ნათელი დარბაზის სცენაზე გაღიმებული მუსიკოსები ისხდნენ; ორკესტრი ნელ, ვალსისებრ მუსიკას უკრავდა; ლამაზ, გრძელ, დეკოლტირებულ კაბაში გამოწყობილი ქალი კი მამის გამოსახულებასთან ერთად სიყვარულის მარადიულობაზე მღეროდა…

იმ დღეს “თაუნ ჰოლში” ისევ გამოჩნდა ნათ კოულის ხატი და სამოცდახუთი წლის ნატალიმ მამასთან ერთად ისევ “დაუვიწყარი” იმღერა. ნათ და ნატალი კოულის საოჯახო და სასცენო ურთიერთობის შესახებ სატელევიზო ფილმიც Livin’ for Love გადაიღეს (გოგონა თხუთმეტი წლის წინ იყო, როცა მამა გარდაეცვალა). ასეთვე სათაური ჰქონდა მომღერლის ერთ–ერთ სიმღერას 2000 წელს გამოშვებული ალმობიდანაც, თუმცაღა მანამდე ბევრი ნატალი კოულის კარიერის დასასრულს წინასწარმეტყველებდა. მიზეზი კი იყო შემოქმედებითი პაუზა, რომელიც ნარკოტიკებით გატაცებამ და თანმდევმა სერიოზულმა დაავადებებმა გამოიწვია. ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ოდესღაც “რიტმ ენდ ბლუზის” კაშკაშა ვარსკვლავის პოპულარობა წარსულს ჩაბარდა.

 

Natalie Cole at The Town Hall!! #bluenotejazzfest

Posted by Blue Note Jazz Club, NY on Sunday, June 28, 2015

თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. ცხრაგზის გრემის მფლობელმა ნატალი კოულმა ესპანურენოვანი სიმღერების შესრულება დაიწყო და მისმა პირველმა ლათინოამერიკული რიტმების ალბომმა Natalie Cole en Español (2013) “ლათინური გრემის” სამი ნომინცია დაიმსახურა. ეს ჩანაწერი ერთგვარად მამის მემკვიდრეობის გაგრძელების მცდელობაც გახლდათ: ნატალი რვა წლის იყო, როცა მამამისმა ესპანურენოვანი ალბომი ჩაწერა, რომელსაც აშშ–სა და მის საზღვრებს გარეთ დიდი წარმატება ხვდა წილად. სწორედ ამ ტრიუმფს ახლდა მამა–შვილის მექსიკაში მოგზაურობა, რომლის ამსახველი კადრები ეკრანზე კვლავ გაჩნდა და ნათ კოულთან ერთად ნამღერი (ამჯერად ესპანურენოვანი სიმღერა) სცენიდან ისევ გაისმა. ძალიან გამხდარი, მაღალი ქალი ბრჭყვიალა ზედითა და ასეთივე ბრჭყვიალატარიანი მიკროფონით, რომელიც სიკვდილს არაერთხელ გადაურჩა და რომელიც ახლა თირკმლის დაავადებათა კვლევითი ცენტრის აქტიური მხარდამჭერია, ჩარლი ჩაპლინის Smile ­ს “ახალი დროებიდან” სევდიანი ღიმილით მღეროდა. ნატალი კოულის კონცერტიც და მასთან ერთად “ცისფერი ნოტის” ჯაზფესტივალიც მთავრდებოდა…

ნატალი კოული/ია მერკვილაძის ფოტო
ნატალი კოული/ია მერკვილაძის ფოტო

ნატალი კოული/ია მერკვილაძის ფოტო
ნატალი კოული/ია მერკვილაძის ფოტო

 

 

 

Robert Glasper Trio #soundcheck at #BlueNote !! Blue Note Records album release! Tonight thru Sat! #dope

Posted by Blue Note Jazz Club, NY on Wednesday, June 24, 2015

 

 

Just announced! “Tribute to Ornette Coleman ft Dave Liebman, Rudresh Mahanthappa & Friends” June 23 at Blue Note Jazz…

Posted by Blue Note Jazz Club, NY on Friday, June 19, 2015