აპრილის თვეში ბრუკლინის ერთ–ერთ ინტენსიურად ჯენტრიფიცირებულ უბანში – „დუმბოში“ დასრულდა ქართულ – ამერიკული არტპროექტი “კრედიტის მიღმა”, რომლის ფარგლებში ხუთი ქართველი ხელოვანის ნამუშევრები გამოიფინა. ეს ექსპოზიცია ნიუ იორკის იმ თერთმეტი მოვლენის შორისაა, რომელიც ჟურნალმა Observer აუცილებლად სანახავ ღონისძიებათა სიაში ჩართო.
ექსპოზიციის ორგანიზატორი აშშ–ის მხრიდან იყო სახელოვნებო ინსტიტუცია Art in General, ხოლო საქართველოს მხრიდან – “თანამედროვე ხელოვნების ცენტრი”. პროექტის ჩანაფიქრის მიხედვით არტისტებს: თეა გვეტაძეს, მამუკა ჯაფარიძეს, ნინო სეხნიაშვილს, ნიკა მაჩაიძესა და გიო სუმბაძეს უნდა წარედგინათ ერთგვარი მეთოდი იმისა, თუ როგორაა შესაძლებელი რაციონალური აზროვნების, ინტუიციის, შეცდომების, შემთხვევითობისა და წინააღმდეგობრიობის აღრევა, რომლისგანაც შედგება არა მხოლოდ ხელოვანის არტისტული პრაქტიკა, არამედ – მთელი მისი ცხოვრებაც. გამოფენის იდეა გახლდათ მხატვრის მდგომარეობის კვლევა, თუ როგორ გავლენას ახდენს არტი ცხოვრებისეული გამოცდილების ჩამოყალიბებაზე და რას ნიშნავს არსებობდე მუდმივ არტისტულ პროცესში. სიტყვა “კრედიტი” [სესხი] მოცემულ კონტექსტში მოიაზრებს მხატვრის სტატუსსა და მდგომარეობას კომერციულ მახასიათებლებთან მიმართებაში. “კრედიტის მიღმა” ეს არის ხუთი ხელოვანის ცხოვრების “მტკიცებულებები”, რომელიც მიმდინარე შემოქმედებითი პროცესებისა და ადამიანის ცხოვრების სტილის – არტისტული დინამიზმის შედეგია.
“თანამედროვე ხელოვნების ცენტრის” ხელმძღვანელის ვატო წერეთლის თქმით, 2015 წელს საქართველოში Art in General-ის ორი კურატორი ჩამოვიდა და “თანამედროვე ხელოვნების ცენტრს” თანამშრომლობა შესთავაზა. ამ პარტნიორობის ფარგლებში 2015 წელს კონფერენციის “What Now?“ ფარგლებში პარსონის დიზაინის სკოლაში გაიმართა ვატო წერეთლის პერფორმანსი “ხატვის პინგ – პონგი”. სექტემბერში კი ამავე პროექტით აშშ–ში შედგა მხატვარ ნინო ჩუბინიშვილის სოლოგამოფენა, რომელიც ბოლო ექსპოზიცია აღმოჩნდა Art in General -ის ძველ სივრცეში. სწორედ მაშინ შესთავაზა ქართულმა მხარემ ამერიკელ კოლეგებს არა ერთი, არამედ ხუთი ქართველი მხატვრის ჯგუფური გამოფენის ჩამოტანა.
„ამ ექსპოზიციით, რომელიც ორ თვეში მომზადდა, მინდოდა იმის ხაზგასმა, რომ შემოქმედების რეჟიმში მხატვარი თავისი ნამუშევრის პარალელურად თავის ცხოვრებასაც ქმნის“ – ამბობს ვატო წერეთელი, „რომ მხატვრები ვალში არიან საზოგადოებასთან, რადგანაც ისინი მოხმარების საგნებს, მონეტარულ კაპიტალს არ ქმნიან, საზოგადოებას კი მათთვის სესხი, კრედიტი აქვს მიცემული. საინტერესოა სწორედ ის, თუ რა ხდება ამ მოცემულობის მიღმა. თავად ამ ქართველი ხელოვანების ცხოვრებაც არტია. 2011 წელს თბილისის “თანამედროვე ხელოვნების ცენტრში” გავაკეთეთ გამოფენა, რომლის პოსტერზეც ინსტალაციის სახით გიო სუმბაძის სახელოსნოს ფოტო იყო გამოყენებული. ცხოვრება არტისტულ ნამუშევარს ჰგავს და არტია ის უწყვეტი კავშირიც, რომელიც ხელოვანის შთაგონებასა და მის ყოველდღიურობას შორის არსებობს.“
თბილისში პროექტ ‘არტბიტის’ ინიციატივით აშშ–ში ნინო ჩუბინიშვილის გამოფენას გაგრძელება მოჰყვა. “კრედიტის მიღმასაც” ასევე მოჰყვა ექსპოზიცია თბილისში, გალერეაში “ნექტარი”, რომელიც ამ არტტერიტორიის პირველი გამოფენაა მის ახალ სივრცეში.
“ჩემთვის ხელოვნება და ყოველდღიურობა ერთმანეთში გარდამავალი პროცესია„ – გვიყვება თეა გვეტაძე, „ყველა საგანს და მოქმედებას აქვს იმის პოტენცია, რომ არტობიექტად გადაიქცეს, რაც შემოქმედებას უსაზღვრო მაგიად გარდაქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო, ფაქტობრივად, ერთ ოთახში გაუნძრელად ვიმყოფებოდი, ჩემი საწოლის გარშემო უბრალო საყოფაცხოვრებო საგნები სწორედ ჩემი უმოძრაობის გამო, სამუზეუმო ექსპონატებად გადაიქცა. უბრალო თეფშს, ჭიქასა და პირსახოცს ბევრად მეტი პოტენცია აქვს, ვიდრე ჩვენ ყოველდღიურად მათი გამოყენებისას გვგონია. ჩემთვის სივრცეს, სინათლეს და ადგილმდებარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ჩემს ნამუშევრებზე აისახება კიდეც.”
“მე უკვე რამდენიმე წელია სოფლად ვცხოვრობ და იქ ცხოვრების მეურნეობისა და ხელოვნების ურთიერთობას ვიკვლევ“ – ამბობს მამუკა ჯაფარიძე, „ნიუ იორკი ურბანული მეგაპოლისია, მანჰეტენის ხიდის ქვეშ გამოფენის იდეამ კი ჩემზე უცნაურად საინტერესოდ იმოქმედა და ერთი ძველი მოგონებიდან ნამუშევრის გაცოცხლების საშუალება მომცა. ისტორია კი ასეთია: სამოცდაათიანი წლებია. მე, ალბათ, თხუთმეტი წლისა ვარ, ჩემი და ქეთი – თორმეტის. მე აღმოვაჩინე, რომ ტელეპატიის ნიჭი მაქვს და მშობლების სახლში მე და ჩემი და დიდ ფანჯარასთან ექსპერიმენტს ვატარებთ. ქეთი ფარდის უკან დგას და ქუჩაში მანქანების მოძრაობას თვალს ადევნებს. მე რამდენიმე ნაბიჯით უკან ვდგავარ და ვეუბნები, თუ რა ფერის მანქანამ ჩაიარა… ქეთი მიდასტურებს. მოკლედ, ფერის გამოცნობა არასდროს შემშლია… დიდი ხნის მერე მივხვდი, რომ ფარდაზე არეკლილი სხივები კედელზე ფერს მკარნახობდნენ. ჰოდა, გალერეაში ფანჯრის წინ ეს სკულპტურა ინსტალაციად დავდგი. მოხარული ვარ, რომ ამ ნამუშევრით ცხოვრების ანარეკლის ჩვენების შესაძლებლობა მომეცა”.