ამ ბლოგ-პოსტში სავალდებულო სამხედრო სამსახურზე, “გირჩზე”, ცოტას პოლიტიკაზე, ცოტას ხალხზე და რა თქმა უნდა, რელიგიაზე ვისაუბრებ. მიზანი რამდენიმე შეკითხვის დასმა და რამდენიმე პრობლემის წარმოჩენაა.
დავიწყოთ დიდი პრობლემით, რაც არის თვითონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. ამ სიტყვებზე ადამიანს ალბათ სამხედრო ფორმა, ყაზარმა, ვარჯიში, იარაღი და რაღაც მსგავსი უნდა ახსენდებოდეს. არადა, დაცვის სამსახურის ჯიხური, ფორმა და რაცია უფრო რეალური სურათია. წვევამდელთა უდიდესი ნაწილი თავის სავალდებულო სამსახურს სწორედ დაცვაში, “სამ დღეში ერთხელ” განაწესში ატარებს, ზოგი შინაგან, ზოგი სასჯელაღსრულების, ხოლო ზოგი თავდაცვის სამინისტროში. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს სხვადასხვა ფორმით ყველა გადის, წელიწადნახევარი დაცვაში ან ყარაულში გატარების შემდეგ საბრძოლო მზაობაზე საუბარი არასერიოზულია, ისევე, როგორც საუბარი სავალდებულო სამხედრო სამსახურის როლზე მოსახლეობის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაში.
მაგრამ ამაზე ბევრად უფრო არასერიოზულია “გირჩის” და სავალდებულო სამსახურის სხვა მოწინააღმდეგეთა მიერ ამ ფაქტის არგუმენტად მოყვანა და ამავე დროს, იმაზე საუბარი, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მომხრეები არიან. სავალდებულოში გაწვევის დროს “სამ დღეში ერთხელ” დაცვის სამსახურებში მოხვედრას სწორედ ისინი ცდილობდნენ ხოლმე, ვისაც ახლა სულზე მოუსწრო “ბიბლიურმა თავისუფლებამ”. წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ადამიანი სახელმწიფოს სამხედრო სიძლიერის მომხრე იყოს და თან უარი თქვას სამხედრო სამსახურზე, თავის წვლილზე ამ სამხედრო სიძლიერეში.
ამ ფონზე ხშირად ისმის პარალელები შვეიცარიასა და ისრაელთან, სადაც სამხედრო გაწვევის პრინციპი სრულიად განსხვავებულია და იქაურ სავალდებულო სამსახურს ლამის ლეგენდარული სტატუსი აქვს. მართალია ის, რომ ამ ქვეყნებში წვევამდელს სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაზოგად არავინ იყენებს. მაგრამ საკითხავია, რამდენი ახლად ხელდასხმული ისურვებდა სამსახურს ასეთ ჯარში. საინტერესოა, რომ შვეიცარიაში წვრთნების დროს მომეტებული დატვირთვის გამო წვევამდელთა ავად გახდომა ჩვეულებრივი მოვლენაა, ხოლო ისრაელში სავალდებულო სამსახური თითქმის 3 წელი გრძელდება.
დაცვის თუ საყარაულო ქვედანაყოფებს, (რომლებსაც ასე აძაგებენ სავალდებულოს მოწინააღმდეგეები, მაგრამ რომლებსაც, ვეჭვობ, მათი უმეტესობა აირჩევდა სავალდებულოს სამსახურად, სხვა გზა თუ არ ექნებოდა), თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნიათ. იმედია, არც “გირჩში” და არც “ბიბლიურ თავისუფლებაში” არ ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ ეს ქვედანაყოფები უნდა გააუქმოს და უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო თუ სამხედრო ობიექტები დაცვის გარეშე დატოვოს ან კერძო დაცვას ჩააბაროს. საინტერესოა, თუ უფიქრიათ “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახურებს იმაზე, თუ ვინ ასრულებს ამ მოვალეობებს სავალდებულოს არყოფნის პირობებში?
სავალდებულოს არყოფნის დროს დაცვის და ყარაულის ფუნქციას ითავსებენ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები, ანუ ის ქართული ჯარი, რომლის დაფასებასა და პატივისცემას ასე იჩემებს ხსენებული პოლიტიკური ორგანიზაცია. ეს არის საკმაოდ რთული დამატებითი ვალდებულება, რომლებსაც ქართველი ჯარისკაცები თავიანთ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ვალდებულებებთან ერთად, დამატებითი ანაზღაურების თუ შეღავათების გარეშე ასრულებენ. ეს, რა თქმა უნდა, არაა რომელიმე წვევამდელის ბრალი, მაგრამ ადამიანის სახელმწიფოებრივი ვალის გააზრებისას, ყველამ უნდა იფიქროს, თუ ვის მოუწევს ამ ვალის აღსრულება მაშინ, თუ თავად ამაზე უარს იტყვის.
აქვე მინდა დავსვა ერთი შეკითხვა (რომელიც ათეისტური ბლოგის ავტორისგან ცოტა მოულოდნელად შეიძლება ჟღერდეს): რა ქნან იმათ, ვინც რელიგიას, მღვდელს, ქადაგებას თუ ხელდასხმას ცოტა უფრო სერიოზულად უყურებს და არ სურს, ის სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის დაძვრენის საშუალებად გამოიყენოს?
გასაგებია, რომ სავალდებულო სამსახურის სისტემა საქართველოში სრულყოფილებისგან შორსაა და მისგან გათავისუფლება სწავლის ან სხვა რაიმე, შესაფერისი მიზეზის გამო სრულიად მისაღები და გასაგებია. მაგრამ რასაც “გირჩი” აკეთებს, სრულიად სხვა რამეა. ეს არის მოვალეობისგან გაქცევა, ე.წ. “საჩკაობა”, სხვის ხარჯზე საკუთარი კომფორტის შექმნა, ანუ ყველა ის სტერეოტიპული ცუდი თვისება, რაც ბოლო დროის ქართველს ნორმალური სახელმწიფოს აშენების საშუალებას არ აძლევს. ეს იმ ადამიანის თვისებები უნდა იყოს, რომელიც ქუჩაში ნაგავს ყრის და მეზობლის ოჯახში ძალადობას პოლიციას არ აშრობს ლარი ატყობინებს, რადგან ღრმად სწამს, რომ მის ვალს მის მაგივრად სხვა მოიხდის. პროგრესულად მოაზროვნე ქართველ ახალგაზრდაში მსგავსი დამოკიდებულების ნახვა ძალიან გულდასაწყვეტია. გულდასაწყვეტია ისიც, რომ ამას ორგანიზებას უწევს ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ბევრი, ჩემი ჩათვლით, იმედის თვალით უყურებდა, როგორც ამ “გრუზინულ” მენტალიტეტთან მებრძოლ, პროგრესულ ძალას.