ნესტან თათარაშვილის ბლოგი

ნორმალურობის აბსურდულობა და იდენტობის შეცვლის თამაშები

ნორმალურობის აბსურდულობა და იდენტობის შეცვლის თამაშები

1990 წელს აშშ–ის კონგრესმა მიიღო Americans with Disabilities Act – ADA (აქტი), რომელიც წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დისკრიმინაციისგან დაცვისა და მათთვის 1964 წელს მიღებული სამოქალაქო უფლებებით სრულყოფილად სარგებლობის უზრუნველმყოფ დოკუმენტს. მას მერე საუკუნის მეოთხედზე მეტი გავიდა და რეალობამ დაადასტურა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა არა მარტო სპორტის, არამედ ხელოვნების თამაშის წესები შეცვალეს, თუმცა მედია, მათ შორის სოციალურიც, შშმ პირების მაჯისცემას აშკარად ჩამორჩება. მიზეზი კი ისაა, რომ, მასმედია, ფაქტობრივად, ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობის, ფიზიკური პრობლემების, ავადმყოფობის გამომხატველი ნიშან–თვისებების, დიაგნოზის ანდა საქველმოქმედო აქციების, სხვათა მათ მიმართ მოწყალების აღწერითაა დაკავებული და არა იმით, რასაც ეს ადამიანები ცვლიან ან რაზეც პირდაპირ თუ ირიბად ზემოქმედებენ.

შშმ პირებს წარმატებულ კარიერაზე, რეპუტაციაზე, პროფესიონალიზმზე, რეალურ ამბიციებზე შეუძლიათ საუბარი, მათ დიდი ხანია დაძლეული აქვთ “შრომისუუნარობისა” და “შეზღუდულობის” მათზე მიწებებული იარლიყი და ამის მტკიცებულებაა ხელოვნების ისეთი დარგები, როგორიცაა ცეკვა, თეატრი, გამომსახველობითი და საშემსრულებლო ხელოვნება. ამის კიდევ ერთი დასტურია ბრუკლინის სამუსიკო აკადემიაში (BAM) ამერიკელი და ბრიტანელი, როგორც აქ ამბობენ, “დიზეიბლ” (Disable) ადამიანების ფესტივალი CripFest (Crip ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის აღმნიშვნელად იხმარება), რომელიც “ბრიტანული საბჭოს” ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა და რომელშიც ამერიკელი და ბრიტანელი შშმ არტისტები მონაწილეობდნენ.

“კრიფფესტის” პოსტერი გვამცნობს, რომ ეს ფესტივალი ხუმრობაა “ნორმალურობის აბსურდულობაზე”, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობენ “საშიში შშმ არტისტები”, რომ დაგეგმილია, როგორც იუმორისტული სკეჩები, ასევე თეატრალური ეტიკეტის საკითხებზე მსჯელობა; ფილმების, პერფორმანსების, სტრიპტიზისა და ინტერმედიური დადგმების წარდგენა. ფესტივალის მოტოა “ზეიმი, აგიტაცია, წარმოება!”. “კრიფფესტი” თემატურად მრავალფეროვანი პროგრამებით აღინიშნა: მაგალითად, “შშმ ხილვადობა” – საუბარი იმაზე, თუ როგორ ხდება პოპულარულ მედიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არტისტების შერჩევა: წარდგენილი იყო რადიოდადგმა, საცეკვაო და კომედიური, კაბარე – ბურლესკი – შოუები, ჰიპ–ჰოპი. “კრიფფესტზე” შეიკრიბნენ არა ეტლში მჯდომი ბრიტანელი რაგბისტები, პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონები თუ რეი ჩარლზისა და სტივ უანდერის მსგავსი ცნობადობის მქონენი, არამედ “არამეინსტრიმულებიც”; ადამიანები, რომლებმაც ყოველდღიურ ცხოვრებაში “იძულებითი უჩინარობის” დაძლევა შესძლეს და წარმატებულ არტისტებად არიან აღიარებულნი.

ფესტივალის პლაკატი

ფესტივალის პლაკატი

***

ბრიტანელი ტონი ჰიტონი სკულპტორი და პერფორმანსის არტისტია. იგი მუშაობს ორგანიზაციაში, რომელიც შშმ პირებს ეხმარება. ჰიტონი ავტორია სკულპტურისა – Great Britain from Wheelchair (დიდი ბრიტანეთი ეტლიდან), რომელიც პარაოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვისას სპიკერების ტრიბუნად იყოს გამოყენებული. ამჯერად ტონი ჰიტონი “კრიფფესტზე” ამ თავისი ცნობილი ნამუშევრის ინტერპრეტატორის რანგში წარსდგა. ამ ახალი ქანდაკებისთვის მან ამჯერად სპორტული ეტლები და ოსკარ პისტორიუსის კიდურების ლითონის პროტეზები გამოიყენა.

ამერიკელი რივა ლერნერი მწერალი, არტისტი და კურატორია. მისი ნამუშევრები ფოკუსირებულია ფიზიკური იდენტობის, “სოციალური სხეულის” ცვლილებაზე და შეზღუდული შესაძლებლობის კულტურული კოდების შესწავლაზე. ლერნერის გამოფენები ჩრდილოეთ ამერიკაში ხშირად იმართება, მათ შორის, “ხელოვანი ქალების ნაციონალურ გალერეაში”, ხოლო თავად მისი ნამუშევარი არაერთი ფილმის გმირიც კი გამხდარა.

ბრიტანელი ტანია რაბი პროფესიით გრაფიკული დიზაინერი, ვიზუალური არტისტია, რომელიც იდენტობის შეცვლის, შიშველი სხეულის გამომსახველ ნამუშევრებს ქმნის. იგი თავად ქმნის იმ შშმ პირების პორტრეტებს, რომელებმაც გარემოს შეცვლა თავინათი შრომისუნარიანობითა და პრობლემების დაძლევაზე ორიენტირებული ცხოვრებით შეძლეს.

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, პროფესიონალი ხელოვნებათმცოდნე კრისტინ ბრუნო ცნობილია მისი სამოქალაქო აქტივიზმით – ხელოვნებაში შშმ პირების ინტეგრირების პრაქტიკით. იგი თანამშრომლობს იმ ორგანიზაციებთან, რომელთა მიზანს არსებულ სახელოვნებო მეინსტრიმში, მაგალითად, ბროდვეის შოუებში, შშმ პირების ჩართულობა წარმოადგენს. იგი სამსახიობო სტუდიის მფლობელია და  “ოფბროდვეის” უნარშეზღუდულ არტისტთა ლიგაშიც მუშაობს.

ბრიტანელი ლიზ კარი “კრიფ” მსახიობი, აქტივისტი, რადიოწამყვანი და კომედიანტია. იგი რეგულარულად გამოდის, როგორც კომედიჯგუფის წევრი, ისევე როგორც მისი თანამემამულე, გადაცემების წამყვანი საიმონ მინტი, რომელიც “არანორმალურად სასაცილო ადამიანებში” მონაწილეობს. სკეჩების ამ პოპულარულ სერიაში ერთ – ერთი მოქმედი გმირი შშმ პირია. მინტი კორპორატიულ ორგანიზაციებში თანასწორობის მხარდამჭერ პროექტებშია ჩართული.

ამერიკელი ბეკი კურანი მარკეტინგის სპეციალისტი და ამავე დროს არტისტია, რომელიც ცდილობს “განსხვავებული ადამიანების” მედიური იმიჯი შეცვალოს. იგი მუშაობდა ჰოლივუდის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ სააგენტოში სახელად “კრეატიული არტისტების სააგენტო”; ასევე ერთ–ერთ სატელევიზიო სტუდიაში, სადაც ტელესერიალების კასტინგის ასისტენტია. ამავე დროს კურანი კენიაში “ლილიპუტი ადამიანების ასოციაცისთან” თანამშრომლობს და მათ განათლების მიღებასა და სამსახურის პოვნაში ეხმარება.

ამერიკელი გრეგ მოზგალა მწერალი და მსახიობია, რომელმაც ლონდონის მუსიკისა და დრამატული ხელოვნების აკადემიაში ისწავლა, ის “ოფბროდვეის” შოუებსა და დოკუმენტურ ფილმებში მონაწილეობს; მუშაობს თეატრში Apothetae (“აპოთიტე” – ადგილი, სადაც, როგორც ამბობენ, სპარტანელები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სუსტ ბავშვებს ტოვებდნენ), სადაც სცენაზე შშმ–თა ცხოვრებისეული გამოცდილების მხატვრული რეალიზება ხდება.

ამერიკელი ტოდ ბაუერი მხედველობადაქვეითებული სცენარისტია, რომლის პიესებითა თუ ტექსტებით სპექტაკლები ჩიკაგოში, ნიუ იორკში, ლოს ანჯელესში იდგმება. იგი ჩიკაგოს ნიუბერის ბიბლიოთეკაში სტუდენტებს ამერიკულ და ბრიტანულ დრამას ასწავლიდა, ახლა კი თეატრში “აპოთიტე” მუშაობს.

ბრიტანელი ლაურენს კლარკი ცნობილი კომედიანტი, მსახიობი და მწერალია, რომელიც სხვადასხვა ტელეპროექტებისთვის და “ბიბისისთვის” მუშაობს. მისი პოლიტიკური “სტენდ–აფ კომედი” სკეჩები და ფარული კამერა ადამიანურ სისულელეებსა და მიამოტიბას იუმორითია და სითბოთი აშარჟებს.

ამერიკელი ბილ შენონი, ასევე ცნობილი, როგორც Crutchmaster (ყავარჯნის ოსტატი) ბოლო ორი ათწლეული მრავალი ინსტალაციის, პერფორმანსის, ქორეოგრაფიული დადგმებისა და ვიდეოკლიპების ავტორია. მისი ნამუშევრები მსოფლიოს სცენებზეა წარდგენილი ავსტრალიიდან და აშშ–დან დაწყებული, ვიდრე ირლანდიითა და ფინეთით დამთავრებული. იგი ყავარჯნებზე ცეკვის დამაარსებელად ითვლება (ინტერნეტში მისი გაკვეთილებია განთავსებული) და შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელი მსახიობისა და მოცეკვავის ჯინ კელიზე ( ფილმი “სიმღერა წვიმაში”. 1952) ნაკლებად არ ცეკვავს. შენონის მიერ დანერგილ ამგვარ ქორეოგრაფიას ქუჩის სპონტანური სკეჩები ემატება, რის გამოც გამვლელები მოულოდნელობისგან შეშდებიან. შენონი ცდილობს ცეკვის ეს სახეობა ურბანული ცეკვის ხელოვნების ქოლგის ქვეშ მოაქციოს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ცეკვა, რომელსაც თეთრ შარვალ–კოსტუმში გამოწყობიმა შენონმა “ბამის” სცენაზე შეასრულა, რაიმე სახის აქამდე არსებული სასცენო მოძრაობის ესთეტიკაში ჯდებოდეს. სცენაზე იგი ხოხავდა… ყოველი მოძრაობით ცდილობდა როგორმე ყავარჯნებზე დამდგარიყო და მერე მათგან განთავისუფლებულიყო. ეს კი სრული კრახით სრულდებოდა: ყავარჯნები ძირს ხმაურით ებრეხვებდა და არტისტიც მძიმედ ეცემოდა.

ბილ შენონი. ია მერკვილაძის ფოტო

ბილ შენონი. ია მერკვილაძის ფოტო

ბილ შენონი. ია მერკვილაძის ფოტო

ბილ შენონი. ია მერკვილაძის ფოტო

ბილ შენონი. ია მერკვილაძის ფოტო

ბილ შენონი. ია მერკვილაძის ფოტო

ბილ შენონი. ია მერკვილაძის ფოტო

ბილ შენონი. ია მერკვილაძის ფოტო

პირადად ჩემთვის კი ეს იყო უხმო ტანჯვის, ნერვული სისტემის მკაცრი გამოცდისა და სასაწარკვეთის ნახევარი საათი. სცენის ნაპირთან მოახლოვებული მსახიობის ღია ფერის კოსტუმი კი იატაკის ჭუჭყისგან უკვე მოშავო–ნაცრისფერ სამოსს დაემსგავსა. ადამიანისა, რომელიც განწირულად ცდილობდა დაეძლია სიმძიმის ძალა, მაგრამ – ვერა და ვერ. იმასაც ვგრძნობდი, თუ როგორ ხვნეშოდა დარბაზი თითოეული მცდელობის დასაწისში და როგორ იტრუნებოდა მოცეკვავის ზღართანისთანავე. ამ “მუნჯ კინოში” ფეხებზე დადგომის, წამოდგომის წადილი მთავარ დრამატულ გმირად იქცა. გარდა ამისა, ბილ შენონმა აჩვენა მისი გუნდის მიერ ქუჩაში ფარული კამერის მეშვეობით გადაღებული ეპიზოდები, როცა შენონი უძლურ და სასოწარკვეთილ ხეიბარს თამაშობს, ცდილობს უცნობი ადამიანების რეაქციის პროვოცირებას, მერე კი ამგვარად შეგროვებული ვიდეომასალის ანალიზს იწყებს. ერთ ეპიზოდში მსახიობი თამაშობს სრულიად უუნარო ადამიანის როლს, რომლის დახმარებასაც გამვლელები ცდილობენ (თუმცა ის ხან ითხოვს და ხანაც სულ არ ითხოვს შველას) და თან ამ მოქმედებას ავტობუსში მსხდომი ადამიანები (რომლებმაც იციან, რომ მთავარი გმირი თამაშობს) აკვირდებიან; კამერა კი ბინ შენონსაც და ავტობუსის მინის ფანჯრებიდან მასზე დამკვირვებელ ჯგუფსაც ადევნებს თვალს, ჩვენ კი ყველაფერ ამას “ბამის” ეკრანზე აუდიტორიიდან ვიყურებთ. ეთიკური თვალსაზრისით ამგვარი დადგმები, რომელსაც გარკვეულწილად სოციალური ექსპერიმენტიც შეიძლება ეწოდოს, ჩემი აზრით, ძალიან წინააღმდეგობრივია, რადგანაც მიზნად ისახავს ადამიანის გრძნობებით მანიპულაციას, გარკვეულწილად, მის აბუჩად აგდებასაც. ყოველ შემთხვევაში, ჩემი თავი იმაზე დავიჭირე, რომ მორიგი, მეცხრე ეპიზოდის დაწყებისთანავე და დარბაზიდან ხმამაღალი სიცილის გაგონებისანავე გარეთ გასვლა მომინდა. ეს მოსაწყენად, არსობრივად ცინიკურად და თავის პირვანდელ მიზანთან შეუსაბამოდ აღვიქვი.

***

ფესტივალზე იმყოფებოდა ცნობილი ამერიკელი იურისტი ლოურენს კარტერ ლონგი, რომელსაც “ტელევიზიასა და ფილმებში შშმ პირების წარმომადგენელ, ცოცხალ ენციკლოპედიას” უწოდებენ. იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის კინოპროგრამის DisThis! (2006–2010) დამფუძნებელია. ეს გახლდათ უნიკალური კინოპროექტი, რომელიც შშმ პირების მიერ და მათზე შექმნილ ფილმებს, ვიდეოკლიპებს, დრამა–კომედიებს, ეროტიკასა და ექსპერიმენტულ, დიგიტალურ თუ ანიმაციურ კინოს ქმნიდა და ნიუ იორკის ეკრანებზე ყოველდღიურად ცვლიდა იმ კლიშეებს, რომლებიც დღეისათვის შშმ პირთა მიმართ არსებობს; ამავე დროს იგი მაყურებელთა ყურადღებას თავისი პროვოკაციულობითაც იპყრობდა. გარდა იმისა, რომ ლონგი მრავალი ჯილდოს მფლობელია, იგი არაერთი შშმ პირების დახმარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის დამფუძნებელი და კონსულტანტია, ასევე არის ამერიკის პრეზიდენტის, კონგრესისა და ფედერალური სააგენტოების მრჩეველი შეზღუდული შესაძლებლობის პირთა პოლისისა და სამოქმედო გეგმის საკითხებში.

არტგაერთიანება OneOfUs (“ერთი ჩვენთაგანი”) დირექტორი, ბრიტანელი მატ ფრეისერი მულტიდისციპლინარული არტისტი და მწერალია. იგი მაყურებლისთვის ცნობილია, როგორც მსახიობი და შშმ ხელოვნების ცნობილი სახე. ბოლო თვრამეტი წლის განმავლობაში ფრეისერი პროდიუსერიცა და მსახიობიც იყო მიუზიკლებში, ტელედოკუმენტურ ფილმებში, საპნის ოპერებში, Live Art-ში, სამუზეუმო შოუებში, უნარშეზღუდულთათვის შექმნილ ეროტიკულ ფილმებში. 2012 წელს მას პარაოლიმპიური თამაშების გახსნის ცერმონია მიჰყავდა, ხოლო დახურვისას ბრიტანულ როკჯგუფში Coldplay დასარტყამ ინტრუმენტებზე უკრავდა, მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიან, ფაქტობრივად, განუვითარებელი ზედა კიდურები აქვს.

OneOfUs-ის კოდირექტორი ჯულია ატლას–მუზი (მატ ფრეისერის მეუღლე) მსოფლიოში ერთ – ერთი ყველაზე სახელგანთქმული, ნაყოფიერი კონცეპტუალისტი არტისტი და ქორეოგორაფია, რომელიც არღვევს საზღვრებს იმ კანონისა, თუ როგორი უნდა იყოს ცეკვა, არტპერფორმანსი, ბურლესკი და “ფემინისტური გლამური”. იგი ერთგვარი მთხრობელია, რომელიც გვიყვება ისტორიებს, მათ შორის, პოლიტიკურსაც და ამას იგი თავისი ემოციური თეატრალურობით სწორედ ცეკვის საშუალებით ახერხებს. იგი ერთგვარ ჩემპიონადაა აღიარებული ტრადიციულ საჯარო სფეროში შიშველი ქალის სხეულის გამოჩენის სიმრავლით. ატლას – მუზი შიშველ სხეულს, როგორც პოლიტიკური წინააღმდეგობის იარაღს იყენებს, ისევე როგორც ამას XI საუკუნეში ლედი გოდივა აკეთებდა.

“კრიფფესტზე” მატ ფრეისერმა განაცხადა: “ოცდახუთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ADA მივიღეთ. მე ვაკვირდებოდი ზრდასრულ, შშმ არტისტებს, რომლებმაც წარმოუდგენელ პროფესიულ სიმაღლეებს მიაღწიეს და ამიტომ ისევ გავიმეორებ: მათ ხელოვნების თამაშის წესების შეცვლა მართლაც შეძლეს. მაგრამ რატომაა, რომ მეინსტრიმულ არტპროდუქციაში ეს რეალობა არანაირად აისახება? სამწუხაროა, რომ ტელესივრცესა და ფილმებში მოდიდან გამოსული და შშმ პირთათვის ზიანის მიმყენებელი სამედიცინო და საქველმოქმდეო პატერნები პრევალირებენ, ხოლო კინოში შშმ ადამიანებუს როლებს არაშშმ მსახიობები თამაშობენ და “ოსკარებსაც” იღებენ. ბევრი არაჩვეულებრივი შშმ არტისტი ქმნის ნამუშევრებს, ხანდახან სახელოვნებო ტალღებსაც, რომელიც ჩვენს რეალობას ასახავს, არადა მედია მაინც ჯიუტია და შშმ პირების ნეგატიურ იმიჯებს პროდუცირებს, იმის მაგივრად, რომ იზრუნოს საზოგადოებაში შშმ პირთა გაგების რადიკალურ ცვლილებაზე. ჩვენ აქ იმისთვის კი არ ვართ, რომ ვიწუწუნოთ იმაზე, რომ არა გვაქვს ის შესაძლებლობები, რომლებიც სხვებს აქვთ. არამედ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ, თუ როგორი გასაოცარი ადამიანები ვართ!”.

ფრეისერი თავის გამოსვლაში სიტყვებს “ხეიბარი” და “ინვალიდი” სიამაყით იმეორებს და იქვე ამის მიზეზსაც განმარტავს: “გააჩნია ადამიანი ამ სიტყვებს რა მიზნით წარმოთქვამს. სწორი კონტექსტის გამოყენებისას ეს სიტყვები ახალ მნიშვნელობას იძენს. სხვა დისკრიმინირებულ ჯგუფებში ეს სიტყვა ძალიან ცნობილია, ამიტომაც ჩვენ მისი აზრის შეცვლასა და მის გამოყენებას სიამაყით ვაპირებთ” – დასძინა მან.

2000 წელს მატ ფრეისერი ლონდონიდან ნიუ იორკში გაემგზავრა, რათა დაედგა შოუ სახელწოდებით “ამერიკული საშინელების ისტორია: “ფრიკ შოუ” (“ფრიკი” შეშლილსაც, უცნაურსაც ნიშნავს). ამ შოუს (იგი ბრუკლინში “ქონი აილენდზე” მდებარე ატრაქციონის ტერიტორიაზე ჩატარდა) მიზანი იყო შეეცვალა შრომისუუნარობის გაგება; გაეღვიძებინა, შეეჯანჯღარებინა და დაეცალა ნიუ იორკი, ბროდვეი შრომისუუნარობის შესახებ არსებული სტერეოტიპებისგან, რათა ქალაქს გაეგო, თუ რა ხდება სინამდვილეში… ფრეისერის თქმით: “ფესტივალს უნდა აეფეთქებინა შრომისუუნარობის გარშემო არსებული სათნოების, მოწყალების მითები და სამყაროსთვის ეჩვენებინა ეს საშიში, ბარიერების დამანგრეველი, გასაოცარი ნამუშევრები ამ ძლიერი, რადიკალისტი და საკუთარ თავში დარწმუნებული არტისტებისა. ეს არ არის ტელემარათონი. ეს არის შოკი” – ამბობდა მსახიობი და დასძენდა: “შშმ ქალებს შეუძლიათ ბურლესკურ წარმოდგენებში მონაწილეობის მიღება, მათ არ უნდა ეშინოდეთ თავიანთი სხეულის ზომის, მისი ჩვენების. მათ ხმამაღლა უნდა განაცხადონ – ჩვენ სექსუალურები ვართ და თქვენ ძალიან გაგიმართლათ, რომ თვალს გვადევნებთ”…

ჯულია ატლას – მეზმა კი განაცხადა: “ერთხელ ტულუზაში ჩემს მეგობართან, ცნობილ ფრანგ კურატორთან ერთად ვსეირნობდი. ტულუზა მთელს საფრანგეთში ეტლის მომხმარებლებისთვის ერთადერთი ადაპტირებული ქალაქია. იმ დღეს მე ოცდაორი ეტლით მოსარგებლე დავითვალე. ჰოდა, ჩემს მეგობარს შშმ პირთა არტფესტივალის სწორედ ტულუზაში გამართვა შევთავაზე, რაზეც არტკურატორმა მიპასუხა, რომ ახლა ხელოვნება ზოგადად ისედაც ცუდ მდგომარეობაშიაო… მას მერე, რაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი, ჩვენ “კრიფფესტის” მსგავს ფესტივალებს მთელს მსოფლიოში ვაკეთებთ და ამ ღონისძიებებს არაერთი კრიტიკული გამოძახილი მოჰყოლია. ფესტივალზე გასაოცარი ნიჭის შშმ არტისტები გავიცანი. მათ აქვთ თავიანთი ფანტასტიური იდეები და სიგიჟეები; ისინი არ სცნობენ დაყოფასა და ბარიერებს. ჰოდა, ტულუზაში ჩემს მეგობარს ასე ვუპასუხე: “კეთილი, ძირითადად ხელოვნება მართლაც ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ შენ თუ გინდა კარგი არტისტები აღამოაჩინო და მათთან იმუშავო, მაშინ “კრიფფესტზე” უნდა მოხვიდე – მეთქი”.

***

ლაურენს კარტერ ლონგმა სადისკუსიოდ წარადგინა ერთგვარი ვიდეოპროვოკაცია, რომელიც კომპილირებული იყო ისეთი მხატვრული ფილმებიდან, როგორიცაა “ბედნიერი ვარსკვლავი” (1929), “ოპერის მოჩვენება” (1942), “ადამიანი – სპილო” (1980), “ნიღაბი” (1985), “ჩემი მარცხენა ტერფი” (1989), “მაცეკვე ჩემს სიმღერაზე” (1998) და “მეც ასევე” (2009). იურისტმა ამ ფილმების მაგალითზე გვაჩვენა, თუ როგორ პროგრესირებს შშმ პირებზე არსებული წარმოდგენები ამერიკულ კულტურაში.

დისკუსია მიმდინარეობდა იმაზეც, თუ რა სახის წარმოდგენები იმართება შშმ პირთა თემაზე ორ მეგობარ ქვეყანაში – ბრიტანეთსა და აშშ–ში; ასევე ისაუბრეს ჰოლივუდში სცენარისტების შიშზე, რაიმე სახის როლი შშმ პირებს მისცენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანებმა არ იციან შშმ პირების ცხოვრების წესის, აზრების, პრობლემების, მიღწევების შესახებ და ამიტომაც მათი რეალიები ეკრანზეც არ აისახება. საუბრის ბოლოს კარტერ ლონგმა ხმამაღლა წარმოთქვა: “ნუ გეშინიათ, Dis – ის!” (Dis არის Disability -ის პრეფიქსი). “დის” ნიშნავს იყო განსხვავებული, ერთგვარად უფრო მაღალი და ასაკით უფროსი. “დის” ქმედითუნარიანობის სხვა ჩარჩო და სხვა კონტექსტია!” – შემოგვძახა მან.

ლოურენს კლარკი. ია მერკვილაძის ფოტო

ლოურენს კლარკი. ია მერკვილაძის ფოტო

“კრიფფესტი”, რომელმაც ერთ დღეში შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანთა უფლებების ევოლუცია მიმოიხილა, იყო ძალიან დინამიკური, კონკრეტული პოლიტიკური გზავნილის შემცველი ფორუმი, რომელიც გარდა ინფორმირებულობისა თუ სახელოვნებო დისკურსისა, ამავე დროს იყო საოცრად ჰუმანური აქცია. ფესტივალის დასასრულს სცენაზე ლოგონოვროზიანი, ეტლში მჯდომი კომედიანტი ლოურენს კლარკი გამოვიდა. მის წინადადებებს დიდის ძალისხმევით ვარჩევდი ან სულაც – ვერ. თუმცა სხვები მის ხუმრობებებზე იცინოდნენ. მაგრამ არანკალებ მნიშვნელოვანი რამ სცენის მარჯვენა კუთხეში ხდებოდა. იქ სკამზე ერთი სურდოთარჯიმანი იჯდა და ფესტივალის სმენადაქვეითებულ სტუმრებს სცენაზე გაგონილს უთარგმნიდა. მას, ბუნებრივია, დროდადრო კოლეგები ცვლიდნენ. თუმცა ამ კომედიანტის შემთხვევაში სურდოთარჯიმან ქალს აშკარად პრობლემები შეექმნა. ისიც ვერ ხვდებოდა მსახიობის სიტყვებს და რამდენჯერმე ხელები ჰაერში უმწეოდ გაუშეშდა. ჰოდა, სცენაზე მაშინვე მას მეორე, მერე კი მესამე სურდოთარჯიმანი მიუჯდა და ამგვარად კოლეგებმა ერთმანეთის დახმარებით ეს პრობლემა ერთობლივად დაძლიეს.

სურდოთარჯიმნები. ია მერკვილაძის ფოტო

სურდოთარჯიმნები. ია მერკვილაძის ფოტო