ანრი კიკნაველიძის ბლოგი

ეკლესიის კრიტიკისა და ათეიზმის შესახებ

ეკლესიის კრიტიკისა და ათეიზმის შესახებ

გამოხმაურება გურამ შეროზიას ბლოგ-პოსტზე „მოდად“ ქცეული ათეიზმის შესახებ:

დასაწყისშივე სრულიად გარკვევით უნდა ვთქვა, რომ საჯაროდ აზრის გამოხატვის უცენზურო ფორმა ჩემთვისაც სრულიად მიუღებელია, მას კატეგორიულად ვემიჯნები და ამიტომ ამ პათოსში პოსტის ავტორს ვეთანხმები.

მოდი, ნუ დავიკარგებით სიტყვებში. რას ნიშნავს „მოდად“ ქცეული ათეიზმი?

სიტყვა „მოდა“ გვკარნახობს ამ ფრაზის საკმაოდ ბუნებრივ გაგებას – რომ ადამიანთა კატეგორია აჰყვა ფეხის ხმას და გახდა ათეისტი. არა იმიტომ, რომ სამყარო მატერიალისტურად გაიაზრა – რაც ათეიზმის საფუძველია, არამედ იმიტომ, რომ მას ჰგონია – ათეისტი თუ ხარ, კაი ტიპი ხარ. ისე, როგორც ტანისამოსთან დაკავშირებით ხდება: ადამიანთა კატეგორია ატარებს ამა თუ იმ ტანისამოსს არა იმიტომ, რომ უხდება ან მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ თუ ასეთი ტანსაცმელი გაცვია, კაი ტიპი ხარ, ან განსხვავებული მაინც. მაგრამ ათეიზმი, როგორც ზემოთ აღვნიშნე და როგორც ავტორმაც უნდა იცოდეს, რადგან ამბობს, რომ ბევრ საღად მოაზროვნე ათეისტს იცნობს, გულისხმობს სამყაროს მატერიალისტურ გააზრებას. ამის გარეშე, რაც უნდა ათეისტი ეძახო თავს, ამერიკული ათეისტური ფეისბუქ-გვერდების პოსტები აზიარო და რაც უნდა ლანძღო პატრიარქი, არავითარი ათეისტი არ ხარ. მაგალითად, ადამიანი, რომელიც თავს ათეისტს უწოდებს და ამ დროს ასტროლოგიურ პროგნოზს კითხულობს, არის არა ათეისტი, არამედ ანტითეისტი (შესაძლოა), ანტიკლერიკალი (უფრო სავარაუდოდ) ან სულელი. მოკლედ, ის ხალხი, რომლებიც კრიტიკას და ჭკუის დარიგებასაც პოსტის პატივცემული ავტორი ისახავს მიზნად, არ არიან აუცილებლად ათეისტები. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის ქცევები, რასაც იგი კიცხავს, არაა აუცილებლად ათეიზმის სიმპტომი.

ახლა შევხედოთ, მაინც რა არ მოსწონს მას.

პოსტზე პირველი შთაბეჭდილებაა – მას აღიზიანებს არა ის, რომ ადამიანი შეიძლება იყოს ათეისტი სხვისი მიბაძვით – რაც უნდა იყოს მოდური ათეიზმის დეფინიცია, არამედ ეკლესიის კრიტიკა. მთელი ეს პოსტი ეწინააღმდეგება არა მოდურ ათეიზმს, არამედ ეკლესიის კრიტიკას, ან, უკეთეს შემთხვევაში, მწვავე კრიტიკას.

პოსტის თავშივე წამძღვარებული მოსაზრება ქართული ეკლესიის დაკნინებისკენ მიზანმიმართულ კამპანიას ეხება. თითქოს მთელი ათეიზმის არსი ქართული ეკლესიის დაკნინებაში გამოიხატებოდეს. არამოდურ ათეისტს ამ დროს შეკითხვა მიჩნდება: განა ათეიზმზე არ უნდა გვესაუბრა? სათაურია შეცდომით თუ პოსტი?

საინტერესოა ფრაზა „აქ პრობლემა არის არა პრობლემის ხაზგასმა, არამედ ამის ხელზე დახვევა და სრულიად ქართულ ეკლესიაზე გავრცობა!“

რა პრობლემაზეა საუბარი და რა გავრცობაზე?

როცა ადამიანი „ჯიპიანი“ თუ ნასვამი მამაოს შესახებ საუბრობს, ზრდილობიანად, თუ უცენზუროდ, აკადემიურობის ნებისმიერი ხარისხით, პრობლემა, რომლის ხაზგასმასაც ის ცდილობს, არაა ის, თუ რა ტრანსპორტით გადაადგილდება მავანი სასულიერო პირი. არავინ ითხოვს, რომ მან ფეხით ან სახედრით იაროს. აქ პრობლემა არა თავად „ჯიპიანი მამაო“, არამედ ის ინსტიტუციაა, რომელიც მღვდელს ხალხის ხარჯზე გამდიდრების საშუალებას აძლევს და რის სიმბოლოდაც, გასაგები მიზეზების გამო, სწორედ ეს „ჯიპიანი მამაოს“ ხატება იქცა. პრობლემის ეკლესიაზე გავრცობაზე საუბარი უადგილოა, რადგან გასავრცობი არც არაფერია, ეს თავიდანვე სწორედ ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის პრობლემაა და არა კონკრეტული სასულიერო პირის. კერძო შემთხვევის ხაზგასმა დიდი ავადმყოფობის სიმპტომის ჩვენებაა და ბრძოლის საგანიც სწორედ ეკლესიის არაადეკვატურად პრივილეგირებული მდგომარეობით გამოწვეული სოციალური უსამართლობაა და არა მამაო და მისი ჯიპი.  

მთვრალი და ქუჩაში მოჩხუბარი მღვდლის ჩვენება და კრიტიკაც იგივე მიზანს ემსახურება. სეკულარულ საზოგადოებაში, სადაც ეკლესიის სიწმინდე და შეუცდომლობა სერიოზულად მხოლოდ ეკლესიის შიგნით განიხილება, მთვრალი მღვდელი არაა თავისთავად უფრო მეტად ცუდი მოვლენა, ვიდრე მთვრალი ბანკირი ან მთვრალი მეეზოვე, მაგრამ არც ნაკლებად ცუდია – კანონის თუ საზოგადოებრივი მიმღებლობის სტანდარტები მათთვის ზუსტად იგივეა. საქართველოში, სადაც სეკულარული საზოგადოება ქაღალდზეც ძლივსღა არსებობს, მსგავსი შემთხვევების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და ზოგჯერ აგრესიაც ეკლესიისვე განსაკუთრებული სტატუსის ბრალია. ხოლო ეკლესია ხალხის ერთობაა და არა დამოუკიდებლად არსებული რამ. თუ მისი წევრები უღირსნი არიან ან უღირსებას შეიწყნარებენ, ესე იგი ეკლესიაც უღირსი ან უღირსების შემწყნარებელია, ხოლო ეკლესიის რიტორიკა – არიან ერთეული უღირსები, მაგრამ თვითონ ეკლესია წმინდაა, ჩვეულებრივი დემაგოგიაა. გვინდა თუ არა, განვრცობა აქაც თავისთავად ხდება – „მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის“ (გალატელთა 5:9).

ავტორს აღიზიანებს სარკაზმიც, მაგრამ როცა ქალწულის მიერ უმამოდ შობილი წყალზე მოსიარულე კაცის მკვდრეთით აღდგომაზე სერიოზულად მესაუბრებიან, სარკაზმის მეტი არაფერი მრჩება პასუხად, აქ არგუმენტირებულ მსჯელობას ვერ დავიწყებ.

აქ და ხატებზე ხუმრობასთან დაკავშირებით ავტორი არ ერიდება დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური პრინციპის – სიტყვის თავისუფლების უგულვებელყოფას, კერძოდ, რელიგიურ ნიადაგზე თვითცენზურისკენ მოწოდების სახით. სწორედ რელიგიურ ნიადაგზე, რადგან ხატებზე ხუმრობა არ შეიძლება აღქმული იყოს ვინმეს პირად შეურაცხყოფად, რაც შეეხება წყენას და გაღიზიანებას, ვიღაც შეიძლება სასურველი პოლიტიკური ლიდერის სურათის გაშარჟებამაც გააღიზიანოს, მაგრამ მისი წყენის გამო ბლოგ-პოსტს არავინ დაწერს. როგორც „ჯიპიანი მამაოების“ შემთხვევაში, აქაც სტანდარტები განსხვავებულია და ავტორი ვერ აცნობიერებს, რომ ხატი, როგორც სიწმინდე წმინდა რელიგიური მოვლენაა და სეკულარულ საზოგადოებაში არავინაა ვალდებული მისდამი ეკლესიაში მიღებული მოწიწება გაიზიაროს.

უნდა ითქვას, რომ არგუმენტირებული მსჯელობა ქართულ საჯარო სივრცეში მართლაც საძებარია, მაგრამ ხატებზე და სხვა რელიგიურ თემატიკაზე ხუმრობას, რა უნიჭოდაც უნდა ეჩვენებოდეს ის ზემოხსენებული პოსტის ავტორს, არგუმენტირებული მსჯელობით ვერ ჩავანაცვლებთ. მაგალითად, როცა ადამიანი სოციალურ ქსელში „სამხელა“ ღვთისმშობლის ხატზე ხუმრობს (შემთხვევა, რომელსაც პირადად წავაწყდი), ვიღაცას ეს არ მოსწონს და ეს გასაგებია. გასაგებია ისიც, რომ ამ ხატს თავისი ისტორია აქვს და ეკლესიაში არსებობს გადმოცემა, რომელიც ხუმრობის გამომწვევ უცნაურობას ნათელს მოჰფენს, მაგრამ რატომ უნდა ნიშნავდეს ეს, რომ მავანმა არაეკლესიურმა, თუნდაც ამ გადმოცემის მოსმენის შემდეგ, ამ თემაზე აღარ უნდა იხუმროს?  

პოსტის ყველა წინადადების განხილვას არ ვაპირებ, ახლა მინდა მისი მარგალიტი გიჩვენოთ: „ყველაზე უარესი – მოვიხსენიებთ ბილწსიტყვაობით პატრიარქს და ერთგვარ სიცხვილადაც მიგვაჩნია მისი პატივისცემა, როცა კარგად ვიცით ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ…“

საინტერესოა, რომ ავტორი საუბრობს ისეთ მართლაც პრობლემატურ საკითხებზე, როგორიცაა სიძულვილის ენა, ბილწსიტყვაობა და შეურაცხყოფა, მაგრამ ყველაზე უარესად მაინც პატრიარქის შეურაცხყოფა მიაჩნია.

კი, მაგრამ რატომ გამოთქმა „ყველაზე უარესი“? რატომ იმსახურებს პატრიარქი ბილწისტყვაობის, სიძულვილის ენის და შეურაცხყოფის სხვა, ნებისმიერ მსხვერპლზე უფრო მეტ თანაგრძნობას?

პატრიარქის პატივისცემა, იმ ფორმით, რა ფორმითაც ის დღეს საქართველოში არსებობს სწორედ რომ ერთგვარი სირცხვილია, თანაც ძალიან დიდი სირცხვილი. ადამიანის პატივისცემა მისი, როგორც პატრიარქის სტატუსის გამო საერთოდაც არაა საღი აზროვნების მაჩვენებელი და მითუმეტეს არავინაა ვალდებული სეკულარულ საზოგადოებაში ეს პატივისცემა გაიზიაროს. რა აყენებს მავან მოხუცს სხვა ადამიანებზე მაღლა, თუ არა ეს სტატუსი? და ამის გამოა მისი შეურაცხყოფა „ყველაზე უარესი“?

„ყველაზე უარესი“ – ეს შეცხადებასავით ჟღერს. ამ ორი სიტყვით თითქოსდა აზრიანი ბლოგ-პოსტი ისეთივე ღირებულების გახდა, თითქოს თავად საპატრიარქოს მიერ ან მის საამებლად ყოფილიყოს დაწერილი.

თუ ბატონი შეროზიას პოსტის ბოლომდე ისე ჩახვალთ, რომ მისი მიუკერძოებლობის იმედი თქვენს გულში კიდევ ცოცხალი იქნება, მას უეჭველად ბოლოს მოუღებს ბოლო ორი სიტყვა – „ღმერთს ებარებოდეთ!“

შესაძლოა, მე – ათეისტი, თავად ვარ მიკერძოებული, მაგრამ მორწმუნისგან ათეიზმის მოდურობის კრიტიკა არასერიოზულად მეჩვენება. აქა-იქ გაჟღერებული, თითქოს ნეიტრალური, „Ребята давайте жить дружно“ პათოსიც უცებ ჰაერში ქრება.

“ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას”.