ამას წინათ ჩელსიში, Emmanuel Fremin Gallery-ში ნიუ იორკში მოქმედი არტ პრომოუშენ კომპანია Madatart-ის მიერ ორგანიზებული ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა დასრულდა. თხუთმეტი მხატვრის (რომელთაგან მხოლოდ რამდენიმე დაესწრო თავისი ნამუშევრების პრეზენტაციას) ფერწერა, ბატიკა, სკულპტურა და სამკაულები შეკრიბა და საგამოფენო დარბაზისთვის მოამზადა არტკურატორმა მარიტა დამენიამ, რომელმაც ამგვარი ექსპოზიციის შექმნა ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ გადაწყვიტა, ამ გამოფენას კი ხუთი თვე ამზადებდა. “მედეთარტი” დამფუძნებლის სახელისა და გვარის ინიციალებია და ამავდროულად ინგლისურად “არტზე გადარეულსაც” ნიშნავს.
მარიტა დამენიას, რომელიც თავადაც ხატავს, ჯერ კიდევ საქართველოში არაერთი დიდი არტპროექტი აქვს განხორციელებული. ყოფილი ჟურნალისტი წლების განმავლობაში გაზეთში მარკეტინგის/პროექტების მენეჯერი გახლდათ და ამავე დროს მუზეუმებში, თეატრებში დიდ არტექსპოზიციებსაც აწყობდა, ძირითადად, კლასიკოსი მხატვრების ნამუშევრების გამოფენებს. მათ შორისაა, რუსთაველის თეატრში გამართული გიგო გაბაშვილის ნამუშევრების პრეზენტაციაც. იგი გახლდით პროექტის – „გიგო გაბაშვილი, როგორც ფოტოხელოვანი” ავტორი. მარიტას მიერაა აღმოჩენილი გაბაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები. გამოფენის ავტორმა ამ ქართველი ხელოვანის ცხოვრების შესახებ სერიოზული კვლევაც აწარმოა და კატალოგიც გამოსცა.
ოთხი წლის წინათ ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ მარიტა დამენიამ ნიუ იორკში ქალაქის საგამოფენო სივრცეების შესწავლა ინტენსიურად დაიწყო. როგორც თავად ამბობს, ხანდახან დღეში ოცი–ოცდაათი გალერეის მონახულებაც კი უხდებოდა. იგი ერთი წლის განმავლობაში ამერიკელ არტისტ მარკო სტოატთან ერთად მუშაობდა, მონაწილეობდა “ნიუ არტ ფესტივალში” და სოჰოში გამოფენაც გამართა. ახლა კი ქართველი მხატვრების სხვა არტფორუმებზე, მაგალითად, Art Basel Miami Beach-ზე, Affordable Art Frieze–ზე, The Armory Show-ზე წარდგენასაც გეგმავს. გარდა ამისა, შემდეგი წლის გაზაფხულისთვის ამერიკაში ქართული ხელოვნების ფესტივალის დაფუძნება უნდა, რომლის კონცეფციაზეც ახლა მუშაობს.
“გარკვეულ რისკზე წავედი, რადგანაც ამერიკაში ქართულ ხელოვნებას ჯეროვნად არ იცნობენ,” – ამბობს მარიტა დამენია. “ვფიქრობდი, რომ სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ქართველი მხატვრები ამერიკელების ინტერესის სფეროში ვერ მოხვედრილიყვნენ. თუმცაღა გამოფენის გახსნის დღე სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, ბუნებრივია, ქართველებიც იყვნენ. მაგრამ უფრო მეტნი – ამერიკელები, რომლებსაც მოეწონათ ქართველი მხატვრების ნამუშევრები და გამოფენიდან წასვლა არ უნდოდათ. რამდენიმე ნამუშევარი შეიძინეს კიდეც.
ივნისის თვეში Phoenix Gallery-ში ასევე იგეგმება ქართველი მხატვრების მეორე ჯგუფური ექსპოზიცია; მოგვიანებით კი იგივე გალერეაში მხატვარ ვასილ სამსონიას პერსონალური გამოფენა გაიმართება. საგამოფენო სივრცე საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მხოლოდ იმ არტისტებს აქვთ უფასოდ გალერეებში ექსპოზიციების გამართვის ფუფუნება, ვისაც მსოფლიო სახელი უკვე აქვთ, მათი ტილოები კი პრესტიჟულ აუქციონებზე იყიდება. ძალიან მინდა, რომ ქართულმა ხელოვნებამ ნაბიჯ–ნაბიჯ ფეხი სწორედ ნიუ იორკში მოიკიდოს. მე კი ამისთვის ძალას არ დავიშურებ.”
შარშან ნიუ იორკის არტექსპოზე წიგნის ილუსტრატორისა და დაზგური გრაფიკოსის დეიკო ალუღიშვილის ნახატები გამოიფინა. ნამუშევრები ამ დიდ სახელოვნებო ბაზრობაზე მარიტა დამენიას მეშვეობით მოხვდა. წელს კი Emmanuel Fremin Gallery – ში მხატვრის შემოქმედებითი ოჯახის კიდევ ორი წევრის ნამუშევრები გამოიფინა. დეიკო ამბობს, რომ ჩელსიში გამართული გამოფენის შედეგებით ძალიან კმაყოფილია, რადგანაც მნახველებისგან–მყიდველებისგან მოულოდნელად კარგი უკუკავშირი მიიღო; რომ მომავალშიც აპირებს ხელოვნების ამერიკელ მოყვარულებს თავისი და მისი მეგობრების შემოქმედება გააცნოს, რადგანაც აქაური ბაზარი ძალიან პერსპექტიული და კონკურენტულია, რაც, თავის მხრივ, მეტ მოტივაციას ქმნის.
სოფო ბარნოვმა ბუნებისგან მიღებული შთაბეჭდილებით ბატიკაში შესრულებული დეკორატიული პანო და ტიხრული მინანქრის განსხვავებული დიზაინის სამკაულები წარადგინა. მან ეს ნამუშევრები სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნა და, როგორც თავად ამბობს, მისთვის მთავარი იყო ტექსტილის დიზაინი შეექმნა ანუ ის, რისი სპეციალისტიცაა. გალერეის სტუმრებს საკმაოდ დიდი ზომის ბატიკაში შექმნილი დეკორატიული პანო განსაკუთრებით მოეწონათ.
“ეს ჩემი პირველი გამოფენაა ნიუ იორკში, – ამბობს სოფო ბარნოვი, – ნებისმიერი ხელოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს იმის საშუალება, რომ საკუთარი შემოქმედება რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს, შეფასებები მოისმინოს, საინტერესო ურთიერთობები გააბას და მთელი მსოფლიოდან ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს დაუახლოვდეს. ჩემთვის ეს გამოფენა პერსპექტიული აღმოჩნდა, კიდევ ორი ჩემი ექსპოზიცია იგეგმება. ამჟამად ახალ ნამუშევრებზე სრული დატვირთვით ვმუშაობ და, ამავე დროს, იმედი, მაქვს, რომ თბილისს მალე დავუბრუნდები”.
Emmanuel Fremin Gallery–ში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდნენ: ნინო პაიჭაძე, ავთანდილ გახოკიძე, მარი აქუბარდია, მაკო ლომაძე, ნინო ხვადაგიანი, გიორგი შალიკაშვილი, თეოდორა კოხოძე, დეიკო ალუღიშვილი, თორნიკე აბულაძე, ნოდარ გიუნაშვილი, სოფო ბარნოვი, ბადრი ფილიშვილი, აგრეთვე მოქანდაკეები ლევან ბუჯიაშვილი და პაპუნა დაბრუნდაშვილი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სოფო ბარნოვის, დეიკო ალუღიშვილისა და ვანო ზაქაიძის ხელნაკეთი სამკაულები.