დეივიდ სენბორნი – ლეგენდარული საქსოფონისტი “ბლუ ნოუთ ჯაზ ქლაბში”

“ბლუ ნოუთ ჯაზ ქლაბში” სცენაზე ლეგენდარული ალტ – საქსოფონისტი, სამოცდაათი წლის დეივიდ სენბორნი დახმარების გარეშე ვერ ავიდა, მაგრამ როგორც კი მისი ინსტრუმენტი აჟღერდა, მაშინვე გავიფიქრე: ადოლფ საქსს, ალბათ, არც კი წარმოედგინა, რომ მისი გამონაგონი ასეთ სანდო ფილტვებსა და ხელებს ჩაბარდებოდა. ბავშვობაში, სამი წლის ასაკში გადატანილი პოლიომიელიტის გამო ექიმმა დეივიდის მშობლებს ბავშვის მკერდის კუნთების გასამაგრებლად და სუნთქვის გასაუმჯებესებლად ჩასაბერ ინსტრუმენტზე დაკვრის გაკვეთილების აღება ურჩია და აგერ უკვე რამდენიმე ათწლეულია ოცდაოთხი ალბომის, ექვსი “გრემის”, რვა ოქროს, ერთი პლატინის ალბომის მფლობელი და არაერთი მუსიკოსის შთამაგონებელი ჯაზკლუბებისა და გაცილებით უფრო დიდ სცენებზე უკრავს.

დეივიდ სენბორნი. ია მერკვილაძის ფოტო

დეივიდ სენბორნი. ია მერკვილაძის ფოტო

დეივიდ სენბორნის “სივიში” არის მისი კონცერტები ერიკ კლეპტონთან, პოლ საიმონთან, ჯეიმს ტეილორთან, დეივიდ ბოუისთან, ჯეიმს ბრაუნთან, ბრიუს სპრინგსტინთან, ელ ჯეროსთან, კენი გარეტთან, ელტონ ჯონთან, ბრაიან ფერისთან, ბილი ჯოელთან, როჯერ უოტერსთან, მარკუს მილერთან, ჯორჯ დიუკთან, გილ ევანსთან, “როლინგ სთოუნთან” და კიდევ უამრავ “ცნობად სახესთან”. მას ინსტრუმენტურ ბლუზსა და რიტმ – ენდ – ბლუზში ყველაზე გავლენიან საქსოფონისტს უწოდებენ. სენბორნი დღემდე ყველაზე აქტიურად მოგზაური მუსიკოსია. მაგალითად, 2010 წელს ასორმოცდაათი ტურით მსოფლიო შემოიარა. ამ ჯერზე კი ნიუ იორკის “ბლუ ნოუთიდან” პირდაპირ ტოკიოს “ბლუ ნოუთში” გადაინაცვლა.

თოთხმეტი წლის ასაკში სენბორნი უკვე ლეგენდარულ ალბერტ კინგთან და ლიტლ მილტონთან ერთად უკრავდა, აიოვას უნივერსიტეტში სამუსიკო ფაკულტეტზე სწავლისას მისი პედაგოგი იყო ცნობილი ტენორ – საქსოფონისტი ჯ.რ. მონტეროსი, რომელთან ერთადაც მოგვიანებით დეივიდიც უკრავდა. ერთხელაც მეგობრის რჩევით იგი კალიფორნიაში გაემგზავრა, სადაც Butterfield Blues Band –ის წევრი გახდა, ცოცხლად უსმენდა ჯიმი ჰენდრიქსს, The Who-ს, Jefferson Airplane- ს და ვუდსტოკზე “ბატერფილდებთან” ერთადაც გამოვიდა, ნიუ იორკში გამგზავრების შემდეგ კი სოლოკარიერა დაიწყო. დღეს იგი ახალ ალბომს იწერს მის ძველ მეგობართან, მარკუს მილერთან ერთად, რომელთანაც თხუთმეტი წლის წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.

შეიძლება ითქვას, დაახლოებით ვიცი, სად ცხოვრობს ეს მოსიარულე ლეგენდა. ორი წლის წინათ მთელი ნიუ იორკი საუბრობდა იმაზე, რომ “აფერ უესტ საიდზე” თორმეტ მილიონ დოლარად დეივიდ სენბორნის სახლი იყიდებოდა. საქმე ის არის, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი სახლი. მის ბოლო სართულზე საქსოფონისტის ჩამწერი სტუდია იყო განთავსებული და თან ისეთი ხმაგაუმტარი მასალის კედლებით, რომ ერთხელ ტესტირებისას შიგნით ფოიერვერკიც კი მოაწყვეს, მაგრამ გარეთ არავის არაფერი გაუგია.

“მე უკენ არასდროს ვიყურები, მხოლოდ წინ. მუსიკაში ყველაზე კარგი მომენტები სპონტანურობას უკავშირდება” – ამბობს მუსიკოსი – “და მეც ყოველთვის ვსწავლობ”. ეს მისი მუსიკალური სამყაროს ცოცხალი და უკვე სხვა სამყაროში გადანაცვლებული ლეგენდების ხსენებით სავსე ვრცელი ინტერვიუს ნაწყვეტია. მე კი, როცა ავტოგრაფის “ბლუ ნოუთის” ბუკლეტზე წარწერა და ფოტო ვთხოვე, ძალიან მოკლედ მითხრა: “საქართველოში ნამყოფი ვარ. მშვენიერი ქვეყანაა, მშვენიერი ხალხია”.

დეივიდ სენბორნი "ბლუ ნოუთ ჯაზ ქლაბში". ია მერკვილაძის ფოტო

დეივიდ სენბორნი “ბლუ ნოუთ ჯაზ ქლაბში”. ია მერკვილაძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძე