ახალი ამბებიბლოგებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ ტოვებენ აზერბაიჯანს

05.12.2016 | 2915 |
რატომ ტოვებენ აზერბაიჯანს

სამსახურის დაკარგვის მუდმივი შიში; შიში იმისა, რომ შვილებს ვერ გამოკვებავ; რომ ერთ დღესაც ქვეყნის საზღვრებს დახურავენ, როგორც საბჭოთა კავშირის პერიოდში; შიში იმისა, რომ შენს შვილს ჯარში მოკლავენ; რომ სახლს დაგინგრევენ იმიტომ, რომ რომელიმე ჩინოვნიკს შენი ტერიტორია თავისთვის მოსწონს. დემოკრატებს ეშინიათ, რომ ქვეყანაში ისლამური რევოლუცია მოხდება; ახალგაზრდებს ეშინიათ, რომ ალიევის რეჟიმი მათ კიდევ 20 წლით მაინც დააზარალებს; მოხუცებს ეშინიათ ქაოსისა და შვილების გამო. შიში და საფრთხეები სხვადასხვაა, თუმცა არჩევანი ერთი – რაც შეიძლება მალე დატოვო ქვეყანა, სანამ საზღვრები ჩაუკეტავთ.

ამ შიშის ფონზე პოლიტიკურ საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მრჩევლის, ალი გასანოვის სიტყვები ასე ჟღერს: თუ არ მოგწონთ ჩვენი ქვეყანა, დატოვეთ, საზღვარგარეთის პასპორტი ხომ ყველას გაქვთ?!

ნახევარი წლის წინ კოლეგებთან ერთად სომხეთიდან და საქართველოდან შრომითი მიგრანტების საკითხის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებაზე ვმუშაობდით. სტატისტიკის მოძიების დროს აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ოფიციალური მონაცემები “შეუიარაღებელი თვალითაც” არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. ოფიციალური მონაცემებით გვარწმუნებენ, რომ 2015 წელს აზერბაიჯანი 1600-მა შრომითმა მიგრანტმა დატოვა. 2016 წელს კი ეს ციფრი 238-მდე შემცირდა. ეს იმ დროს, როდესაც სხვადასხვა არაოფიციალური მონაცემით, ყოველდღე 900 მოქალაქე ხანგრძლივი დროით გადის ქვეყნიდან.

აზერბაიჯანის მიგრაციის ცენტრის დირექტორი, ალოვსეტ ალიევი, რომელიც ათსულიანი ოჯახით ასევე ემიგრაციაში წავიდა და ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის მონაცემს არ ენდობა. მისი განმარტებით, აზერბაიჯანში არ არსებობს სისტემა, რომელიც ქვეყნიდან სამუშაოდ ან სხვა მიზეზით წასულ მოქალაქეებს აღრიცხავს.

“რეალურად ყოველ წელს თითქმის ათეულობით ათასი ადამიანი ტოვებს აზერბაიჯანს”, – მეუბნება ალიევი.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ფოტოს წავაწყდი – ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ბიჭი გერმანიის ერთ-ერთ კაფეში, სადაც მზარეულად მუშაობს, ცომს აბრტყელებს. ერთი შეხედვით, ფოტოზე განსაკუთრებული არაფერი იყო. თუმცა სამი წლის წინ, გერმანიაში მის ემიგრაციამდე, ამ ბიჭს პირადად ვიცნობდი. ის ჩემი მეგობარი იყო, ახალგაზრდა და წარმატებული იურისტი. ისიც და მისი ცოლიც აზერბაიჯანში ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში იურისტებად მუშაობდნენ.

პირადში მივწერე და ვკითხე, პროფესია შეიცვალა, თუ ეს ფოტო უბრალოდ ხუმრობა იყო. რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია იმაში, როცა ადამიანი პროფესიას იცვლის. მეც ბევრჯერ მიოცნებია საკუთარი რესტორნის გახსნაზე, რადგან მზარეულობა მიყვარს. მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს მიზეზები, რატომაც ტოვებს ადამიანი თავის პრესტიჟულ, შემოსავლიან და პერსპექტიულ სამსახურს? გულწრფელად მითხრა, რომ აზერბაიჯანში მათი კომპანიის მოგება დღითიდღე მცირდებოდა და არაოფიციალურმა “გადასახადებმა” კომპანია გააკოტრა: “ხელფასები მცირდებოდა, თანამშრომლების ნახევარი დაითხოვეს და ჩვენც სამსახურის დაკარგვის შიშით ვცხოვრობდით. ბანკში ბინის კრედიტის გადახდას მუდმივად ვაგვიანებდით. ჩამოვურეკეთ ყველა მეგობარს და სხვა სამსახურის პოვნაში დახმარება ვთხოვეთ. აღმოჩნდა, რომ კრიზისი ყველას შეეხო. ჩვენი მეგობრების უმეტესობა კრედიტით ნაყიდ მანქანებს ჰყიდდა. კაფეებში კვება სამსახურში სახლებიდან ქილებით მოტანილმა საკვებმა შეცვალა.  იმჟამად მეგობრების დიდ ნაწილს აზერბაიჯანი უკვე დატოვებული ჰქონდა. ისინი ძირითადად აშშ-ში, ევროპის ქვეყნებში ან თურქეთში წავიდნენ. მერე მეც წავედი ქვეყნიდან და ზუსტად ვიცოდი, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო. როდესაც გავიგეთ, რომ არსებობს ქვეყნის დატოვებისა და ევროპაში ემიგრანტებად წასვლის საშუალება, სიხარულით დავთანხმდით”.

საბოლოოდ, ჩემი მეგობარი და მისი ცოლი ემიგრაციაში სამსახურის, ბინისა და სიმშვიდის დაკარგვის საფრთხის გარეშე წავიდნენ.

დღეს აზერბაიჯანიდან ემიგრირებულთა შორის არიან ჟურნალისტები, აქტივისტები, ბიზნესმენები, წამყვანები. როდესაც ვეკითხები, რატომ სურთ ქვეყნის დატოვება, ყველა მპასუხობს, “აქ უკვე შეუძლებელია ცხოვრება”.

აზერბაიჯანში დევნილი ჟურნალისტი, იდრაკ აბბასოვი, რომელიც ნორვეგიაში ცხოვრობს, ამბობს, რომ უამრავი ადამიანი წერს აზერბაიჯანიდან შეკითხვით, როგორ შეუძლიათ ნორვეგიაში ემიგრირება?

სამი წლის წინ, როდესაც მეც დავტოვე ქვეყანა, ათეულობით ჩემი მეგობარი და თანამოაზრე გამინაწყენდა. ფიქრობდნენ, რომ ჩემმა ოჯახმა აზერბაიჯანი საკუთარი კეთილდღეობისთვის დატოვა. სამი წელი გავიდა და უცნაური გრძნობით ვადევნებ თვალს, როგორ მიდიან იგივე ადამიანები საცხოვრებლად ევროპაში, ამერიკაში, თურქეთში. ვიღაც ამბობს, რომ 37 წლის ასაკში სასწვლებლად წავიდა, ვიღაც მკურნალობის მიზეზს ასახელებს, ვიღაც ამბობს, რომ ქვეყნაში აღარავინ დარჩა, ვისთანაც ურთიერთობას შეძლებდა.

შორიდან უყურებ ამ პროცესს და გეჩვენება, რომ 300 სპარტანელის მსგავსად, მთელი ამ კორუფციისა და ტირანიის წინაშე ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე თავისუფლად მოაზროვნე ადამიანიღა დარჩა.

გიუნელ მევლუდი, ჟურნალისტი აზერბაიჯანიდან, რომელიც ხელისუფლების მხრიდან დევნის გამო საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა