ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

მოცეკვავე ელჩი და „ქართული ნაბიჯები“

მოცეკვავე ელჩი და „ქართული ნაბიჯები“

ამას წინათ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ქართველი შეფ–მზარეულის თამუნა მახარაძის მიერ დაარსებულ ლაუნჯ–რესტორანში Tamu Lola აშშ–ში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ანა ლეჟავას ინიციატივა – პროექტის „ქართული ნაბიჯების“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია კულტურული გაცვლის გზით დიპლომატიის განვითარება, ამერიკაში საქართველოს პოპულარიზაცია, ქართული ცეკვისა და ბალეტის მეშვეობით ქართველი და ამერიკელი ახალგაზრდების დაახლოვება–დამეგობრება.

ახალგაზრდა ელჩების პროგრამას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი კურირებს, ხოლო პროგრამას ფინანსურად მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ – მინისტრის აპარატთან არსებული „განათლების საერთაშორისო ცენტრი”.

პროგრამის ფარგლებში რვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ერთი წლის ვადით ინიშნება ახალგაზრდა ელჩი, რომელიც ახალგაზრდა პროფესიონალების, სტუდენტებისა და დიასპორის წარმომადგენლების დამეგობრებას, გაერთიანებასა და ამერიკელებისთვის საქართველოს კულტურაზე, ისტორიაზე, განათლებაზე, ხელოვნებასა და ბიზნეს – ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინფორმაციის მიწოდებასა და გაცვლას ისახავს მიზნად. ამ მიზნების განსახორციელებლად აშშ-ში ანა ლეჟავამ, რომელიც პროფესიით მოცეკვავე, ქორეოგრაფი და ბალეტის ინსტრუქტორია, სტუდენტებთან და ახალგაზრდა პროფესიონალებთან ერთად შექმნა „აშშ–ში ქართველი და ამერიკელი ახალგაზრდების ქსელი”, რომელსაც ონლაინ პლატფორმა ექნება და იგი ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ინტერკულტურული დიალოგის მეშვეობით საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

„ქართული ნაბიჯების“ ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში იგეგმება კულტურული ღონისძიებები, რომელიც ქართული ცეკვისა და ბალეტის თემატიკაზე შემეცნებით საუბრებსაც მოიცავს. „თამუ ლოლა”-ში სწორედ ამ ღონისძიებების სერიის პირველი ნაბიჯი გადაიდგა. მოვიდნენ უფროსებიცა და უმცროსებიც, დააგემოვნეს ქართული ტრადიციული კერძები და ქართული ღვინო. თინეიჯერებისა და უფრო პატარებისთვის გაიმართა ქართული ცეკვის გაკვეთილი და იქვე სცენაზე ელჩთან ერთად აცეკვდნენ ის ბავშვებიც, ვისაც მანამდე არასოდეს უცეკვიათ. „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლისთავის პატივსაცემად წამახალისებელი კონკურსი მოეწყო, ხოლო ორ გამარჯვებულ სტუმარს რუსთაველის ახალი, ინგლისურად ნათარგმნი გამოცემა გადაეცა. იქვე გამოიფინა წარმატებული ახალგაზრდა ქართველი ხელოვანისა და ფოტოგრაფის ევა კაპანაძის ნამუშევრები. იგი სტუმრებს ქართულ ტრადიციულ თავსაბურავებში ფოტოებსაც უღებდა. ასევე მოეწყო კალიგრაფიის კუთხე, სადაც არაქართველებს ქართულად მათი სახელების დაწერა ასწავლეს.

ანა ლეჟავა, რომელიც თავადაა ქართული ცეკვების მასწავლებელი, ამბობს, რომ ელჩობის მანდატი იმის კარგ პრეცენდენტს ქმნის, თუ როგორაა შესაძლებელი ორი პროფესიის – დიპლომატიისა და არტისტობის გაერთიანება. სამომავლოდ იგი ჯორჯ ბალანჩინის საღამოსთვის ქართული ცეკვის მოტივებზე დიდი ფლეშ-მობის ორგანიზებას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და სხვა ეროვნების ახალგაზრდები მიიღებენ.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო