ხუთი შეკითხვა ათეისტს

შეკითხვები ადაპტირებულია ამერიკული ათეისტური ვებგვერდიდან

1: საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა. როგორ შეიძლება ქართველი ადამიანი ათეისტი იყოს? საქართველო ქრისტიანობამ (ეკლესიამ) გადაარჩინა და მოიყვანა აქამდე. თუ ადამიანი ათეისტია, ის ვერ იქნება პატრიოტი. თუ არ ხარ მართლმადიდებელი, ვერ იქნები ქართველი.

დავიწყოთ იმით, რომ საქართველო დღეს არაა „გადარჩენილი“, თუ ადამიანი გადარჩენაში მხოლოდ იმას არ გულისხმობს, რომ საკუთარ ენაზე ვმეტყველებთ, საკუთარი ანბანით ვწერთ და სახელმწიფო სიმბოლიკა და საგადასახადო სისტემა გაგვაჩნია. თანამედროვე სამყაროში ზემოთჩამოთვლილი ფაქტორები ქვეყნის გადარჩენად ვერ ჩაითვლება. საქართველო არის გაჭირვებული სახელმწიფო, მეტწილად არაადეკვატური საკანონმდებლო სისტემით და ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი საზოგადოებით, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია ერთმორწმუნე მეზობლის მიერ. გარდა ამისა, ჩვენი საგარეო ვექტორი მერყევია და პერსპექტივებიც ბუნდოვანი. ეს სწორედ რომ არ არის ის, რისთვისაც, საქართველოში გავრცელებული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ.

მცირე ისტორიული გადახვევა რომ გავაკეთოთ და საქმეში, საღ აზრთან ერთად, მცირედი არითმეტიკა რომ ჩავრთოთ, ვნახავთ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა ითვლის დაახლოებით 4,000 წელს, ხოლო ქრისტიანობა – მხოლოდ 2,000-ს. საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსულ მოციქულებს და მათ სწორებს, ქართველებმა დაახვედრეს მდიდარი კულტურა, ფენომენალური სამხედრო ხელოვნება, განვითარებული ენა და დამწერლობა და ასევე, ორიგინალური თუ ნასესხები, ქართული წარმართული სარწმუნოება. ქრისტიანობამდელი საქართველო ცნობილი და პატივცემული იყო მთელს მაშინდელ ცივილიზებულ მსოფლიოში. ძველი ბერძნები მზის ღმერთის შვილად თვლიდნენ კოლხეთის მეფეს – აიეტს (დასავლეთში მინოსი იყო, კრეტის მეფე და აღმოსავლეთში, აიეტი); რომის მმართველები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ფარსმან ქველის კეთილგანწყობის მოპოვებაში… მოკლედ, საქართველო 326 წლამდეც დიდებული ქვეყანა იყო და ქართველი ერიც ერთ-ერთი სამართლიანად გამორჩეული ქრისტიანობამდელ სამყაროში და იმის თქმა, რომ ქართველობა ქრისტიანობის გარეშე არაფერია, არის საკუთარი ისტორიის შეურაცხყოფა.

პატივცემულ პატრიოტებს და ეკლესიასაც, უყვარს დავით აღმაშენებლის ხსენება. დავითი მართლაც შეიძლება ჩაითვალოს პატრიოტიზმის ეტალონად და მაშინდელი საქართველო – სამაგალითოდ, სწორედ იმიტომ, რომ დავით IV იყო ალბათ ისტორიაში ერთ-ერთი პირველი მონარქი, რომელმაც ეკლესიის გავლენას თავი დააღწია. მაშინ, როცა ევროპელი მეფეები რომის გახრწნილ პაპებთან შეხვედრის მოლოდინში მუხლებს იტყავებდნენ, დავითმა გააუქმა ეკლესიის დამოუკიდებლობა, მიუერთა ის სახელმწიფო აპარატს და ჩააყენა ქვეყნის სამსახურში. აი ეს იყო პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინება, პატრიოტიზმის, რომელიც რელიგიურ გრძნობაზე მაღლა იდგა.

გასაგებია, რომ ასეთი საკითხები, ისევე როგორც საქართველოს ისტორიის ბევრი ფურცელი, ხელახლა შესწავლას საჭიროებს. მე არ ვარ ისტორიკოსი და მომავალში ამ თემას კვლავ, უფრო მომზადებულად მივუბრუნდები.

 

2: როგორ შეიძლება მორალი და ეთიკა გქონდეს ღმერთის გარეშე? სხვანაირი ფორმულირება: თუ ღმერთი არ არსებობს, ე.ი. ყველაფერი მოსულა, ანუ რა აკავებს ათეისტს, რომ არ მოკლას, არ მოიპაროს და არ ჩაიდინოს სხვა უამრავი სისაძაგლე,  ან რა აკეთებინებს სიკეთეს, თუ მას არ სჯერა სიკვდილის მერე ჯილდოსი ან სასჯელის?

მორწმუნისა და ათეისტის კამათის დროს ამ შეკითხვის დასმა თვითმკვლელობის ტოლფასია, იმდენად ამაზრზენია თავად ამ შეკითხვის მორალი. მიუხედავად ამისა, ეს  ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა ათეისტების მიმართ მთელს მსოფლიოში.

ეკლესია თავისი არსებობის მანძილზე მხარს უჭერდა მონათმფლობელობას და მის ერთ-ერთ ფორმას, ბატონყმობას. გასაგებია, რომ ეკლესია თავად იყო ყველაზე დიდი ფეოდალი ყველა ფეოდალურ საზოგადოებაში და ამდენად, ეკონომიკური დაინტერესება ჰქონდა, მაგრამ მოდით, მხოლოდ მორალურ ფაქტორზე ვისაუბროთ. ეკლესია, უეჭველია, ამას აკეთებდა ღვთის სიტყვაზე დაყრდნობით, რომელიც უცვალებელია (ცა და მიწა vs. იოტა გავიხსენოთ). თუ ღვთის სიტყვა უცვალებელია, გამოდის, რომ ეკლესია დღესაც უჭერს მხარს ბატონყმობას. (ვისაც ბატონყმობა კარგი გგონიათ, გეტყვით, რომ ეს იყო ადამიანის ექსპლუატაციის ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი და სამარცხვინო ფორმა). შეკითხვა: რამდენად მისაღებია მსგავსი წარსულის (პრაქტიკაში) და მოსაზრებების (იდეაში ახლაც) მქონე ინსტიტუციისგან და მათი წევრებისგან მორალზე საუბარი?

მაგრამ, მოდი უფრო ფართო მასშტაბებზე გავიდეთ.

თუკი მაინც ჩავთვლით, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ღირს, პირველ რიგში ე.წ. ოქროს წესი უნდა ვახსენოთ: მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ („შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს.“ მარკოზი, 12:31). როგორც ევროპელი მოაზროვნეები გვამცნობენ და როგორც ამის მიხვედრა საღი აზრის მოხმობითაც შეიძლება, ეთიკის ეს პრინციპი ადამიანის ბუნებაში დევს. ალბათ ამის გამოცაა, რომ მისი ფორმულირება ქრისტიანობამდე მოხდა და თანაც, არაერთ კულტურაში მსოფლიოს გარშემო. ეს წესი სრულებით საკმარისია, რომ ადამიანმა სუფთა სინდისით იცხოვროს და არავითარი დანაშაული არ ჩაიდინოს.

მეტიც, წარმოსახვითი მსაჯულის არარსებობა ადამიანს უსპობს შინაგანად თავისი ქცევის გამართლების შანსს და აიძულებს, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქმედებებზე. ისტორიაც და რეალობაც გვიჩვენებს, რომ ღმერთის და რელიგიის ქონა, ანუ არამიწიერი, ზებუნებრივი მსაჯულის იმედი, ადამიანებს ყოველგვარ სისაძაგლეს ჩაადენინებს და გაამართლებინებს, მაგალითად, ინკვიზიცია და ტერორიზმიც კმარა.

ჩემთვის ძნელად დასაჯერებელია, რომ მართლა არსებობს ადამიანი, რომელსაც იმისთვის, რომ დანაშაული არ ჩაიდინოს, ზეციური სათვალთვალო კამერა და „დიდი ძმა“ სჭირდება. ეს უნდა იყოს ადამიანთა რასის ყველაზე უარესი წარმომადგენელი, რომლის შინაგან ბოროტებას ლაჩრობის სიმყრალეც თან ახლავს. ეს ადამიანი ელემენტარულად საშიშია საზოგადოებისთვის. როცა მორწმუნე სვამს ზემოთ მოყვანილ შეკითხვას, უნდა დაუფიქრდეს და გაიაზროს, რა წარმოდგენას ქმნის ამით საკუთარ თავზე.

3: ათეიზმი და კომუნისტები

ამ შეკითხვას დიდი ფორმულირება არ სჭირდება. ეს არის მორწმუნეთა საყვარელი, ე.წ. ჩამჭრელი შეკითხვა, რომლის დასმის მერეც ფიქრობენ, რომ ათეისტები თავს ჩაღუნავენ და გაეცლებიან, რადგან შერცხვებათ ყოველივე იმის, რაც კომუნისტებმა (ე.ი. ათეისტებმა) ჩაიდინეს გასული საუკუნის 70 წლის განმავლობაში.

პასუხად, რამდენიმე ფაქტს ჩამოვთვლი, რომელიც ფიქრისთვის გამოდგება, ხოლო კომუნიზმის და ათეიზმის კავშირის სიღრმისეულ მიმოხილვას სხვა დროს მივხედავ:

  1. მოდით, ეს საკითხი გავიაზროთ, როგორც ზოგადი უნარების ლოგიკის სავარჯიშოს პირობა:

ა) კომუნისტები ათეისტები იყვნენ;

ბ) კომუნისტები ცუდები იყვნენ.

გამომდინარეობს თუ არა აქედან დებულება: ყველა ათეისტი ცუდია.

თუ თვლით, რომ გამომდინარეობს, ჩაეწერეთ ზოგადი უნარების კურსზე, მანამდე კი გეტყვით, რომ ათეისტების აბსოლუტური უმრავლესობა არის სეკულარისტი – ესაა ერთადერთი პოლიტიკური შეხედულება, რაც ყველა მათგანს აერთიანებს. არსებობენ სოციალისტი ათეისტები, კაპიტალისტი ათეისტები, დემოკრატი ათეისტები, რესპუბლიკელი ათეისტები, მემარცხენე ათეისტები, მემარჯვენე ათეისტები და ა.შ.

  1. კომუნისტები ბოროტებას სჩადიოდნენ არა ათეიზმის, არამედ დოქტრინული მარქსიზმის სახელით, რომელიც გულისხმობს ათეიზმს. ეკლესიის მსახურები და მორწმუნეები იდევნებოდნენ არა თავისთავად მორწმუნეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ყველა მორწმუნე ძველი რეჟიმის გადმონაშთად და კომუნიზმის მოწინააღმდეგედ მიიჩნეოდა (იყვნენ კიდეც).

შედარებისთვის, კომუნისტებმა დახოცეს საკუთარი პარტიის უამრავი წევრი, რომლებიც, რასაკვირველია, დეკლარირებული ათეისტები იყვნენ, მაგრამ ამან ვერ უშველათ.

  1. უამრავი რეჟიმი სჩადიოდა უხსენებელ ბოროტებას რელიგიის სახელით. არა უბრალოდ რელიგიური სარჩულით, არამედ ხშირად, სწორედ რელიგიის სახელით (იხ. ზემოთ). იმის გამო, რომ რამდენიმე საუკუნის წინ ბალთაზარ კოსა ხალხს კოცონზე წვავდა, არავინ ეუბნება დღევანდელ კათოლიკეს, რომ ის ცუდი პიროვნებაა, რადგან კათოლიკეა. ამისი თქმა არის უკიდურესი სისულელე.
  2. რატომაა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ათეისტთმოძულე ქვეყნის – საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი (და მისი მიბაძვით ბევრი ენაგალექსილი, დემაგოგი სასულიერო პირი) მისტირის მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ მონსტრს, სასტიკ მიზანთროპს, ერთ-ერთ უბოროტეს არსებას მათ შორის, ვისაც დედის საშო დაუტოვებია და რომელიც, სხვათა შორის, ათეისტი იყო – იოსებ სტალინს?

 

4: ათეიზმი ერთ-ერთი რელიგიაა.

„რელიგია — იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე.“ – ვკითხულობთ ქართულ ვიკიპედიაში. ეს გახლავთ რელიგიის საყოველთაოდ მიღებული განმარტება, რომელიც სრულიად ადეკვატურად ასახავს ტერმინის რეალურ დატვირთვას.

„ათეიზმი (ბერძნ. άθεος, ღმერთის გარეშე) — მსოფმხედველობა, რომელიც უარყოფს ღმერთის, ღვთაებების და სხვა ზებუნებრივი ძალების არსებობას.“ – ასევე, საკმაოდ ადეკვატური განმარტება ათეიზმისთვის, იმავე საიტზე.

რასაკვირველია, საილუსტრაციოდ მოყვანილ ამ განმარტებათა სიზუსტეზე და უმჯობეს ვარიანტებზე შეგვიძლია ვიდავოთ, მაგრამ ისინი კარგად წარმოაჩენენ მთავარ განსხვავებას რელიგიასა და ათეიზმს შორის – რელიგიის საფუძველია ზებუნებრივის რწმენა, ხოლო ათეიზმისა – ამ ზებუნებრივის არსებობის უარყოფა.

რელიგია ადამიანის მოგონილია – ღმერთის არსებობა რომც დავუშვათ, მაინც მოგვიწევს აღიარება, რომ ღმერთთან დაკავშირებული იდეების მწყობრ სისტემაში მოქცევა და მასთან დაკავშირებული ქცევების (რიტუალების) შემუშავება ადამიანის ნამოქმედარია. ადამიანის რელიგიურობა სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული, რომელთა შორისაც ალბათ უმთავრესი ბავშვობისდროინდელი ინდოქტრინაციაა (ბავშვის მოქცევა მშობლების რელიგიაზე ისეთ ასაკში, როცა ის ამ არჩევანს დამოუკიდებლად ვერ გააკეთებდა. ამ დროს, თავის მხრივ, მშობლებიც, როგორც წესი, ინდოქტრინაციის მსხვერპლნი არიან). ასევე, რელიგიური ადმიანების დიდი ნაწილი საკუთარი არჩევანითაა რელიგიური, რადგან ამას ცხოვრების (ერთადერთ) სწორ გზად თვლის.

რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ადამიანი რელიგიური და რა რელიგიასაც უნდა მისდევდეს ის, ან საერთოდაც რომ არ მისდევდეს რელიგიას და უბრალოდ, ზებუნებრივის სწამდეს, მასში არის უმთავრესი – რწმენის ფაქტორი. რწმენა არის დაჯერება დამტკიცების გარეშე.

ათეიზმი არის შედეგი სამყაროს რაციონალური (მატერიალისტური, ფიზიკალისტური…) გააზრების. ის დღესდღეობით, მითუმეტეს ქართულ და დასავლურ რეალობაში, თავს არ შეიძლება იყოს მოხვეული, რადგან ადამიანს არჩევანის საშუალება აქვს. ტიპური ათეისტი მიდრეკილია სხვადასხვა მოსაზრებათა შემოწმებისკენ, ამიტომ მას, თუ შეიძლება ასე ითქვას, რწმენის – ანუ დაუმტკიცებლად დაჯერების – „ფუნქცია გამორთული აქვს“. მას არ სჯერა ღმერთის არსებობის იმიტომ, რომ ამას ვერავინ უმტკიცებს. ისევე, როგორც მავანი მორწმუნე არ დაიჯერებს მაქციების, ფერიების, ელფების და დრაკონების არსებობას.

ათეიზმის რელიგიასთან შედარება და მითუმეტეს, რელიგიად მოხსენიება არის ღრმა უმეცრების ნიშანი. გასაგებია, რომ რელიგიას უმეცრების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ტერმინებში გარკვევა მაინც ღირს.

5: ათეისტებს აქვთ ცარიელი, უემოციო, უმიზნო ცხოვრება, რადგან მათ არ სწამთ, რომ რაღაც უმაღლესი ძალა არსებობს „ზემოთ“.

ამაზე ყველა ათეისტს ალბათ პირადი პასუხი აქვს და მეც ჩემს პასუხს დავწერ:

ორიოდე წლის წინ, ზაფხულის მშვენიერ დღეს მეგობრებთან (მორწმუნეებთან) ერთად ვიმყოფებოდი საქეიფოდ ენით აუწერელი სილამაზის ტყიან ადგილას. შორიახლოს ისტორიული ტაძარი იყო და გადაწყდა მის მოსანახულებლად წასვლა. მე შუა გზიდან ტყეში გადავუხვიე, წამოვწექი მაღალი ხეების ძირას, გავიკეთე ყურსასმენები და ჩავრთე ბეთჰოვენის VII სიმფონიის Allegretto. ჩემს ზემოთ ხეები იყო, მათ ზემოთ ზეცა, უფრო ზემოთ უსასრულო სამყარო და ბეთჰოვენი.

თუ ვინმეს ჩემი ცხოვრება უაზრო ჰგონია, გადახედოს თავისას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ანრი კიკნაველიძე - მუსიკოსი, სწავლობდა ილიას უნივერსიტეტში, ასევე ბაღდათის საჯარო სკოლაში. ათეისტი