ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

თიხა, დონ კიხოტი და პიკასო

თიხა, დონ კიხოტი და პიკასო

ამას წინათ ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე “მფარველი წმინდა ქალწულის” ეკლესიის დამხმარე დარბაზში დიზაინერის გია გოგოლაშვილის ინიციატივით მისი და კიდევ ამერიკაში მცხოვრები სამი ქართველი ხელოვანი ქალის გამოფენა გაიმართა: დარეჯან ადამაშვილის (ქანდაკება), ია გაბაშვილის (თექა და ფერწერა) და ეკა გიგაშვილის (გობელენი).

დარეჯან ადამაშვილი

დარეჯან ადამაშვილი

დარეჯან ადამაშვილი პირველად 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში გავიცანი. ნიუ იორკში, საქართველოს საკონსულოში მისი თიხის პატარა სკულპტურების გამოფენა გაიმართა, მერე ომი დაიწყო… მას მერე მისი თიხის ნაკეთობები – ჩოხიანი კაცები, ადამიანები – ყვავილები, ადამიანები – მუსიკალური ინსტრუმენტები, ჭიჭიკია და ბიჭიკია, მიხო და მარო, თბილისის უბნების გამომსახველი ლარნაკები, ნიღბები, დონ კიხოტი, კლოუნები, ჯუჯები, მზარეულები, მხართეძოზე წამოწოლილი მსუქანა კაცები თუ ძაღლთან ერთად მოსეირნე, ღრმა დეკოლტეკაბიანი გამხდარი ქალები აშშ–ის სხვადასხვა შტატში მოგზაურობენ. დარეჯანის დონ კიხოტი განსაკუთრებულია – კეთილი კახელები სოფლის შარაგზას მიჰყვებიან. აკი ფილადელფიურმა Dalet Gallery-მ გაყიდა კიდეც სერვანტესის ქართველი გმირები ისეთ ფასად, საქართველოში რომ “შეშურდებათ” და ნიუ იორკში რომ იტყვიან, იაფიაო. თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აქაურ გელერეას თანხის ნახევარი მიაქვს, ადვილად წარმოსადგენია, რომ ამერიკაში დარეჯან ადამაშვილისა და მის ოჯახის ცხოვრებისთვის თიხის ნაკეთობების გაყიდვისგან აღებული თანხა საკმარისზე გაცილებით ნაკლებია. როგორც თავად ამბობს, მფარველი ანგელოზის მეშვეობით მან სრულიად შემთხვევით ნახა განცხადება იმის თაობაზე, რომ ესაჭიროებოდათ კერამიკოსი. ჰოდა, ასე დაიწყო მუშაობა კომპანიაში Vladimir Collection, რომელიც დეკორატიულ ყვავილებს სხვადასხვა მასალის გამოყენებით ამზადებს.

„ამ სამსახურის მეშვეობით იმის საშუალება მომეცა, რომ ჩემს პროფესიას არ დავშორებულიყავი, დამოუკიდებლად მეარსება და ფინანსურად ოჯახის წევრებსაც დავხმარებოდი“ – ამბობს დარეჯანი, –„ყვავილები არ მიყვარდა… ახლა კი ლამის ბოტანიკოსი გავხდი. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რამდენი ფაიფურის ყვავილი მაქვს დამზადებული, ვინ მოთვლის. თან ყველა ყვავილის სახელწოდება ვიცი.

ძერწვით ბავშვობიდანვე ვიყავი გატაცებული, პლასტელინით ვაკეთებდი ყველაფერს, რაც კი წარმოსახვაში მქონდა. ქალაქებსაც კი. ვიქნებოდი ასე ცამეტი წლისა, როცა ბებია და ბაბუა გამოვძერწე. ნახელავი პერსონაჟებს ისე მივამსგავსე, რომ ნამუშევარმა მთელი სამეზობლო მოიარა და ბოლოს მოქანდაკე თამაზ გოთუასთან მოხვდა. ის გახდა ჩემი პირველი პედაგოგი, რომელმაც ხელოვნებას მაზიარა. სკოლის არდადეგებს სოფელ “პატარა თონეთში” (ახლა “დვალთა” ჰქვია) ვატარებდი. ჩემი წინაპრები სწორედ იქიდან არიან. სოფელთან ახლოს წითელი თიხის კარიერი მდებარებოდა, საიდანაც მასალა მომქონდა და სხვადასხვა ნაკეთობებს ვძერწავდი. მერე გავიცანი მხატვარი ელგუჯა დემეტრაშვილი, რომელიც თბილისში, ავჭალის კერამიკულ კომბინატში მუშაობდა. ის იყო ყველაფერი: ტექნოლოგი, ჩამომსხმელი, მომჭიქურებელი, ამომყვანი…მოკლედ, თიხის პროფესორი. მე მისი ხშირი სტუმარი გავხდი. ვაკეთებდი ქანდაკებებს თიხაში, მიმქონდა კომბინატში, ღუმელში ვწვავდი და საბოლოო სახეს ვაძლევდი.“

თქვენი კარამიკული ფიგურებიდან საოცარი პოზიტივი ასხივებს…

თუ გინდა კარგი პროფესიონალი გამოხვიდე, გამოხატვისას ბავშვს უნდა დაემსგავსო. ვსწავლობდი საერო სამხატვრო აკადემიაში (ხელმძღვანელი მოქანდაკე გოთუა). მერე კი… ყველაფერი აირია. საქართველოს ბოროტმა ძალამ გადაუფრინა და ბევრი ადამიანი შეიწირა. ამას მოჰყვა ცოდნის გაუფასურება, სიღატაკე, ცნობიერების დათრგუნვა, დაიწყო ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისთვის. მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც დაიკარგა. ამასობაში დავოჯახდი, შემეძინა სამი შვილი და დავიწყე ფიქრი, რა მექნა, როგორ გამეძლო გარემოს წნეხისთვის. შეძლებისდაგვარად მოვერგე უდენობას, უწყლოობას, უგზოობას. მაინც გავაკეთე პატარა სახელოსნო და დავიწყე ნამუშევრების რეალიზაცია. ამას მოჰყვა გამოფენები, კონკურსები, პრიზები. ჩემი ნამუშევრები ცნობადი გახდა. ბედნიერება და სილაღე სადღაც დაიკარგა, ამიტომ გამოჩნდნენ ჩემი უდარდელი გმირები, რომელთა დანახვა ყველას სახეზე ღიმილს იწვევდა.

მერე თითქოსდა შეიცვალა ყველაფერი და გაზაფხული ჩვენს ფანჯრებშიც მოვიდა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ნამდვილი გაზაფხული კი არა, მისი დეკორაცია იყო. ამიტომ საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. და ეს გადაწყვეტილება სწორი იყო. ვგულისმობ აშშ–ში ემიგრაციას. მართალი გითხრათ, ოკეანის გადაღმა გააზრებულად არ წამოვსულვარ. ძალიან ძნელია იყო ხელოვანი საქართველოში, მეტადრე – მხატვრისთვის. თუმცაღა ამერიკაში უფრო რთული აღმოჩნდა საკუთარი პროფესიით გზის გაკვალვა, ვიდრე მეგონა… მით უმეტეს, როცა ენა არ იცი, კულტურა უცხოა. ცხადია, რომ ეს თავისუფალი ქვეყანაა და თუ ამ ქვეყნისთვის პოზიტივს გასცემ, ის ორმაგად იმავეს დაგიბრუნებს. უბრალოდ, დიდი ნებისყოფა უნდა გქონდეს და შენი საქმე ძალიან გიყვარდეს. დავდგი თუ არა ამერიკის მიწაზე ფეხი, ვიგრძენი, რომ სადღაც სხვა სამყაროში აღმოვჩდი. უსახლკაროდ, უფულოდ, უენოდ, უმეგობროდ, მაგრამ ჩემი ნამუშევრებით სავსე ჩემოდნით და … საქართველოდან წამოღებული ენერგიითა და მხრებზე მჯდარი ჩემი მფარველი ანგელოზით, რომელიც ჩამჩურჩულებდა: Don’t Worry, Be Happy. მაშინ ამ სიტყვების მნიშვნელობა არ ვიცოდი.

ჩამოსვლის პერიოდისა და ახლანდელ მოტივაციას შორის არის განსხვავება?

დასაწყისში განსაკუთრებულად მოტივირებული ვიყავი, დიდი ყუთებით ჩემი ნამუშევრები აქეთ–იქით დაუღლელად დამქონდა. საქართველოში მხოლოდ ჩემი ხელობით ვცხოვრობდი, ყოველდღე ახალ ნაკეთობებებს ვქმნიდი, მალევე ვყიდდი. აქ კი ყველაფერი ერთად დამატყდა თავს – ბინის ქირასა და სახელოსნოზე ზრუნვა, ოჯახის ჩამოყვანასთან დაკავშირებული საკითხები… საქართველოში ჰგონიათ, რომ აშშ–ში ჩამოსვლიდან მეორე დღესვე მილიონები იშოვება და იმავე დღესვე ფული უნდა გააგზავნო. ის კი არა, აქ ჩამოსულ ქალსა და კაცს შორის განსახვავებაც კი არსებობს. ჩამოსული ქალი სხვაგვარად იქცევა – მისი “ამბიციები” უპირველესად ოჯახს უკავშირდება, კაცისთვის ასე არაა. ახლაც, როცა გამოფენას მთავაზობენ, ჯერ ამას ჩემი ოჯახის საჭიროებებს ვარგებ.

აქაც ხომ არაერთი გამოფენა გქონდათ…

მქონდა გამოფენა ნიუ იორკსა და ჯერსი სიტიში; საქართველოშიც, რასაკვირველია, მათ შორის, ჯგუფური. თბილისში გამართულ ქართული ხალხური რეწვის გამოფენა –კონკურსში (2000) გავიმარჯვე კიდეც. როცა ქართველებს ვეუბნები, რომ კერამიკოსი ვარ, მათ მხოლოდ ჭურჭლის გამკეთებელი ვგონივარ. მე მოქანდაკე ვარ და სკულპტურებს თიხაში ვამზადებ. ვამზადებ იმას, რაც უფრო მალე გაიყიდება. ბრინჯაოში ან სხვა მასალისგან დამზადებული ძვირია და მისი რეალიზაცია ადვილი არაა. მე დღევანდელი დღის სარჩოზე უნდა ვიზრუნო… შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს მირჩევნია და, ზოგადადაც, მე სხვა დამოკიდებულება მაქვს ხელოვნების საგნებისდამი. თითოეულ ოჯახს უნდა შეეძლოს ხელოვნების ნიმუშის შეძენა და არა მხოლოდ ერთეულებს – ათმილიონიანი ნახატების.

ვინაა თქვენი საყვარელი მხატვარი?

პაბლო პიკასო. ხელოვანმა შესაძლებელია, რომ შეკვეთით იმუშაოს, მაგრამ ამავე დროს შედევრები შექმნას და ამის კარგი მაგალითია პიკასო. პროფესიონალი მხატვარი ფიროსმანივით არ უნდა კვდებოდეს მშიერი. მხატვარმა ფულის კეთება უნდა იცოდეს. დღეს კიბის ქვეშ სიკვდილის დრო არაა. ათასი საშუალება არსებობს გადარჩენისთვის, თუნდაც – ინტერნეტის რესურსი. ვაღმერთებ პიკასოს თუნდაც იმიტომ, რომ იგი გენიალური მხატვარი იყო და კარგი ბიზნესმენიც. თუმცა შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს. პიკასო უნიჭიერესი კერამიკოსიც იყო, კუბიზმის ჭეშმარიტი ფუძემდებელიც და შეძლებული ადამიანიც.

ჰო, მაგრამ ყველა ხომ ვერ იქნება პიკასოს დონის ნოვატორი. ფაქტია, რომ ხელოვანი მხოლოდ თავისი “პროდუქციით” ვერ გაიტანს თავს…

ამერიკაში, რა თქმა უნდა, კონკურენცია დიდია. ნიუ იორკი ბიზნესის ქალაქია, თავისი წესებითა და კანონებით. ხელოვანი სულიერ სამყაროს ქმნის, ფიზიკურზე სხვამ უნდა იზრუნოს. ის სხვა კი ბიზნესმენია. და თუ ეს ორივე ერთ ადამიანშია გაერთიანებული, მაშინ წარმატების საიდუმლოც ამოხსნადია. ამიტომ მიყვარს პიკასო.
ხელოვნებას არ აქვს საზღვრები, განსაკუთრებით – სახვითს. ერთნაირად შეიძლება აღფრთოვანდე დალის ნამუშევრებით, ისევე როგორც უცნობი აფრიკული ტომელის მიერ შექმნილი რაიმე ნაკეთობით. ამიტომ ყველა შემოქმედმა საყვარელი საქმე უნდა აკეთოს და არ უნდა გაუშვას, არ უნდა დააფრთხოს თავისი კეთილი მფარველი ანგელოზი, რომელიც ღმერთმა ყველა ჩვენგანს მხრებზე დაუსვა. უნდა გვესმოდეს მისი ხმა, რომელიც მე მხოლოდ მოგვიანებით გავიგონე და უკვე ვუპასუხე Thank You…