ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ამერიკელები, რომლებსაც საქართველო უყვარდათ

ამერიკელები, რომლებსაც საქართველო უყვარდათ

თითქმის ორი წლის წინათ, როცა ნიუ იორკელები და ქალაქის სტუმრები “თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში” (MoMA) თუ კოლუმბიის უნივერსიტეტში ქართულ ხელოვნებას ეცნობოდნენ, ის ადამიანები, ვისი ინიციატივითაც ამერიკელებმა ჩვენს ქვეყანასა და მის კულტურაზე უფრო მეტი გაიგეს – “საქართველო აღმოაჩინეს”, სიცოცხლეს ესალმებოდნენ.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში” კინოსა  და მედიის კურატორი იუტე იენსენი 2014 წელს ქართული ფილმების კოლექციის ჩვენებაზე  (Discovering Georgian Cinema) გავიცანი; რუსული ლიტერატურის პროფესორს, კოლუმბიის ბერნარდის კოლეჯის სლავური განყოფილების ხელმძღვანელს ქეითრინ თაიმერ ნეპომნიაშჩის კი  გაცილებით ადრე – ქართულ ხელოვნებასთან დაკავშირებულ ლამის ყველა ღონისძიება–კონფერენციაზე ვხვდებოდი და იგი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს მთელი თავისი პროფესიული მოღვაწეოების განმავლობაში ზედმიწევნით კარგად იცნობდა არა მარტო ქართულ ხელოვნებას, არამედ – რეალობასაც. ცხადია, არიან ადამიანები, რომლებიც ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში იუტესა და ქეითრინის ღვაწლს უფრო დეტალურად იცნობენ და თვლიან, რომ საქართველოში ამ ადამიანების მოღვაწეობა უფრო დაფასებული უნდა იყოს, ვიდრე ეს დღესაა.

“ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის” დირექტორი მაკა დვალიშვილი მიყვება, რომ  ჯერ კიდევ 1970-იანი წლებში MoMA-ს კინოფესტივალების ორგანიზატორი იუტე იენსენი საქართველოს სტუმრობდა და რომ სწორედ მაშინ შეხვდა იგი ლანა ღოღობერიძეს, ელდარ შენგელაიასა და  იმ დროის ქართული კინოს სხვა წარმომადგენლებს; გაეცნო ქართულ კინემატოგრაფს, შეუყვარდა იგი, დაუმეგობრდა ქართველ ხელოვანებს და თავისი ცხოვრების ერთ – ერთ მიზნად MoMA-ში ქართული ფილმების ფესტივალის ჩატარება დაისახა.

ია მერკვილაძე და იუტე იენსენი

ია მერკვილაძე და იუტე იენსენი

“იუტე 2007 წელს გავიცანი, ამ დროს მე ფულბრაიტის პროგრამით ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში ვიმყოფებოდი” – მიყვება მაკა დვალიშვილი, “ჩემი საქმიანობის ერთ – ერთ ამოცანა ამერიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ქართველი და ამერიკელი არტისტიების უერთიერთგაცნობა და არსებული კავშირების გაღრმავება იყო; იუტესთან სწორედ ქართული კინოს პოპულარიზაციის პროექტმა დამაკავშირა. გაეროში საქართველოს მაშინდელი მისიის აქტიური მხარდაჭერით  ნიუ იორკის კინოსამყაროს წარმომადგენლებს დავუკავშირდი და უკლებლივ ყველამ მირჩია იუტე იენსენი, როგორც ექსპერტი და საქართველოზე შეყვარებული ადამიანი, რომელსაც ქართული ფილმების ფესტივალის ჩატარება  უდაოდ მაღალპროფესიონალურად  შეეძლო.

იუტეს ნიუ იორკში ქართული ფილმების ჩვენებზე  ფიქრი უკვე ჰქონდა დაწყებული და კონცეფცია – შემუშავებული. ეს უნდა ყოფილიყო  „ქართული კინო – რეჟისორი ოჯახები“. იგი სამი თაობის წარმომადგებლებს მოიაზრებდა: ჭიაურელი – შენგელაიების, კალატოზიშვილებისა და ბაბლუანების. კონცეფციის შემუშავებაში ჩართული იყო როგორც ამერიკული, ასევე ქართული მხარე. შემდეგ  დაძაბული  მუშაობა დაიწყო, მოსამზადებელი სამუშაოები, საქართველოს სახელმწიფო უწყებებისადმი მუდმივი მიმართვები, ფილმების მოძიება, მოლაპარაკებები ფილმების მფლობელებთან და ა.შ. იუტეს ენთუზიაზმი განუზომელი იყო, ასევე დიდი იყო ის მასშტაბი, რომელითაც იგი ქართული ფილმების სპეციალურ პროგრამაზე ფიქრობდა. პროგრამა არა მხოლოდ ფილმების ჩვენებას მოიაზრებდა, არამედ ქართული კინოხელოვნების გრძელვადიან განვითარებაზეც იყო ორიენტირებული. იუტეს პარტნიორი  სან ფრანცისკოს Pacific Film Archive იყო და  პირველი დამფინანსებელიც მოვიძიეთ – ამერიკული ფონდი Trust for Mutual Understending.

მას შემდეგ იუტე უკვე საქართველოში შემხვდა, იგი თბილისის კინოფესტივალს “პრომეთე“  სტუმრობდა და… ისევ გაუთავებელი წერილები, შეხვედრები და მოლაპარაკებები: ამჯერად უკვე ახალ ადრესატებთან, ახლად დანიშნულ მინისტრებთან. საქართველოში მინისტრები ხომ ასე ხშირად იცვლებიან. ბოლოს და ბოლოს ქართული ფილმების ფესტივალი MoMA-ში წარმატებით ჩატარდა, დიდი იყო იქაურების ინტერესი ქართული კინოხელოვნებისადმი. იუტეს ოცნებაც ახდა, თუმცა ამ დროს მისი ჯამრთელობა უკვე ძალიან შერყეული იყო”.

 

 ქეით ნეპომნიაშჩი, მაკა დვალიშვილი, მზია ჩიხრაძე

ქეით ნეპომნიაშჩი, მაკა დვალიშვილი, მზია ჩიხრაძე

***

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო და თავისუფალი უნივერსიტეტების პროფესორი მზია ჩიხრაძე იგონებს, რომ ქეითრინ თაიმერ ნეპომნიაშჩი, რომელიც 2002–2009 წლებში  კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანს ინსტიტუტის დირექტორი იყო, პირველად  2007 წელს გაიცნო, როცა მზია კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის თაოსნობით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – “ქართული მოდერნიზმი: საზღვრების ხელახალი შემოხაზვა”, მონაწილეობდა.

“გავიცანი ქალბატონი, რომელიც ცოტა დაბნეული, არაორგანიზებული ადამიანის შთაბეჭდლებას ტოვებდა” – მიყვება მზია. “ცოტა მეუცნაურა კიდეც, გავიფიქრე, ეს პიროვნება როგორ აუდის კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას-მეთქი. შემდეგ ჩვენი გზები 2008 წლის ზაფხულში გადაიკვეთა. ქეითი თბილისში თავის მეუღლე სლავასა და მცირეწლოვან ქალიშვილ ოლგასთან ერთად (მაშინ 9 წლის იქნებოდა) ჩამოვიდა. ქეითისთვის ეს იყო ნახევრად ოფიციალური, ნახევრად ტურისტული მოგზაურობა, რადგან მას დაგეგმილი ჰქონდა სხვადასხვა ოფიციალურ პირთან შეხვედრაც, მაშინდელი პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით და ასევე, ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, აფხაზეთში მოგზაურობა. და აი, ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა მაკა დვალიშვილმა დამირეკა და მთხოვა, იქნებ, გამონახო დრო და ქეითი და სლავა სადმე წაიყვანო, რაღაცეები ანახო, მოკლედ, საქართველო გააცნოო. მე ამ საქმეს სიამოვნებით შევუდექი.

ძნელია გადმოსცე ცოლ-ქმრის აღფრთოვანება, რაც მათ მცხეთის არქიტექტურული ძეგლების ნახვისას გამოხატეს, ასევე ძნელია აღწერო ის ემოცია, რაც მათ ქართული სამზარეულოს დაგემოვნებისას ჰქონდათ.

ქეით ნეპომნიაშჩი და მზია ჩიხრაძე კონფერენციაზე

ქეით ნეპომნიაშჩი და მზია ჩიხრაძე კონფერენციაზე

მახსოვს, შემდეგ, როცა კი სადმე მივდიოდით, სულ მეკითხებოდნენ, ქართული პომიდორი ხომ იქნება, ხაჭაპურს და ხინკალს ხომ კიდევ გაგვასინჯებ, უჰ, ჩაქაფული, ლობიო… ამათი დაგემოვნების გარეშე ნუ გაგვიშვებო. იმასაც ვიტყვი, რომ შემდეგ წლებში ნიუ იორკში ჩემი ჩასვლა ასე იწყებოდა: ვურეკავდი ქეითის, ვატყობინებდი, რომ ქალაქში ვარ, ვგეგმავდით უახლოეს ხანში შეხვედრასა და აუცილებლად სადმე ქართულ რესტორანში სადილს. თუკი ჩემი თბილისში ყოფნისას ის და სლავა ქართულ კერძს სადმე მიირთმევდნენ, აუცილებლად მომწერდა ხოლმე და მომიყვებოდა, როგორი იყო ეს კერძი და თუ მოეწონებოდა, ვგეგმავდით მის ერთად გასინჯვას ნიუ იორკში ჩემს ჩასვლისთანავე. ამას იმიტომ ვყვები, რომ ეს უბრალოდ მათი კულინარიული სისუსტე კი არ იყო – ქართული კულტურა, ხელოვნება, მეცნიერება, სამზარეულო… მათთვის განუყოფელი, ერთიანი იყო და ისინი უსაზღვრო სიყვარულს გამოხატავდნენ მთელი ამ სამყაროს მიმართ, რაც ორივესთვის საქართველოსთან ასოცირდებოდა.

რადგან მცხეთაში ჩვენი მოგზაურობა ვახსენე, ერთ ამბავსაც გავიხსენებ. ჯვრის ტაძარში ქეითი და სლავა ცოტა დიდხანს შეყოვნდნენ. მე და ოლგა გარეთ გამოვედით და გზას ჩამოვუყევით. დაახლოებით 20-30 წუთი გავიდა და ჩვენი თანამგზავრები არ გამოჩნდნენ. ბავშვი აღელდა. ქეითის მხოლოდ ამერიკული ტელეფონის ნომერი ჰქონდა, რომელიც  მე არ ვიცოდი და შესაბამისად, ვერ ვურეკავდი. შეშინებულებმა დავიწყეთ ძებნა. გზაზე და იქვე მიდამოებში არ ჩანდნენ, ავედით ტაძარში. ის დაკეტილი დაგვიხვდა. გაკვირვებულებმა შემოვუარეთ ტაძარს გარშემო და უცებ ბრახუნი და ყვირილი მოგვესმა. ეს ქეითი და სლავა იყვნენ. თურმე, ეკლესიის თვალიერებაში ისე გართულან, რომ ვერ დაინახეს, როგორ დაკეტა კარი მცველმა (გასაკვირი ის უფრო იყო, რომ სტუმრები მცველმაც ვერ დაინახა) და ისინი თითქმის ერთი საათი ტაძარში “დატყვევებულნი” აღმოჩნდნენ. მერე სიცილით იხსენებდნენ ამ ამბავს, თუ როგორ “დაატყვევეს” ორივე VII საუკუნის გასაოცარ ტაძარში და როგორ გამოვიხსენი მე ისინი ამ “ტყვეობიდან”. ეს ჩვენი ახლო მეგობრობის მხოლოდ დასაწყისი იყო.

თბილისში ყოფნისას ბევრს ვსაუბრობდით კოლუმბიის უნივერსიტეტის გეგმებსა და სტრატეგიაზე, მის პრიორიტეტებზე, ჰარიმანის ინსტიტუტის პროგრამებზე და შესაძლებლობაზე, რომ ქართული სწავლებები შესულიყო ამ პროგრამაში. ერთ-ერთი ასეთი საუბრისას  ქეითიმ გვითხრა: გამომდინარე იქიდან, რომ შუა საუკუნეების სომხურ ხელოვნებას ამერიკელი მდიდარი სომხებისგან სერიოზული ლობირება და დაფინანსება აქვს და მისი ისტორია დიდი ხანია უნივერსიტეტში ისწავლებაო, ქართული შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიის საგნად, ან თუნდაც სასწავლო პროგრამის გარკვეულ მონაკვეთად შეტანა თითქმის შეუძლებელიაო. მაგრამ მან ივარაუდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა აქცენტის გაკეთება ისეთ საგანზე, რაც არ ისწავლებოდა კოლუმბიის უნივერსიტეტში და ეს იყო – ქართული მოდერნიზმი. აქ მაკა დვალიშვილი ჩაერთო საუბარში და უთხრა, რომ ამ საგნის სწავლება მე შემეძლო, რადგან ზუსტად აღნიშნულ მოვლენას ვიკვლევ, მაქვს ნაშრომები ქართულ მოდერნიზმზე და ინგლისური ენაც კარგად ვიცი.

ქეითიმ მას მოუსმინა და უთხრა, რომ დაფიქრდებოდა და ნახავდა, რისი გაკეთება შეიძლებოდა. ამის შემდეგ გარკვეულმა დრომ განვლო, სანამ აღნიშნულ საკითხს მე და ქეითი კვლავ დავუბრუნდებოდით. აქ მინდა ვთქვა, რომ, როცა მის მსჯელობას ვუსმენდი, ვხედავდი, როგორი გამჭრიახი გონების, დიდი განათლებისა და საოცრად ფართო თვალთახედვის ადამიანი იყო ქეითი. მასზე ჩემი პირველი შთაბეჭდილებიდან ცოტა რამ თუღა რჩებოდა, რადგან მისი ნიჭი, გლობალურად დაენახა პრობლემები და აბსოლუტურად ზუსტად დაესვა აქცენტები, ლოგიკურად დაესახა განვითარების გზები, გასაოცარი იყო. ის ჩემს თვალში მოუწესრიგებელი, არაორგანიზებული ადამიანიდან ნელ-ნელა ძალიან საინტერესო პიროვნებად გადაიქცა. ახლა, ამ გადასახედიდან სრულიად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იშვიათად შევხვედრილვარ ისეთ გონიერ, ღრმად და საღად მოაზროვნე ადამიანს, როგორიც ქეითი ნეპონმიაშჩი იყო.

ნეპომნიაშჩების ოჯახი და მზია ჩიხრაძე

ნეპომნიაშჩების ოჯახი და მზია ჩიხრაძე

2009 წლის ზაფხულში შვეიცარელი კურატორმა და ხელოვნებათმცოდნემ დანიელ ბაუმანმა და ჩვენმა ჯგუფმა, რომელშიც შევდიოდით ხელოვნებთამცოდნეები: ნანა ყიფიანი, თეა ტაბატაძე და მხატვარი ლევან ჭოღოშვილი, მონაწილეობა მივიღეთ ერთობლივ პროექტში – “ფანტასტიკური სამიკიტნო/თბილისური ავანგარდი”. ნიუ იორკში ჩელსის “კესი კაპლანის გალერეაში” გამართულ გამოფენაზე წარმოვადგინეთ 1910-1920-იანი წლების ქართული მოდერნიზმი. მოწვეულ სტუმრებს შორის ქეითი ნეპომნიაშჩიც იყო. მან გაკვირვება და აღფრთოვანება ვერ დამალა ამ პერიოდის ქართული ხელოვნების გამო. მისთვის აღმოჩენა იყო, როგორც ბევრი სხვა მნახველისთვის, რომ XX საუკუნის კარგად ცნობილი რუსული ავანგარდის გვერდით, თბილისში არსებობდა ქართული ავანგარდი თავისი სპეციფიკური და მეტად საინტერესო ხასიათით, რომელიც რუსულ ავანგარდს არ ჩამოუვარდებოდა. ქეითიმ იქვე მთხოვა, რომ ასეთივე გამოფენა კოლუმბიის უნივერსიტეტშიც გაგვეკეთებინა. მოგვიანებით შევთანხმდით, რომ ჰარიმანის ინსტიტუტში ჩავატარებდით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ქართული მოდერნიზმის შესახებ და გამოფენასაც მოვაწყობდით. მართლაც, 2010 წელს კონფერეცია მივუძღვენით ქართულ მოდერნიზმს, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული იყვნენ ქართული მოდერნისტული ხელოვნებისა თუ ლიტერატურის წამყვანი მეცნიერები. ჰარიმანის ინსტიტუტის ფოიეში კი ადრე ნახსენები გამოფენის სახეცვლილი ვერსია გამოვფინეთ.

კონფერენციამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა ქეითზე, რომ ის აღარ ყოყმანობდა და გადაწყვიტა  ქართული მოდერნიზმის სასწავლო კურსის წასაკითხად კოლუმბიის უნივერსიტეტში მივეწვიე. უნივერსიტეტიც დათანხმდა იმას, რომ სლავური ენების ფაკულტეტსა და ჰარიმანის ინსტიტუტის ბაზაზე, როგორც მიწვეულ პროფესორს, წამეყვანა კურსი “მოდერნიზმი ევროპის პერიფერიაზე: ქართული მოდერნიზმი კულტურათა გზაჯვარედინზე”.  ორი წლის განმავლობაში (2011, 2013 წწ.) ამერიკელ და ევროპელ სტუდენტებს ვასწავლიდი ქართული თანამედროვე ხელოვნების ამ უმნიშვნელოვანეს ფენომენს. დღესაც ჩემი სტუდენტების დიდი ნაწილი სწორედ ქართულ მოდერნიზმზე მუშაობს. ისინი ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, სწავლობენ ქართულს, იკვლევენ თბილისური ავანგარდის სხვადასხვა მოვლენას…  ფაქტობრივად, ქეითი ნეპომნიაშჩის გადაწყვეტილებამ, რომ ჰარიმანის ინსტიტუტის თაოსნობით კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეესწავლათ ქართული ხელოვნება და ზიარებოდნენ ქართულ კულტურას, დიდი ნაყოფი გამოიღო, თუნდაც ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო ხიდის გადებისა და კულტურული ინტეგრაციის საქმეში.

დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ ქეითრინ თაიმერ ნეპომნიაშჩი ქართული ენის, ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების ნამდვილი გულშემატკივარი იყო. მან კოლუმბიის უნივერისტეტში დააარსა ქართული ენის შემსწავლელი კურსი, რომელიც ქეითის ჰარიმანის ინსტიტუტის დირექტორობის დროს უწყვეტად მუშაობდა. სამწუხაროდ, დღეს ეს პროცესი  შეჩერებულია…  ქეითს კარგად ესმოდა ქართული ენის მნიშვნელობა და მისი შესწავლის აუცილებლობა. ის ამბობდა, ერთი სტუდენტიც რომ მოვიდეს, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ეს უნიკალური ენაო. სამწუხაროდ, დღეს ჰარიმანის ინსტიტუტის მესვეურები ასე არ ფიქრობენ. რაც შეეხება ქართული მოდერნიზმის სწავლებას, აქაც გამოჩნდა, თუ როგორი გულშემატკივარი ჰყავდა ქართულ ხელოვნებასა და მეცნიერებას მისი სახით. გარდა იმისა, რომ ქეითი თითქმის ყოველ წელს ატარებდა კონფერენციას ქართველოლოგიურ მეცნიერებებში, მან ჰარიმანის ინსტიტუტში ქართველოლოგიის ცენტრი დაარსა. სამწუხაროდ, დღეს ეს ცენტრი მხოლოდ ფიქტიურად არსებობს. ჰარიმანის ინსტიტუტი არც ქართული მოდერნიზმის სწავლების გაგრძელებას გეგმავს ამ ეტაპზე, რადგან მისი მესვეუნი თვლიან, რომ ეს არამომგებიანია. ქეითი კი თვლიდა, რომ ორი-სამი სტუდენტისთვის აღნიშნული კურსის ჩატარება, უკვე უდიდესი საქმე იყო როგორც ქართული, ისე ამერიკული მეცნიერებისთვის, რადგან ახალგაზრდა სპეციალისტებს ეძლეოდათ შანსი ასეთი უნიკლური, განსხვავებული ხელოვნება და კულტურა შეესწავლათ.

ახლა ორიოდ სიტყვას სლავა ნეპომნიაშჩიზეც მოგახსენებთ. ის წარმოშობით რუსეთიდან იყო. ქეითი და სლავა სოჭში შეხვდნენ ერთმანეთს, როცა ძალიან ახალგაზრები იყვნენ. ქეითი იქ რუსულის სასწავლებლად იყო მივლინებული, როგორც  ბრაუნის უნივერსიტეტის საბაკალავრიატოს სტუდენტი. ქეითიმ და სლავამ დიდხანს იცხოვრეს ერთად, მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მერე რუსეთიდან პატარა გოგონა ჩამოიყვანეს, ოლგა. მას დიდი სიყვარულითა და სითბოთი ზრდიდნენ.

სლავა ქეითიზე არანაკლები ყურადღებიდა და პატივისცემით მეპყრობოდა. მასაც უყვარდა საქართველო. ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა პუტინის რუსეთისა და მისი პოლიტიკის მიმართ. ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით ამ თემებზე, საქართველოს შანსზე გამხდარიყო ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ასევე ამერიკის პოლიტიკაზე და ა.შ. რაღაც ძალიან საჭირბოროტოს რომ მივადგებოდით, სლავა ქეითის, რომელიც ამ დროს ყოველთვის რაღაც საქმით იყო  დაკავებული, გასძახებდა – კატია (ასე ეძახდა მას), შენ რას ფიქრობ ამაზე? და ისიც საოცრად საინტერესო, კომპეტენტურ და დამაჯერებელ პასუხს გაგვცემდა. მისი აზრი ყოველთვის დამაფიქრებელი და ლოგიკური იყო.

პერიოდი, როცა ჩემი სილაბუსი უნდა დაემტკიცებინათ კოლუმბიის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოზე, დროში ცოტა გაიწელა. მე ვნერვიულობდი და ხშირად ვურეკვდი ქეითის. უნდა გენახათ, როგორი გულისხმიერებით ეკიდებოდა ამ საქმეს სლავა, როგორ მგულშემატკივრობდა და მაკვალიანებდა ქეითისთან ერთად. ამ დროს ის უკვე თავს ცუდად გრძნობდა და 2011 წელს, სანამ მე ლექციების წასაკითხად ნიუ იორკში დავბრუნდებოდი, სლავა გარდიცვალა. მისი დაკრძალვის ცერემონიაზე ქართული საგალობელი შესრულდა, სტუმრებს კი ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდნენ, როგორც სლავას უყვარდა.

ამის შემდეგ ნიუ იორკში ყოფნა დიდხანს მომიწია და მე და ქეითი კიდევ უფრო ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, მათ შორის მასთან სახლში. ზოგჯერ ოლგა თავის მომზადებულ საშინაო დავალებას გვიკითხავდა ამ თუ იმ საგანში და ჩვენ ერთად განვიხილავდით მას. ძალიან საინტერესო იყო ქეითის კომენტარების მოსმენა, სადაც კვლავ გონიერი, გამჭრიახი ადამიანის ნააზრევი ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებდა და ლოგიკურ თანამიმდევრობას აძლევდა.

ქეითის ძალიან უხაროდა ჩემი და ოლგას მეგობრობა. მთხოვდა ხოლმე, უთხარი, რომ ჭკვიანი და კარგი გოგოა, თორემ ასაკობრივი კომპლექსები აწუხებსო. მეც სიამოვნებით ვასრულებდი ამ მისიას, რადგან ის მართლაც ლამაზი და  გონიერი გოგონა დადგა.

ჩვენი შეხვედრების დროს ვსაუბრობდით ყველაფერზე, ვსახავდით გეგმებს, მას ძალიან უნდოდა ქართული პროგრამების აქტიურად ამუშავება. ის ჰარიმანის ინსტიტუტში ქართველოლოგიის ცენტრის დირექტორი იყო და სულ ცდილობდა თანხა მოეძია, რათა ქართული ენის, ხელოვნების სასწავლო და ასევე სამეცნიერო პროგრამებს უპირობოდ ემუშვა. ჩვენ ერთად დავამუშავეთ ჩემი სასწავლო კურსის ახალი ვარიანტი, სადაც გავითვალისწინეთ უნივერისტეტის პრიორიტეტებიც და ის ფაქტიც, რომ კოლუმბიის უნივერისტეტში რუსული ავანგარდი არ ისწავლებოდა. ამიტომ კურსის სილაბუსში გავაფართოვეთ რუსული ავანგარდის ნაწილი და ორივე ველოდით ჰარიმანის ახალი დირექტორის დანიშვნას, რათა მისთვის ეს კურსი შეგვეთავაზებინა. ასევე ვგეგმავდით ქეითის ჩამოსვლას საქართველოში, სადაც მას სტუდენტებისთვის ლექციების კურსი უნდა წაესკითხა. მაგრამ მოხდა სრულიად გაუთვალისწინებელი და წარმოუდგენელი რამ.

ზაფხულში ის რუსეთსა და ჩინეთში მოგზაურობდა თავის სტუდენტებთან ერთად. უკან რომ დაბრუნდა, დავურეკე, მოვიკითხავ–მეთქი და ტელეფონში მისი უცნაურად დასუსტებული ხმა გავიგონე. მითხრა, ძალიან ცუდი რამ მჭირსო, სიმსივნის მეოთხე სტადია მაქვსო. გავოგნდი, ხმა ჩამივარდა, არ ვიცოდი, რა მეპასუხა. მერე ძალა მოვიკრიბე და ვკითხე, რა შემიძლია გავაკეთო შენთვის–მეთქი. არაფერიო, მიპასუხა, მხოლოდ ილოცე ჩემთვისო… მას შემდეგ როცა ვურეკავდი, სულ უფრო და უფრო დასუსტებული მეჩვენებოდა. მერე ახალი წელი მივულოცე, შემდეგ კიდევ ერთხელ მოვიკითხე და… მალე ის წავიდა ამ ქვეყნიდან.

მე კარგი მეგობარი დავკარგე, საქართველომ – დიდი გულშემატკივარი და მასზე მზრუნველი ადამიანი. წელს ისევ ჩავედი ნიუ იორკში და თითქოს სულ რაღაც მაკლდა, ერთგვარ სიცარიელეს ვგრძნობდი… ნიუ იორკს ქეითი ნეპომნიაშჩი დააკლდა. ბროდვეისა და მე-80 ქუჩის გადაკვეთაზე რომ ჩავივლიდი, სადაც ის ცხოვრობდა, თვალს გავაპარებდი მათი სახლისკენ და ვგრძნობდი, ცრემლები როგორ მახრჩობდა. მერე გავიგე, რომ ეს სახლი გაუყიდიათ და ჩემი ტკივილი უფრო გაძლიერდა, რადგან ამ ქალაქში მისი სახლიც აღარ არის… ოლგაზე მეურვეობა კი ბიძამ აიღო. ის კერძო კოლეჯში მიაბარეს. დიდი იმედი მაქვს, რომ მას მაინც გაუმართლებს და ბედნიერი ცხოვრება ექნება.

მე ძალიან მადლიერი ვარ იმ სიყვარულის, მეგობრობისა და თანადგომისთვის, რაც ქეით თაიმერ ნეპომნიაშჩიმ ჩემდამი გაიღო და იმ ძალისხმევისა და სიყვარულისთვის, რაც მან ჩემი ქვეყნის მიმართ გამოხატა. საქართველომ მართლაც დიდი მეგობარი და გულშემატკივარი დაკარგა მისი სახით. ის კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებდა ჩვენი ქვეყნისთვის… ”