საღამო ნიუ იორკში, ქართველ ებრაელთა სალოცავში

ქუინსში მდებარე ქართველ ებრაელთა სალოცავში საინტერესო საღამო გაიმართა. აქ წარადგინეს ქართულ–ებრაული შემოქმედებითი გაერთიანების “თარბუთი” (ცოდნა, 1990) პრეზიდენტისა და ქართული გაზეთის “დავითის ფარი” რედაქტორის სიმონ კრიხელის მიერ შექმნილი ფილმი – გახსენება “მადლიერებისა და ხსოვნის საღამო”, რომელიც სამი ქართველი ებრაელის – გიორგი (გიგლა) ხუხაშვილის, ოთარ სეფიაშვილისა და ჯემალ აჯიაშვილის ცხოვრებას მიეძღვნა.

ამ სამი ადამიანის კულტურულ მემკვიდრეობაზე ისაუბრეს ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და იმათაც, ვინც მათ პირადად არ იცნობდნენ; ისაუბრეს თბილისელებმა და ნიუ იორკელებმა: ქართულ – ებრაული კულტურის ცნობილმა მკვლევარებმა: დავით ბააზოვმა, გერშონ წიწუაშვილმა, დოდო ჩიკვაშვილმა, ნანა დავარაშვილმა, ასევე გაზეთ “მამულის” რედაქტორმა მანუჩარ კაჭახიძემ.

ფილმში აჩვენეს მხატვარ ცისანა ჯანაშვილის მიერ შესრულებული ამ სამი ქართველის პორტრეტი. ცისანა მხატვარია, რომლის ნამუშევრები ქართულ–ებრაული მეგობრობის ერთგვარი ფერწერული მატიანეა. მან ქართველი ებრაელების პორტრეტების დიდი სერია შექმნა. ირაკლი კრიხელმა, გერცელ დავარაშვილმა და ცისანა ჯანაშვილმა ამ ხელოვანთა წიგნებიდან ლექსები და მოთხრობები, მათი ტექსტებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს. როგორც ერთხელ ჯემალ აჯიაშვილმა თქვა: “ჩემს ცხოვრებაში საქართველო და ისრაელი თანაბრად თანაარსებობენო”, ჰოდა, იმ საღამოს არაერთხელ აღინიშნა სწორედ ეს თანაარსებობა – ამ ადამიანების შემოქმედების მნიშვნელობა ქართველთა და ებრაელთა ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობისთვის. მერე რა, რომ ქუთაისში ოცდაათი ათასი ებრაული ოჯახიდან მხოლოდ სამოცდაათიღა დარჩა, ხოლო ისინი, ვინც ამ კავშირებს აცოცხლებდნენ, აღარ არიან. საღამოს წამყვანმა მიხეილ ფიზიცკიმ ისიც აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ გიგლა ხუხაშვილს, ოთარ სეფიაშვილსა და ჯემალ აჯიაშვილს ერთმანეთთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული სიტყვიერება და სამშობლოს სიყვარული აკავშირებდათ, ეს სამი ადამიანი, რეალურად ერთი ოჯახის წევრებიც იყვნენ.

საღამო ქართველ ებრაელთა სალოცავში. ია მერკვლაძის ფოტო

საღამო ქართველ ებრაელთა სალოცავში. ია მერკვლაძის ფოტო

პირადად მე პოეტი, კრიტიკოსი და დრამატურგი გიგლა ხუხაშვილი ბავშვობიდან სიმღერის – “ვეძებე და ვერსად ვპოვე მე სხვა თბილისის” (“სიმღერა თბილისზე”) ტექსტის ავტორად მახსოვს. იმ საღამოს ისიც გავიგე, რომ როცა 1969 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე მიხეილ თუმანიშვილი ხუხაშვილის პიესას – “მთაწმინდის მთვარე” დგამდა, სპექტაკლის მუსიკალურ გამფორმებელს, ახალგაზრდა კომპოზიტორს, გოგი ცაბაძეს დრამატურგისთვის უთქვამს: ერთი კარგი ახალი სიმღერა სპექტაკლს ძალიან მოუხდებოდაო. გიგლას ამ ცნობილი მელოდიისთვის ტექსტი ერთ საათში დაუწერია.

ჯემალ აჯიაშვილი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ირანულ ფილოლოგიას სწავლობდა, ირანშიც მუშაობდა და დიპლომატის კარიერის არჩევაც შეეძლო. მაგრამ, როგორც თავად ამბობს, იმ პეიროდში ეს იმას ნიშნავდა, რომ “სული ეშმაკისთვის უნდა მიგეყიდა”. ამიტომ საქართველოში დაბრუნდა და მწერალთა კავშირში დაიწყო მუშაობა. ქართველ მკითხველს ებრაული პოეზია სწორედ ჯემალ აჯიაშვილის თარგმანებმა გააცნო.

ჩემი თაობის ბავშვობის ტელეეკრანის ერთადერთი ნათელი წერტილი, გადაცემა “ილუზიონი” პირველად ეთერში 1981 წლის პირველ იანვარს გავიდა და მას მერე – 750–ჯერ. ადგილობრივი თუ საკავშირო ცენზურა ცდილობდა საბჭოთა ტელევიზიაში გაჭრილი ეს “ფანჯარა ევროპაში” დაეხურა და ამიტომაც გადაცემის შემქმნელთან და წამყვანთან, კინომცოდნე ოთარ სეფიაშვილთან კონფრლიქტი ყოველთვის ჰქონდა. თუმცა გადაცემის დაბლოკვის ყველაზე გრძელმა პერიოდმა მხოლოდ ორ კვირას გასტანა. ეკრანებიდან “ილუზიონის” გაქრობით აღშფოთებული ადამიანები ადგილობრივ და საკავშირო ტელევიზიაშიც გადაცემის დაბრუნების მომთხოვნ წერილებს წერდნენ. 1995 წელს კი სამოცდახუთი წლის ოთარ სეფიაშვილი აშშ–ში წავიდა, სადაც თავისი წიგნები ქართულ და ინგლისურ ენებზე “ამბავი ესთერისა” და “ხსოვნა” (ქართველი ებრაელების ისტორია) გამოსცა, უახლოეს მომავალში კი მკითხველს მისი მესამე წიგნიც “მარტოსულობის ნათელ–ჩრდილი” (მხატვარ შალომ კობოშვილზე დაწერილი ბიოგრაფიული მოთხრობა) წარუდგება.

მარტის ბოლოს, როცა ებრაელები ფურიმს ზეიმობენ, სიმონ კრიხელი ოთარ სეფიაშვილის ტრადიციის გაგრძელებას, “ილუზიონის” სტილში ფილმის წარდგინებას აპირებს. ამჯერად ეს იქნება რეჟისორ რაფაელე მერტესის “ესთერი” – ფილმი ქალზე, რომელმაც ებრაელები გადაარჩინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერიკვილაძე