“ყინულის სატყუარა”, რეჩიტატიული ბალეტი და გენდერული ბუნდოვანება

უცებ მთელ კედელზე, Upstage-ზე, მუსიკის მაგივრად მარცხნიდან მარჯვნივ მოძრავი ცვალებადი კადრები, სოფლის თუ ნასახლარის პეიზაჟის გადიდებული არტეფაქტები, ფოტოხელოვანის რობერტ რაუშენბერგის ფოტოები – მიგდებული საბურავი, ველზე მოსეირნე ძროხები, ეზოში გაფენილი სარეცხი, მეჩხერტოტებიანი ხე, კაუჭზე ჩამოკიდებული დაჟანგული ვედრო, ტექნიკის მიწაში ჩაფლული გაუგებარი ფორმის ნაწილი და კიდევ ამგვარი ინტონაციური შავ–თეთრი სლაიდები “აჟღერდა”. უხმო სცენაზე, რომლის უკან სეგმენტებად დაყოფილ სივრცეში ფოტოები ერთმანეთს ენაცვლებოდა თეთრ, ბუნდოვნად გამჭვირვალე, მარაოდ–პლისირებულ კაბებში, რომლის დიზაინერი თავად ფოტოების ავტორია, ფეხშიშველა სილფიდები ფრთებად გადაქცეულ ხელებს იქნევდნენ და მშვიდად დაფარფატებდნენ. ჯერ ორნი, მერე სამნი… სულ ხუთი დავთვალე. მათი მოძრაობა დაწყებულ და დაუმთავრებულ წინადადებას ჰგავდა. ისინი ცნობილი ამერიკელი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის, თანამედროვე ბალეტის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურის, სტეფენ პეტრონიოს საბალეტო დასის მოცეკვავეები არიან.

გრძელ კაბებებში შემოსილ ქალებს შიშველი სხეული არაკოორდინირებული, თუმცა ვიზუალურად მაინც ჰარმონიული, მსუბუქი მოძრაობისას ოდნავ უჩანდათ. ბალერინები ხან ჩნდებოდნენ და ხანაც სადღაც ქრებოდნენ. პირველი ერთი წუთი ოდნავ გამიჭირდა, რადგანაც მუსიკის აჟღერებას ველოდი, მაგრამ მეორე წუთზე მივხვდი, რომ აქ მელოდია, თუნდაც ყველაზე ჩუმი და სრულყოფილი, სრულიად ზედმეტი იქნებოდა. მხოლოდ შიშველი ტერფების მორიდებული “ხმაური”, მოცეკვავეების სუნთქვა და ერთმანეთის მონაცვლე ფოტოკადრების შარი–შური.

სტეფენ პეტრონიოს საბალეტო დასი

სტეფენ პეტრონიოს საბალეტო დასი

სამი დადგმა, რომელიც “სტეფენ პეტრონიოს კომპანიამ” წარადგინა და რომელსაც “სისხლიანი ხაზები” ჰქვია, უკვე მეორე სეზონია საბალეტო ხელოვნების იმ ოსტატებს ეძღვნება, რომლებმაც თანამედროვე ამერიკული ბალეტი შექმნეს. ეს უხმო “ფოტობალეტი” ცნობილი ამერიკელი პოსტმოდერნისტი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის, ტრიშა ბრაუნის შედევრი “ყინულის სატყუარა”(1979) იყო. იმ წლებისთვის საბალეტო სამყაროში ტრიშას ეს “მუნჯი კინო” სრულიად ახალი, შოკის მომგვრელი საცეკვაო ბრენდი გახდა. სტეფენ პეტრონიო ტრიშა ბრაუნის დასში პირველი მამაკაცი მოცეკვავე იყო. მან ბრაუნის კომპანიაში ათი წელი დაჰყო. პეტრონიო ამბობს, რომ “ყინულის სატყუარამ” მასზე, როგორც დამწყებ ბალეტომანზე, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და ამიტომაცაა, რომ 37 წლის შემდეგაც იგი ისევ და ისევ იმ “სატყუარას” დაუბრუნდა. მომავალში პეტრონიო აპირებს გააცოცხლოს ამერიკული ბალეტის კერპების: მერს კანინგჰემის, ლუსინდა ჩილდის, ივონ რეინერის, ანა ჰალპრინის შემოქმედება.

“ყინულის სატყუარა” წარადგენს განსაკუთრებული ტვინის მიერ მართულ ქმედებას იმ ძლიერი, მიზანდასახული ქალისა, რომელიც ქალურობის წარმომადგენელი კი არაა, არამედ არსებაა, რომელიც ორდინარულობიდან სუბლიმირებამდე მოგზაურობს“ – ამბობს პეტრონიო, „წამის ნახევარში ტრიშას ხასიათის მთლიანობა, მისი ქორეოგრაფიის, ჟესტების აუტანელი ლივლივი, ქარაგმულობა და ალუზიურობა ცხელიდან ცივში, ლიტერალურიდან აბსტრაქტულში გადაგანაცვლებთ. მისი ქორეოგრაფია ჰუმანური ქმედებაცაა, საიდუმლოც, ის ერთგვარი ემოციების არქიტექტურული ფორმებია. ტრიშა ქმნის უნიკალურ, მისტერიულ პორტრეტებს და მერე მათ ამრავლებს, აძლიერებს. ბრაუნის ბალეტი დიდი ფემინისტური ნაშრომია, მისი თხრობა გენდერით ისე იმართება, როგორც არავის არასდროს შესძლებია.”

სტეფენ პეტრონიომ, რომელსაც “მოცეკვავეებისთვის სამოთხის შემქმნელ ქორეოგრაფს” უწოდებენ, თავისი საბალეტო დასი 1984 წელს შექმნა და არა მხოლოდ აშშ–ის ყველა სოლიდურ არტსცენაზე იცეკვა, არამედ – საზღვარგარეთაც. კომპანია პერფორმანსებით ოცდაათამდე ქვეყანაში წარდგა. პეტრონიო მუშაობდა ისეთ კომპოზიტორებთან, როგორებიც არიან ნიკ კეივი, რუფუს უაინურაითი, ლუ რიდი, ლორი ანდერსონი, შეილა ჩანდრა, ჯონი გრივუდი, დეივიდ ლინთონი, იოკო ონო; ჯგუფებთან Readiohead და Beastle Boys; ვიზუალურ არტისტებთან: სენდი შერმანი, ანიშ კაპური, ჩარლზ ატლასი; მოდელიორები: მაიკლ ანჯელი, ტონი კოენი და ჯილიან ლუისი. მისი დადგმების განათების დიზაინერი უკვე დიდი ხანია ბალეტ–ოპერების ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი პროფესიონალი კენ ტაბაჩნიკია.

სტეფენ პეტრონიოს საბალეტო დასი

სტეფენ პეტრონიოს საბალეტო დასი

“ჯოის თეატრი”, რომელიც ჩელსიში, ძველი კონოთეატრის შენობაშია განთავსებული და რომელიც საბალეტო სცენად თანამედროვე ამერიკული ბალეტის ოსტატებმა ელიოტ ფილდმა, კორა კაჰანმა და ბიზნესვუმენმა ლუესტერ მერცმა (თეატრს მერცის ქალიშვილის სახელი დაერქვა) გადააქციეს, არაერთი მოდერნ–პოსტმოდერნ, არაორდინარული სპექტაკლის მოწმეა. ასეთია თუნდაც პეტრონიოს ქორეოგრაფიით დადგმული “დიდი მამა” (მსოფლიო პრემიერა), რომელიც “ყინულის სატყუარის” შემდეგ აჩვენეს, რომელსაც მუსიკა – არა, მაგრამ ფონად თავად პეტრონიოს ხმა გასდევდა. სცენაზე მან წაიკითხა ნაწყვეტები თავისი წიგნიდან “მოძრაობაზე მიჯაჭვულის აღიარება” (2014), რომლის ყიდვაც ავტოგრაფით იმ დღეს “ჯოისში” მოსულ მაყურებელს სპექტაკლის შემდეგ შეეძლო. ეს წიგნი საოჯახო მემუარებია, თეატრის სცენაზე აცეკვებული ნაწყვეტი კი ქორეოგრაფის მამას, თომას ეძღვნებოდა,რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

