გია მარიამიძის ბლოგი

ჯავახეთის სახალხო რესპუბლიკა [მოდელირება]

ჯავახეთის სახალხო რესპუბლიკა [მოდელირება]

ორიოდე დღის წინ ფეისბუკში აფხაზი ჟურნალისტის  ამ  სტატიას გადავაწყდი. წერილში ავტორი აფხაზეთიდან ზუგდიდში მოგზაურობის ამბავს ყვება. ჟურნალისტი 1991 წელს არის დაბადებული და  ომი არ ახსოვს.  ახალგაზრდა ჟურნალისტი  ენგურს გაღმა  და  გამოღმა ნაპირზე მცხოვრები ხალხის მსგავსებამ გააკვირვა. აღნიშნა,  რომ ზუგდიდი ინფრასტრუქტურით და იერსახით უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მისი მშობლიური სოხუმი. ქართული კერძებიც გასინჯა და მოეწონა.  თუმცა ბოლოს მაინც დასძინა, რომ საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება და აფხაზ ერს მადლობას უხდის სამშობლოს იარაღით დაცვისთვის.  წერილი ორაზროვნად მთავრდება და მრავალნაირი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ქართველი კომენტატორების ნაწილმა ჩათვალა, რომ ჟურნალისტი საქართველოთი მოიხიბლა,  მაგრამ საკუთარ თავთან ამის აღიარება არ უნდა და კოგნიტიური დისონანსი დაემართა. ზოგმა ქართული სტუმარ -მასპინძლობის არდაფასება დაუწუნა და ა.შ.  სტატია რუსული პროპაგანდისტული მედიაჰოლდინგის ‘’სპუტნიკ აფხაზიას’’ გვერდზეა განთავსებული.

ფეისბუკურ კამათში ერთი ცხინვალში მცხოვრები მოქალაქეც ჩაერთო. ეს ადამიანი 2008 წლის ომამდე ტელევიზიით რამოდენიმეჯერ მინახავს. ვიკამათეთ ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე, რუსულ იმპერიალისტურ თუ, ზოგადად, საერთაშორისო  პოლიტიკაზე და ა.შ. მოკლედ, ორივე ჩვენს აზრზე დავრჩით და მშვიდობიანად დავიშალეთ. ფეისბუკში  კამათით, რა თქმა უნდა, რთული  პოლიტიკური საკითხები არ წყდება, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპონენტთან საუბრისას სწორი სიტყვების მონახვა. რომ გონივრული პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში  შესაძლებელი იყო, არაერთი ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა.

ქართველებსა და ოსებს შორის პრობლემები სსრკ-ს დანგრევის შემდეგ არ დაწყებულა. შუღლი წვეთ- წვეთად ათწლეულების განმავლობაში ღვივდებოდა. პირველ რიგში, ქვედა დონეზე ე.წ. ჩვეულებრივი მოქალაქეების მიერ. სტერეოტიპული ქედმაღალი დამოკიდებულება, დამამცირებელი გამონათქვამები და ზედმეტი სახელები (ჯაყო და ა.შ.). ანეკდოტები, დაყვედრება და წამდაუწუმ წამოძახება, რომ ოსები ჩვენს მიწაზე სტუმრად ცხოვრობენ და ათასი სხვა ფაქტორი  ქართული სახელმწიფოს საზიანოდ მუშაობდა და ორ ერს შორის მტრობას თესავდა. როგორც კი საბჭოთა იმპერიას ძირი შეერყა და დაშლა დაემუქრა, რუსეთმა ეს დაგროვილი ნეგატიური ენერგია გამოიყენა და ერთმანეთს დაგვატაკა.  სსრკ-ს ნგრევის შემდეგ ეთნიკური საკითხის მიმართ უპასუხისმგებლო  დამოკიდებულებამ ქვედა ფენებიდან ოფიციალურ სიბრტყეზე გადაინაცვლა.  იმვეს ახლა უკვე ქართველი ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ტელევიზიით თუ საგაზეთო ფურცლებზე იმეორებდნენ. აქ შეიძლება ვინმემ სამართლიანად  იკითხოს: კი, მაგრამ სულ ქართველები როგორ ვართ დამნაშავე, განა სხვები არაფერს აშავებდნენო? ეს კითხვა სტანდარტულია და ხშირად იმეორებენ ხოლმე. რა თქმა უნდა, ოსებიც და სხვებიც აშავებდნენ, მაგრამ აქ პრინციპული საკითხი ის გახლავთ, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა ჩვენ გვინდოდა. სახელმწიფოს დამფუძნებელი და ავტორი  ქართველი ერი (უფრო ზუსტად კი, ქართული ელიტა) იყო და სახელმწიფოსაც საქართველო ეწოდება. შესაბამისად, კონფლიტების მინიმიზაციის და  თავიდან არიდების ვალდებულება ჩვენ გვეკისრებოდა.

„’შუშის სახლში მცხოვრებნი ქვებს არ უნდა ისროდნენ’’ -ასეთი აფორიზმი არსებობს. ჩვენს ‘’შუშის’’ და მყიფე სახლში სხვამ ქვის სროლა დაიწყო და მსროლელის შეჩერების ნაცვლად საპასუხო ქვის სროლა დავიწყეთ. შედეგად ბინის ორი ჩალეწილი ოთახი მივიღეთ. არადა, სულ ცოტა რამ იყო საჭირო – მეტი წინდახედულება და პასუხისმგებლობა. სამწუხაროდ, ქართველები დამოუკიდებლობისთვის მზად არ აღმოვჩნდით. ვერ გავიგეთ, რომ ამ სახელმწიფოს ბედზე პასუხისმგებლები  ჩვენ ვართ და ოსებზე თუ აფხაზებზე მეტი მოგვეთხოვება.

რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობისთვის თუ საჭირო გახდა, უნდა იომო კიდეც და სახელმწიფო ინტერესების დაცვა იარაღითაც შეიძლება. მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ საქმე ომამდე არ მივიდეს. ასეთ უპასუხისმგებლობას თავისი მიზეზები აქვს. 200 წელი რუსულ იმპერიაში ცხოვრებამ სახელმწიფოს მართვის უნარ-ჩვევები ქართველებში გააქრო. ქართული ელიტის წარმომადგენლები ერთ დროს რუსების მიერ ჩაგრულ აფხაზებს ექომაგებოდნენ და აფხაზური წარჩინებული ფენა ნაწილობრივ  პროქართულიც იყო. შემდეგ კი ქართველთა უგუნური ქმედებებით იმავე აფხაზებმა ყოფილი დამპყრობელი და მჩაგვრელი საქართველოს არჩიეს.

ახლა კი მთავარზე. ზემოთ ქართულ -ოსური კონფლიქტის გაღვივების საქმეში მასმედიის უარყოფით როლზე ვწერდი. (მაგალითად ერთ- ერთი ქართული გაზეთით გამოქვეყნებული სტატია გამოდგება, რომელშიც საუბარი იყო, რომ ოსები ძალიან მრავლდებიან და ბევრი შვილის ყოლის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.  ეს სტატია ცხინვალში დღესაც ახსოვთ). ცხინვალის რეგიონში დაწყებული  პირველი დაპირისპირებებიდან უკვე  დიდი ხანი გავიდა. გაჩნდა ინტერნეტი, სოციალური ქსელები, ფეისბუკი.  ინფორმაციის გავრცელებაზე ტრადიციულმა მედიებმა (ტელევიზია, რადიო, გაზეთი) მონოპოლია დაკარგეს. დღეს სოციალური ქსელების მეშვეობით ნებისმიერს შეუძლია ინფორმაცია გაავრცელოს და ათეულ ათასობით ადამიანს ხმა მიაწვდინოს. შესაბამისად, შუღლის გაღვივება, დეზინფორმაციის გავრცელება, პროვოკაციების მოწყობა და მსგავსი მავნებლობა უფრო იოლი გახდა.

ტექნოლოგიური პროგრესი წინ მიდის, მაგრამ ადამიანების ტვინში ბევრი ვერაფერი იცვლება. სსრკ-ის დანგრევის და ახლად ფეხადგმული ქართული სახელმწიფოს პირობებში ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები დამოუკიდებლობას შეიძლება დაბრალდეს. მაგრამ დღესაც იგივე მეორდება და, სამწუხაროდ, მწარე გამოცდილებიდან თურმე არაფერი გვისწავლია. ნათქვამია, რომ ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი კი -საკუთარზე. ორჯერ დაშვებული შეცდომის  შემდეგ დასკვნების ვერგამოტანაზე და მესამედ იმავეს გამეორებაზე ანდაზა არ არსებობს. ეტყობა, მსგავსი საქციელი უნიკალური სისულელეა. არადა,  დღეს ზუსტად ეგ ხდება.

ამ ბოლო დროს სხვადასხვა ქართულენოვან ვებ- გვერდებზე სომხურ თემაზე ინფორმაციები მოხშირდა. ხან ქართული სიმღერის რამოდენიმე ნოტს მოიპარავენ სომხები. ხანაც ქართული ცეკვა სომხურადაა დასახელებული, რომელიღაც ვებ-გვერდის ვიდეოზე. მსგავს რეალურ  და გამოგონილ ფაქტებს ვებ-საიტები საკუთარი  ფანტაზიებით ამდიდრებენ.  წერენ, რომ  ჩვენგან  მოპარული სიმღერით სომხები ევროვიზიაზე გადიან, რომ მოპარული ცეკვებით ფესტივალებს აწყობენ და ა.შ. ფეისბუკმომხმარებლები  თუ გვერდები სომხეთ- ირანის საზღვართან მდებარე ტაძრის სურათებს ასეთი კომენტარით დებენ : ‘’ეს ულამაზესი ქართული ტაძარი ახლა სომხეთის ტერიტორიაზეა. მოვა დრო და დავიბრუნებთ. ‘’ თუმცა აქ პროვოკატორებზე საინტერესო ე.წ. ჩვეულებრივი ხალხის რეაქციაა. იწყება ლანძღვა -გინების ორომტრიალი და სტანდარტული ფრაზები : არაფერი თავისი არ აქვთ, ყველაფერს იპარავენ, „ ვფხისტყაოსანი“  მოგვპარეს, სომხეთში მარტო სომხები ცხოვრობენ, თვითონ კი ყველგან არიან მოდებული, წაეთრიონ აქედან და ა.შ.  ამ ყველაფერს სომხები კითხულობენ.  რაც მთავარია, მათ შორის სომხური წარმომავლობის ჩვენი თანამოქალაქეებიც არიან. სხვა ქვეყნებში მცხოვრები სომხების აზრი ნაკლებად საინტერესოა. ჩვენი თანამოქალაქეების რეაქცია ამ ყველაფერზე ორგვარია: 1. ქვეყნის მიერ ლოიალურად განწყობილებს გული წყდებათ და სახელმწიფოს მიმართ გაუცხოება უჩნდებათ. 2. არალოიალური და არაინტეგრირებული ეთნიკური სომხები ბრაზდებიან და საპასუხოდ რეაგირებენ. ერთი სიტყვით, ისევ შუშის ბინის ამბავი მეორდება.

მოპარული სიმღერის თუ ცეკვის შესახებ მითითებისა და მხილების ნაცვლად ლანძღვა- გინება და  უგუნური განზოგადებები ხდება.  და ერთი თუ რამოდენიმე ადამიანის ცუდი საქციელის გამო ყველა სომეხს ლანძღავენ.   ასე კოლექტიურად 12 მილიონი სომეხი ვერაფერს მოიპარავს.  მათ უმრავლესობას ალბათ არც მოუსმენია და  სულ ფეხებზე კიდია ‘’ყვავილების  ქვეყანა’’ და მისთანები. ასეთ ინფორმაციებს, როგორც წესი, დიდი მოწადინებით პრორუსულად განწყობილი ვებ-გვერდები და ადამიანები ავრცელებენ.  გავრცელების მიზეზი მნახველებში სწორედ ასეთი რეაქციების გამოწვევაა. მათი ნაწილი ალბათ რუსეთის წისქვილზე წყალს ისე ასხამს, ვერც კი ხვდება.  ე.წ. სასარგებლო იდიოტები არიან. თუმცა რიგი ვებ-გვერდებისა ასეთ ინფორმაციებს სტაბილური სიხშირით და ავი განზრახვით შეგნებულად დებენ.

მსგავსი საინფორმაციო შეტევები რუსული ჰიბრიდული ომის კონტექსტში  კარგად ჯდება. ამგვარი სახის ომის შედეგად დამდგარი ტრაგედია უკრაინის მაგალითზე უკვე გვაქვს. როგორც წესი, ჯერ მოსახლეობის საინფორმაციო დაბომბვა და კარგად დამუშავება ხდება. უკრაინის აღმოსავლეთში მცხოვრებ რუსებს აჯერებდნენ, რომ კიევში ხლისუფლებაში რუსების მოძულე სტეპან ბანდერას მომხრეები მოვიდნენ. რუსებს დაიმონებენ, მათ ბავშვებს ორგანოებს ამოაჭრიან და ევროპაში გაყიდიან და ა.შ. ნიადაგის მომზადების შემდეგ რუსული სპეცსამსახურების მოქმედების დრო დადგა.   უკრაინის  აღმოსავლეთში, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ძირითად ქალაქებში რუსული  ‘’გრუს’’  გადამდგარი ოფიცრებისა და ადგილობრივი ბოევიკებისგან შექმნილმა რაზმებმა პოლიციის და თვითმმართველობის შენობები შტურმით აიღეს. შემდეგ ომი დაიწყო და 8-9 ათასი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სცენარის წარმოდგენა ჩვენს ტერიტორიაზე, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებშიც  შეგვიძლია.

მოდელირება[სინამდვილეში არ მომხდარა]:

1396866811_flag_doneckoy_respubliki

ამ ქალაქების ადმინისტრაციულ შენობასა და პოლიციის განყოფილებებს საქართველოში ფარულად შემოსული და ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შემდგარი ორასკაციანი რაზმები იკავებენ.  (უკრაინის ქალაქ სლავიანსკის და სხვა დასახლებული პუნქტების დაკავებას დასაწყისში სწორედ ამდენი ადამიანი დასჭირდა) ტელეკამერების წინ მხოლოდ კავკასიური გარეგნობის ‘’მეამბოხეთა’’ სახეები ჩნდებიან და რაღაც მოთხოვნებს აყენებენ. ამბობენ, რომ სომხებს საკუთარი კულტურის შესანარჩუნებლად ავტონომია სჭირდებათ. მოლაპარაკებები იწყება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მოითხოვენ, სასწრაფოდ შეიკრიბოს პარლამენტი და კონსტიტუციაში სომხური ავტონომიის შესახებ ცვლილება შეიტანოს. მოთხოვნა, რა თქმა აუნდა, არ დაკმაყოფილდება და ფსევდო და არაფსევდოსეპარატისტები ახლა უკვე დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ.  დაკავებული შენობების წინ მთელი ამ ხნის განმავლობაში ხალხია შეკრებილი და ‘’მეამბოხეებს’’ მხარს უჭერს. ადრე თუ გვიან ხელისუფლებას ამ რაიონებში შეიარაღებული ძალის გაგზავნა მოუწევს. აქაც უკრაინული სცენარი უნდა გავიხსენოთ : ქალაქის შესასვლელთან მოწყობილ ბლოკ-პოსტთან სროლა იწყება. პირველი დაჭრილები და დაღუპულები უკვე ტელევიზორის ეკრანებზე ჩნდებიან. ახლა ცენტრსა და რეგიონს შორის მართლაც მასშტაბური დაპირისპირება იწყება. ადგილობრივ მოსახლეობაზე მასობრივად რიგდება იარაღი (სომხეთში მდებარე რუსული ბაზებიდან, რა თქმა უნდა).

 

ბრძოლები სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. უკვე გამოჩნდა  იმავე გზით ქვეყანაში შემოტანილი საბრძოლო ტექნიკა, რომელსაც რუსული პროპაგანდა ქართული არმიისთვის წართმეულად ასაღებს. რეგიონში შემოდის ანტისაჰაერო და ანტისატანკო გადასატანი საბრძოლო საშუალებები, რის მეშვეობითაც ნადგურდება  ჩვენი ტანკები მიწაზე და თვითმფრინავები ცაში.  ბოლოს ყველაფერი ასევე უკრაინული სცენარით დასრულდება. ოკუპირებულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის გამყოფი ხაზი ივლება და ჩვენი ჯარი დიდი ხნით სანგრებში გადაინაცვლებს. ახლა უკვე სეპარატისტების დამარცხებაზე მეტად  დანარჩენი ტერიტორიის შენარჩუნება გვადარდებს.

 

შემდეგ გაიმართება მოლაპარაკებები მინსკში ან რომლიმე სხვა ქალაქში და მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე მოილაპარაკებენ.  შედეგად მივიღებთ დანგრეულ ეკონომიკას, სამმაგად გაუფასურებულ ლარს, გაქცეულ ინვესტიციებს და დაღუპული ჯარისკაცების ახალ სასაფლაოებს. დასავლეთი ჩვენზე ხელს საბოლოოდ ჩაიქნევს და არშემდგარ სახელმწიფოდ ჩაგვთვლის. ამის შემდეგ კი მთავარი დაიწყება (რისთვისაც ეს ყველაფერი მოეწყო). შინაური მეხუთე კოლონა აყაყანდება, რომ ჩვენი გადარჩენის გზა რუსეთია , „დასავლეთი გვაპიდარასტებს’’, მხოლოდ რუსეთის კალთის ქვეშ გადავრჩებით და ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ და ა.შ. ქართველი კოლაბორაციონისტები ივლიან მოსკოვში, შეხვდებიან პოლიტიკოსებს და პოლიტოლოგებს, ჩამოიტანენ ცრუ დაპირებებს და ეს კონცერტი აღარასოდეს დამთავრდება. თავიდან რუსეთზე კიდევ ერთხელ გაბრაზებული და განაწყენებული ქართველი ერი სოციალურ გამოკითხვებში ამ ქვეყანას  ნომერ პირველ მტრად დაასახელებს. შემდეგ გავა ორიოდ წელი და პროპაგანდა თავისას იზამს. ქართველებს გული მოულბებათ და სტოკჰოლმის სინდრომი კიდევ უფრო შეეყრებათ. კრემლის ბინადარი  ალფა მამრის საქორწინო ყიჟინაზე აღიგზნებიან და ‘’უკან მომავლისკენ’’ დაბრუნებას მოითხოვენ. განუსაზღვრელი დროით ისევ რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ზონა გავხდებით. ტერიტორიებს, რა თქმა უნდა, არავინ დაგვიბრუნებს. პუტინი ჩვეულებისამებრ ჯერ ზემოთ აიხედება, მერე შემოგვხედავს და ალალი სახით გვეტყვის : თუ აფხაზებს, ოსებს და სომხებს მოელაპარაკებით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ძმებო, მე წინააღმდეგი არა ვარო. ჰოდა, დაიწყება ეს მოლაპარაკებები და გაგრძელდება მეორედ მოსვლამდე. მანამ, სანამ  ქრისტე ზეციდან  არ ჩამოვა და სეპარატისტებს ქართულ ენაზე განიკითხავს.

——————————

 

ამ კატასტროფის თავიდან აცილება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თითოეულ ქართველზეა დამოკიდებული. ჯავახეთის  სახალხო რესპუბლიკის (ანუ ზემოთ აღწერილი შესაძლო მოვლენების) თავიდან აცილება შესაძლებელია. ჩვენს წარმატებაში რუსული სპეცსამსახურების ვერაგობა თუ ქართული სპეცსამსახურების მარიფათი გადამწყვეტი ფაქტორი არ არის.  არც ქართული არმიის სიძლიერეა მთავარი, რადგან, რომ გაიმარჯვო კიდეც, საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყების ფაქტიც კი დამარცხება და აუნაზღაურებელი ზიანია. რუსული ჰიბრიდული ომის წარმატება ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონების რიგითი მცხოვრებლების მიერ ქართული სახლმწიფოსადმი ლოიალობის ხარისხზეა დამოკიდებული. მარტივად რომ ვთქვათ, ‘’გრუს’’ და ადგილობრივი სეპარატისტებისგან შემდგარ ორიოდე ასეულ შეიარაღებულ ადამიანს თუ ადგილობრივი მოსახლეობა მიემხრო და დაკავებული შენობების წინ შეიკრიბა, დამარცხება გარდაუვალი იქნება. თუ იქაური ხალხის სახელმწიფოსადმი ანტაგონიზმი იმდენად დიდია, რომ ომის გადატანა არ დაეზარათ, ტერიტორიას კიდევ დავკარგავთ. თუ  ხალხმა ომის გამჩაღებლებს გვერდი აქცია, ჩვენი სპეც-რაზმები ამ ორიოდე ასეულ სეპარატისტს სწრაფად გაანადგურებენ და ამით ყველაფერი დასრულდება.

 

იქ მცხოვრები ხალხის ქუჩაში გამოსვლა – არგამოსვლის და სეპარატისტების მიმართ მიმხრობა – არმიმხრობის ბედი ფეისბუკში სომხების გინებასთან პირდაპირ კორელაციაშია. სომხური წარმომავლობის ჩვენი თანამოქალაქეების ქცევა ფეისბუკში მათ მიმართ გინებისა და ანტისახელმწიფოებრივი ქცევის პირდაპირპროპორციულია.  თუმცა მხოლოდ ფეისბუკის იმედად ნუ ვიქნებით. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სიხშირით გალანძღავენ იმავე სომხებს ისეთი გაზეთები თუ ტელევიზიები,  როგორიცაა ‘’ასავალ დასავალი’’ , ‘’ობიექტივი TV’’ და სხვები.   ასევე  ნაირ -ნაირი რუსეთმოყვარე ვებ-გვერდები.  უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უკმეხ გამონათქვამებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე. ქუჩაში სომხების, აზერბაიჯანელების, ოსების, აფხაზების და სხვათა წარმომავლობის გამო გინებაც არ არის მაინცადამაინც რეკომენდირებული. საკუთარ სახლებში კი რამდენიც გინდათ იგინეთ. „კუხნაში არავინ გივარდებათ, რაც გინდა, ის გიქნიათ, ოღონდ გარეთ ნუ გამოგაქვთ თქვენი უმსგავსობები’’ -ამ უკვე დამკვიდრებული გამონათქვამისა არ იყოს.