ნიუ იორკში, გრინვიჩ ვილიჯში ბლიკერის ქუჩაზე განლაგებულ ერთ–ერთ სახელგანთქმულ მულტიმედიურ არტკაბარეში (Le) Poisson Rouge (“წითელი თევზი”), იმავე ქუჩაზე მდებარე რესტორნის Old Tbilisi Garden მხარდაჭერით, ასე ვთქვათ, ქართულ–სლოვაკური კონცერტი გაიმართა, რომელშიც საბალეტო ეპიზოდიც – ასტორ პიაცოლას “თავდავიწყება” ჩაერთო. ისმოდა ბრამსი, გრიგი, ბრეინერი (“სლოვაკური ცეკვა”), მონტი და რახმანინოვი… ექვსი ხელის შესრულებით. იმ საღამოს აჟღერებული მუსიკა მიეძღვნა საქართველოს, სლოვაკეთსა და ასევე თურქეთსა და მსოფლიოს სხვა წერტილებში ტერაქტისგან დაღუპულთა ხსოვნას.
ქართველმა პიანისტმა დავით ალადაშვილმა და სლოვაკმა მევიოლინემ ფილიპ პოგადიმ ერთმანეთი ნიუ იორკში, ერთ–ერთ კერძო წვეულებაზე გაიცნეს, სადაც ალადაშვილი უკრავდა.
“მეც პერფორმანსიდან მოვდიოდი და ვიოლინო თან მქონდა” – მიყვება ფილიპი, „დავითმა სპონტანურად შემომთავაზა, რომ რაიმე იქვე ერთად შეგვესრულებინა და ჩვენ მართლაც ერთად დავუკარით. ვგრძნობდი, რომ ერთმანეთს მუსიკალურადაც და ადამიანურადაც კარგად ვუგებდით და ამიტომაც სამომავლოდ კონცერტი “წითელ თევზში” დავგეგმეთ. არასოდეს ვყოფილვარ საქართველოში, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გესტუმრებით, რადგანაც თქვენი სამშობლოდან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და ქართული კერძებიც მომეწონა.
ჩემი და დავითის პროგრამაში ქართული და სლოვაკური მუსიკის შემოტანა მნიშვნელოვანი იყო. და თან აქ, “წითელ თევზში”, რომელიც ყოველთვის მიყვარდა. მომწონს ამ ადგილის ულიმიტო და არატრადიციული ენერგია, განსაკუთრებით ახლა, როცა კლასიკური მუსიკა განმანძილდა და მსმენელთა უმრავლეოსობისთვის მიუწვდომელი გახდა. საყვარელი კომპოზიციებისა და კომპოზიტორების ნუსხა კი პერიოდულად მეცვლება, თუმცა ორი კომპოზიტორი ყოველთვის თავის უცვლელ ადგილზეა: ბახი და მოცარტი. ესაა ბახის “ჩაკონე” და მოცარტის “რექვიემი”. ორივე ჩემთვის ოდესმე დაწერილ ნაწარმოებთა შორის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე აბსოლუტური მუსიკაა”.