აქვს ამ ბალკანეთსა და ბოშებს ისეთივე ცხარეზე ცხარე სიმწარე და უკვდავი სიმძიმე, როგორიც ჩვენს მშობლიურ 1990 – იანებს. ან სხვა დიდ შავბედობას. 15 ივლისს გორან ბრეგოვიჩს “ლინკოლნ ცენტრში” თავისი პირველი კონცერტი სწორედ მაშინ ჰქონდა, როცა იმ დღეს (ევროპისთვის – ღამით) თურქეთიდან ცნობებს “სტატისტიკის” გასაგებად ველოდებოდით – გვამების რაოდენობა ასის, ათასის, თუ ათი ათასის ფარგლებში იქნებოდა. თორემ წინა დღეს ფრანგულ რივიერაზე დაღუპულების რიცხვი უკვე ვიცოდით. როგორც წესი, ამ წყეულ ციფრს მეორე დღეს ან ორს ამატებენ, ან აკლებენ. ან ერთს. ან სამს. აზუსტებენ. იმან, რომ გორანი სარაევოელი სერბია, პირველი მსოფლიო ომის საბაბი მომაგონა. კიდეც შეასრულა მისმა ბენდმა ბრეგოვიჩის კომპოზიცია “წმინდა ბართლომეს ღამე” (ფილმი “დედოფალი მარგო”) და სევდიანი “იავნანაც”, როგორც ჭირისუფლის წატირება. მოკლულებზეც და პოტენციურ სიკვდილის მომლოდინეებზეც და მკვლელებზეც. ოღონდ ექსპრომტად – არა. დიდი ხნით ადრე “ლინკლონ ცენტრის ფესტივალისთვის” ორივე სიმღერა პროგრამის ბუკლეტში ჩაიბეჭდა. თითქოს იცოდა წინასწარ, რომ “გამოადგებოდა”. მის ბენდსაც შესაბამისი სახელი ჰქვია – “ქორწილისა და დასაფლავების ორკესტრი”.
“არიზონას ოცნების” (1993) “სიკვდილის მანქანის” ლაიტმოტივისას დარბაზში სადღაც ჩუმად მიყუჟული, პლატონოვის “ჩევენგურის” უტვინო, ვერცლისფერი თევზი, ისარკბილა პალტუსი ჰაერში სცენისკენ ტალღოვან – ზანტად გაფრინდა – იქ, სადაც მბზინვარე თეთრებში გამოწყობილი თავისი მოყავისფრო ელექტროგიტარით ბრეგოვიჩი იჯდა. კოსტუმის გულის მხარეს ბროში უბზინავდა და თვალს მჭრიდა. მერე “ოცნებების” გულისგამჩერებელი მელოდიაც შემოვიდა და დარბაზში მოიღრუბლა. აცივდა. მეგონა, რომ წვიმა დასცხებდა. აქვე თვალწინ “ბალკანური ბაროკოც” (მარინა აბრამოვიჩის პერფორმანსი) დამიდგა და მისი შესატყვისი “სიკვდილის” (“არიზონას ოცნებიდან”) მოტივი თავისი პირქუში მისამღერით “ჰარი ჰარი ოოო”; მდინარეზე ანთებული პატარ–პატარა კოცონებით და გრეისი თავისი აუხდენელი ოცნებით კუდ გადაიქცეს და მუდამ ცოცხალი იყოს (არადა საქორწილო თეთრებში გამოწყობილმა თავი მოიკლა). და ისიც გავიფიქრე: ალბათ, ამ ჩვენი ტერორისტული დღეების ტოპ ოცნებაა – მშვიდად მიიცვალო ბუნებრივი მიზეზით. საკუთარ საწოლში. და არა – “ნახო ნიცა/პარიზი და მოკვდე”. საერთოდ, წყეული კუსტურიცას “ხელწერაა”: ქალი თეთრებში ან წვიმა/ ჭექა – ქუხილისას კვდება, ანდა ქორწილის ღამეს. ნეტა, გორანის თეთრი შარვალ–კოსტუმიც იმ ქალების სოლიდარობის გამო ხომ არ აცვია? ყურებში კი პანკ როკის ნათლიმამა იგი პოპის მანერულად გაწელილი Come on Mandolins, Play… მესმოდა.
დარბაზში ყოფილი იუგოსვალელები ისხნდნენ. ცხადია, სერბებიც. ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ალბანელები მოსულიყვნენ. თუმცა, ვინ იცის. პირველი “ბალკანეროს” (ალბომი “შამპანური ბოშებისთვის”) დაწყებული იყო, როცა დაგვიანებით ძალიან მაღალი, გამხდარი აფრო–ამერიკელი ყმაწვილი ხუთი რიგით წინ დააჯინეს და გავიფიქრე, მის უკან მჯდომი სცენას ვერ დაინახავს – მეთქი, მაგრამ, როგორც კი ბრეგოვიჩმა საცეკვაო მუსიკა დაიწყო კი არა, დასცხო, ახტა ეს ბიჭი, შემობრუნდა დარბაზისკენ და ხელით გვანიშნა – აბა, ამოძრავდით, აიშალეთ, აწიეთ ერთი ადგილი, თქვე ზანტო თევზებოო. ნეტა ვინ იყო, რას გვერჩოდა?… ხალხი მონუსხულივით ნელ – ნელა წამოიშალა. და ეს სოლიდური, ას მილიონ დოლარიანი დარბაზი ნელ–ნელა აზანზარდა. ნიუ იორკის ფილარმონიული ორკესტრის ტერიტორიაზე ანუ David Gaffen Hall-ში საშუალო ამპლიტუდის ხანგრძლივი მიწისძვა დაიწყო. ვპულსირებდით. ყველა ცეკვავდა, ბავშვი, მოხუცი, ახალგაზრდაც და ძველგაზრდაც, მგონი, სეზარია ევორაც საიქიოში, ჩინელიც და ქართველიც (მე და ჩემს მეგობარს ვგულისხმობ). სკამები სრულიად ზედმეტი იყო. გავწევდით, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა.
