ფოტოარტისტები და ქალაქი, რომელიც ქუჩის ფოტოარტისთვის დაარსდა

ჩელსიში განლაგებულ არტგალერეების წყებაში ყველაზე ცენტრალური მდებარეობითა და მულტიდისციპლინარული ექსპოზიციის სიმრავლით 1983 წელს დაარსებული Agora Gallery გამოირჩევა. აქ ლამის ყოველი კვირის ხუთშაბათს ადგილობრივი თუ უცხოელი მხატვრების სოლო/ჯგუფური გამოფენა–გაყიდვები იმართება, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ავსტრალიიდან თუ კარიბის რომელიღაც კუნძულიდან ჩამოსული მხატვრის ნამუშევრები, ფერწერა, გრაფიკა, კინეტიკური და ინტერაქტიული სკულპტურები და ასევე, ე.წ. არამეინსტრიმული კინო. ეს ფილმები ძირითადად ხელოვნების შესახებაა, რომელიც მოიცავს როგორც დოკუმენტურ მასალას, ასევე, ფირზე გადატანილ ინტერვიუებს ცნობილ თუ უცნობ არტისტებთან.

“აგორა” ერთგვარი არტნიუსური ტერიტორიაა, რომლის ვებსაიტზე თავს იყრის სახელოვნებო ახალი ამბები, ტენდენციები, აქტუალური მოვლენები. “აგორას” ვებსაიტი ნიუ იორკის გალერეებს შორის ერთ–ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი ინტერნეტ– რესურსია. ამ გალერეაში ასევე მუშაობენ ექსპერტები, კონსულტანტები, რომლებიც გარდა ნამუშევრის შეფასებისა, მხატვრებს საკუთარი პრობლემების შემსუბუქებაში ეხმარებიან. ამას წინათ “აგორაში” გაიმართა ერთი ძალიან საინტერესო ფილმის ჩვენება, რომელიც ქუჩის ფოტოგრაფიას მიეძღვნა.

ქუჩის ფოტოგრაფია სოციალურ – დოკუმენტური ხელოვნებაა, ერთგვარი ფოტოჟურნალისტიკა, რომელიც, გარდა იმისა, რომ აღწერს ისტორიულ მოვლენებს, საიმედო ვიზუალური არქივარიუსიცაა (სამოქალაქო მოძრაობები, დაპირისპირებები, ვანდალიზმი, უბედური შემთხვევები, ქალაქის ლანდშაფტი, კონტრასტები და ა.შ.), ამავე დროს არის სუვენირის მაღაზიების სამახსოვრო ბარათების ავტორიც, ადამიანისა და ქუჩის ურთიერთობის ესთეტიზატორიცა და საზოგადოების სარკეც, რომელიც გამორიცხავს დადგმას/მანიპულაციას.

როგორც წესი, “მეტროპოლიტენ მუზეუმში” მეორე სართულზე რამდენიმე დარბაზი ფოტოგამოფენებს ეთმობა, მათ შორის, წინა საუკუნეების ფოტოხელოვანებს და ეს კარგი შანსია დაათვალიერო შავ–თეთრი ქალაქები, მშენებლობები, ქუჩები, ბაღები, სახლები, კიბეები, ფანჯრები, რომლებიც აღარ არსებობს. განა აღიგავენ პირისაგან მიწისა, უბრალოდ, “მოდერნ ტაიმმა” მათი ხატები სამუდამოდ გააქრო, გარდაქმნა და დღეს მათ მხოლოდ ფოტონეგატივები აცოცხლებენ. მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინათ “მეტმუზეუმში” ქუჩის ფოტოგრაფიის ჟანრის მამის, ფრანგი ხელოვანის ეჟენ ატჟეს ნამუშევრები გამოიფინა და რომ არა ეს ფოტოსერია, საუკუნისწინანდელი პარიზის იმიჯებს ვერანაირი Google Street View ან ფეისბუკის ფოტოები/სელფები ვერ დააფიქსირებდა.

ქუჩის ფოტოგრაფიას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი იურიდიული ჩარჩო აქვს. ბრიტანეთში შეზღუდულია ქუჩაში ადამიანის გადაღების უფლება, აშშ–ში კი ქუჩის ფოტოგრაფია სიტყვის/ გამოხატვის თავისუფლების კომპონენტად აღიქმება და დაცულია ქვეყნის კონსტიტუციის პირველი შესწორებით. თუმცა ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის ექსპოზიციაზე – “საჯარო თვალი: ფოტოგრაფიის გაზიარების 175 წელი” – გამოიფინა ფანჯარას ზურგით მიბჯენილი ბავშვის ფოტო, რომლის ავტორს მისი გამოქვეყნების გამო სასამართლოში თავისი უფლების დაცვა (ბავშვის მშობელი vs. ფოტოგრაფი) მოუხდა.

ქუჩის ფოტოგრაფიის მასობრივ მოვლენად გადაქცევა განპიროებული იყო პორტატიული ფოტოკამერების გაჩენითა და ზოგადად, ტექნოლოგიური პროგრესით, როცა მობილური ტელეფონითაც შესაძლებელია საინტერესო მომენტის, რაკურსის დაფიქსირება, კორექტირება და საკუთარი თვალის გემოვნების, იმპულსის სოციალური მედიის საშუალებით გაზიარება და სახელდახელო ფოტოგამოფენის მოწყობაც, რომელიც ხარჯებთან არაა დაკავშირებული.

ნიუ იორკი, ალბათ, ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომელიც ქუჩის ფოტოგრაფიისთვის დაარსდა. და აქ აზრი არა აქვს ბრიტანულ შეზღუდვას, რადგანაც ყოველდღე მილიონობით ტურისტი, ღმერთმა უწყის, წამში საშუალო სტატისტიკურად რამდენ “ქუჩის ფოტოს” იღებს. აქ გამუდმებით ჩართული კამერით უნდა იარო, რადგანაც წამიც და ის, რაც ვერასოდეს განმეორდება – ამ გიჟურად მოძრავ ქუჩაში, ისე გაგისხლტებათ, როგორც წყალი თითებს შორის. ვიცი, რასაც ვამბობ. ბევჯერ გამომიცდია და მინანია. და თუ არ გინდათ ინანოთ, მაშინ უნდა წაიკითხოთ “ქუჩის ფოტოგრაფიის” ხელოვნების/ ხელობის პოსტულატებზე დაწერილი წიგნები, ბროშურები და მომზადებული შეხვდეთ ამ ქალაქის ფოტოგრაფიამანიის ქარბორბალას, რომელიც შეუძლებელია არ შეგეყაროთ, განსაკუთრებით ღამის ნიუ იორკში სეირნობისას. აი, აქ და ამ დროს შეიძლება დაინახოთ “უფრო მეტი, ვიდრე ცისარტყელა”. ეს 2012 წელს ნიუ იორკის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ნაჩვენები, დენ უეჩსლერის ფილმის სახელწოდებაა და მოგვითხრობს ტაქსის მძღოლის თავგადასავალზე, რომელმაც ერთ დღეს ხელში ფოტოაპარატი აიღო და ქალაქის ქუჩების ფოტოისტორიკოსი გახდა. ფოტოგრაფიის ამ ჟანრს თავისი კლასიკოსები ჰყავს: ანრი კარტიე–ბრესონი, გარი ვინოგრადი, ჯონ ტომპსონი, პოლ მარტინი, რობერტ ფრანკი.

ერთ საფოტოგრაფო დღეს “აგორა გალერეამ” რეჟისორ ჩერი დანის ფილმი – Everybody Street (2013) გვიჩვენა. ქართულად სახელწოდება ითარგმნება, როგორც “ყველა ქუჩა”, ოღონდ “ქუჩა”, ასე ვთქვათ, “რა” კი არა, “ვინ” ჯგუფისაა. ფილმი გვიჩვენებს დიდი ვაშლის ქალაქში ქუჩის საკულტო ფოტოგრაფების “ქუჩურ” თავგადასავალს, თან იტორიკოსების კომენტარების თანხლებით. ბრუკლინური როკ – ბენდის Endless Boogies-ის მუსიკა კი ზუსტად შეესაბამება ნიუ იორკის ტროტუარების და სამანქანოების ესკიზებს, მისი აურის ინტონაციებს. ქუჩის ხელოვნებაზე და “მომენტის დაჭერის”, სპონტანურობის უნიკალურობაზე საუბრობენ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული, წიგნების/ალბომების ავტორი, ათასგვარი ჯილოდიებისა და საერთაშორისო რენომეს მქონე ფოტოგრაფები: ბრიუს დევიდსონი, ელიოტ ერუიტი, მარი მარკი, ბრიუს გილდენი, ჯოელ მეიროუიცი, რებეკა ლეპკოფი, ჯეფ მერმელსტეინი, მართა კუპერი, ჯამელ შაბაზი, კლეიტონ პატეროსნი, რიკი პოუელი, ბუგი, ჯილ ფრიდმანი. ფილმი ერთგვარი კინომატოგრაფიული კვლევაა, რომელიც მხოლოდ ამ ქალაქის კი არა, ზოგადად ამერიკის არაგლამურულ–არაჰოლივუდურ, რეალური პოლიტიკურ – სოციალურ – კულტურული ყოფის ფოტოსერიას წარმოგვიდგენს.

“არ ფიქრობ, უბრალოდ იღებ” – ამბობს ერთ–ერთი ფოტოგრაფი და ასე ჩნდება ფოტოფირზე ადამიანი, რომელიც მაღაზიის ვიტრინის წინ შიშვლდება; პოლიციის მიერ დარბეული მიტინგის მონაწილის სახეზე სისხლი და შემოხეული პერანგი; სანაგვეზე გადაგდებულ პიანინოსთან მიმჯდარი კაცი; ნარკომანის წვივში, ბარძაყში და კისერში გაჩხერილი ნემსი; ბოძზე ჩამოკიდებული მკვდარი ვირთხა; გაჩერებული მატარებლების ვაგონების სახურავებზე მოხტუნავე ბიჭი; მანქანის საბურავთან მჯდომი მტრედი; მოხუცი ქალების წინაშე გაშიშვლებული ექსჰიბიციონისტი; ენდი უორჰოლი ქუჩაში ვიღაცასთან ერთად; სეირის მაყურებლების გარემოცვაში თავებზე “შპალერ”გადაფარებული ქალისა და კაცის სექსი…

“ყველა ქუჩა” მოგვითხრობს სხვადასხვა სტილისა და “თავხედობის” ფოტოგრაფებზე, რომლებსაც, ფაქტობრივად, დიდად არც სჭირდებათ სამიზნეების ძიება. რასების, კლასების, სტატუსების, კულტურებისა და სხვაგვარობათა უნიკალურ ქვაბში ძალიან, ძალიან უნდა შეეცადო, რომ არ დაინახო საფოტოგრაფო/საიმიჯო ტერიტორია და მასალა. ფოტოგრაფების ხელში კი ეს ქალაქი ათასგვარი ინტერპრეტაციების “მსხვერპლია”, მათთვის ნიუ იორკი შთაგონების წყარო კი იმიტომაცაა, რომ წინააღმდეგობრივი, მოულოდნელი, საშიში, ხალისიანი, სუფთა, ბინძური, მსოფლიო ისტორიის მამოძრავებელი სამოთხე–ჯოჯოხეთია. ის ფოტოგრაფიის რომია, საითკენაც ყველა გზა მიდის. და თუ ამ ფოტოარტისტების ნამუშევრებს გადახედავთ, მიხვდებით, რომ განა ნიუ იორკი ქმნის ამ ფოტონამუშევრებს, არამედ სწორედაც რომ ქუჩის ფოტოსესიები ქმნის ნიუ იორკს ისეთს, როგორიცაა, თუნდაც მხოლოდ წარმოსახვაში.

ბრიუს დევიდსონი

ბრიუს დევიდსონი

ფოტოკორპორაცია “მაგნუმის” წევრი ბრიუს დევიდსონს მეტროს, უფრო სწორად – მიწისქვეშეთის გადაღება უყვარს. მან ფოტოაპარატი ათი წლის ასაკში აიღო და ჩიკაგოს ქუჩებში გავიდა. ჯარში მსახურობისას კი პარიზიდან ახლო მდებარე დასახლებაში მოხვდა, სადაც “მაგნუმის” ერთ–ერთ დამაარსებელს, კარტიე–ბრესონს შეხვდა. მოგვიანებით, იმისთვის, რომ თავი ერჩინა, მოდის პოდიუმებისა და მოდელების გადაღებას მიჰყო ხელი, თუმცა მას მერე, რაც ქუჩის ახალგაზრდა ბანდების, ღარიბთა უბნების, სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლთა მიტინგების და მეტროს გადაღება დაიწყო, ამ გლამურის ფოტოსესირებას თავი დაანება. მერე ბრუკლინისა და ჰარლემის ბანდების წევრებს თავის ფოტოებს ჩუქნიდა. როგორც თავად ამბობს, იღებდა არა იმიტომ, რომ განეკითხა ისინი, არამედ უბრალოდ იღებდა დეპრესირებულ და გაბრაზებულ ახალგაზრდებს. “მეტრო სექსუალურია,“ – ამბობს დევიდსონი, „იქ, ათი წამის განმავლობაში, როცა ქალს იღებ, მასთან სასიყვარულო ურთიერთობას ამყარებ. ეს თან დიალოგია და თან ფანტაზიაც”.

ელიოტ ერუიტი

ელიოტ ერუიტი

პარიზში დაბადებული ელიოტ ერუიტიც “მაგნუმის” ერთ–ერთი ლეგენდად ქცეული წევრია, რომლის შემოქმედებაზეც დიდი გავლენა მისმა მასწავლებლებმა, რობერტ კაპამ, ედუარდ სტეიჩენმა და როი სტრიკერმა მოხდინეს. ოცზე მეტი წიგნის ავტორი ხელოვანი ცნობილია მისი დიდი ფოტოსესიით ძაღლებზე და ადამიანების ირონიულ–აბსურდული შავ–თეთრი ფოტოებით, მისი ნამუშევრები კი მსოფლიოს გალერეებშია გამოფენილი, მათ შორის “მომასა” და “სმითსონიანში”. ფოტოგრაფიის გარდა ერვიტმა თავისი ძალები კინოხელოვნებაშიც მოსინჯა და საკმაოდ წარმატებულადაც.

მარი მარკი

მარი მარკი

თვრამეტი წიგნის ავტორი, ფოტოგრაფი მარი მარკი “ინდური ესკიზებით” გავიცანი: დედა ტერეზა, ბუდისტური ტაძრები, ბომბეის ბორდელები. ხელოვანი ამბობს, რომ ქუჩის ფოტოგრაფია ფოტოგრაფიის ყველაზე რთული ჟანრია: “მე არ მინდა ისტორიის მოყოლა. ჩემი მიზანია ხატების შექმნა. ფილმი ისტორიას მოგვითხრობს, ფოტომ კი ძლიერი იმიჯები უნდა დაგვიტოვოს. იყო ქალი ქუჩის ფოტოგრაფი – ერთგვარი პრივილეგიაა, რადგანაც შეიძლება ვინმეს კარზე დააკაკუნო და სახლში უპრობლემოდ შეგიშვან, კაცი კი – არა. ქუჩის ფოტოგრაფია რეალობის ფოტოგრაფიაა” – ამბობს იგი.

ბრიუს გილდენი

ბრიუს გილდენი

“მაგნუმის” წევრი ბრიუს გილდენი კი ქალაქელების ქცევის/ ყოფა–ცხოვრების იუმორნარევი დოკუმენტალისტია და ნიუ იორკის ცხოვრებისეული თეატრის ფოტოსტილისტიც. ძალიან მიყვარს მისი შავ–თეთრი სერია ნიუ იორკში ოკეანის პლაჟებისა და ბრუკლინის “კონი აილენდის”: გამხდარი და მსუქანი, ჩაცმული და გახდილი, მოხუცი და ახალგაზრდა სხეულები ერთმანეთის გვერდით ერთგვარად სევდანარავი იუმორია თუნდაც იმიტომ, რომ ეს კონტრასტები ჩემთვის ძალიან ნაცნობია: მისი კამერა ზუსტად იმას ხედავს, რასაც – არაგულგრილი თვალი. ამ სიჭრელის სპეციალური ძიება საჭირო არაა. ყველაფერი ხელისგულზეა. მთავარია, კამერა ჩართული სულ გქონდეს და აჩხაკუნებდე. მაგრამ ამავე დროს არ მომწონს მისი წრეგადასული თავხედობა, როცა ადამიანს პირდაპირი მნიშვნელობით თავს ესხმის, რათა მისი სახის “არამიმზიდველი” გამომეტყველება დაიჭიროს და სამიზნისგან კიდეც ხვდება ხოლმე ალიყური ცხვირ–პირში.

ჯოელ მეიროუიცი

ჯოელ მეიროუიცი

ფერადი ფოტოგრაფიის კლასიკოსის და ამ ჟანრის დამმკვიდრებლის ჯოელ მეიეროუიცს აშშ–სა და მის საზღვრებს გარეთ გამართულ ოთხასზე მეტ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი პირველი წიგნი – “კონცხის სინათლე”, რომელიც ფერადი ფოტოგრაფიის სახელმძღვანელოდ არის მიჩნეული, პირველი გამოცემისას ასი ათას ეგზემპლარად გაიყიდა. მეიეროუვიცი ერთადერთი ფოტოგრაფია, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ “ტყუპების” ნანგრევებზე დაუშვეს.

რებეკა ლეპკოფი

რებეკა ლეპკოფი

კორპორაცია “ფოტოლიგის” (რომელიც მაკარტიზმის მსხვერპლი გახდა) ახლახან გარდაცვლილი წევრი რებეკა ლეპკოფი ნიუ იორკის ქუჩების შუქ – ჩრდილებს, რიტმს, ენერგიას აბსტრაქციასა და ამოების ბაზარს გასული საუკუნის 30–40 –იანებიდან იღებდა. ფოტოგრაფირება მან მას მერე დაიწყო, რაც ნახმარი კამერა შეიძინა და ქვედა “ისტ–საიდის”, იმ უბნის გადაღება დაიწყო, სადაც ცხოვრობდა.

ჯეფ მერმესტეინი

ჯეფ მერმესტეინი

ჯეფ მერმელსტეინის ფოტოებში ადამიანების ყოველდღიური რუტინაა: ისინი ჭამენ, სვამენ, საუბრობენ, დადიან, მირბიან, ზეიმობენ, ღიზიანდებიან, კომლექსდებიან, ჭირვეულობენ, ცხოვრობენ. ფოტოგრაფი იმ მომენტსაც იჭერს, როცა ადამიანებს გარემოზე ერთგვარი იდიოსინკრაზია ემართებათ. ჯეფი ერთგვარი ფოტოგრაფის ფოტოგრაფია – კამერიანი ადამიანი სხვებში თვითიდენტიფიკაციასა და საკუთარი განწყობების ანარეკლს ეძებს.

მართა კუპერი

მართა კუპერი

მართა კუპერმა ფოტოაპარატი სამი წლის ასაკში აიღო და კოლეჯის დამთავრებისთანავე გაზეთის საშტატო ფოტოგრაფი გახდა, მოგვიანებით კი “ნეიშენელ ჯეოგრაფიკისთვის” მუშაობდა. მერე ოქსფორდის კურსდამთავრებული ანთროპოლოგის სპეცილაიზაციით იგი ქუჩის/მეტროს არტის – გრაფიტის ერთგვარი მემატიანეც გახდა. მისი ფოტოები ე.წ. სამეზობლოების გარშემო ტრიალებენ, სადაც ბავშვები დარბიან, თამაშობენ, ძალადობენ. მას ასევე ეკუთვნის ვებგვერდი, რომელზეც მსოფლიოში მოღვაწე ქალი ფოტოგრაფების შესახებ სრული ინფორმციაა განთავსებული.

ჯამელ შაბაზი

ჯამელ შაბაზი

ჯამელ შაბაზი ნიუ იორკის აფრო–ამერიკული თემის ფოტოგრაფია და მას “შავი კულტურის” მკვლევარსაც უწოდებენ. იგი თვლის, რომ მისი მოვალეობაა მსოფლიოს ისტორიისა და კულტურის სწორედ ფოტოარტით შენარჩუნება. იგი სხვადასხვა ორგანიზაციებში მოხალისედ მუშაობს და ახალგაზრდებს ფოტოარტის გარდა, ხელოვნების სხვა დარგებსაც ასწავლის.
კანადაში დაბადებული კლეიტონ პეტერსონი ხელოვნების დოკუმენტალისტია, რომელიც იღებს ნიუ იორკის “ქვედა ისტ საიდსა” და მანჰეტენს, ასევე ცნობილია როგორც ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო პროტესტის ფოტოგრაფი, რომელსაც პოლიციისგან ცემა –დაპატიმრება არ დაჰკლებია.

რიკი პოუელი

რიკი პოუელი

რიკი პოუელი თავიდან ნიუ იორკის მუსიკალური სცენების ფოტოგრაფი იყო, რომლის პრეფერენცია რეპერებისა და ჰიპ–ჰოპისტების გადაღება იყო. ფოტოგრაფია მისთვის ჯერ ჰობი იყო, იგი როკ – ბენდის Beastie Boy ოფიციალურ ფოტოგრაფად მუშაობდა. მოგვიანებით გარემოს ფოტოპორტრეტისტიც გახდა, რომლის ნამუშევრები ამერიკის ლამის ყველა ავტორიტეტიან გამოცემაში იბეჭდება.

ბუგი

ბუგი

ბუგი, იგივე ვლადიმირ მილივოჯევიჩი სერბი ფოტოგრაფია. იგი ბელგრადში დღე და ღამე ჩართული კამერით დადიოდა და ქალაქისა და ადამიანების დეგრადაციას იღებდა. ბუგი ნიუ იორკში კოსოვოში ომის დაიწყებამდე ჩამოვიდა და ნიუ იორკის მიწაზე ფეხის დაბიჯებისთანავე მონოქრომული კადრებით ქალაქის კლოაკების, იქ მცხოვრები მარგინალების დოკუმენტირება დაიწყო: მის თვალსაწიერში ხვდებოდნენ ნარკომანები, კაიფში გათიშული ქალები, განგსტერები, მოძალადეები, მანქანების ქურდები. ბუგის წიგნი – “ყველაფერი ეს კარგია” – ნიუ იორკის ფოტოგრაფირების ყველა დროის საუკეთესო გამოცემადაა აღიარებული.

ჯილ ფრიდმანი

ჯილ ფრიდმანი

ჯილ ფრიდმანი თავისი ხანგრძლივი, დოკუმენტური სერიებითაა ცნობილი: მეხანძრეები, პოლიციელები, კლოუნები, მოხეტიალე ცირკი. როგორც წესი, იგი რამდენიმე დღე და კვირებიც კი ამ პროფესიის ადამიანების ცხოვრებით ცხოვრობდა, რადგანაც ყოველთვის აინტერესებდა “დახურული საზოგადოებები”. “მე ისინი იმიტომ მაინტერესებს, რომ განცალკევებული პატარა სამყაროები არიან” – ამბობს ხელოვანი. ჯილი არასოდეს დაკომპლექსებულა იმის გამო, რომ ამ ძირითადად “მამაკაცურ წრეში” ერთადერთი ქალი იყო. თავად ამბობს, რომ საკუთარი თავის დასამკვიდრებლად უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდებოდა, რადგანაც ქალი იყო. როგორ დაიწყო ფოტოგრაფირება? როგორ და ერთ დღეს უბრალოდ გაიღვიძა და ფოტოაპარატის ყიდვა მოუნდა. არადა, მანამდე კამერა ხელში არასოდეს აუღია.

***
“აგორა გალერეიდან” მარჯვნივ, ასე ოც მეტრში, იქ, სადაც, ჩვენებურად რომ იტყვიან, “პროფილაქტიკაა” განლაგებული და საიდანაც რეზინის, ბენზინის, საღებავის და არყის სურნელი ქუჩებში იპარება, მუქი აგურისფერი შენობების კედლებზე ბრაზილიელი მხატვრისა და დიზაინერის ედურდო კობრას ორი დიდი პანო დამხვდა. ერთი შენობის ზედა ნაწილის ფასადზე განლაგებული ცნობილი “კოცნაა”. უფრო სწორად, XX საუკუნის კლასიკოსი ფოტოგრაფის ალფრედ ეისენსტაედტის ლეგენდარული V-J Day in Times Square–ია: “თაიმს სქვერზე” ომის დამთავრების გაგებისთანავე მეზღვაური უცნობ მედდას ტუჩებში კოცნის. კობრას ეს პანოც მისთვის ჩვეულ ცისარტყელას ფერებშია. ქვედა კი განსხვავებულია: ნიუ იორკის ქვაფენილ ქუჩაზე მოწითალო–მოყვითალო ტრამვაი, რომელსაც “1945” აწერია, ნიუ იორკის დახატულ ქუჩებში კი აქა–იქ თეთრი ფორდები მისეირნობენ, დენდი მამაკაცები კი ქუჩას კვეთენ. ორივე პანოში შენობის ფანჯრები და კარი დაუკითხავად “იჭრება”.

ჯერ შორიდან გადავიღე, თუმცა სრულ ხედს ქუჩის ორივე მხარეს მიპარკინგებული დიდი ჯიპები მიფარავდნენ, მერე ვეცადე სახლის კუთხე ისე “დამეჭირა”, რომ “კოცნაცა” და “ტრამვაი–1945″–იც ფოტოეკრანზე ერთად განთავსებულიყო. მერე ახლოს მივედი, რომ კობრას მეორე პანოს სახელწოდება წამეკითხა და უცებ ზურგსუკან ვიღაც გამვლელი მამაკაცის სიტყვები გავიგონე: “გინდათ, რომ კობრას ფონზე გადაგიღოთ?”. შემოვბრუნდი, უცნობს მექანიკურად ჩემი “სონი” მივაწოდე და დაუფიქრებლად ვუპასუხე: “გმადლობთ. რასაკვირველია”…

 პანოიების ავტორი – ედუარდო კობრა. ია მერკვილაძის ფოტო

პანოიების ავტორი – ედუარდო კობრა. ია მერკვილაძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძე