ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„რუსული ოკუპაცია კლავს!“ – ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია გაეროს შტაბ-ბინასთან

„რუსული ოკუპაცია კლავს!“ – ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია გაეროს შტაბ-ბინასთან

4 მარტს, ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინის წინ ქართველმა ემიგრანტებმა  რუსეთის ანტიოკუპაციური აქცია გამართეს, რომელმაც საქართველოში მიმდინარე აქციას – „მშვიდობა ომზე მეტია“ – სოლიდარობა გამოუცხადა.

ემიგრანტებმა პატივი მიაგეს ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას, მის ოჯახს კი თანადგომა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინის ოკუპაციასაც და ნიუ იორკელებსა და ქალაქის სტუმრებს რუსეთის ძალადობრივი ქმედებების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ.

„აქციაზე შევიკრიბეთ, რათა პროტესტი გამოვხატოთ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული და მოკლული ომის ვეტერანის და ერაყის საომარი ოპერაციების მონაწილე არჩილ ტატუნაშვილის ფაქტზე“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკო ავალიანმა. „– უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ რუსული მხარე ცხედრის გადმოცემას აჭიანურებს და ამით ქართველების მიმართ თავის ჩვეულ, დამამცირებელ დამოკიდებულებას გამოხატავს. ამჯერად არა ცოცხალი ადამიანის მიმართ, არამედ – გარდაცვლილის.

მოვუწოდებთ ქართულ მხარეს ამ თემასთან დაკავშირებით დუმილი დაარღვიოს, რადგანაც პირში წყლის დაგუბება ქვეყნის დიდი სირცხვილია. გაეროსთან გამართული აქციით ჩვენ  აქაურებს გავაცანით რუსეთის რეალური სახე და ამავე დროს საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდეთ დაიცვას თავისი მოქალაქეები.”

აქცია ნიუ იორკში

აქცია ნიუ იორკში