მოდა “ჩვენ შორის” და იურის ჩანთები

ნიუ იორკის გარუბანში, ჩელსიში, ტრეიდ-შოუ Tranoi გაიმართა, რომელზეც ორასზე მეტი მოდელიერის ნამუშევრებს შორის ქართველი დიზაინერის, იური შუბლაძის ჩანთებიც გამოიფინა.

კომპანია “ტრანოი”, რომლის სახელწოდება იტალიურად ნიშნავს “ჩვენ შორის”, 2005 წელს პარიზში დაფუძნდა და მისი დებიუტი მამაკაცის ტანსაცმლის მოდის კვირეულით შედგა. ათი წლისთავზე კი “ტრანოიმ” თავისი წარმომადგენლობა ჩრდილოეთ ამერიკაში, ნიუ იორკში გახსნა, სადაც ევროპული და ამერიკული მოდის ავანგარდი ერთმანეთს შეხვდა და სადაც დეფილეები, ინსტალაციები, ბიზნესისა და შემოქმედებითი იდეების გაცნობის საღამოები იმართება და, რაც მთავარია, დამწყებ დიზაინერებს თავიანთი შესაძლებლობების გამომჟღავნების ხელსაყრელი შანსი ეძლევათ.

“ტრანოის” კვირეულები პარიზში ოთხჯერ და ნიუ იორკში – ორჯერ ტარდება. ის ერთგვარი კრეატიული პლატფორმაა, რომელზეც კურატორები მოდის ინდუსტრიის ყველაზე საუკეთესო და ავანგარდისტულ ნიმუშებს, ძველ და ახალ ბრენდებს კრებენ. ამიტომაცაა, რომ დღეისათვის “ტრანოი” პოტენციური მყიდველების მექად გადაიქცა.

“ტრანოის” გუნდი ბაიერებისთვის და პრესისთვის დიზაინერების ერთგვარ გაცნობით შოუს აწყობს” – მიყვება იური შუბლაძე. “– ამჯერად შოუზე ჩემი ჩანთები წარვადგინე, თუმცა ტანსაცმელსა და აქსესუარებსაც ვქმნი. ნიუ იორკის შემდეგ მივემგზავრები პარიზში, იქიდან კი – მილანში. ნიუ იორკში იმისთვისაც დავბრუნდები, რომ შეკვეთები მივიღო. ამ სამ ქალაქში მთელი მსოფლიოდან დიზაინერები და ბაიერები იკრიბებიან და, ბუნებრივია, ამ ქალაქებში მეც ჩემს პროდუქციას წარვადგენ. როგორი ნიჭიერი დიზაინერიც არ უნდა იყო, საკუთარი შოუს გამართვის სარგებელი ზედმიწევნით ზუსტად უნდა დაგეგმო. “ტრანოი” კარგი შანსია ახალგაზრდა დიზაინერებისთვის, რათა მათ პირდაპირ მყიდველზე გასვლა შეძლონ. აბა, რა სარგებელია, თუ გამართავ ძვირადღირებულ შოუს და დარბაზში სამი ათას სკამს ვერ შეავსებ. თან ისიც უნდა გაითვალისწინო, თუ რამდენი დიზაინერი მოდის ნიუ იორკის ერთ კვადრატულ მეტრზე. არსებობს უკვე დამკვიდრებული რეპუტაციის მოდის კვირეულები, მაგალითად, “მერსედეს ბენცის”, სადაც თებერვალსა და სექტემბერში მონაწილეობის მიღება თავისუფლად შეგიძლია.”

ნიუ იორკში რომელი მაღაზიებისთვის მუშაობდით?

მაღაზიებისთვის, რომლებსაც იმის მოთხოვნა აქვს, რომ მხოლოდ ექსკლუზიური პროდუქტი გაყიდოს. მაგალითად, SaksFifthAvenue, Bergdorf Goodman ანდა Barneys. აქ მყიდველმა შენაძენი სხვა მაღაზიაში არ უნდა ნახოს.

როგორ დაიწყო თქვენი ამერიკული კარიერა?

ამერიკაში 2000 წელს ჩამოვედი და ამა წლის მაისში თექვსმეტი წელი გახდება მას მერე, რაც ნიუ იორკში ვცხოვრობ. ემიგრაციის მოტივი კი ტრივიალური იყო – ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზი. საქართველოში თვითრეალიზაციის შანსი არ მქონდა, იქ სულ სხვა პროფესიით ვიყავი დაკავებული: ვიყავი ინჟინერი, ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული; მხატვრობასა და მოდელირებასთან უშუალო შეხება არ მქონდა. უბრალოდ ბავშვობიდან ვხატავდი და, თუ თავის ქებად არ ჩამომერთმევა, ჩემი ნახატები, ჩემეული ფერის აღქმა ბევრს მოსწონდა. მერე ამერიკაში გამოვემგზავრე და, ასე ვთქვათ, ხელახლა დავიბადე, ჩემი თავი ხელახლა აღმოვაჩინე. ემიგრაციაში მთავარია ზუსტად იცოდე, რა გინდა აკეთო. მილანში დიზაინის ბაკალავრი გავხდი და სწავლა ნიუ იორკში Fashion Institute of Technology-ში (ფაკულტეტი – ტანსაცმლის დიზაინი) გავაგრძელე. სულ ხუთი წელი ვისწავლე. მახსოვს, ჩვენმა პროფესორმა ერთ სტუდენტს უთხრა, რომ მას უნდა ახსოვდეს, თუ რა ძვირი ღირს აქაური კლასები. მოდის ინდუსტრია მართლაც ძვირი ბიზნესი, ძვირი სიამოვნებაა. რაც ჩამოვედი, ჩემი საყვარელი საქმე ჩემი შემოსავლის წყაროდ გავიხადე და სხვა საქმით არ დავკავებულვარ. ვმუშაობდი Ralph Lauren Denim–სა და Paper Denim – ში. იმ პერიოდში აქსესუარების კეთებაც დავიწყე. ეს ჩემთვის ჯერ ჰობი იყო.

ანუ თქვენი ფავორიტი მაინც ჩანთები და აქსესუარებია…

ქალს, რაც არ უნდა ჩაიცვას, მაინც ჰგონია, რომ ტანსაცმელი მას იდეალურად არ ერგება, არ უხდება, ხშირად უკმაყოფილოა. ამიტომ არსებობს მარტივი გამოსავალი. მთავრია კარგი ფეხსაცმელი და კარგი ჩანთა ჰქონდეს და ამ ორს თავის გემოზე ყოველთვის მოირგებს.

თქვენ, მგონი, ერთადერთი ქართველი დიზაინერი ხართ, ვინც ვაშინგტონში, თეთრ სახლში მიიწვიეს….

თეთრ სახლში პრეზიდენტის მიერ გამართულ მიღებაზე ჩემი მეგობრის მეშვეობით მოვხვდი. რასაკვირველია, ეს ჩემი დიდი სურვილიც იყო. პირველად თეთრ სახლში 2010 წელს მიმიწვიეს, სადაც თითოეულ სტუმარს საპრეზიდენტო წყვილი ესალმება და, ბუნებრივია, ქვეყნის პირველ პირს სრული ინფორმაცია აქვს იმაზე, თუ ვინა ხარ და რას წარმოადგენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ გარემოა, სადაც ჩემი პოტენციური მყიდველები იკრიბებიან და ჩემთვის მათი პირადად გაცნობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ეს არის “ნეთვორკინგის” ძალიან კარგი შანსი, რასაც აქაურები “ჰანთინგს” (ნადირობას) ეძახიან.

 მიშელ ობამა და იური შუბლაძე

მიშელ ობამა და იური შუბლაძე

არსებობს თუ არა პირველი ლედის ჩაცმულობაში ერთგვარი პოლიტიკური გზავნილი?

არსებობს. თეთრ სახლს ჰყავს დიზაინერების თავისი ჯგუფი, რომელიც იმაზე ზრუნავს, თუ ამ წყვილმა ვისი, სად, როდის და რატომ უნდა ჩაიცვას. პირველი ლედის ტანსაცმელი პოლიტიკური მესიჯია, რადგანაც თითოეულ დეტალს თავისი დატვირთვა აქვს. მიშელ ობამა  ფრანგი ჟან პოლ გოტიეს კაბას საჯაროდ არ ჩაიცვამს, თუმცა თავის კოლექციაში შეიძლება ჰქონდეს კიდეც ის. პირველი ლედი ამერიკელი დიზაინერების ტანსაცმლის მატარებელია.

მამაკაცის ტანზე ქვედა ბოლოები, კილტები ანუ “არაკაცური” ტანსაცმელი აღშფოთების, ცინიზმისა და მიუღებლობის დიდ ტალღას იწვევს ხოლმე. ეს პირადად გამოვცადე, როცა სოციალურ ქსელში პოდიუმზე მოსეირნე კაბიანი კაცების ფოტოები ჩამოვტვირთე. მამაკაცს წვივი არ უნდა უჩანდესო…

ხშირად ადამიანებს სიახლის მიღება უჭირთ, არადა, შოტლანდიის გარდა, მესამე სამყაროს ბევრ ქვეყანაში კაცებს სწორედ კაბები აცვიათ. მე ისიც მახსოვს, რომ თბილისში, გარკვეულ უბანში გარკვეული სტილის ტანსახმლის ჩაცმა არ შეიძლებოდა, თუმცა რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ მშვენივრად ირგებდნენ იმას, რასაც ადრე მწარედ აპროტესტებდნენ. ქართველს სიახლის ეშინია… მე მამაკაცის ხაზი არ გამიკეთებია და მომავალში შეიძლება ვცადო კიდეც. ამ მომენტისთვის ვაკეთებ ქალის ხაზს და, ბუნებრივია, ქალის იმიჯის ჩემებური ხედვა მაქვს. ჩემი ჩანთები ყველასთვის არაა. ამგვარ ჩანთას რომ დაიკავებს, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქალი განსხვავებულად იგრძნობს თავს. ჩანთა არის ქალის ესთეტური წარმოდგენებისა და შემოსავლის ხაზის გამსმელიც. შენი თავი თუ არ მოგეწონა, იმ დღეს თავს კარგად ვერ გრძნობ და დღეც შესაბამისად გადის. ამიტომ მინდა, რომ ქალმა თავი განსაკუთრებულად იგრძნოს.

ჩემს ახალგაზრდობაში ადამიანებს, ვისაც თავი განსხვავებულად უნდოდათ ეგრძნოთ, გადამყიდველებში უნდა ერბინათ. ამგვარი ნაყიდი ლამაზ ტანსაცმლად იმ მიზეზით ითვლებოდა, რომ სხვა კარგი რამ მაღაზიაში უბრალოდ არ იყიდებოდა. ნიუ იორკის ბაზარი ძალიან მრავალფეროვანია და ამიტომაც, თუ მომხმარებელს ახალი რამ არ შესთავაზე, დაიკარგები. ცხოვრება წინ მიდის, მომხმარებელი იცვლება და დღეს უკვე არა მარტო დიზაინერს, არამედ თავად მომხმარებელს შემოაქვს თავისებური ხედვა.

საღამოს ჩანთები

საღამოს ჩანთები

იური შუბლაძის ჩანთა

იური შუბლაძის ჩანთა

ერთ–ერთ ქალთა კონფერენციაზე რებეკა მინკოფი სპიკერად ჰყავდათ მიწვეული. იგი საუბრობდა მისი ბიზნესის გაფართოებაზე, მათ შორის, მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინებაზე. მაგალითად, მისეული ხედვით ტანსაცმლის მოსინჯვის კაბინაში ეკრანზე დიდ ზომად მაღაზიაში არსებული პროდუქცია ჩნდება და მყიდველი მომსახურე პერსონალს ამ იმიჯებიდან არჩეულ სამოსზე მიუთითებს, დიზაინერს კი შერჩეულ ტანსაცმელში იმას უკვეთავს, თუ რაგვარი დეტალის დამატება თუ მოშორება სურს…

რებეკა მინკოფამდე მომხმარებლისადმი ამგვარი მიდგომა დიდი ხნით ადრე Zara -ს ჰქონდა, ანუ დიზაინერი მომხმარებელთან პირდაპირ კომუნიკაციაში შედიოდა და ტანსაცმელში გარკვეულ დეტალებს ცვლიდა. მერე ეს შესწორება ფაბრიკაში იგზავნებოდა და ორ–სამ დღეში მომხმარებელს ეცვა იმდაგვარი, როგორიც ზუსტად მის გემოვნებას შეესაბამებოდა. მე არა მაქვს ასეთი მიდგომა. მე ვარ დიზაინერი და არა მკერავი, რომელსაც თავიდან ბოლომდე შეგიძლია შეუკვეთო ის, რაც მოგწონს.

თქვენი ბრენდისთვის რაა მნიშვნელოვანი?

ის, რომ მასობრივი წარმოების პროდუქტი არ გამოვუშვა. ისიც, რომ ჩემი პროდუქცია ნიუ იორკში იყოს დამზადებული. მინდა, რომ ამერიკას მისი სამსახურები უკან დაუბრუნდეს. და ზოგადადაც, აქ ამგვარი ტენდენცია უკვე მკვიდრდება.
ვიცი, რომ დიზაინერებს ეს კითხვა არ უყვართ, მაგრამ მაინც. ვინაა თქვენი საყვარელი დიზაინერი?….
არავინაა სრულყოფილი და ამიტომაც საყვარელი დიზაინერი არა მყავს. ის კი არა, არის მომენტები, როცა წინა დღის ნამუშევარი მეორე დღეს არაფრით მომწონებია და მისი კეთება ახლიდან დამიწყია. ჩემი ნამუშევრების მიმართ საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს და ამ მხრივ გამონაკლისი არა ვარ. საკუთარი ნამუშევრს ბევრი დიზაინერი პრეტენზიული თვალით უყურებს. ამიტომაც ყოველთვის ახლის ძიებაში ვარ. მინდა, რომ ჩემი თითოეული კოლექცია იყოს საინტერესო და საუკეთესო.

იური შუბლაძის ჩანთები

იური შუბლაძის ჩანთები

იური შუბლაძის ჩანთა

იური შუბლაძის ჩანთა

იური შუბლაძის ტანსაცმელი და აქსესუარები

იური შუბლაძის ტანსაცმელი და აქსესუარები

სტატია იური შუბლაძეზე ჟურნალ „ვოგში“

სტატია იური შუბლაძეზე ჟურნალ „ვოგში“

იური შუბლაძის ტანსაცმელი და აქსესუარები

იური შუბლაძის ტანსაცმელი და აქსესუარები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი