ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ჯეინ ბ. ქალაქში

ჯეინ ბ. ქალაქში

დარწმუნებული ვიყავი, რომ „კარნეგი ჰოლში“ “ფრანცუზკებში“ არ იმღერებდა. ან კედები ან ბოტასები. არ შევმცდარვარ. ასეც იყო და, მგონი, ზუსტად ერთი ზომით დიდი შავი შარვალ–კოსტუმი მოირგო, აბრეშუმის თეთრ პერანგში, ხულიგანი თინეიჯერივით, ლამაზად შეჭრილი, ოდნავ დახვეული, ღია წაბლისფერი თმებით (რომელსაც თურმე მისი მეგობარი სამზარეულოს დანით უსწორებს), სახის ფორმისთვის იდეალურად შერჩეული ასევე ღია წაბლისფერჩარჩოიანი სათვალეებითა და ჩვეული სუსტი, წყვეტილი ხმით, რომელსაც, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ამ ლეგენდარული ჭერის მოზანზარე ხმებით გაჯერებული სცენაა მიჩვეული. თითქოს ისეთივე იყო, როგორიც  ანტონიონის “აფეთქებაში” (1966).

გაღეღილი გულმკერდი, როგორც საბრენდო იმიჯი; გამობურცული, დასათვლელად გამზადებული ძვლებით; შუბლზე ჩამოშვებული თხელი თმებით და იმ დაუსრულებელი შლეიფით, რომელიც მის სახელს მაშინვე მიეწება, როგორც კი სერჟთან ერთად გამოჩნდა. გენზბურგს, ალბათ, სარკასტულად გაეღიმებოდა, ჯეინ ბ. ორკესტრთან ერთად რომ დაენახა. სამი დღით ადრეც, ნიუ იორკის French Institute and the Alliance Française –ის  (FIAF – ფრანგული ინსტიტუტი და ალიანსი Française, 1898)  ფლორენს გოულდის დარბაზის სცენაზე  შავ დიდ ზედაში, ბათინკებთან აჩაჩულ ჯინსებში და სკამთან შორიახლოს დაგდებული ჩანთით, რომლის ხელსაკიდებს შორის შავი კოსტუმი იყო გადაკიდებული, ჯეინ ბირკინი იხსენებდა მშობლებს, პირველ მეუღლეს, სერჟს, კინოს, პარიზს, სიყვარულებსა და სიკვდილებს. ვიცი, რატომაც ეცვა სცენაზე დიდი საზამთრო „ბოტები“. ვერ იტანს, როცა ფეხები ეყინება, არადა დარბაზში არ ციოდა.  ადრე უთქვამს, არა ვარ ისეთი ელეგანტური, როგორიც ფრანგი ქალებიო, მაგრამ ინგლისელი ქალებისგან განსხვავებით, ჩემთვის სულ ერთია რა მაცვია; ინგლისელები უფრო ექსცენტრიულები არიან და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც მათ მოესურვებათ; მაგალითად, King’s Road – ზე (ლონდონის მთავარი ქუჩა, რომელიც სიმდიდრისა და მოდის სიმბოლოა) თავზე ცილინდრითა და საცვლებში ისეირნონ და ეს მშვენივრადაც გამოუვათო.

ჯეინ ბირკინი, კარნეგი ჰოლი, Stern Auditorium, ნიუ იორკი

ყველაზე ნაკლებად კი მისი ლონდონელი სკოლის თანაკლასელებს წარმოედგინათ, რომ გოგონა, რომელსაც დაცინვით ეკითხებოდნენ „გოგო ხარ თუ ბიჭიო“ Je T’aime… Moi Non Plus-ს (“მიყვარხარ… არც – მე”) იმღერებდა. ამ სიმღერის შინაარსი კი ორგაზმული ხვნეშებისგან, „უცენზურო“ მინიშნებებისგან და „გათავებისგან“ შედგება. აკი მიაღწია კიდეც ამ წყვილის „ნეტარყუჩობამ“ ვატიკანის ფხიზელ ყურს, სიმღერა ევროპის რამდენიმე ქვეყნის რადიოში აიკრძალა და, ალბათ, სწორედ ამ სკანდალურობის გამო მუსიკალური ჩარტების ლიდერ პოზიციებზე დიდხანს გარჩა.

სერჟის სიკვდილის შემდეგ ჯეინი იტყვის, რომ სერჟი საფრანგეთის კლასიკოსია, ახალი ენის გამომგონებელი, რომელმაც დროს გაუსწრო და კლასიკური მუსიკის ინტერპრეტატორიც გახდა. გენზბურგმა „ჯეინ ბ.“–ის მელოდიად  შოპენის “ე–პრელუდია. ოპუსი 28. N4” გამოიყენა. ბირკინმა აღნიშნა კიდეც,  რომ ეს სიმფონიური პროექტი გენზბურგის ხელოვნების ლოგიკური გაგრძელება იყო. ჯეინი, ალბათ, იმასაც იტყოდა, რომ სერჟმა ბრამსსაც (სიმღერაში „ბავშვი მარტო ბაბილონში“ გამოყენებულია ბრამსის სიმფონია N3) გაუსწრო. არ უთქვამს, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ასე გაეფიქრა. აბა, რა… კლასიკოსს ამის უფლება აქვს.

1969 წელს, როცა ამერიკას „ვუდსტოკი“ უნდა ეშვა, ფრანგულ სცენაზე მოკლე, შემოტმასნილ შავკაბიანი “უმანკო გოგონა” ბრიტანულაქცენტიანი ფრანგულით, გრძელი თმების სწორებით, ტვიგის წონითა და თინეიჯერებისთვის დამახასიათებელი მოხრილი მხრებით „ჯეინ ბ.“ –ში  საკუთარ საპასპორტო მონაცემებს  მღეროდა. სცენარის მიხედვით ეს გოგონა იკარგება და სადღაც გზის პირას,  ხელში სისხლის ყვავილით მძინარეს პოულობენ… ფინალური წამღერებით „ლა ლა ლა ლა ლა“.

“დამახასიათებელი ნიშნები

ლურჯი თვალები,

წაბლისფერი თმა,

ჯეინ ბ.

ინგლისელი

სქესი : მდედრობითი

ასაკი: ოცსა და ოცდაერთს შორის

სწავლობს – ხატვას

ცხოვრობს  მშობლებთან”.

ბავშვობიდან ასეთი მახსოვს. უნისექსი გარეგნობით, აი, ზუსტად ისეთი, აქ Boyish Girl–ს რომ უწოდებენ, ისეთი, როგორიც შანსონიე სერჟ გენზბურგის ცენზურირებულ ფილმშია „მიყვარხარ… არც – მე“ (1976), ერთგვარი ტრანსსიყვარულის აურით, რომლის რეალიზება  ადამიანური შესაძლებლობის მიღმაა. ეს წინა საუკუნეში, ახლა კი ამბობს, რომ მისი კანი მის ზომაზე ორჯერ დიდია. იმ ბრიტანელ „მობულინგო“ ბავშვებს და, ალბათ, არც თვითონ არასოდეს დაესიზმრებოდათ, რომ მათ თანაკლასელზე, რამდენიმე უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურ წევრზე დოკუმენტურ ფილმს „ყველა ბავშვის დედა“ (2003) გადაიღებდნენ და თან ეს „სიფრიფანა“ ქალი ბრიჯიტ ბარდოს სიმღერას „ჟე ტემ“  და მის ავტორს (რომელიც საგრანგეთის პრეზიდენტმა ბოდლერსა და აპოლინერს შეადარა) „წაართმევდა“. თან ვისთან ერთად იმღერებდა? საფრანგეთის მთავარი მულტიეპატაჟისტთან, გაუპარსავ–გაბურძგნულ, „ველურ“ პოპ–პროვოკატორთან ერთად. ჯეინისთვის სერჟის უხეშობა და აროგანტულობა მხოლოდ თავდაცვის ხერხი იყო და მეტი არაფერი. არ მალავს, რომ დაბერება არ მოსწონს და არც იმას, რომ ძალიან სიამოვნებს, როცა „მუზას“ უწოდებენ; არც იმას, რომ სევდა მისთვის უფრო ახლობელია; რომ მელანქოლიას უფრო კარგად გრძნობს და შესაბამისად ნაღვლიანი კაცებიც ამიტომ მოსწონს.

სერჟ გენზბურგი და ჯეინ ბირკინი

ერთგან თქვა, რომ როცა ნიუ იორკში გასტროლებზე მოფრინავდა, ტელეფონით გვარი მეორედ ჰკითხეს – ისევე იწერება, როგორც ჩანთაო („ჰერმესის“ ჩანთა სახელად “ბირკინი”, რომელიც ჯეინმა მოიგონა, მერე კი ნაინგის ტყავისგან  დამზადების გამო, თავად მოითხოვა მისი სახელის მოშორება)? კიო, უპასუხია, სწორედ მასე იწერება და სწორედ მაგ ჩანთა გიმღერებთო…

არც ისე დიდი ხნის წინათ ჩაწერა ალბომი Birkin /Gainsbourg: The Symphonic (ბირკინი/გენზბურგი: სიმფონიური) და მსოფლიო ტურში გაემგზავრა. 2011 წლის შემდეგ ნიუ იორკში არ ყოფილა, ჰოდა, ახლა მშვენიერი საბაბი იყო მანამ, სანამ ამ მუსიკალური კოლექციით შვეიცარიაში, სლოვენიაში, ჩილეში, კანადაში, იაპონიაში, ჰონგ კონგში და სხვა ქვეყნებში გაემგზავრებოდა, მსოფლიოს დედაქალაქსაც სწვეოდა.

ჯეინმა „კარნეგი ჰოლის“ სცენაზე ალბომში შესული სერჟის ოცდაერთი სიმღერის („დეპრესია ბაღში“, „რექვიემი ორისთვის“, „დაკარგული სიმღერა“, „ტალახი“, „ქალღმერთი“ და სხვები) უმეტესობა  ამერიკულ  Wordless  Music Orchestra–სთან (უსიტყვო მუსიკალური ორკესტრი)  და მომღერალ რუფუს უანურიატთან  (არანჟირება – „ემის“ მფლობელი ნობუიუკი ნაკაჯიმა) ერთად შეასრულა. კოლექციაში არ შევიდა „ჟე ტემ“. იმიტომ რომ სერჟი აღარაა – მისი სიკვდილიდან ოცდაშვიდი წელი გავიდა. ამ კონცერტზე კი, ცხადია, მნიშვნელოვანი იყო არა ბირკინის ხმის „კოლორატურა“, არამედ სერჟის ტექსტები, რომელიც ჯეინისთვის უფრო მომხიბვლელი სწორედ ახლაა, ვიდრე – ადრე. „სტრესული იყო იმ სიტყვების ინტერპრეტაცია, რომელიც მე მეძღვნებოდა. ეს სიტყვები იყო მასზე და ჩემზე. იმღერო ისინი ორმოცდაათი წლის შემდეგ არ ნიშნავს იმღერო ჩემზე, არამედ – სიყვარულსა და სიცოცხლეზე“ – განაცხადა ჯეინმა.

ჰკითხეს, შეიძლება “ჟე ტემ” ვინმესთან ერთად შეასრულოთო? ცხადია, ასე უპასუხა: “არა, არასოდეს! ეს წარმოუდგენელია! ეს სიმღერა ისეთივე ლამაზია, როგორც კლასიკური მუსიკა და ასე დავტოვოთ”.

2013 წელს მისმა შვილმა, ცნობილმა ფრანგმა ფოტოგრაფმა ქეით ბერიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჯეინი ორი წლით ჩაიკეტა. მერე კი მისი და სერჟის სამხატვრო მენეჯერის ფილიპ ლერიქომის (იგი ჯეინს ნიუ იორკშიც ახლდა)  ინიციატივით სცენას დაუბრუნდა და მონრეალში  სერჟის ტექსტების აკაპელა კითხვა მსახიობებთან მიშელ პიკოლისა და ერვე პიერომთან ერთად დაიწყო. მერე მუსიკაც გაჩნდა… „ერთი რამ, სხვათა შორის“, „ვარჯიში Z ფორმით“, „მანონი“, „სამშვენისი“ – ეს  სხვა სიმღერები სიმფონიურ ორკესტრის არანჟირებით. ეს პროექტი, ერთი შეხედვით, სიგიჟე იყო, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ამაში მას სერჟი დაეხმარა.

ჯეინი პარიზში ინგლისიდან 1968 წელს ჩავიდა. ბრიტანეთი „ბიტლებისა“ და მათი ისტერიული აურის გაგანია ციებ–ცხელებაში იყო, საფრანგეთში კი სოციალურ– პოლიტიკური, სტუდენტური პროტესტების წელი ბობოქრობდა და ამ დროს იქაური ენის არმცოდნე გოგონა, რომლის „დამტვრეული“ ფრანგული არტბომონდისთვის პარადოქსულად მისაღები ხდება, ფილმის „სიყვარული და სიყვარული“ (მეორე სახელი „სლოგანი“ (1969) გადაღებაზე ოცი წლით მასზე უფროს ქარიზმატულ სერჟ გენზბურგს, ბორის ვიანის „მოწაფეს“ გაიცნობს და მათ თორმეტწლიანი არტისტული სიყვარული დააკავშირებთ. როგორც ბირკინი ამბობს, სერჟის პოპულარობის შესახებ მან მაშინ არაფერი იცოდა, მის გვარსაც სწორად ვერ გამოთქვამდა და ეს „ამპარტავანი სნობი“ კაცი ძალიან აღიზიანებდა. ეს თავიდან. მერე კი მათი ეროტომანიული პარტნიორობა საფრანგეთის კულტურულ შოკზე უფრო მეტი იყო. ეს იყო ტაბუს დეკონტრუქციისა და სერჟის არაორაზროვანი სიტყვების – „ჩვენ არა ვართ ამორალური წყვილი. ჩვენ ვართ ამორალური წყვილი“ რეალობად გადაქცევის დრო.

სერჟ გენზბურგი და ჯეინ ბირკინი

ჯეინი სერჟის სიკვდილის შემდეგ თავისუფლად საუბრობს ყოფილი საყვარლის წვერზე, უთმო მკერდზე, ბრტყელტერფიანობაზე, წინდებზე და მისივე შეთავაზებაზე კაცს ჯინსის შარვალში საცვლები არ ჩაეცვა, რადგანაც ასე უფრო სექსუალური იქნებოდა. გაკვრით საუბრობს განშორების მიზეზზეც. გენზბურგი სვამდა. სერჟის სიცოცხლის ბოლომდე ისინი კარგ მეგობრებად დარჩნენ, გენზბურგი ბირკინისთვის აგრძელებდა სიმღერების წერას.

ჯეინს იმ პერიოდის საკუთარი სექსიმიჯი, მიწებებული წამწამები და შავი ფანქრით სქლად გამოყვანილი თვალები დღეს დიდად არ მოსწონს. მისთვის უფრო ის სტილია ახლობელი, რომელიც ორმოცი წლის ასაკში გაუჩნდა. მერე იყო განშორება და ახალი სიყვარული. ჯეინი  ყოველთვის დამოუკიდებელი მოთამაშე იყო და არ „ეკუთვნოდა“ არც ერთ თავის სახელოვან საყვარელს. არც პირველ ქმარს, ცნობილ ინგლისელ კომპოზიტორსა და დირიჟორს ჯონ ბერის, არც საფრანგეთის ყველაზე გავლენიან არტისტსა და არც ფრანგ რეჟისორს ჟაკ დოილონს. ჰკითხეს, სად იყავით, როცა გენზბურგის სიკვდილის შესახებ გაიგეთო? ლონდონშიო, დამირეკესო. მხოლოდ ჩემთვის კი არა, მთელი საფრანგეთისთვის ეს დაუჯერებელი თავზარდამცემი ცნობა იყოო… და დასძინა: „სხვათა შორის, ადამიანები ერთმანეთს იმასაც უზიარებენ თუ სად იყვნენ, როცა პირველად   Je T’aime… Moi Non Plus  მოისმინესო“.

FIAF-ის სცენიდან საუბრობდა არა „დამა“-ქალი, არა ასაკში შესული ლოლიტა და არც „ლიმნის ინცესტის“ (გენზბურგისა და მისი ქალიშვილის პროვოკაციური, შოპენისეული „სინგლი“, რომლის სახელწოდება სიტყვების „ლიმნის ცედრის“ გადათამაშებითაა შექმნილი) მონაწილე შარლოტა გენზბურგის დედა. ის უფრო ჰგავდა მთხრობელს, რომელიც უბრალოდ, ნეიტრალური ინტონაციით ყვება, რომ „არაკლასიკური მშობლები“ ჰყავდა, პირველი შვილი 19 წლის ასაკში შეეძინა, ბებია კი 39 წლის ასაკში გახდა; მამას, დეივიდ ბირკინს, საზღვაო ფლოტის ოფიცერსა და საფრანგეთის წინააღმდეგობის ვეტერანს მოლოდინები გაუწბილა, რადგანაც მსახიობი გახდა, თუმცა მამა მისით აუცილებლად იამაყებდა, როცა ნახავდა, როგორ სტუმრობდა კონფლიქტის ზონებს მისი ქალიშვილი სამხედრო მანქანებით. სამაგიეროდ დედა, ცნობილი ბრიტანელი მომღერალი და სცენარისტი ჯუდი კემბელი იყო არა მარტო შვილის, არამედ ცნობილი ინგლისელი მწერლისა და კომპოზიტორის ნოელ კოუარდის შთაგონების წყარო. ჯეინი ყვება, რომ ერთხელ, როცა ისინი ომიანობის დროს იუგოსლავიიდან ლონდონში მიემგზავრებოდნენ, ჰკითხა დედას, თუ რა მიჰქონდა მას თან. ჯუდის კი უპასუხია, რომ მხოლოდ „შიაპარელის“ მკვეთრი სუნამოო. „გამიკვირდა, – ჰყვება ჯეინი, – საკვები ან სხვა რამ რატომ არაო?” ჯუდის კი უთქვამს: „როცა აღარაფერი გაქვს დასატოვებელი,  უნდა წაიღო ის, რაც საკმარისზე მეტიაო“. ჯუდი კემბელი ნიუ იორკს ლონდონიდან თერთმეტის სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ესტუმრა და „სიტი ჰოლში“ კონცერტიც გამართა. ჯეინ ბირკინი ამბობს, რომ ადამიანები დღემდე იხსენებენ იმ საღამოს, იმას თუ როგორი მხიარული იყო ეს 80 წელს გადაცილებული ადამიანი“.

შვილებთან: შარლოტა გენზბურგთან და ქეით ბერისთან ერთად

ჰკითხეს, იყო თუ არა სერჟი მახინჯი. მცირედი პაუზის შემდეგ, უპასუხა: შეიძლება ასე გეფიქრა მასზე, როცა იგი ოცდაათი წლის იყო, მაგრამ  ორმოცი წლის ასაკში  იგი ძალიან ლამაზი იყო… ჩვენ ორივე ლამაზები ვიყავითო.

„მე ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ“ – გვითხრა ოდნავ სევდიანი ინტონაციით და  აუდიტორიიდან პატარა გოგონასაც გაესაუბრა, რომელმაც მიკროფონი როგორღაც დიდი ხნით ჩაიგდო ხელში და ჯეინს რამდენჯერმე ჰკითხა – ჩანთაში კატა ხომ არ ეჯდა, რას ფიქრობდა მისი სეხნია ჩანთების სერიაზე და რისგან იყო დამზადებული მისი ჩანთა, რომელიც სკამის გვერდით იდო. ჯეინმა უპასუხა, რომ კატა არა ჰყავს ჩანთაში, რომ „ჰერმესს“ მისი სახელის მოშორება სთხოვა და  თქვა, რომ ჩანთა, რომელიც აქ აქვს, მისი დიზაინისაა და ხელოვნური ტყავისგანაა დამზადებული.

საუბრის დროს სცენის კედელზე სლაიდებად ენაცვლებოდა ერთმანეთს ჯეინის დიდი ხნის მეგობრის, გაბრიელე კრაუფორდის მიერ გადაღებული ფოტოები. ალბომმა Attachments (რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „დანართები”, „მიბმები“, “ფიქსაციები“ და ა.შ.) 1965 წლიდან ფოტოხელოვანის მიერ გადაღებულ 180 ფოტოს მოუყარა თავი. ინტერვიუზე უარი მითხრა, საკონცერტო მზადება და დასვენება სჭირდებაო, არადა რამდენი რამ მინდოდა მეკითხა  Tête-à-Tête… მერე თავი დავიმშვიდე, რომ როცა დღიურებს გამოსცემს, შეიძლება იქ ვიპოვო პასუხები.

 

ავტოგრაფისთვის რიგში Irish Examiner-ის და კიდევ ლამის ათეული გამოცემის ცნობილი არტკრიტიკოსი ბრედ ბელფორი გამესაუბრა და ისიც მკითხა, ჯეინ ბირკინმა ქართველი ვითომ რატომ შეიძლება დააინტერესოსო? ვუპასუხე, რომ ჯერ ერთი: Je T’aime… Moi Non Plus ქართულადაც „ჟე ტემია“, მეორეც – ვითომ რატომაც არა? მესამეც –  საქართველოში მან საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა… კიდევ მინდოდა რაღაც დამემატებინა, მაგრამ ამასობაში FIAF-ის თანამშრომელმა გოგონამ, რომელიც ყველას ინდივიდულაურად ხმადაბლა ესაუბრებოდა, გაგვაფრთხილა, რომ ჯეინისთვის ჩვენი სახელი არ უნდა გვეთქვა, წიგნს მაინც არ წააწერსო და მასთან არც ფოტოს გადაღებაა ნებადართულიო. ჯეინს მივესალმე, საქართველოში ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ დასტამბული პირველი დამფუძნებელი კრების ქალების ბარათები ვაჩუქე. ეს ბარათები ამგვარ შეხვედრებზე ყოველთვის მიდევს ჩანთაში და ახლა ისინი ჩიკ კორეას, გლორია სტეინემს, ამერიკელ ასტრონავტს მაი ჯემისონს, სალმან რუშდის და კიდევ ორ ათეულ ადამინს აქვს. ახლა – ჯეინსაც.  გაუხარდა, მადლობა გადამიხადა, სახელი მკითხა, რაღაც წააწერა და ფოტოს გადაღების უფლებაც მომცა. გადაგვიღო სწორედ იმ სკეპტიკოსმა რეპორტიორმა. მას მერე მთელს მსოფლიოში ჩემს ნაცნობ ფრანგულის მცოდნეებს ავტოგრაფის ფოტოიმიჯს ვუგზანი, რათა გავიგო ექსკლუზიურად რა წამიწერა. ჯერჯერობით ჯეინ ბ.–ის გზავნილი  ვერ იშიფრება.