ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ჰამლეტის, ჰორაციოსა და სხვების ვერსიად ყოფნა და არყოფნაც

ჰამლეტის, ჰორაციოსა და სხვების ვერსიად ყოფნა და არყოფნაც

დასაწყისში ნიუ იორკის წმინდა კლემენტის ეკლესიის თეატრში მოსულ მაყურებელთა ნაწილი ვერ მიხვდა, რომ „ჰამლეტის” დასაწყისი სპექტაკლის ნამდვილი დასაწყისი იყო და არა მოთელვა. დარბაზი ჩუმად ხმაურობდა, სცენაზე კი, სადაც შუაში დადგმულ მაგიდაზე ქსოვილების გროვა (როგორც შემდგომში სასცენო კოსტუმები აღმოჩნდა) ელაგა, მსახიობები ნელ – ნელა შემოდიოდნენ: ოფელია ფიზიკური ვარჯიშით დაკავდა, მეფე კლაუდიუსი, დედოფალი გერტრუდა და სხვები ერთმანეთს ესალმებოდნენ, აქეთ–იქით დადიოდნენ, რაღაც განყენებულ თემებზე საუბრობდნენ… მაშინვე გახსენებს თავს ის, რომ შექსპირი თითქოს ისედაც არის ამ და სხვა სცენებს მიღმა, არასასცენო ყოველდღიურობაში, მაგრამ მხოლოდ როლის, ტანსაცმლის მორგებასა და მონოლოგების წარმოთქმას ყოფნა/არყოფნაზე შეუძლია ჭეშმარიტი „ჰამლეტიზმი” – პარადეტექტიური ნევრასთენია დაგმართოს.

ჰორაციოს გრძელმა, ყავისფერმა ტყავის ქურთუკმა, შავმა ჯინსებმა და სამხედრო ნახევარჩექმებმა თავიდანვე დამძაბა. ბოლშევიკურ-ბანდიტური ანტურაჟი მშვენიერი ქარაგმა იყო იმისთვის, რომ ამ ადამიანთან დაკავშირებული „იმედები” არ გამცრუებოდა. მაგრამ სპექტაკლის განმავლობაში იგი იმდენად მეგობრული, თანამგრძნობი ძმადნაფიცია, რომ ბოლოსკენ გავიწყდება ჰორაციოს კონტექსტიდან ამოვარდნილი რუსულ–რევოლუციური სამოსი. ჰოდა, ფინალში დრამატურგი მეხსიერების ამ დროებითი მიძინების გამო შურს იძიებს. ყველა უბადურებისა და ჰამლეტის სიკვდილის მიზეზი ჰორაციოა. იგი მეფის ტახტზე დასვამს მოსულელო ფორტინბრასს, რომელიც ღმერთმა უწყის მართლა სულელია თუ ყველაზე ჭკვიანი, რახან თავს სულელად ასაღებს. ავტორი აქაც მოულოდნელ სვლას იყენებს –  ფორტინბრასი არსებულ პერსონაჟთა შორის  სამეფო ტახტს ყველაზე ნაკლებად  შეესაბამება, მაგრამ ფაქტი სახეზეა – სწორედ ის ხდება დანიის ახალი მბრძანებელი.

ცხადია იმ პერიოდის „ჰამლეტი”, როცა „რაღაც დალპა დანემარკის სახელმწიფოში“ (არადა „რაღაც“ აქ ყველაზე არაადეკვატური სიტყვაა), პუტინის ოპოზიციონერი, დისიდენტი  მწერლისთვის, ბორის აკუნინისთვის, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, არაა მხოლოდ ისტორიული ფარსის ირონიული წაკითხვა, არამედ სწორედაც რომ დროთა და კონტექსტთა ერთგვარი გზაჯვარედინი, როცა  „წითელი კომისარი”, რომელსაც წესით ჯიბეში წითელი პარტბილეთი და მაუზერი ერთად უნდა ედოს, „ხალხის მტრის” დასახვრეტად, მაქმანებიანსახელოიან, თეთრ პერანგიან და დაშნიან უფლისწულთან  მეგობრობს და მერე… წამლავს.  შეშლილი, გაჩეჩილი, წითურთმიანი ოფელია თეთრი დეკოლტე კაბით, გრძელ ცოცხს იატაკზე უმისამართოდ აქნევს და ხვეტავს… არაფერს. გარშემო სრული წყვდიადია, როგორც დღეს იტყვიან – ღრმა კრიზისი. რაც შეეხება პირად ასოციაციებს: შეუძლებელია მამის მოწამვლის მიზანსცენამ და ამ საკვანძო სიუჟეტის სამეფო წყვილის წინაშე მასხარების მიერ გათამაშებულმა პიესამ არა მარტო არქაული არქეტიპები, ოჯახში ძალადობა, არამედ უახლოესი ისტორიის ნარატივები არ გაგახსენოს – მაგალითად, პოლონიუმის ან ციანიდის საქმეები. გარემო ტოქსიკურია და  სცენაზე რეჟისორის მიერ კულისებიდან გამოყვანილ ნაცნობ–მეგობარი მსახიობებს შორის შხამის „აქტორობა” გახსენებს არა მარტო თანამედროვე ტოტალიტარული სისტემების მომაკვდინებლობას, არამედ გადაგისვრის არც ისე დიდი ხნის წინანდელი რეპრესიული სისტემების „მოჩვენებებში”, იქ სადაც შიში და სასოწარკვეთა  ტოტალური იყო, ხოლო ძალადობა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორიზმი – ტრივიალური რამ.

ქართველი რეჟისორის ირინა გაჩეჩილაძის მიერ დადგმული ბორის აკუნინის (გრიგოლ ჩხარტიშვილი) „ჰამლეტი. ვერსია“ საათსა და ორმოც წუთში ზუსტად ახერხებს არა მარტო ამ დროთა გადაკვეთის დინამიურ დრამატურგირებას, არამედ თავად შექსპირის კლასიკური „ჰამლეტის” ხაზის გაგრძელებასაც. სცენის მაქმან – კედლებზე (რომელშიც უჩინარივით შეგიძლია გასვლა – დაბრუნება) არეკლილი შუქები, მათ შორის, ჰამლეტის მოკლული მამა – მეფის პროექცია, „დიდი ძმის” მუდმივი თვალთვალის ასოციაციას ქმნის; უნდობლობის, ღალატისა და სიყალბის აურა  პერსონაჟებს ტოტალური ქაოსისა და აპათიის სივრცის ბინადრებად გადააქცევს. დასაწყისშივე და ფინალშიც თითქოს იცი რაა პასუხი ყოფნა/არ ყოფნის მოყირჭებულ კითხვაზე. პასუხი ერთია – „ვის ადარდებს”… ალბათ, ყოველთვის ასე იყო და სწორედ ესაა მთავარი ტრაგედია და არა მხოლოდ ნაწარმოების/სპექტაკლის ბოლოს ძირს მიმოფანტული გვამები.

„ჰამლეტი. ვერსია“

„ჰამლეტი. ვერსია“

„ჰამლეტი. ვერსია“

„ჰამლეტი. ვერსია“

***

აკუნინის „ჰამლეტი. ვერსიის“ პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე ირინა გაჩეჩილაძემ აშშ–ში პრინსტონის კონსერვატორიაში პუჩინის ოპერა „და ანჟელიკა” და რაველის „ბავშვი და ჯადოსნობა” დადგა. პრინსტონის კონსერვატორიამ ქართველ რეჟისორს თავად შესთავაზა ამ ორი ოპერის რეჟისორობა (ორივე სპექტაკლის აფიშის ავტორი მხატვარი ფილიპ გრეჩულევიჩია).  ირინა ვესტმინსტერის კოლეჯის ოცი–ოცდაათი წლის ასაკის სამოცდაორ სტუდენტთან–მომღერალთან ასისტენტის გარეშე ორი თვე მუშაობდა. იგი ამბობს, რომ რაველის ოპერაში ბავშვისა და საზოგადოების ურთიერთმიმართება ღერძული თემაა. „ბავშვი და ჯადოსნობის” სცენაზე უტყვი საგნები, სავარძლები, კედლის საათი, ხეები ცოცხლდებიან; სკოლისა და ზოგადად დღევანდელობის თემა „ჯადოსნობის” ინტერპრეტაციებით შემოდის. ისევ სტრესი – ოთახში მარტო ჩაკეტილი მოზარდი, ცაიტნოტი, სწავლის ფულზე ზრუნვა, დასჯა, ომი, გარემო, რომელიც ადამიანზე ძალადობს… ბავშვს უჩნდება დამნაშავის სინდრომი და ჰგონია, რომ შორეულ ომში ჯარისკაცი იმიტომ მოკლეს, რომ მან (ბავშვმა) ოდესღაც ხეს ტოტი მოტეხა…

თეატრალურ სცენაზე ხმოვანი დეკორაციებისა და კოსტუმ-დეკორაციის გამოყენებით (ინოვაცია დაპატენტებულია) ირინა გაჩეჩილაძის მიერ 2010 წელს თბილისში მარჯანიშვილის სცენაზე დადგმული პუშკინის „ევგენი ონეგინი” წლის თეატრალური მოვლენა იყო. კოსტუმებისა და სცენოგრაფიის ავტორი თავად რეჟისორი იყო. მან გმირები  რუსულ მატრიოშკებად აქცია, რომლებიც კოსმოსში ანუ სცენაზე კი არ დადიან, არამედ –  დაგორავენ. ირინა ჩინეთში ყოფნის დროს მატრიოშკების ისტორიას იმიტომ სწავლობდა, რომ ამ ხის თოჯინებს ჩინური ფესვები აქვს. თუმცა რეჟისორმა იქ აღმოაჩინა, რომ ჩინეთში „მატრიოშკის” კვალი სრულიად გამქრალია და დღეს მისი „დაბრუნება” რუსეთიდან ხდება.

„და ანჟელიკას" აფიშა

„და ანჟელიკას” აფიშა

სცენა „ევგენი ონეგინიდან"

სცენა „ევგენი ონეგინიდან”

2013 წელს ნიუ იორკში „თეატერლაბის“ სცენაზე ირინა გაჩეჩილაძემ  ჩეხოვის „თოლია” (აფიშის ავტორი ისევ ირინა იყო) დადგა.  სპექტაკლში კონსტანტინეს როლი შეასრულა ახალგაზრდა მსახიობმა სოიერ სპილბერგმა (ამერიკელი რეჟისორის სტივენ სპილბერგის შვილი), რომელიც თავის გეგმებს ისევ ირინა გაჩეჩილაძის მომავალ სპექტაკლს უკავშირებს.

სოიერ სპილბერგი "თოლიაში"

სოიერ სპილბერგი “თოლიაში”

„თოლიას“ აფიშა

„თოლიას“ აფიშა

2015-ის აპრილში ლონდონის თეატრმა სახელად „სალონური ოპერა“ წარმოადგინა ირინა გაჩეჩილაძის მიერ დადგმული კარლო მენოტის ოპერა „ტელეფონი” (კოსტუმები შექმნეს ლონდონში მოღვაწე დიზაინერებმა  „თათა ნაკა”–მ ). სწორედ ეს სპექტაკლი ნახა მწერალმა ბორის აკუნინმა და რეჟისორს თავად შესთავაზა მისი „ჰამლეტი. ვერსიის“ თეატრალურ სცენაზე გადატანა. ხანმოკლე მოლაპარაკების შემდეგ ირინა გაჩეჩილაძემ  ნიუ იორკში სპექტაკლზე მუშაობა დაიწყო.

ირინა გაჩეჩილაძე:  „შექსპირის „ჰამლეტი“ ჩემთვის ყოველთვის იყო მრავალუცნობიანი განტოლება,  აკუნინის ნაწარმოების დადგმამ კი ბევრ კითხვაზე პასუხი გამცა. ამ მწერლის ტექსტზე მუშაობა ჩემთვის ამოცანის ამოხსნის პროცესს ჰგავდა. აკუნინის „ჰამლეტმა” კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ერთ ადამიანსაც შეუძლია ისტორიის შეცვლა და ამისთვის ომის გაჩაღება სულაც არაა საჭირო. როგორც ჩანს, ჰორაციოს მსგავს ჯაშუშსაც ძალუძს  დროის დინების შებრუნება.

აკუნინი დეტექტიური ჟანრის მწერალია და მისი „ჰამლეტი. ვერსია“ სიუჟეტიც ამ ჟანრს კარგად ერგება. ფინალში ჰამლეტს ღალატობს ის, ვისგანაც ამგვარი რამ ყველაზე მოულოდნელია. თემა ძალიან აქტუალურია. აკუნინმა მისი ნაწარმოების ინტერპრეტაციისას სრული თავისუფლება მომცა. ძალიან გამიმართლა, რომ მან მე მანდო თავისი პიესა. გამიმართლა, რომ გია ყანჩელი დამთანხმდა მისი მუსიკა გამომეყენებინა და ამისთვის ქართველ კომპოზიტორს ბელგიაში სპეციალურად ვესტუმრე. კომპიუტერული დეკორაციის, ვიდეო დიზაინის ავტორი კი მიხეილ ივანიშვილია, რომელთანაც  ოცი წელია  სხვადასხვა პროექტში ვთანამშრომლობ; აფიშისთვის კი სოფო ტაბატაძის ნახატი  გამოვიყენეთ.

სპექტაკლში თამაში ბევრ მსახიობს უნდოდა. კასტინგში მონაწილეობის სურვილი ათას სამასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. საბოლოოდ კი ცხრა არტისტზე შევჩერდი. აკუნინის „ჰამლეტმა” ნიუ იორკში დიდი წარმატებით ჩაიარა, არაერთმა გამოცემამ, მათ შორის „ნიუ ორკ თაიმსმა“ მას მაღალი შეფასება მისცა და რამდენადაც შევძელი თვალი პუბლიკაციებისთვის მიმედევნებინა, პრემიერის შემდეგ ჩემს დადგმაზე თოთხმეტი დადებითი  სტატია დაიწერა.  რაც ყველაზე მეტად მახარებს, სპექტაკლის სანახავად ადამიანები ევროპიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ.

ჩემი ინიციატივით ნიუ იორკის ისთ ვილიჯის თეატრ „თეატრო სირკულოში“, წელსვე, 13 ივლისიდან 5 აგვისტომდე ვგეგავ გავმართო ქართული დრამატურგიის ფესტივალი. ამერიკელი თეატრალები ცხრა ქართველი დრამატურგის (ნინო ხარატიშვილი, დათო ტურაშვილი, თამარ ბართაია, ლაშა ბუღაძე, გურამ ბათიაშვილი, ნესტან კვინიკაძე, რეზო კლდიაშვილი, დათა თავაძე, ბასა ჯანიკაშვილი) ნაწარმოებს გაეცნობიან. ფესტივალის განმავლობაში ორი პიესა სრულად დაიდგმება, შვიდი პიესისთვის კი ნახევრად დადგმული ლიტერატურული კითხვა მოეწყობა. ჩემი მიზანია ამერიკელი რეჟისორები და თეატრები  ქართული დრამატურგიით დავაინტერესო. სხვათა შორის, ჰორაციოს როლის შემსრულებელი მსახიობი  კრის ლუინი ლაშა ბუღაძის პიესაში „პუტინის დედა” … პუტინის დედის როლს შეასრულებს”.

ბორის აკუნინი და ირინა გაჩეჩილაძე

ბორის აკუნინი და ირინა გაჩეჩილაძე

***

კრის ლუინი ამბობს, რომ იგი ირინა გაჩეჩილაძეს ორი წლის წინათ შეხვდა, როცა რეჟისორმა მას რეკომენდაცია გაუწია ადამ ნაითის პიესის “ნიკოლოზ და ალექსანდრას” მიხედვით დადგმაში მონაწილეობის მისაღებად.  ერთ–ერთ პიესაში კრისი ნიკოლოზ მეორეს თამაშობდა და, როგორც თავად ამბობს,  შექმნა რუსეთის მეფის ერთგვარი „ჰიპ–ჰოპ ვერსია.” ირინასთან შეხვედრამდე მსახიობს საქართველოს შესახებ მხოლოდ 2008 წლის პოლიტიკური მოვლენების გამოისობით სმენოდა, დღეს კი იგი მოხარულია, რომ ახლახანს  თბილისის არტისტული სცენის სიმდიდრე აღმოაჩინა:

–  მე შექსპირის „ჰამლეტში” არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა. სამჯერ ჰამლეტი ვითამაშე, თითო–თითოჯერ – ლაერტი და აჩრდილი. როგორც კი „ჰამლეტის” აკუნინისეული ვერსია წავიკითხე, მაშინვე მოვიხიბლე ჰორაციოს როლით. რახან ჰამლეტის როლს შიგნიდან ვიცნობდი, ამიტომაც კარგად წარმომედგინა ჰამლეტისთვის ჰორაციოს მნიშვნელობა. ვიგრძენი, რომ ჰამლეტის აკუნინისეულ რთულ ვერსიაში ამ ცოდნის ჩემს უპირატესობად გამოყენება შემეძლო.

–  ჰორაციოს  როლში რა იყო თქვენთვის ყველაზე უცნაური?

–  თავიდანვე გადავწყვიტე, რომ აკუნინის ჰორაციო იდეალური ჯაშუში უნდა ყოფილიყო. სრულყოფილი ჯაშუში კი მაშინ იწყება, როცა  მას თავად სჯერა თავისივე ტყუილების. სწორედ ესაა ერთადერთი საშუალება ჰორაციომ სხვები გაასულელოს – ეს იმ შემთხვევაში  გამოვა, თუ უპირველესად საკუთარ თავს გამოასულელებს. ამავე დროს ჰორაციომ იცის, რომ ორმაგ თამაშს თამაშობს. მეორე აქტში, მეშვიდე სცენაში, როცა ის გერტრუდას ეუბნება  „და, ქალბატონო, მე გეუბნებით, რომ არაფერია ამ სამყაროში თქვენზე ამაზრზენი. თქვენ უღალატეთ ადამიანს, ვისაც უყვარდით და გენდობოდათ”, იგი ამ სიტყვებით თავის თავსაც მიმართავს. ჰორაციო ძალიან დაუნდობელი ადამიანია და ჩვენც დაუნდობელი ადამიანების სამყაროში ვცხოვრობთ… და ზოგიერთი ასეთი ადამიანი უმაღლესი ძალაუფლების ოფისებშია მოკალათებული.

– თქვენთვის აკუნინის „ჰამლეტი” რაგვარი პოლიტიკური მესიჯი  იყო?

– ვფიქრობ, რომ თეატრი დასაბამიდანვე გარკვეულწილად  პოლიტიკური სივრცე იყო და არის. პიესა, პოლიტიკურთან ერთად, ერთი ოჯახის ისტორიაცაა. იგი ასევე მოგვითხრობს იმ სახიფათო მდგომაორეობაზე, რომელშიც ჩვენ დღეს აღმოვჩნდით. შემიძლია ვთქვა, რომ აკუნინის „ჰამლეტი” ტრამპისა და პუტინის სამყაროში ხდება და, ყველასთვის სამწუხაროდ, ჩვენ ამ სამყაროში უნდა ვიცხოვროთ.

– აკუნინის „ჰამლეტის” ვერსიის ირინა გაჩეჩილაძისეულ ვერსიას როგორ აღიქვამთ?

– ირინას ამ პიესის მასშტაბური ხედვა თავიდანვე ჰქონდა. დიდი სიამოვნება იყო მასთან თანამშრომლობა და მასთან ერთად იმ პრობლემებთან კონფრონტაციის ნავიგაციაში მონაწილეობის მიღება, რომლებზეც ეს  პიესა მოგვითხრობს. ირინას ჰქონდა  ძალიან კომპლექსური, რთული გაგება იმისა, თუ რისი თქმა უნდოდა აკუნინს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას ამ პიესიდან კვლავ და კვლავ გაკვეთილებს ვსწავლობთ. იმედი მაქვს, რომ ოდესმე აკუნინს პირადად შევხვდები და პირველწყაროდან უფრო მეტს გავიგებ იმის შესახებ, თუ რა ჰქონდა  მას „ჰამლეტი. ვერსია”-ში ჩაფიქრებული.

„ჰამლეტი. ვერსია“ - აფიშა

„ჰამლეტი. ვერსია“ – აფიშა

***

„ირინა გაჩეჩილაძესთან მანამდე  არასოდეს მიმუშავია, თუმცა  ერთხელ ორივეს მოგვიხდა რეჟისორობა Amios Theatre Co.-ს ყოველთვიურ თეატრალურ ფესტივალში, სახელად SHOTZ” – ამბობს ჰამლეტის როლის შემსრულებელი მეტ უაისი.

„– მე ვნახე ირინას დადგმები  და მისი სტილი მომეწონა. მერე მან SHOTZ-ზე სხვა სპექტაკლიც დადგა, რომელშიც მეც ვთამაშობდი და სპექტაკლის შემდეგ მკითხა, ხომ არ დამაინტერესებდა მეთამაშა ჰამლეტი ახალ ვერსიაში, რომელსაც ის დგამდა. ჩემი ცოდნა საქართველოს შესახებ ამ დადგმამდე ძალიან შეზღუდული იყო. მყავს რამდენიმე მეგობარი ბელარუსიდან და ჩეჩნეთიდან, მაგრამ საქართველოდან – არც ერთი.  რეპეტიციების დროს კი ირინა ქართული პოლიტიკისა და ცხოვრების სპეციფიკის შესახებ ინფორმაციასაც გვაწვდიდა.

– მაინც და მაინც ჰამლეტის როლში რატომ წარმოგედგინათ თავი?

– ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სიამოვნებით ვითამაშებდი ჰამლეტს. ბევრჯერ მინახავს, რომ ამ როლს ნიჭიერი ადამიანები განსხვავებულად ასრულებდნენ და ვგრძნობდი:  იქამდე სანამ ამ როლს შევბედავდი,  მჭირდებოდა რაღაც ახალი და საინტერესო ვერსია. როცა ირინამ მომმართა, პიესა რამდენჯერმე წავიკითხე და „ჰამლეტის” ამ ვერსიით აღვფრთოვანდი. ტექსტში კლასიკური შექსპირიდან ბევრი მწვავე გრძნობა, დასამახსოვრებელი მომენტია, ასევე ახალი ფანტასტიკური ცვლილებები და იდეებია გადმოტანილი. რამდენიმე დღის შემდეგ ირინას შემდეგი შინაარსის ემეილი გავუგზავნე: „მინდა მონაწილეობა! თანახმა ვარ!”

–  როგორ შეაფასებდით აკუნინისეულ ჰამლეტს?

კუნინის ორიგინალურ პიესაში ჰამლეტი ზორბა, ჭარბწონიანია. მე კი  ძალიან გამხდარი ვარ და, ცხადია, ირინას  ამის შესახებ ვკითხე. მან მითხრა, რომ აკუნინი საქმის კურსში ჩააყენა, უთხრა, რომ სურდა ჰამლეტის როლი მე მეთამაშა. აკუნინი ეთანხმებოდა ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც რეჟისორი იღებდა. რეპეტიციების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მე პიესის ტექსტი ავიღე და წავიკითხე. მინდოდა ჰამლეტის თავისებურებები უკეთ გამეგო. საბედნიეროდ აკუნინი ძალიან გვეხმარება სხვა პერსონაჟების მეშვეობით ჰამლეტის მდგომარეობის გაცნობიერებაში. მერე მე და ირინამ პერსონაჟის ჩვენეულ ინტერპრეტაციებზე ვიმსჯელეთ. დადგმაში შემოვიდა, მაგალითად, თვითმკურნალობა (ან ლოთობა). აკუნინის პიესაში ჰამლეტი აღწერილია, როგორც ვიტენბერგის ყველა ტავერნის სტუმარი. როცა მე ამ „განებივრებულ პრინცზე” ვფიქრობდი, რომლის მამა ახლახანს უეცრად მოკვდა; რომლის ბიძამ სამეფო ტახტი მიიღო, არადა იგი ჰამლეტს ეკუთვნოდა; და რომლის ბიძა ძმის დასაფლავების შემდეგ ჰამლეტის დედაზე დაქორწინდა, ბუნებრივად მეჩვენებოდა, რომ ჰამლეტი შვებას სწორედ სასმელში ჰპოვებდა. ძალიან მომწონს პერსონაჟის ამგვარი ემოციური მოგზაურობა. შექსპირის კონსერვატიულად დადგმის მომხრეებს ამ სპექტაკლის საწყის სურათში ბევრი დახვეწილი ნიუანსი შეიძლება გამორჩეთ, მაგრამ ცხადია, რომ აკუნინის ვერსიაში ჰამლეტი  ემოციათა დიდ სპექტრსა და შინაგან კონფლიქტებს განიცდის.

ჩემი მთავარი შთაბეჭდილება აკუნინის „ჰამლეტისგან” არის მისი ხელმისაწვდომობა. შექსპირი იყო და არის ბრწყინვალე ავტორი, თუმცა ვგრძნობ, რომ თანამედროვე მაყურებელი ტექსტში იკარგება, იმის მიუხედავადაც კი, თუ დადგმა მაქსიმალურად მიახლოვებულია მაყურებლის აღქმასთან. შექსპირმა „ჰამლეტი” განსხვავებულ დროს დაწერა, სხვა ენაზე და ათასობით ახალი ინგლისური სიტყვაც დაგვიტოვა. აკუნინის ვერსიაში კი მე ვგრძნობ, თითქოს მან თანამედროვე აუდიტორიას მოუთხრო ისტორია მეტი სიცხადით, რომელიც სულაც არ აყენებს რისკის ქვეშ შექსპირის ჩანაფიქრს. ეს არის დანაშაულის, სინანულის, შურისძიების, თვითრეფლექსიისა და სოციო–ეკონომიკური წინსვლის ისტორია ყველა საჭირო ხერხის გამოყენებით.

– სოციო – ეკონომიკური  პოლიტიკურსაც ნიშნავს…

ვფიქრობ, რომ პიესა მეტაფორულად ასახავს თანამედროვე პოლიტიკურ საზოგადოებას. „მესიჯი“  თავად აუდიტორიამ უნდა განსაზღვროს. ზოგმა შეიძლება იგი კორუფციაზე შეხედულებად აღიქვას, სხვამ – დააკავშიროს პოლიტიკურ მანიპულაციას, ჭორებს და საზოგადოებრივ აზრს. ეს მაყურებელზეა დამოკიდებული.

– როგორ ფიქრობთ, რეჟისორს რისი თქმა უნდოდა?

– ირინა გაჩეჩილაძეს თავიდანვე დადგმის სპეციფიკური ხედვა ჰქონდა. მას უნდოდა  კლასიკურისა და თანამედროვის, სილამაზისა და დესტრუქციულის ნაზავის შექმნა. მას სპექტაკლისადმი „იან–ინის“ მსგავსი მიდგომა ჰქონდა. როგორც მსახიობი ვფიქრობ, რომ ირინამ ნება დაგვრთო გვეთამაშა, მოგვეძებნა  ჩვენი პერსონაჟები, ისინი საკუთრად გვექცია; ამავდროულად შეენარჩუნებინა თავისი მხატვრული ხედვა და აკუნინის ტექსტის ერთგულიც დარჩენილიყო.

მე მომწონს აკუნინის ვერსია და, შესაძლოა, ეს აღმოჩნდეს ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე ჰამლეტის როლი ვითამაშე. ხანდახან კითხულობ პიესას და დაუყოვნებლივ იზიარებ დრამატურგის ჩანაფიქრს. ასეთი იყო ჩემთვის აკუნინის „ჰამლეტი”. წავიკითხე და ტრაგედია მაშინვე დღესავით ცხადად წარმოვიდგინე. თუმცა მე და ირინას მანამდე ერთად არასოდეს გვიმუშავია, ეს იყო მყისიერი პატივისცემა, კავშირი და ურთიერთგაგება, რომლის მეშვეობითაც არტისტული პროცესი უაღრესად წარმატებულად წარიმართა.“

„ჰამლეტი. ვერსია“

„ჰამლეტი. ვერსია“

„ჰამლეტი. ვერსია“

„ჰამლეტი. ვერსია“