ანრი კიკნაველიძის ბლოგი

ღვთაებრივი ილუზია – წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო

ღვთაებრივი ილუზია – წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო

„…სანამ ცოცხალი ხარ“ იქნებოდა დასასრული ფრაზისა, რომელიც ბოლო წლებში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის სლოგანი გახდა. მაგრამ წიგნი, რომელის შეახებაც ამ პოსტში მინდა ვისაუბრო, არა სანამ ცოცხლები ვართ, არამედ დაუყოვნებლივ, სასწრაფოდაა წასაკითხი.

ნებისმიერი პოსტის თუ მსჯელობის დაწყება ტრივიალური ფრაზით გვიწევს ხოლმე, ამჯერადაც უნდა გამოვიყენო ერთ-ერთი: ჩვენ ცვლილებების დროში ვცხოვრობთ. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამოკიდებულებათა ცვლილებებია, რომელთა შორისაც რელიგიის და ეკლესიის, მათი როლის და ფუნქციების, მათი ავკარგობის მიმართ დამოკიდებულებაც შედის და ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი გადამწყვეტი ცვლილებაა ჩვენი ქვეყნის ევროპულ, განვითარებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე.

ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ დამოკიდებულება აუცილებლად ინფორმირებული უნდა იყოს. მოდური ათეიზმი, თუკი ასეთი არსებობს, სწორედ არაინფორმირებულ გონებაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულებაა და ის მძიმე ტვირთად აწევს სეკულარიზმის (და ათეიზმის) ისედაც მცირე მუხტს, რომელიც საქართველოში არსებობს. და რას შეუძლია ინფორმირება უკეთ, ვიდრე წიგნს?

10 წლის წინ გამოვიდა რიჩარდ დოკინსის წიგნი „God Delusion” (“ღმერთი, როგორც დელუზია“). ის გარდამტეხი აღმოჩნდა ახალი ათეიზმის ფორმირებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რიჩარდ დოკინსი ინგლისელი ბიოლოგი, ევოლუციონისტი, ეთოლოგი და მწერალია, რომელიც 1941 წელს კენიაში, ნაირობიში დაიბადა. მის ცხოვრებაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ  ოქსფორდის პროფესორია, არის ავტორი რამდენიმე სამცნიერო ბესტსელერის (რომელთა თემა არაა ათეიზმი), არის ერთ-ერთი ავტორი ევოლუციის გენეტიკური თეორიის, მისმა წიგნმა „ეგოისტი გენი“ (The Selfish Gene, 1976) მეცნიერების ერთ-ერთი დარგის წარმოშობაც კი გამოიწვია.

ძნელია, იპოვო საკითხი, რომელიც ისტორიული თვალსაზრისით თუ თანამედროვე მსოფლიოში რელიგიის და ათეიზმის (და ყველაფრის მათ შორის) ირგვლივ არსებობს და რომელსაც God Delusion პასუხს არ სცემს. მაგრამ ამ პოსტის ინტერესებში ქართულ რეალობაში არსებულ პრობლემებთან მიმართებაში მისი რელევანტურობა შედის, რომლის ხარისხიც გასაოცრად მაღალია.

იმსახურებს თუ არა რელიგიური რწმენა განსაკუთრებულ დაცვას და პატივისცემას ურწმუნოთა მხრიდანაც? უნდა იყოს თუ არა რელიგია პრივილეგირებული სეკულარულად გაცხადებულ სახელმწიფოში? უნდა იყოს თუ არა ვინმეს ე.წ. „რელიგიური გრძნობები“ განსაკუთრებული დაცვის ობიექტები და იყენებენ თუ არა მას გარკვეული ძალები პოლიტიკური თუ სხვა სახის მიზნებისთვის? იყო თუ არა აინშტაინი მართლაც მორწმუნე (როგორც ჩანს, ეს შეკითხვა მარტო საქართველოში არ აწუხებთ)?

  • რა არის ღმერთი? რას გულისხმობდა და გულისხმობს ადამიანი ამ სიტყვით? რა რწმენითი წარმოდგენები და სისტემები არსებობდა და არსებობს? რა საერთო აქვთ მათ და რა განასხვავებთ ერთმანეთისგან? რა ვიცით რეალურად ბიბლიაზე და „სავარაუდოდ, ყველაზე უსიამოვნო პერსონაჟზე მთელ მხატვრულ ლიტერატურაში“ (დოკინსის სიტყვებია) – ძველი აღთქმის (და პრინციპში, ახლისაც) ღმერთზე? რაზე ვხუჭავთ თვალებს და რას არ ვკითხულობთ ბიბლიაში?
  • რა არგუმენტები არსებობდა და არსებობს ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად და რამდენად სერიოზულია ისინი? რა არის პასუხი მათზე? რეალურად, რა დგას აღიარებული მეცნიერების „რწმენის“ უკან?
  • რა საფუძველი აქვს მტკიცებას, რომ ღმერთი თითქმის უეჭველად არ არსებობს? შეგვიძლია თუ არა, ღმერთის რწმენის უკუგდების შემდეგ ახსნა მოვუძებნოთ უამრავ ბუნებრივ ფენომენს, დედამიწაზე თუ სამყაროს კიდეში?
  • შეიძლება თუ არა, ვიყოთ კარგები რელიგიის და რწმენის გარეშე? რა პასუხი გვაქვს შეკითხვებზე, რომლებიც სისხლისმსმელ ათეისტურ რეჟიმებს უკავშირდება?
  • რატომაა საჭირო ბრძოლა რელიგიასთან? ნუთუ მართლა იმხელა ბოროტებაა მასში, რომ სამყარო უკეთესი იქნებოდა მის გარეშე?

ეს გახლავთ არასრული რეზიუმე იმ შეკითხვებისა, რომლებზე პასუხსაც აღნიშნულ წიგნში იპოვით. მსჯელობა, მიუხედავად იმისა, რომ სენსიტიურ თემებს ეხება, არაა ფრთხილი და ბოდიშიანი. როგორც „გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული რევიუს ავტორი წერს, ამ წიგნში “დოკინსი ჯვაროსნულ ლაშქრობაზეა“.   

ამ ლაშქრობაში მისი მთავარი იარაღი ინფორმაციაა. დოკინსის მსჯელობა ფართოდ და ღრმად ინფორმირებულია. როცა საკითხი მის სფეროს ცდება და ზოგჯერ მისივე სფეროშიც, მას მოჰყავს ათობით ავტორი და წიგნი, რომელთაც რეკომენდაციას უწევს და რომელთა გრძელი სიაც წიგნის ბოლოსაა მოცემული. ეს არცაა გასაკვირი. წიგნის გაცხადებული მიზანი ხომ „ცნობიერების ამაღლებაა“.

დღეს ჩვენ გვაკლია ისეთი წიგნები (გნებავთ, გადაცემებიც), რომელთა მიზანიც არა ვიწრო ინტერესების დაკმაყოფილება, არამედ ცნობიერების ამაღლებაა. ასევე, გვაკლია გაბედული ხმებიც, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში (იმაზე დიდში, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია) მომწიფებულ ან მომწიფებად პროგრესულ შეხედულებებს ჩამოყალიბებულ სახეს და მიმართულებას მისცემს. ამ წიგნს შეუძლია ამ ფუნქციის შესრულება.

მაგრამ აქ უნდა ითქვას უსიამოვნო რამ – წიგნი არაა გამოცემული ქართულად. არა იმიტომ, რომ ქართული თარგმანი არ არსებობს. რამდენიმე წლის წინ ერთმა ახალგაზრდამ თარგმნა ის თავისი დროის და ენთუზიაზმის ხარჯზე და იმ იმედით, რომ ხვალ-ზეგ ამის გამო პასუხისგება არ მოგვიწევს, ვიტყვი, რომ წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია. ცუდი ისაა, რომ გამომცემლობები დაინტერესებულნი არ არიან. თუ ამაში ვცდები და რომელიმე გამომცემლობა დაინტერესდება წიგნის რედაქტირებით და გამოცემით, ჩემი და ჩემთან ერთად ბევრი დაინტერესებული ადამიანის გულისწყვეტა სიხარულით შეიცვლება. ეს დიდი ნაბიჯი იქნებოდა წინ.

ჩვენ ცვლილებების დროში ვცხოვრობთ. ის ვინც ცვლილებებს ფეხს ვერ უწყობს, იღუპება – ეს დოკინსის სფეროში კარგად ცნობილი, მარტივი ჭეშმარიტებაა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ God Delusion არის სახელმძღვანელო, გზის მაჩვენებელი ამ ცვლილებებში. ის წარმატებით ართმევს თავს ამ ფუნქციას მსოფლიოს მასშტაბით უკვე ზუსტად 10 წელია. ესაა წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო.