ეს ტერმინი ენობრივ მიმოქცევაში გასული საუკუნის მიწურულს შემოვიდა. ეპოქალური ცვლილებები ენას ამდიდრებს და ახალ ტერმინებს აჩენს. ეკონომიკურად დაუძლურებულმა იმპერიამ რღვევა დაიწყო. იმპერიის განაპირას მცხოვრებმა ხალხებმა დრო იხელთეს და დამოუკიდებლობის მოთხოვნით აქციას აქციაზე მართავდნენ. “ეროვნული მოძრაობა” და მისი საწინააღმდეგო “რუსეთუმე” იმ დროს დამკვიდრებული ტერმინებია.
ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაბმულ ქვეყანას დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ ეტაპზე სამოქმედო გეგმა არ გააჩნდა. ეკონომიკაზე და ზოგადად საკუთარ შესაძლებლობებზე იმხანად რომანტიკული წარმოდგენები გვქონდა. “ოღონდ დამოუკიდებლები ვიყოთ და ბალახს შევჭამ”, ასევე, იმდროინდელი ფრაზაა. თუმცა ბალახის დიეტით თავის გატანაში ალბათ დროებით გაჭირვების მოთმენა იგულისხმებოდა. გაჭირვების გმირულად გადატანის შემდეგ კი ხალხი ერთმანეთს მდიდარ და წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებდა.
წელს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი ვიზეიმეთ. საუკუნის მეოთხედი დამაჯერებლად ჟღერს. ამ წლებში განცდილი მარცხებისა და მიღწევების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. უფრო საინტერესო სამომავლო საფრთხეებზე საუბარია. მთავარი საფრთხე კი დამოუკიდებლობის კიდევ ერთხელ დაკარგვაა.
ერთ დროს სალანძღავი სიტყვა “რუსეთუმე” დღეს პოლიტკორექტულმა “პრორუსულმა განწყობებმა” ჩაანაცვლა. სოციალური გამოკითხვები კი ასეთი განწყობების მატებას გვიჩვენებენ. კიდევ უფრო დიდია ე.წ. ანტიდასავლური განწყობები, რაც პრორუსულისგან ბევრად არც განსხვავდება. დასავლეთის მიმართ ირაციონალური შიშები და ეჭვები ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს აწუხებს.
ამ ყბადაღებული პრორუსული განწყობების მატების არაერთი მიზეზი სახელდება. 1. ეკონომიკური. რუსულ ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანის სურვილი. უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში სამუშაოს საძებნად რუსეთში გამგზავრების მოლოდინები. 2. ე.წ. ეროვნული მენტალიტეტის თემა. დასავლეთი ქართველობას გვართმევს, ტრადიციებს გვინგრევს , მართლმადიდებლობას ებრძვის და ა.შ. 3. რუსეთის შიში, რომელიც რატომღაც პუტინისადმი სიყვარულს შეიქმს. ფსიქოლოგები ამ ამბავს სტოკჰოლმის სინდრომს რომ უწოდებენ.
აქ ჩამოთვლილი მიზეზები არაერთხელ დასახელებულა და არაერთ სატელევიზიო თოქ-შოუში განუხილავთ. თითეული მათგანი დამაჯერებად ჟღერს. მაგრამ პრორუსულ განწყობებს უფრო ფუნდამენტური მიზეზებიც აქვთ. რუსეთის მიმართ სადო-მაზოხისტური ვნებები და პუტინის მიმართ გაჩენილი სიმპათიები მხოლოდ დაავადების სიმპტომია. თვითონ დაავადება კი სხვაგანაა საძებნი.
“ქართველმა ერმა გამოიღვიძა”… ეს ფრთოსანი ფრაზა ასევე ეროვნული მოძრაობის დროინდელია. ფრაზა გვეუბნება, რომ საბჭოთა იმპერიაში იძულებით გატარებული წლები ფიქცია, ილუზია, თვალთმაqცობა და ცუდი სიზმარი იყო. სიზმრის მეტაფორა უნივერსალურია და სხვა კონტექსტშიც გვინახავს. ცნობილი ფილმის “მატრიცას” ფაბულაც ასევე ძილის და ყალბი არსებობის დაძლევის იდეაზეა აგებული. ფილმის მთავარი გმირის სახელი ნეოა (ანუ ახალი) და ეს ნიშანდობლივი სიმბოლიზმია. საქართველომ „გაღვიძების“ შემდეგ დროსთან შესაფერისი ახალი ცხოვრების დაწყება არც კი სცადა. ქვეყანამ „ხალხთა ციხედ“ წოდებულ იმპერიაში ყოფნისას საკუთარ თავზე გამოგონილი მითებისა და ლეგენდების ცხოვრებაში დანერგვა დაიწყო. 70 წლიანი ძილისა და მოჩვენებითი ცხოვრების მანძილზე კი მითები ბლომად დაგროვდა. ახალ დროში ახლებურად მოქმედებისა და წინ წასვლის ნაცვლად მითოლოგიზებული ისტორიის რეკონსტრუირება დავიწყეთ. ფაქტობრივად ერთმა სიზმარმა მეორე სიზმარი შეცვალა და არც გაგვიღვიძია. დროსთან და სივრცესთან ადეკვატური მოპყრობა ისევ არ მოხდა.
საკუთარ ფიზიკურ, გონებრივ თუ ზნეობრივ შეასძლებლობებზე გადაჭარბებულმა წარმოდგენებმა ეროვნული კატასტროფები გამოიწვია. ყალბი პათეტიკა და მაღალფარდოვნება ქვეყანას ძვირი დაუდა. მაგრამ არაერთი მძიმე მარცხის მიუხედავად ქვეყანა საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობს და ისევ მითების ტყვეობაში ცხოვრებას ვაგრძელებთ. მითების წარმოებაში ჩემპიონები ვართ. მსოფლიოში ყველაზე მეტი 100 000 წამებულით და ყველაზე უხრწნელი გვამებით.
სუფრა საბჭოთა საქართველოში მითების შეთხზვა-გაზიარების პოლიგონად იყო ქცეული. სადღეგრძელოს წარმოთქმა ხელოვნების ცალკე ჟანრად ჩამოყალიბდა. “სუფრის აკადემია” ცხოვრების ყველა სფეროს მოედო და საჯარო სივრცეში ნათქვამ ნებისმიერ სიტყვაში სადღეგრძელოს ყალბი პათეტიკა ჟღერდა. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ვითარება უფრო გაუარესდა. ფორმალური დემოკრატიის პირობებში ელიტებს ხალხის ხმების მოპოვება უწევთ და სადღეგრძელოს ჟანრი ერთი -ორად გაიფურჩქნა. პოლიტიკოსები, ჟურნალისტები ე.წ. ცნობადი სახეები ფაქტებითა და არგუმენტებით საუბრის ნაცვლად ტელეეკრანებიდან ერთმანეთს სადღეგრძელოების თქმაში ეჯიბრებიან და პათეტიკის გრადუსს დღითი დღე ზრდიან. რეალურ ცხოვრებაში კი სხვა კანონზომიერებები მოქმედებს. სადღეგრძელოებში ჩახუჭუჭებული მაღალფარდვნება და გადაჭარბებული თვითშეფასება არ მართლდება და მუდმივად მარცხს განვიცდით.
პრორუსული განწყობების მატება “უკან მომავალში” ანუ ილუზორულ სამყაროში დაბრუნების გაუცნობიერებელი სურვილია. ადამიანებს მაღალი თვითშეფასებისა და სიმბოლური სტატუსის დაბრუნება უნდათ. რუსეთის საფარქვეშ დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებულ მიკროსამყაროში ცხოვრება ენატრებათ, სადაც ყველაფერი მარტივი, ცხადი და გასაგები იყო. მაგრამ მატარებელმა ჩაიარა. რუსეთი ჩვენი სუფრის ხარჯის გადახდას აღარ აპირებს.
დამოუკიდებლობა საკუთარი თავის მოვლა -პატრონობას და რჩენასაც გულისხმობს. წარმოება, ვაჭრობა და კონკურენციაში გამარჯვება ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი პირობაა. მითოლოგიური ცნობიერება ამ შემთხვევაშიც ხელს გვიშლის. „ქართულ ფუტკარს ყველაზე გრძელი ხორთუმი აქვს” – ეს ლოზუნგი ყალბ პათეტიკად დარჩება თუ პრაქტიკაში ფუტკრის გრძელ ხორთუმს ვერ იყენებ და ხარისხიან თაფლს ვერ აწარმოებ. აღმოჩნდა, რომ ქართული თაფლი პესტიციდებითაა დაბინძურებული და ევროპულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. „საქართველო ღვინის სამშობლოა” – ეს ლოზუნგიც ცარიელ სიტყვებად დარჩება თუ კონკურენტუნარიან ღვინოს ვერ ქმნი. პრობლემა ამ შემთხვევაშიც მითის და რეალობის აცდენაშია. კერძოდ საკრალურისა და პროფანულის აღრევაში. რიტორიკის დონეზე ვაზი სიწმინდედ და საკრალურ ობიექტად ცხადდება. პრაქტიკულ საქმიანობაში კი მევენახე ყურძნის სარფიანად გაყიდვას ცდილობს და დაბალი ფასის გამო ჩხუბობს. ინდოეთში ძროხა წმინდა ცხოველად ითვლება. შესაბამისად, ეს ცხოველი მოხმარების საგანი არ არის და ეკონომიკური მიმოქცევიდან ამოღებულია. თუ ვაზს სიწმინდედ ვაცხადებთ, ყურძენი გასაყიდად არ უნდა ვაწარმოოთ და აღებ-მიცემობის საგნად არ უნდა ვაქციოთ. საკრალიზაცია შესაბამის ტაბუირებას და აკრძალვებს გულისხმობს. „ვაზის გაჩეხვა ქართველობის დაკარგვას ნიშნავს” – ვაზთან ასეთი მიდგომა ამ მცენარის საკრალიზაციის ნიმუშია. რაციონალური მიდგომის შემთხვევაში გლეხმა ზუსტად იმდენი ყურძენი უნდა აწარმოოს, რამდენის გაყიდვასაც შეძლებს. ჭარბი ვენახი უნდა გაჩეხო და მის ნაცვლად სხვა მცენარე დარგო. მაგრამ ეკონომიკურ საკითხში ისევ ყალბი მითო-პოეტიკა ერევა და პატრიარქი ვაზის საკითხს სპეციალურ ქადაგებას უძღვნის. გლეხებს ვაზის საზამთროთი ჩანაცვლებას უკრძალავს (საზამთო ალბათ სამარცხვინო მცნარეა). სოფლის მეურნეობის პრობლემები რა პატრიარქის საქმეა, დღემდე ამოუხსნელი ამოცანაა.
პერმანენტული მარცხი და იმედგაცრუება ამ და სხვა მითო-პოეტური წარმოდგენების მიხედვით მოქმედების შედეგია. რუსულ ბაზარზე დაბრუნების დაუოკებელი სურვილი სწორედ ამ ფრუსტრირებული მდგომარეობიდან თავის დაღწევის მცდელობაა. აქ ბაზარში მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების ადგილი არ იგულისხმება. შეგვიძლია ეს ცნება განვაზოგადოთ : რაკი ევროპის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა და „ბარსელონასთან“ თამაში არ გამოდის ტაშკენტის „ფახთაგორთან“ თამაში გვენატრება.
არათავისუფალი საზოგადოება, როგორც წესი, ერთგვაროვნია. ნორმალურ მდგომარეობაში ადამიანები გემოვნების მსოფლხედვის სუბკულტურული თუ სხვა ნიშნით ჯგუფდებიან და საზოგადოება დიფერენცირებულია. თავისუფალი საზოგადოება განსხვავებული გემოვნების და ინტერესების მქონე ადამიანების ერთობაა. წესიერ საზოგადოებაში განსხვავებული ჯგუფები საერთო თამაშის წესებზე თანხმდებიან და ერთმანეთს ანგარიშს უწევენ. განსხვავებულთა თანაარსებობა და ერთად მოქმედება საზოგადოების მოწიფულობაზე მეტყველებს. ასეთ საზოგადოებაში კონკურენციის მთავარი ინსტრუმენტი გონებაა და არა უხეში ფიზიკური ძალა.
ჩვენს საზოგადოებაში განხვავებულ ჯგუფებს შორის ბუნებრივად არსებული უთანხმოებები უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებით „გვარდება’’. კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტი მუშტი და ტაბურეტია, და არა საღი აზრი და არგუმენტი. თამაშის წესებს მოხულიგნო მოძალადეებით დაკომპლექტებული დაჯგუფებები გვკარნახობენ. პოლიციას მისი უშუალო მოვალეობის (კრიმინალთან ბრძოლის) შესრულების გარდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ერთმანეთისგან დაცვა უწევს. ხშირად პოლიციაც ერთი ჯგუფის მხარეს იჭერს და თავისი უმოქმედობით (ან უკანონო მოქმედებით) მოძალადეებს ეხმარება. საზოგადოება (ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით) ფაქტობრივად არ გვაქვს. უთანხმოებები არქაული წესებითა და ძალმომრეობით გვარდება. სხვაზე კოლექტიური უპირატესობის მოპოვება და ველური ხერხებით დომინირება ნორმად და ტრადიციად ითვლება.
ძველბიჭურ კრიმინალური სუბკულტურა საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით გვერგო. მემკვიდრეობა განივრცო და დღესდღედობით კრიმინალურმა ცნობიერებამ საზოგადოების ყველა ფენაში შეაღწია. პარლამენტის ტრიბუნიდან და ქვეყნის მთავარი ტაძრის ამბიონიდანაც კი ძველბიჭური ინტონაციები ისმის. დეპუტატები თავისი “კაცურ-კაცობით” ამაყობენ და პარლამენტის დარბაზში ერთმანეთს საქმეებს ურჩევენ. საჯარო სივრცეში უხეში ფიზიკური ძალით თავს არა მხოლოდ მარგინალური ჯგუფები, არამერ პოლიტიკური, რელიგიური და სხვა სახის ოფიციოზიც იმკვიდრებს. პრიმიტიული ხერხებით უპირატესობის მოპოვების, მოწინააღმდეგეზე დომინირების ტრადიცია ქუჩურ სუბკულტურას გასცდა და საზოგადო-პოლიტიკურ სივრცეში მოქმედების ნორმად იქცა. მუშტი-კრივით თავის დამკვიდრების გარდა დომინირების სხვა ფორმებიც გვაქვს : გვაროვნულის, ჯიშ-ჯილაგის, კლასობრივის, წარმომავლობის – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ა.შ. თუმცა ყველა მათგანი ასევე ძალადობრივია. საჯარო პირები ერთმანეთს გარეგნობის გამოც კი დასცინიან და ამით უპირატესობის დემონსტრირებას ცდილობენ. მოკლედ დომინირების ფორმებით და ხასიათით ცხოველთა სამყაროში გავრცელებულ ურთიერთობებს ბევრად ვერ გავცდით.
ასეთ საზოგადოებას დასავლეთი თავისი სტანდარტებით უდგება და პრეტენზიებით აწუხებს. ჩვენთვის გაუგებარ თემებზე გვეჩიჩინებიან და გენდერული, კონფესიური, სოციალური, სამოქალაქო და ა.შ. თანასწორობის დაცვას მოგვიწოდებენ. ამ გარემოებების გათვალისწინებით ანტიდასავლური განწყობების გაჩენა სავსებით ბუნებრივია. ბოლო წლებში საზოგადოებრივი მოძრაობებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით შენიღბული მოძალადე ბანდების მომრავლება თვალშისაცემი გახდა. კრიმინალური მეობა-გაგება კი საზოგადო ურთიერთობების რეგულირების ფაქტორად დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა. ძალმომრეობა ერთ-ერთი მთავარი სოციალური ლიფტი გახდა. ეს ჯგუფები თავისი მოქმედებითა და რიტორიკით, როგორც წესი, წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამენ. ასეთ ადამიანებში გავცელებული ანტიდასავლური განწყობები და პუტინის მიმართ ლატენტური თუ ღია სიმპათიები გასაკვირი არ არის.
საზოგადო-პოლიტიკურ თუ ყოფით კულტურაში არსებული ფსევდოტრადიციები ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან და ზოგადად სახელმწიფოს ყოფნა არყოფნის საკითხთან პირდაპირ კავშირშია. ბოლოსდაბოლოს უნდა ჩამოვყალიბდეთ როგორი საზოგადოება და ქვეყანა გვინდა: ცივილიზებული – სადაც თანასწორობა მთავარი ფასეულოაბაა. საზოგადოება განსხვავებული ჯგუფებისა თუ ინდივიდებისგან შედგება და მოქალაქეები კონვენციების საფუძველზე ურთიერთობენ. თუ იერარქიული – სადაც კოლექტიური ნიშნით უპირატესობის მოპოვება და ერთმანეთზე ტოტალური დომინირება ნორმაა.
წესიერ ქვეყნებში ძალადობით, დისკრიმინაციით და უხეში დომინირებით საზოგადოებაში არსებული კონფლიქტების მოგვარებაზე უარის თქმა მარტივი მიზეზითაა განპირობებული: ამ ქვეყნებში საერთო საქმის ანუ სახელმწიფოს მიმართ ვალდებულებები კარგად ესმით. ჩაგრულისა და მჩაგვრელის ძლიერის მიერ სუსტზე დომინირების პრინციპზე მოწყობილი საზოგადოება არასტაბილურია. ასეთ არქაულ საზოგადოებებში მთელი ენერგია შიდა დაპირისპირებებზე იხარჯება. მჩაგვრელი მდგომარეობის შენარჩუნებას, ჩაგრული კი რევანშის აღებას ცდილობს.
ჩვენში ჩამოყალიბებული ძალის ცენტრები და დომინანტი ჯგუფები საკუთარი პრივილეგიების შესანარჩუნებლად ბევრ რამეს დათმობენ. მათ შორის სახელმწიფოს დამოუკიდებლობასაც. ქართული საზოგადოების არქაიზაცია და გაველურება ცალსახად რუსეთის ინტერესში შედის. ასეთ საზოგადოებას განვითარების პერსპექტივა არ ექნება და მთელ ენერგიას არსებული მდგომარეობის შენარჩუნება-დაკონსვებასა და გარესამყაროსგან თვითიზოლირებაზე დახარჯავს.
ქვეყნის წარუმატებლობის კიდევ ერთი მიზეზი ქართველობის როგორც ასეთის სპეციფიკურ გაგებაშია. საზოგადოების ერთ (უმეტეს) ნაწილს ქართული გენი რეალურად არსებული სუბსტანცია ჰგონია. მათი აზრით ამ მადლმოსილ გენში ქართველი ადამიანის ყველა ღირსებაა კოდირებული. რაც მთავარია ქართული გენი უპირატესობით გამოირჩევა და ყველა სხვა გენზე აღმატებულია. ამ გამორჩეულობასა და აღმატებულობას საფრთხე ემუქრება. უხილავი და ხილული მტრები ემუქრებიან და შეთქმულებებს უწყობენ. ასე ვთქვათ ქართველობას ართმევენ. შესაბამისად საქართველოს დიდი კედელი უნდა შემოერტყას და თვითიზოლირების გზით გენი გადარჩეს. ქართველობის ასეთ ბიოლოგიურ გაგებას ეთნოცენრისტულ, ეთნონაციონალისტურს ან უბრალოდ ეთნიკურს უწოდებენ ხოლმე. (თუმცა კარგად დაკვირვების შემთხვევაში აღმოვაჩენთ, რომ ქართველობის ასეთი გაგება ტომობრივ-გვაროვნულს უფრო შეესატყვისება და ეთნოსის მდგომარეობამდეც ვერ ქაჩავს).
ქართულ საზოგადოებაში განვითარებული პროცესების რეგრესულობა და უარყოფითი დინამიკა თვალშისაცემია. კოლექტიური ენერგია ყოველგვარი განსხვავებულობის, მრავალფეროვნების, კულტურის რთული ფორმების დათრგუნვისკენაა მიმართული. საზოგადოება სულ უფრო მარტივი პრიმიტიული და ერთგვაროვანი ხდება. სიახლე, ცვლილება, კომპლექსურობა, დახვეწისკენ სწრაფვა მტრულ ქმედებად მიიჩნევა და ხალხში თვითგადარჩენის ინსტინქტს აღაგზნებს. გარე გამაღიზიანებლებზე ამ ინსტინქტით რეაგირების სტადიას ვერაფრით ვერ გავცდით და გამოწვევებზე შემოქმედებითად რეაგირებას ვერ ვახერხებთ.
თვითიზოლირების ვნება მხოლოდ გარესამყაროსკენ არაა მიმართული. ქვეყნის შიგნით არსებული “უცხოც” საფრთხედ განიხილება და მისგან იზოლირება ხდება. ეთნოცენტრისტული კულტურა ორმაგ ღობეს ავლებს: ქვეყნის გარშემო (გარესამყაროსგან იზოლირების მიზნით) და ქვეყნის შიგნით (შინაური “უცხოსგან” განსაცალკევებლად). ქვეყანაში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფები “სტუმრებად” საღდება. განსხვავებული კონფესიის წარმომადგებლები სექტანტებად და ურჯულოებად ცხადდებიან და ა.შ. იგივე წესი არასტანდარტულ ქართველებზეც ვრცელდება. ასეთი კულტურა სახელმწიფოს შექმისა და შენარჩუნებისთვის მზად არ არის. თავისი ბუნებით ანტისისტემური ირაციონალური და შესაბამისად ანტისახელმწიფოებრივია. თვითიზოლირებისკენ მიდრეკილი პროვინციული კულტურა ქვეყანაში არსებული ნაირგვარობის განსხვავებულობის სხვადასხვა უმცირესობების საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას ვერ ახერხებს. ის ამას უბრალოდ არ ცდილობს. მისთვის სისტემური ქმედება რეალობის ახლებურად გადააზრება, ახალი იდეების მიღება , „უცხოთა“ ინტეგრირება არაბუნებრივია.
თუმცა ქართველობის გაგების სხვა პერსპექტივაც არსებობს. კოლექტიური იდენტობისა თუ სოლიდარობის ალტერნატიული გაგება ნაციის ცნებას უკავშირდება. ნაცია ბიოლოგიური ნიშნით შეკავშირებულ ერთობაზე მეტია. ასეთი გაგებით ქართველობა თვითგანცდა, თვითშეგნება, კულტურა, ენა და სახელმწიფოს მიმართ ერთგულებაა. ქართველობა არა ეთნიკური, არამედ ეთიკური უფრო მეტიც ესთეტიკური ხედვების ერთობლიობა უნდა იყოს. ზოგადსაკაცობრიო უნივერსალური ფასეულობების გაზიარებასთან ერთად ნაციონალური სახელმწიფო ორიგინალურ კლტურას ქმნის და სხვა კულტურებთან კონკურენციაში შედის. ისტორიის ნაწილი ხდება და მსოფლიო მრავალხმიანობას საკუთარ ორიგინალურ ხმას და მდიდარ კულტურას მატებს.
მაგრამ სამწუხარო ფაქტი სახეზეა- 25 წლიანი სახელმწიფო გამოცდილების მიუხდავად ქართული ნაცია ვერ შედგა. ნაციონალიზმის მკვლევართა აზრით სახელმწიფო პროექტი ნაციის ჩამოყალიბების მთავარი ფაქტორია. შეიძლება ითქვას რომ ნაციას სახელმწიფო აყალიბებს და არა პირიქით. სახელმწიფო პროექტის განხორციელება ნაციის შენების ლოგიკას თავისთავად გკარნახობს. მაგრამ ჩვენი პრელოგიკური მისტიციზმით გაჯერებული ცნობიერებისთვის ლოგიკა უცხო ხილია.
ქართველების დიდი ნაწილისთვის ქართველობა გვაროვნულ-ტომობრივი კუთვნილება და ეთნიკური ჯგუფის ნაწილად ყოფნაა. ასეთ ადამიანებს სახელმწიფო არ სჭირდებათ და რუსული იმპერიის პროვინციაში თავს კარგად იგრძნობენ. მათთვის მთავარი ზემოთხსებული უპირატესობისა და აღმატებულობის განცდის შენარჩუნებაა. ილუზიის შენარჩუნება კი თვითიზოლაციით და იმპერიის პროვინციაში მიმალვითაა შესაძლებელი.
საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობების მოგვარება არქაული წარმოდგენების დაძლევა განვითარება და თანამედროვე ერად-ნაციად ჩამოყალიბება ეთნიკურ-ტომობრივი პერსპექტივის ალტერნატივაა. მაგრამ ასეთი პერსპექტივა წლიდან წლამდე სულ უფრო თეორიული ხდება.
ასე და ამგვარად ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი თვისება (ქართველობის არქაული გაგება, საკუთარ თავზე მითოლოგიზებული წარმოდგენები, საზოგადოებრივი უთანხმოებების მოგვარების ველური ფორმები ) საგარეო პოლიტიკურ კურსთან და ზოგადად სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასთან პირდაპირ კავშირშია.
და ბოლოს. პროდასავლური საგარეო ორიენტაცია ახირება და თვითმიზანი არ არის. პროდასავლური კურსი დამოუკიდებლობის შენარჩუნების საშუალებაა. მეტი არაფერი. ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსზე გაუთავებელი ლაპარაკის დროს მთავარი არ უნდა დაიკარგოს და ხშირი გამეორებით სიტყვებმა აზრი არ უნდა დაკარგოს. „ევროკავშირი თუ ევრაზიის კავშირი, რუსეთი თუ დასავლეთი?” – სოციოლოგიურ გამოკითხვებში მოსახლეობას ასეთი კითხვით მიმართავენ ხოლმე. სინამდვილეში სწორად დასმული კითხვა ასე უნდა ჟღერდეს: რუსეთი თუ დამოუკიდებლობა? ვინაიდან პრორუსული ორიენტაცია ქართული სახელმწიფოს გაქრობას ნიშნავს.
ბოლო დროს ქვეყნის საგარეო ონიენტაციის თაობაზე რუსეთუმეებმა უცნაური ფორმულა გამოიგონეს. “არც პროდასავლური, არც პროსურული, საქართველო პროქართული უნდა იყოსო’’… ასეთი განცხადება შინაარსობრივადაც კი აბსურდულია. პროდასავლურობა ან პრორუსულობა ქვეყნის საგარეო ორიენტაციას ნიშნავს. პროქართული საგარეო ორიენტაცია ბუნებაში ვერ იარსებებს, რადგან საქართველო ქვეყნად ერთია და მეორე – გარე საქართველო არ არსებობს. როგორც ერთი სიმღერა გვეუბნება “სხვა საქართველო სად არის”?