ტრიბუნაზე დამაგრებულ მიკროფონთან რეჩიტატივით მოსაუბრე პეტრონიომ კოსტუმი გაიხადა, ჰალსტუხი მოიძრო, მის მაისურზე კი წარწერა “მეორე ვაჟიშვილი” გამოჩნდა. ქორეოგრაფისა და ახლა უკვე მწერლის ემოციურ სოლო – წინადადებებს გვერდზე მდგომი, თეთრტანსაცმელიანი მოცეკვავეები აფორმებდნენ. ეს ერთგვარი ფსიქოანალიტიკური ანტურაჟი უფრო ცნობიერების ნაკადს ჰგავდა, ვიდრე ქორეოგრაფიულ მიზანსცენას, და თან კარგი საშუალება იყო გეგრძნო ის გამჭვირვალე კედელი, რომელიც სხეულისა და ენის მოძრაობას შორის არსებობს; გეგრძნო ის კონტრასტი, ვერსინქრონიზაციაც, რომელიც ცეკვასა და სიტყვას ერთმანეთს ადარებს და რომელიც ოდნავ გაბნევს, რადგანაც არ იცი, ბალეტს უყურო თუ რეჩიტატივის აზრს ჩაწვდე. თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ აღმოაჩენ, რომ ორივე სავსებით კარგად შეგძლებია.

სტეფენ პეტრონიო

სტეფენ პეტრონიო

“არ ვიცი, ეს რა ტიპის ენა და მოძრაობაა. მე მედიტაციის მშვენიერი საშუალება ვიპოვე და, შესაბამისად, მამასთან დასაკავშირებელი ძაფიც” – განაცხადა სტეფენ პეტრონიომ. ეს რეჩიტატიული ბალეტი, რომელიც ერთი შეხედვით, რეპორტაჟს პანაშვიდიდან წააგავდა, თომას პეტრონიოს სიტყვებით მთავრდება: “ჩვენ მოკვდავები ვართ და სიკვდილი, როგორც გრავიტაცია, ყველას დაგვჩრდილავს”.

მესამე დადგმას, რომლისთვისაც სტეფენ პეტრონიომ ცნობილი ბრიტანული პოსტპანკ ჯგუფის Wire მონოტონური ჟღერადობის კომპოზიცია გამოიყენა, ჰქვია – “საშუალო სქესის ხეობა” (1990) და  ამ ხელოვანის ყველაზე ცნობილ დადგმადაა მიჩნეული. ქორეოგრაფმა “ხეობა” 26 წლის წინათ ამერიკაში შიდსის ეპიდემიით გამოწვეული კრიზისის დროს შექმნა. “ეს ცეკვა მაშინ დავდგი, როცა გენდერულ კონტროლსა და ძალაუფლებაზე ვფიქრობდი, როცა გარეთ ჩვენი კოლექტიური ისტორიის ყველაზე მძიმე დრო – შიდსის ეპიდემია მძვინვარებდა და ჩვენ მის ეპიცენტრში აღმოვჩნდით. “საშუალო სქესის ხეობა” ერთგვარი ტრაქტატია გენდერზე, სექსუალური ორიენტაციის მიმართ თაობათა დამოკიდებულების ცვლილებაზე და კულტურის მარეპრესირებელ ნორმებზე” – ამბობს არტისტი.

პულსირებადი მუსიკის ფონზე გადახლართული სხეულები სიბრაზეს, სექსსა და სასოწარკვეთას ცეკვავენ. თუმცა თანამედროვე ამერიკული რეალიების გათვალისწინებით სცენაზე მოძრავი ვარდისფერკორსეტებიანი, საჯდომმოშიშვლებული და ყვავილებითმორთულშარვლიანი მამაკაცების როკვამ თითქოს უკვე დაკარგა ის ძველი, მჭახე პოლიტიკური გზავნილის დისკურსი, რაც მას წინა საუკუნეში ჰქონდა და დღეს ჩვეულებრივ სახელოვნებო ტექსტად გადაიქცა. სცენაზე გენდერული როლების აღრევა/გაბუნდოვანება უკვე არახალი ტრენდია. რაც შეეხება პოლიტიკური გზავნილის გაშიფვრის უნარს: სულაც არაა აუცილებელი იცოდე დადგმის ისტორიული კონტექსტი ან მისი ესთეტიზატორის სექსუალური ორიენტაცია თუ პოლიტიკური პრეფერენცია, მთავარია – დატკბე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძე