ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

გირშელ ჯავახიშვილის გახსენება

გირშელ ჯავახიშვილის გახსენება

აგერ უკვე თითქმის ორი წელია ოჯახის წევრები, ბავშვობისა და ემიგრაციის მეგობრები აშშ–დან, კანადიდან და საქართველოდან იკრიბებიან ერთი ძალიან განსაკუთრებული ადამიანის საყვარელ სივრცეში, კერძოდ კი იქ, სადაც მუსიკა ყოველთვის ჟღერს.

პიანისტი, მულტიინსტრუმენტალისტი გირშელ ჯავახიშვილი (1981–2016) თბილისში ბენდებში “ლაითმოტივი” და “ვანოს შოუს ბენდი” უკრავდა; ჯაზმენობა და პერფორმანსებში მონაწილეობა მას არც ემიგრაციაში შეუწყვეტია. ახლა კი წელიწადში ორჯერ მისი გარდაცვალებისა და დაბადების დღე  კლასიკური მუსიკის, ჯაზის, ქართული ქალაქურისა და ხალხურის, მასზე მოგონებებისა და მეგობრების შეხვედრის დროა. ნიუ იორკის ცაში ხან მისი სახელობის ფერადი ბუშტები მიფრინავს, ხანაც მისი თეთრი ფრთები კედელზე იკვრება და თავადაც შეგიძლია მოირგო… ფრთები, რომელზეც გირშელის საყვარელი ჯაზკომპოზიციების ნოტებია, მათ შორის, ჩიკ კორეასი. ხან მისი ქვრივის, მუსიკოს ნატაშა ჯავახიშვილის დიზაინით შექმნილი მაისურები შეგიძლია მოისინჯო და ნატაშას ცოცხლად შესრულებული სიმღერაც მოისმინო; ხან არტდარბაზს სტუმრობს იაპონური ხე, რომელზეც პაწაწინა სანთლები ციცინათელებივით ინთებიან. ეს ხე ახლობლის ბაღში დაირგვება და გირშელის სახელობის იქნება. გირშელს ბუნება ძალიან უყვარდა, საყვარელი ხეც კი “ჰყავდა”. იმ თეთრ ფრთებზე კი გირშელის სიტყვებია, რომ “მუსიკა ფრენის საშუალებაა” ,”მუსიკა ჩემი თავისუფლებაა”…

გირშელ ჯავახიშვილი (1981–2016)

აშშ-ში ჩემი თითქმის ცამეტწლიანი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა ეთნოსისა თუ რელიგიის ადამიანის უკანასკნელ გზაზე გაცილებაზე ვყოფილვარ, მაგრამ ასეთზე, არასოდეს. ეს არა გლოვის, არა სასოწარკვეთის, არამედ სიცოცხლის და მისი გაგრძელების ერთგვარი პერფორმანსი იყო, მეგობარი მუსიკოსების მიერ სცენაზე ექსპრომტი ჯემ – სეიშენითა და სიმწრისგან ამღერებული დედით, რომელიც “მრავალჟამიერს” ასრულებდა.

გირშელის დიდი ხნის მეგობარი სალომე სიგუა იხსნებს, რომ მძიმე სენის მიუხედავად, გირშელს არასდროს დაუწუწუნია, თითქოს მასში  განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, საკუთარი დარდის სხვისთვის თავს მოხვევა არ უყვარდა; ღიმილით, მშვიდად წავიდა.

იმ დღეს გირშელისთვის უკრავდნენ ინსტრუმანტალისტები, ნიუ იორკში მოღვაწე ჯაზმენები: პრემიკ რასელ ტუბსი, ნოა ჰაიდუ, ნიკო ბერძენიშვილი და გიორგი ბერიშვილი (ხონძი).

ეკრანზე და კედელზე კი გირშელზე გადაღებული საოჯახო ვიდეოკადრები და ფოტოკადრები ტრიალებდა, სცენაზე კი სხვადასხვა ჟანრის მუსიკა და იმპროვიზაცია. ხანდახან კი შემსრულებელი მუსიკოსების ტანსაცმელზე “იუბილარის” ბავშვობის, არტისტობისა და მისი სახუმარო სკეჩების კადრები პროეცირდებოდა. ვიდეო კანადიდან  – გირშელის უმცროსი მეგობრის, 16 წლის სანდრო ხაკიმოვის მიერ შესრულებული დებიუსის “მთვარის შუქი”.

ევა კაპანაძის ფოტო

ევა კაპანაძის ფოტო

მისი მეგობარი, მუსიკოსი ნინო ივაჩიძე ამბობს, რომ გირშელს ჰქონდა იშვიათი ნიჭი სხვა ადამიანში ის ტალანტი აღმოეჩინა, რომლის შესახებაც მან თავადაც არ იცოდა, კომპლექსებისგან გაეთავისუფლებინა და თვითრეალიზაციისთვის სტიმული მიეცა: “საოცრად ქარიზმატული და საინტერესო პიროვნება იყო. გაცნობისთანავე ყველას უჩნდებოდა სურვილი მისი სიმპათია დაემსახურებინა.”

გირშელის ბავშვობის მეგობარი, მუსიკოსი მადონა ირემაშვილი იგონებს, რომ გირშელი საოცრად პოზიტიური “ენერჯაიზერი” იყო, მასთან მოწყენა შეუძლებელი იყო. ყველას პირველი შეხვედრისთანავე ამახსოვრებდა თავს. თბილი, ღრმა, კეთილი ადამიანი იყო,  ცხოველები ძალიან უყვარდა.

ევა კაპანაძის ფოტო

იმ დღეს გირშელი მძიმე სენით დაავადებულ კიდევ ერთ ადამიანს დაეხმარა. მეგობრებს იდეა გაუჩნდათ, რომ გირშელის ცხოვრების ეტაპებთან ასოცირებული ფოტოების (ფოტოგრაფი ევა კაპანაძე) აუქციონი მოეწყოთ და ამ თანხით აშშ–ში მოქმედ  საავადმყოფოს (St. Jude Children’s Research Hospital) დახმარებოდნენ, სადაც ლეიკემიის მქონე პატარები მკურნალობის კურსს გადიან და ცხრა წლის ქართველ გოგონასაც, ელენეს, რომელიც სიმსივნეს თურქეთში ებრძვის და ჩვენი თანადგომა სჭირდება. ელენეს კი კიდევ ბევრი დაბადების დღე ექნება.

9 წლის ელენეს დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: 

საქართველოს ბანკი, მიმღები პირი თოდაშვილი მარიამ 

ანგარიშის ნომერი GE65BG0000000270695600