განსაკუთრებული სიგიჟე იწყებოდა მაშინ, როცა საქორწილო მუსიკაში “მძიმე არტილერია” – როხროხა საყვირის რიტმი შემოდიოდა. აი, მაშინ იწყებოდა სრული შეშლილობა. არ ვიცოდით ამ ბალაგანში ვის ვისზე ვაქორწინებდით. მგონი, სიცოცხლეს სიკვდილზე. ან პირიქით. ან ადრენალინს ადრენალინზე. ან სიმწარეს სიმწარეზე. ან სიტკბოზე. თავიდან ფანტაზიის უნარიც ამომიხტა და ისიც აცეკვდა. როცა ჩვენს ვენებში გორანი საპანაშვიდო მუსიკას კონტარსტული შხაპივით შემოუშვებდა, მეგობარი და მე ერთმანეთს გადავხედავდით, რადგანაც სრულიად ყრუ უნდა ყიფილიყავი, რომ ამ მელოდიებში აქა–იქ გაბნეული ქართული მოტივები არ დაგეჭირა. ჰოდა, ვიჭერდით, ერთმანეთს შეთქმულებივით გადავხედავდით და ვაგრძელებდით რიტმომანიას. მერე ისევ პანაშვიდი და მერე ისევ ფეხების პერკუსია. მახსოვს ისიც გავიფიქრე, ტერორისტი რომ შემოვარდეს, ვერც კი გავიგებთ რას დაიყვირებს. ან სულაც შეიძლება არც დაიჩხავლოს, ან ჩაიჩურჩულოს და პირდაპირ საქმეზე გადავიდეს. ან სულაც გადაიფიქროს ამ სახალხო სეირნობის შეწყვეტა. ან ცოტა დაგვაცადოს და მერე… თავში ცუდი აზრები მომდიოდა… ბრეგოვიჩი კი ბოშა ბარონივით ოლიმპიური სიმშვიდით იჯდა და შიგა და შიგ ჩუმად იღიმებოდა. ბრძენ მშობელს ჰგავდა, რომელიც კომპლექსებით შეპყრობილ თინეიჯერს ფრაზით – “ესეც გაივლის” აწყნარებს.
გამახსენდა, როგორ ვნახე პირველად ჩაბნელებული, საშინლად ცივი თბილისის ზამთარში ბრეგოვიჩის მუსიკა “არიზონაში”. მგონი, 1993 თუ 1994 წელი იყო. ჰო, სულ მეგონა, რომ ფილმი გორანის მუსიკის მატერიალიზირებული ვარიაცია იყო. გარეთ ქალაქის ღამის მონსტრები კალაშნიკოვს აკაკანებდნენ და იგინებოდნენ. მონსტრებმა ქართული იცოდნენ. “დვიჟოკით” ამუშავებულ “სონის” ვიდეოს ეკრანზე კი აპრიალებული კადილაკები ტრიალებდნენ, არიზონიდან უდაბნოს ველური სიცხე იღვრებოდა; ფეი დანავეი, როგორც ახლა იტყოდნენ, შვილისტოლა ბიჭს ურცხვად ეფლირტავებოდა და ჰიჩკოკის “ჩრდილოეთისკენ ჩრდილოდასავლეთის გავლით” – ის შავ–თეთრი საფრენი აპარატი ჩემსკენ მოემართებოდა. ალასკა, ესკიმოსები და ბრეგოვიჩიც ძალიან შორს იყვნენ. ისე შორს, რომ ამ მანძილს ენა–პირი ვერ აღწერს.
ზუსტად არ ვიცი, რა ხდებოდა ათი წლის წინათ, როცა გორან ბრეგოვიჩი “ლინკოლნ ცენტრში” პირველად 2006 – ში და მერე 2008 –ში, ფაქტობრივად, აგვისტოს ომამდე გამოვიდა. თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ ბალკანეთის სრული პაკეტი იქ იქნებოდა, თავისი ფოლკლორით, ქოროთი, ბოშური სულისწამღები ბალადებით და … საქართველოც. შეიძლება ისე, სიტყვის მასალისთვის გორანს ეკითხა, საქართველო რატომღაო? მე კი მაშინვე მივუგებდი, “სიკვიდლის მანქანაში” მარტო თქვენ კი არ ზიხართ – მეთქი…