ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

სვანური “მიყვარხარ” ნიუ იორკში

სვანური “მიყვარხარ” ნიუ იორკში

ნიუ იორკის სოჰოში, დასავლეთ ბროდვეიზე, “სოჰო გრანდ ჰოტელის” გვერდით მაღაზია Pablic Factory მდებარეობს. ეს სასტუმრო ადგილია, სადაც შეძლებული ამერიკელები იკრიბებიან; სადაც სერიალები: “სექსი ქალაქში” და “სოპრანოები” გადაიღეს და სადაც ქართული ღვინოც დააგემოვნეს – შარშან საქართველოს აწ უკვე ყოფილი პრემიერი გაეროში ვიზიტის შემდეგ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამ კონცეპტუალურად ძალიან საინტერესო, საკმაოდ დიდ სივრცეში ძირითადად მამაკაცის ტანსაცმელი და აქსესუარები იყიდება. თუმცა მას მერე, რაც მაღაზიის მესვეურებმა ქართული ბრენდის – “მიყვარხარ”, უფრო სწორად, Malat (სვანურად “მალატ” ნიშნავს “მიყვარხარ”) წარმომადგენლები გაიცნეს, ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების განთავსებას უმალ დათანხმდნენ. “მალატის” დამფუძნებლები დები: ნია და ანა ოძელაშვილები არიან (რომლებიც ბიზნესს თბილისიდან კურირებენ) და მათი მეგობარი ანი ფურცელაძე, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობს. მაღაზიის პრეზენტაცია მისი გახსნიდან ერთი კვირის თავზე შედგა და მასზე მოდის ინდუსტრიის, კრიტიკოსების გარდა ჩვეულებრივი მყიდველებიც მოვიდნენ, მათ შორის, ობამას უფროსი ქალიშვილი მალია.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ნია ოძელაშვილის თქმით „Malat“ ერთ სივრცეში ქართველი დიზაინერების ხელნაკეთ სამოსსა და აქსესუარების უახლოეს კოლექციებს აერთიანებს. წარმოდგენილია შემდეგი ბრენდები და დიზაინერების ნამუშევრები: “დალოოდი” (მაკა კვიციანი ), “ლალო” (ლალო დოლიძე ), გვანცა ჯანაშია, 711 Seveneleven, გიორგი ქებურია, ვასკა ტაბატაძე, “ანუკი” (ანუკი არეშიძე), სალომე ღვინიაშვილი, “სილუეტი”, “რენიუ”, ტატუნა ნიკოლაიშვილი, “UGLY სტუდიო”, “ეშვი”, “ტომარა”, თეონა ელიზბარაშვილი, “ჩანჩიკა” (ეკატერინე ჩანჩიბაძე), ხატია ესართია (აქსესუარები). წარმოდგენილი ნიმუშები ზამთარ–გაზაფხულის კოლექციიდანაა. 29 მარტს კი ძველის, გაზაფხული/ზაფხულის კოლექციით განახლება იგეგმება.

„ჩვენ “ფაბლიქ ფექტორისთან” ექვსთვიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, თუმცა თავიდან ორი კვირით აქ ჩვენი ბრენდის “შოუ რუმის” განთავსება გვქონდა გადაწყვეტილი“ – ამბობს ნია ოძელაშვილი, „–ისე გამოვიდა, რომ მაღაზია მაღაზიაში გავხსენით. გვინდოდა “მალატისთვის” მანჰეტენზე განლაგებული სივრცე მოგვეძებნა. ერთი კვირის განმავლობაში კარდაკარ დავდიოდით. შესაფერის სივრცეს ვეძებდით – ადგილს, რომელიც ჩვენს ტანსაცმელს მოუხდებოდა და ვიპოვეთ კიდეც.

აქ გაიყიდება ქართველი დიზაინერების ნამუშევრების მხოლოდ ერთი ეგზემპლარი. არ ვგეგმავთ მასობრივი პროდუქციის ჩამოტანას. ნიუ იორკს ვერაფრით გააკვირვებ, ამიტომ იშვიათი, ლამაზი, ექსკლუზიური პროდუქციის გამოფენა გვინდა. “მალატის” პროდუქცია ონლაინ არ იყიდება, თუმცა გვაქვს ვებგვერდი, რომელიც ამჟამად ტესტირების რეჟიმშია. უკვე საკმაოდ ბევრი რამ გავყიდეთ, ფასები კი 30–50 –დან 1000 დოლარამდე მერყეობს.

ადგილობრივ მედიასთან ჯერ არ გვიმუშავია: რაც თბილისში მოსამზადებელ ერთთვიან პერიოდში მოვახერხეთ, ეს იყო ქართველი დიზაინერების ნამუშევრების შეკრება, ფოტოების გადაღება და სოციალური ქსელებით “მალატის” ნიუ იორკში გახნის დაანონსება. თავად მე თბილისში ბიზნესადმინისტრირებას ვსწავლობ და ეს ცოდნა გამომადგა. არავინ დაგვხმარებია, ორგანიზებას თავი თავად გავართვით და უკვე სხვა შტატშიც შემოგვთავაზეს “მალატის” გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა წამოწყებამ გაამართლა.“

„MALAT" ია მერკვილაძის ფოტო

„MALAT”
ია მერკვილაძის ფოტო

„MALAT" ია მერკვილაძის ფოტო

„MALAT”
ია მერკვილაძის ფოტო

„MALAT" ია მერკვილაძის ფოტო

„MALAT”
ია მერკვილაძის ფოტო