ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

iPhone 6-ით გადაღებული ფილმი ღვინოზე, რომელიც ჩვენი სისხლია

iPhone 6-ით გადაღებული ფილმი ღვინოზე, რომელიც ჩვენი სისხლია

გაზაფხულის დადგომისთანავე სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჯელესის, პორტლენდის, ჩიკაგოსა და ვაშინგტონის კინოთეატრებში წარმატებული პრემიერების შემდეგ ამერიკელი რეჟისორის ემილი რეილსბეკის iPhone-6-ით და სახელგანთქმულ, არაერთი ჯილდოს მფლობელ, ჩიკაგოელ სომელიე ჯერემი ქუინთან თანამშრომლობით გადაღებულმა ფილმმა – „ ჩვენი სისხლი ღვინოა“ – ნიუ იორკში, ისტ-ვილიჯის კინოთეატრშიც ჩამოაღწია და „ნიუ იორკ თაიმსის“ დადებითი რეცენზიაც დაიმსახურა.

„სრულიად მომხიბვლელი დოკუმენტური ფილმი პოსტ–საბჭოთა საქართველოში ღვინის წარმოების შესახებ”  – ასე დაწერა ჯანეთ კატსოულმა; ამერიკელის ფილმი ქართულ ღვინოზე 2018 წლის „ბერლინალეზე“ სექციისთვის – „კულინარული კინო“ შეირჩა.

78-წუთიანი „ ჩვენი სისხლი ღვინოა“  Music Box Films – ის პროდუქციაა,  კომპოზიტორი კი ბრაზილიური წარმოშობის გაბრიელ დიბია. ქართველმა მუსიკოსმა  ნინო არობელიძემ, რომელიც 2016 –ში ემილი რეილსბეკმა ჩიკაგოს ერთ–ერთ ჯაზ – ქლაბში გაიცნო,  თავისი ორიგინალური კომპოზიციები დაამუშავა არა მარტო ამ ფილმის  კონკრეტული სცენებისთვის, არამედ ტრეილერისთვისაც. მუსიკა ფოლკ-იმპროვიზატორული-მსოფლიო ჯაზის სტილისაა.

ამერიკულმა ჟურნალმა Variety-იმ კი რეჟისორის ხელწერა გააკრიტიკა, თუმცა თავად ნარატივს დეტალური თხრობა მიუძღვნა. სტატიის ავტორი სკოტ ტობიასი ასე აღწერს ფილმს: „უცხოელი დამპყრობლები ყოველთვის ცდილობდნენ ამ მიწის დასაკუთრებას“ – ვკითხულობთ ფილმის ეპიგრაფში. „ჯერ ისინი გადათხრიან ვენახებს, შემდეგ კი სიმღერას აკრძალავენ“. ეს არის დაძაბულობა ტრადიციასა და საქართველოს სამოცდაათწლიანი საბჭოურ პერიოდის დეზინტეგრაციას შორის, რომელიც ამ ქვეყნისთვის ისტორიული კონსტანტა იყო მანამ, სანამ 1991 წელს საქართველო დამოუკიდებლობას დაიბრუნებდა. iPhone-ით ხელში რეილსბეკი და ჯერემი ქუინი საქართველოს ღვინის რვაათასწლიანი წარმოების ფესვებს სწავლობენ და გარე საფრთხეების არსებობის პირობებში ამ ტრადიციის სიმყარეს აღნიშნავენ. ოინოფილებს (ღვინის სპეციალისტებს) შეიძლება გულიც წაუვიდეთ იმ ადგილობრივი აღმაფრთოვანებელი ყურძნის ჯიშებით, რომლიც  ქუინის გემოვნებას აღიზიანებს, მაგრამ რეილსბეკის  მყიფე და დეზორგანიზებული ფილმი არც ისე თანაბარია”.

„ ჩვენი სისხლი ღვინოა“ იწყება ქუინის ბავშვური კითხვით – „საიდან ჩნდება ღვინო?“ პასუხისთვის კი ემილი რეილსბეკი საქართველოში მიემგზავრება, იქ, სადაც სპეციასტებმა ჩვ.წ.–აღ.მდე 6000 წლის ნეოლითის კერამიკული ნიმუშები აღმოაჩინეს.  ფილმი გვიყვება, რომ ყველა იმ კატასტროფის პერიოდში, რომელიც საქართველოს თავს დაატყდა, მხოლოდ ერთი კონსტანტა იყო – ქვევრი, გიგანტური თიხის ჭურჭელი, რომლის შექმნას თითქმის ერთ კვირა სჭირდება და, ასე ვთქვათ, ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის პერიოდს ესადაგება. ქვევრს ექვსი თვით სარდაფში ამიწებენ მოსავლის აღებასა და გაზაფხულს შორის, ხოლო მიღებული პროდუქტი პირდაპირ ჭიქებში ისხმება ნათელი, სუფთა სურნელით, რომელიც უფრო „ოქროსფერია, ვიდრე თეთრი“.

გამოცემა Wine Economist   რეილსბეკის ფილმს საკმაოდ ვრცელ სტატიას უძღვნის  და აღნიშნავს, რომ საბჭოთა პერიოდი ქართული ღვინის წარმოებისთვის ტრავმული ხანა იყო; რომ დოკუმენტური ფილმი შექმნილია ისეთივე მოწიწებით ტრადიციების მიმართ, როგორადაც ქართველებს  თავისი ქვევრის ღვინის წარმოების მიმართ აქვთ; რომ ფილმი საქართველოს თავის ისტორიას ბუნებრივად, ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე აყოლებს.

„საბჭოთა ეპოქა, რომელიც ფილმში საარქივო კადრებითაა წარმოდგენილი, ქართული ღვინისთვის განსაკუთრებით მძიმეა…“ – წერს ღვინის ცნობილი მიმომხილველი მაიკ ვესეტი, „– საქართველოში დაბადებული იოსებ სტალინი დარწმუნდა, რომ თავად მას კარგი ღვინის მარაგი ჰქონდა თავისი მშობლიური მხარიდან, თუმცა ქვეყნის დანარჩენ ნაწილში ღვინის წარმოება არც ისე იღბლიანი იყო. კერძო ვენახები დატაცებული იყო, ხოლო ღვინის ქარხნულმა წარმოებამ კერძო მარნები ჩაანაცვლა, რათა საბჭოთა იმპერიის სხვა რეგიონების განურჩეველი გემოვნება დაეკმაყოფილებინა.

ღვინის ტრადიციული პრაქტიკა შენარჩუნებულია საოჯახო წარმოების დამსახურების გამო და დღესაც ქართული ოჯახების უმრავლესობა ღვინოს საკუთარი მოხმარებისთვის ამზადებს, თან ზოგი მათგანი მართლაც  ძალიან კარგია.  აშშ–ის სტანდარტებით ქართული ღვინის მოთხოვნის სტანდარტი მაღალია. ღვინის შიდა წარმოება ექსპორტზეა ორიენტირებული, რადგანაც რთულია ადგილზე საშინაო ღვინოს კონკურენცია გაუწიო.

მე აღფრთოვანდი, როცა ფილმის ბოლოს ქართული ღვინის ხელოვნების სახლში დაბრუნება დავინახე იმ მხატვრის საშუალებით, რომელიც ზეთისა და აკვარელის მაგივრად ღვინითა და ყურძნის წვენით ხატავს. საფერავი – არტი? საკუთარ თავს ვეკითხებოდით, რომ ეს სრულიადაც შესაძლებელია. დიახ. ეს მხატვარი ჩვენი მეგობარი ელენე რეხვიაშვილი იყო, რომელიც დაგვეხმარა ქართულ ღვინოზე და მის კულტურაზე მეტი გაგვეგო, როცა ჩვენ 2016 –ში საქართვლოს ვსტუმრობდით.

„ ჩვენი სისხლი ღვინოა“ აუცილებლად სანახავი ფილმია, რომელიც თუნდაც იმისთვის ღირს ნახო, რომ გაიგო, თუ რას მოგვითხრობს იგი საქართველოზე, მის ისტორიაზე, კულტურაზე, პოლიტიკაზე და, რასაკვირველია, ღვინოზე. ეს არის ბოლო წლების ერთ–ერთი ყველაზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმი ღვინოზე”.

კადრი ფილმიდან

„ღვინის ტანდემი“ ემილი და ჯერემი ამჟამად თავიანთ პროდიუსერთან, ბრუს შერიდანთან ერთად  ახალ პროექტზე მუშაობენ და სასმელზე ფილმების გადაღებას კვლავ აპირებენ. მათი შემდგომი გაჩერება ამჯერად  იაპონია იქნება.

ემილი რეილსბეკი და ჯერემი ქუინი

ემილი რეილსბეკი ჩიკაგოში თეატრალურ და გამომსახველობით ხელოვნებას სწავლობდა, კერძოდ კი ფოტოგრაფიას, გრაფიკულ დიზაინსა და ფერწერას. როგორც თავად ამბობს, კინოხელოვნებაში იმიტომ გადაინაცვლა, რომ მისი ფოტოები ყვებოდა უფრო მეტს, უფრო რთულ ისტორიებს, რომელიც გამომსახველობაში მაინც შეზღუდული იყო. თავიდან მას დოკუმენტური ფილმები აინტერესებდა,  ხოლო როცა კინოსკოლაში სწავლა გადაწყვიტა, ემილიმ „თხრობითი ფილმების” კეთება უკვე „კოლუმბია კოლეჯ ჩიკაგოში“ გააგრძელა.

„2012 – 2014 წლებში შვიდი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღე და ამავე დროს ძალიან მინდოდა მხატვრული ფილმის ავტორობაც“, – მიყვება ემილი, „- ჩემმა  სურვილმა კი დოკუმენტურ ფილმამდე მიმიყვანა. მე არ მინდოდა წლების დახარჯვა მხოლოდ სცენარის გასალაშინებაზე. დღეისთვის მე არასრული განაკვეთით „კოლუმბია კოლეჯ ჩიკაგოში“ ვასწავლი და ჩემ საკუთარ კინოპროექტებზეც ვმუშაობ. ჩემი ოჯახი ღვინის მწარმოებელი ტრადიციებისაა და ბავშვობიდან ყოველთვის მომწონდა ეს შთამბეჭდავი სამყარო. ვინაიდან მე თოთხმეტი წლისა გარკვეულწილად უკვე ვმუშაობდი სარესტორნო ინდუსტრიაში, ეს იმ თავისუფლებასა და მოქნილობას მანიჭებდა, რომელიც დამოუკიდებლად  მუშაობის საშუალებას მაძლევდა.  დოკუმენტალისტიკამ ყველა ჩემი ვნება გააერთიანა და ამ ჟანრის ფილმები სარეჟისორო დებიუტისთვის შესანიშნავი ბიძგი აღმოჩნდა.

საქართველოში როგორ აღმოჩნდით?

– საქართველოში ჯერემისთან სტუმრად ჩავედი. იგი თბილისში მუშაობდა რესტორან „აზარფეშაში“ და Vino Underground –ში. მაშინვე შემიყვარდა ქართული ღვინის კულტურა და მივხვდი, რომ ფილმი აუცილებლად უნდა გადამეღო. ჯერ არ ვიცოდი, რას გადავიღებდი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ რაიმე იდეა საქართველოში ჩემი ხუთდღიანი მოგზაურობის დროს აუცილებლად მესტუმრებოდა. მე და ჯერემი ჩიკაგოს ღვინის ბარში ერთად ვმუშაობდით და ყოველთვის მომწონდა, როცა ღვინის მიღმა ისტორიებს მიყვებოდა. იგი ოცნებობდა მთელს საქართველოში ფეხით ემოგზაურა, რათა გაესინჯა ყველა ღვინო, რომელსაც სოფელში მცხოვრებნი ამზადებდნენ იმ იშვიათი ჯიშის ყურძნისგან, რომელიც სსრკ-მ ამოძირკვა. ჯერემიმ მითხრა, რომ ერთადერთი მეთოდი ყველა ღვინო გასინჯო – ესაა ოჯახებში სტუმრობა. ამ იდეამ ფილმის გადაღება გადაგვაწყვეტინა და, ფაქტობრივად, ფილმის შექმნაც საქართველოში ჯერემის ღვინის მწარმოებლებთან ურთიერთობის მეშვეობით გახდა შესაძლებელი.

კადრი ფილმიდან

საქართველოში ბევრი ადგილია, რომელიც ჩემთვის ძვირფასი გახდა. ბევრი მათგანი პეიზაჟის სილამაზის გამო, მაგალითად, თუშეთი, შავი ზღვა, რაჭის გზები, როცა თქვენ ნორჩი ბალახის სუნს გრძნობთ. თუმცა ჩემი საყვარელი ადგილების უმეტესობა ჩემს ქართველ მეგობრებს უკავშირდება – ნახშირგელში რამაზის ვენახსა და გურიაში – ზურაბს.

– ფილმის სახელწოდება როგორ შეარჩიეთ?

– სახელწოდების თაობაზე დიდხანს ვმსჯელობდით, რადგანაც ამ იდეით დიდი ხანი წინ და უკან დავდიოდით. ამ სახელწოდებამ, ასე ვთქვათ, აღწერა ის გრძნობა, რომელიც ადამიანს საქართველოში ეუფლება – იქ, სადაც მეღვინეობა თითოეულის მემკვიდრეობის სისხლის ნაწილია. ჩემი ნამუშევარი ექსპერიმენტალური ფილმია, რომელიც მოწოდებულია  საქართველო გაიცნოს ისეთად, როგორადაც ეს ქვეყანა  ჩვენ დავინახეთ. ვფიქრობ, რომ ამაში სწორედ სახელწოდება გვეხმარება. ფილმის პოსტერში არის ჯერემის ხელები და ჩემი ფეხები, ყურძნის ჭყლეტისას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ყოფნისას ღვინო ჩვენი სისხლის ნაწილიც გახდა.

როგორ შეარჩიეთ ოჯახები და რომელი ღვინოა მთავარი ფიგურანტი?

– ჩვენ შევჩერდით ოსტატ მეღვინეებზე, რომლებიც თავის ტრადიციებს დაუბრუნდნენ. დიდი ხნის განამვლობაში ისინი იყენებდნენ ქვევრს, ზოგი კი ქვევრის გამოყენებას სამომავლოდ აპირებს. ისინი ხმარობენ ნებისმიერ ჭურჭელს, რის საშუალებაც აქვთ. ინტერვიუ ბევრი მეღვინესგან ავიღეთ, თუმცა მათი უმეტესობა ფილმის საბოლოო ვარიანტში ვერ მოხვდა. ჩვენ გაკვრით შევეხეთ კახეთს,  მეღვინეობის ძირითად რეგიონს, თუმცა ყველა ჩვენი მთავარი გმირი დასავლეთ საქართველოდანაა, რეგიონიდან, რომელიც სსრკ-მდე ღვინის დიდი წარმოებით იყო ცნობილი.

– როგორი იყო თქვენი „ღვინის დღის“ რუტინა?

– ჩვენი ყოველდღიური სამუშაო საათები მოიაზრებდა ქვეყნის „ახალ ნაწილებში“ გამგზავრებას, რამდენიმე საათის განმავლობაში ინტერვიუების აღებას, მერე ყოველ ღამეს კადრების სარეზერვო ასლების კეთებას და ჩვენი ხელსაწყოების დატენვას. ეს შეიძლება თავიდან არც ისე რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ დამტენ მოწყობილობის გამოყენებაზე და  კადრების სარეზერვო ასლების კეთებაზე ხშირად ხუთ საათზე მეტი დრო იხარჯებოდა. იყო გადაღების გრძელი დღეები, როცა ძალიან ვიღლებოდით, მაგრამ მუშაობა უნდა გაგვეგრძელებინა, რათა მეორე დილას გადაღებები გაგვეახლებინა. ყველაზე დიდი განტვირთვა იყო გადაღების შემდეგ ღამის დასასრულისას ღვინით დატკბობა, რათა დამტენ აპარატურაზე ჩვენი მიჯაჭვებულობა დაგვევიწყებინა.

– რეჟისორული თვალსაზრისით „ ჩვენი სისხლი ღვინოამ“ რა გასწავლათ?

ემილი რეილსბეკი და ჯერემი ქუინი

ფილმის გადაღებისას მე ვისწავლე თუ როგორ გავუწიო ორგანიზება და რედაქტირება  170 საათიან გადაღებულ მასალას; იმ სამუშაოს, რომელიც ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. სამუშაოს ყველაზე სახალისო ნაწილი კი იყო ის, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ვნახეთ. მივხვდით, თუ რამდენად სასწაულად გაგვიმართლა და ამით ძალიან მადლიერიც ვიყავით. განსაკუთრებული იყო მეღვინეების  ოჯახებში ჩვენი დაპატიჟება და ამ ოჯახებში კერძების დამზადების ყურება. ამავე დროს მე უამრავი რამ გავიგე ქართველებზე, მათ ისტორიაზე და  კულტურაზე. ჩემთვის და ჯერემისთვის ისინი ოჯახივით გახდნენ. სპონტანურად ამღერება და გულითადი სადღეგრძელოების კულტურა ჩემთვის დიდი შოკი იყო. მე არა ვარ მიჩვეული ჯგუფში ჩემი ემოციების ღიად გამოხატვის, მაგრამ ბევრჯერ აზრობრივად დატვირთულმა სადღეგრძელობმა მართლაც ამატირა.

შეგიძლიათ ღვინო–კერძებში თქვენი ფავორიტი დაასახელოთ?

– ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ ვსაუბრობთ მე და ჯერემი ფილმში გემოვნებაზე და კონკრეტულ ღვინოებზე, ისაა, რომ ორივე ვგრძნობდით, რომ როგორც კი რომელიმე ღვინოს ფავორიტად დავასახელებდით, ფილმი ყურძნის ამ ჯიშის პრომოუტერი გახდებოდა. ადამიანები აიგივებენ ერთმანეთს ამ ისტორიასთან და ყურძნის ჯიშთან და ამის შედეგად ჰომოგენიზაცია შეიძლება დაიწყოს. ჩვენ ორივეს გვწამს გემოს შენარჩუნების და ეს ყველა ჯიშისა და განსხვავებულთა შენარჩუნებას ნიშნავს. ჩვენი საყვარელი ღვინოები იწარმოება  დასავლეთ საქართველოში, სადაც ცოტა უფრო დიდი სიმაღლეა, ყურძენში მაღალი მჟავიანობაა და უფრო შესამჩნევი მინერალიზაციაც. საკვებს რაც შეეხება: მე ყველგან მენატრება ახალი პომიდორი, ენგუსის ცოლის ხინკალი, იაგოს ნატიფი მწვადი, ნესტანის სუპი და ჭაჭა, ზურაბის ცოლის მსუყე ხაჭაპური. ახლა, როცა ამას ვამბობ, ნერწყვი მადგება და მოუთმენლად ველოდები საქართველოში დაბრუნებას.

– რა თვისებები უნდა ჰქონდეს მწერალს/ ბლოგერს, რომელიც  ღვინის თემას ირჩევს?

– მე მრავალი წელი ღვინის ბარებსა და რესტორნებში ვმუშაობდი, ბევრი რამ ღვინოზე არ ვიცოდი, მაგრამ მგონია, რომ მთავარია განიცადო ადამიანური ისტორია. ჩემთვის ეს არის საქართველოს კულტურული ისტორია, ღვინო კი  – ქართველების გაცნობის საშუალება. ამერიკელი მაყურებელი ფილმს ნახავს და შემდეგ, ღვინის დაგემოვნებით, მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურასაც ეზიარება.