ლეგენდარული ვენესუელელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი თინა რამირეზი ხუთი წლის იყო, როცა მშობლებმა კარაკასი სამუდამოდ მიატოვეს და აშშ–ში დასახლდნენ. საბალეტო სასწავლებლის დამთავრებისთანავე ამ ადამიანის სახელი და გვარი ამერიკაში “ჰისპანიკო” კულტურის ერთ–ერთი მთავარი კოდის – ლათინოამერიკული ცეკვის/ბალეტის დამკვიდრებასა და პოპულარულობას უკავშირდება. ორმოცი წლის ასაკში თინა რამირეზმა დააარსა საბალეტო კომპანია Ballet Hispanico – თანამედროვე ბალეტის, ფლამენკოსა და კლასიკური ესპანური ბალეტის უნიკალური ერთობა, რომელმაც წელს Joice Theater-ში თავისი არსებობის ორმოცდახუთი წელი სამი ნიუ იორკული პრემიერით, სამი რადიკალურად ერთმანეთისგან განსხვავებული დადგმით აღნიშნა.
ქალები საშინაო ხალათებსა და კაცები ყოველდღიურ შარვალ–კოსტუმში, ოდნავ დაბნეულები და ქაოტურები, თითქოს ახლახან ჩამოვიდნენ უცხო პლანეტაზე და ჰაერში უცნობ საგნებს იმისთვის ეხებიან, რომ შეიცნონ; სადგურზე ადამიანების რიგი, ვაგზლის რადიოს გაურკვეველ ენაზე გაკეთებული განცხადებები, გამგზავრება – დახვედრა, ნაირფეროვანი ჩემოდნები, უცხო ენაზე ამეტყველებული ჟესტები, ემიგრანტის “საბალეტო სტატუსი”; ბაქან–მოსაცდელში სასიყვარულო სამკუთხედის ამბავი – ორი მამაკაცის ეჭვიანობა და შეჯიბრი იმ ერთი ქალის სიყვარულისთვის, რომელიც ადგება და ერთი წუთის წინ გაცნობილ ქალს შეიყვარებს და გაჰყვება; მოცეკვავეების წამღერებები, საუბრები, შეძახილები და წინ გაჯგიმული მკერდით “გენდერული კონფლიქტი” მთელი თავისი კომიკურ – სტერეოტიპული სოუსით, ვინაა ქალი – მუჩაჩა და ვინ კაცი – მუჩაჩო; ხმის ჩახრინწვამდე ხმამაღალი წამოყვირება და ლათინოეროტიზმი (თუ ასეთი ტერმინი საბალეტო დასთან მიმართებაში გამოიყენება)… ეს ყველაფერი ესპანელი ქორეოგრაფის გუსტავო რამირეზ სანსანოს დადგმა “განცვიფრებაა” (2001), რომელიც არც სალსა, არც ბაჩატა, არც პოპლატინო, არც ბროდვეის შოუა, არამედ ბალეტის ლათინური En Familia–ა ოდნავი თეატრალურობით და რომელიც ამერიკაში ქორეოგრაფის ჩამოსვლისას მიღებული შთაბეჭდილების ქვეშ შეიქმნა. ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა ბალეტს შეუძლია ღიმილი მოგგვაროს და უცხო მიწაზე ახლად ჩამოსულის “დოლჩე ვიტა” გაგახსენოს.
ესპანელი რამონ ოლერის – “დამმარხეთ ფეხზე დადმდგარი” (1998) ადამიანის ზომის “ჯვრებით” დამამახსოვრდა – “ჭუჭყიან” ვარდისფერ საბალეტო კოსტუმებში ერთ რიგად მიმავალ კაცებს ჯვრად გადაქცეული, ხელებგაშლილი ქალები მხარზე მოკიდებულები “მიაქვთ”. ბოშური ჰანგებითა და ფლამენკოს შერწყმით შექმნილი მუსიკა საოცარი ტრაგიზმის მატარებელი მომთაბარე “რომა” ხალხის მარგინალურ ყოფას გაგრძნობინებს – ემოციური ნაზავი ბალკანური ხალხური მუსიკის, რომელიც თანამედროვე მელოდიებში და დღევანდელობასთან კორელაციით დევნილთა/ლტოლვილთა ტრაგედიაში გადადის.
სცენაზე სევდიანი, სასოწარკვეთილი ინტონაციების სიჭარბემ ბოშებიდან და ყოფილი იუგოსლავიიდან შორს, ჩვენი სამოქალაქო ომის წლებში გადამისროლა… ორი არტისტის სასიყვარულო ცეკვა: იატაკზე მწოლიარე მამაკაცი, რომლის ფეხებზე “დასახლდა” და მოძრაობს “მფრინავი ანგელოზი” –ბალერინა. იგი თითქოს ვნებისგან თუ ტანჯვისგან იკლაკნება და იქვეა ის გამჭვირვალე ზღვარი, რომელიც ტანვარჯიშის ილეთსა და ცეკვას ჰყოფს. მამაკაცის თავები, რომლებიც ქალის ზურგებს შეერწყა და თითქოს მათ მამოძრავებელ, უხმო, ზანტ გორგოლაჭებად გადაიქცა. არის სატირული ეპიზოდიც – როცა ქალთა წყვილები მუხლებზე დადიან და არაადამიანური ხმით კივიან, უფრო სწორად, ჭორაობენ და შენ თვალწინ მოსისინე ქვეწარმავლებს ემსგავსებიან. მერე უცებ ჩუმდებიან და ისევ აგრძელებენ თავიანთ გესლიან სოლოს. და ორთქლი, რომელიც სცენაზე ნისლს ქმნის და წვერებიანი, მკერდმოშიშვლებული მოცეკვავე კანად გადაქცეული, მოტმასნილი “სამოსით”, რომელიც უკვე მიწაში ფეხზედადმდგარი ჩამარხულა იმისთვის, რომ მერე ცეკვით აღდგეს…
კუბელი პედრო რუიზის “კლუბი “ჰავანა” (2000) ერთგვარი Tempo Rosso-ს პოლიტიკური პარალელური ნარატივი აღმოჩნდა აშშ–სა და კუბას შორის დამთბარი “დუეტის” ფონზე. უფრო მეტი, ვიდრე სამეჯლისო ცეკვების კონკურსი. ბოლერო, ჩა–ჩა–ჩა, რუმბა, მამბო, კონგა და კუბური სიგარები, რომელსაც არტისტები სცენაზე ცეკვისას ეწეოდნენ. ბერნსტაინის “ვესტსაიდური ისტორიის” ინტონაციებიდან ბიზეს “კარმენის” ტემპერამენტამდე და შუაში – კარნავალურ ფერებში გამოწყობილი წყვილების კუბური Crescendo, ჰეპი – ენდი სევდიანი “ბალკანური ბაროკოს” შემდეგ. საოცრად ელეგანტური ჟესტებით ფლირტის ხელოვნების მივიწყებული რემინისცენცია თავისი ძლივს შეკავებული ენერგეტიკული ნაკადებით, რომელიც თურმე დიდი ხანია ფლამენკოს მუჩაჩა და მუჩაჩო ქუსლებშიც ცხოვრობს.