ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

თეონა იამანიძის “ცუდი ქალი” და სამოქალაქო ომი

თეონა იამანიძის “ცუდი ქალი” და სამოქალაქო ომი

მხატვარი თეონა იამანიძე ნიუ იორკში აშშ–ის “ფულბრაიტის პროგრამის” საშუალებით მოხვდა. სწავლა დაიწყო სირაკუზის უნივერსიტეტის ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების კოლეჯში  და 2018 –ში მხატვრობის მიმართულებით ხელოვნების სფეროს მასტერის წოდებაც მიიღო. კურსი მულტიდისციპლინური იყო, სადაც მას კინოინდუსტრიისა და მულტიმედიის სფეროს წამყვანი პედაგოგები ასწავლიდნენ. 2015 წელს  ნიუ იორკში ჩამოვიდა და როგორც თავად ამბობს, ეს ქალაქი შესძულდა – ქაოტური, ბინძური და ხმაურიანი. თუმცა ეს განცდა მხოლოდ პირველი შთაბეჭდილება იყო. მერე კი იგრძნო, რომ ამ რთულ მეგაპოლისში სწორედ ინდივიდუალიზმის კულტურაა ძალიან ძლიერი და თუ მართლა გაქვს სურვილი და მიზანი რაღაცას მიაღწიო, აქ ამის შესაძლებლობა არსებობს. ამ ქალაქში  ყოველთვის რაღაც ხდება და ერთხელაც თუ გაგიმართლა, თავადაც მოვლენა გახდები…

2017–2018-ში თეონა იამანიძემ ნიუ იორკისა და ჩიკაგოს გალერეებში რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, 2018-ში კი ჩიკაგოს ბიენალეზე წარსდგა თავისი ნამუშევრით, ახალგაზრდა პატარძლის პორტრეტით სახელად – “დამალული”, რომელიც ექსპოზიციისთვის კურატორმა შეარჩია. რამდენიმე დღის წინ კი  ქართველმა მხატვარმა Watermill Center – ისთვის გამართულ აუქციონშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამ არაკომერციული ორგანიზაციის დაარსების 25 წლისთავს მიეძღვნა. ცენტრის მიზანია მხატვრების მოწვევა, თეონას ნახატის გაყიდვით მიღებული თანხა კი ახალგაზრდა მხატვრების მხარდაჭერას მოხმარდება.

„დამალული“. თეონა იამანიძის ნამუშევარი

„დამალული“. თეონა იამანიძის ნამუშევარი

„– ვერ ვიტყვი, რომ მაქვს კონკრეტული სამხატვრო სტილი, რომელსაც მივყვები,“ – ამბობს თეონა, „–ერთი პერიოდი ვიმყოფებოდი ომის შემდგომი პერიოდი გერმანული მხატვრობის გავლის ქვეშ.  ჩემს ნამუშევრებში ჩემი პირადი გამოცდილება აისახა, ხოლო ჩემი ნამუშევრების უმრავლესობა მეხსიერებასა და იმ მოვლენებს ეხება, როცა მე ბავშვი ვიყავი, საქართველოში კი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. მჯერა, რომ ხელოვნების ვიზუალური ფორმა, როგორც ტკივილი, გამოცდილების ამსახველი უნდა იყოს, სხვაგვარად მას აზრი არა აქვს. მინდა, რომ ჩემი ოჯახის არქივში ნაპოვნი მრავალფეროვანი მასალისგან გამოგონილი მხატვრული ამბავი შევქმნა.

  • ალბათ, იგი ემიგრაციას უკავშირდება …

ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ემიგრაციაში გავატარე და, ცხადია, ჩემი მოგონებების უმრავლესობაც ამ გამოცდილებას უკავშირდება. ჩემი მშობლები ქართველები არიან, თუმცა მოსკოვში დავიბადე. ჩემი დაბადებიდან მალევე საქართველოში დავბრუნდით, მაგრამ როცა სამოქალაქო ომი დაიწყო, იძულებული ვიყავით რუსეთში დავბრუნებულიყავით. ახლაც კი ყოველთვის ვგრძნობ, რომ  უცხო ვარ, ნაცნობ ადგილზეც კი…

  • ემიგრაცია ტრაგედიაა? ტრავმულია?

არა, ჩემთვის რაღაც მომენტში საჭიროება იყო. განსაკუთრებით თუ გინდა განვითარდე, როგორც არტისტი. კი, ტრავმულია, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ ტრავმასაც ვეჩვევით.

  • ნამუშევარში – “დამალული” – რეალურად რა იმალება?

მე გადავწყვიტე შემექმნა გამოგონილი იმიჯები, პერსონაჟები და მთხრობელები, რომელებიც რეალურებს მიემსგავსებოდნენ. “დამალულები” ეს არიან “ცუდი ქალები” თავისი ისტერიული ტენდენციებით – ეს პროექტია, რომელიც ექვსი ნამუშევრისგან შედგება. თითოეული ნამუშევარი გვიყვება გოგონას, ბიჭის, ქალის ან უმცირესობის წარმომადგენლის გამოგონილ ამბავს ძალადობამდე  და ძალადობის შემდეგ, რომელიც  სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. ამ პროექტით მე მინდოდა მეჩვენებინა თუ რამდენად მოწყვლადია და შთაბეჭდილებების ტყვეობაშია ჩვენი ტვინი “ყალბი ახალი ამბების”, პროპაგანდისა და “ისტორიის მოთხრობების” წინაშე. ვცდილობ მოვყვე  მოვლენებზე, რომელიც ჩემ ოჯახს უკავშირდება და რომელიც იმალება და იგნორირდება ქართულ ტრადიციულ ოჯახებში. ამ პროექტის გაუთვალისწინებელი შედეგი არის იმის გაცნობირება, რომ ისეთი ქალები, როგორიც მე ვარ, არსებობენ და საზოგადოებამ, რომლის წარმომადგენელიც  ვარ, მე “ცუდი ქალი” მიწოდა.

„დამალული“- დეტალი.

  • “ცუდი ქალი” პატრიარქალური ტერმინია…

“ცუდი ქალი” ჩემ ქვეყანაში ეს არის ადამიანი, რომელიც არაა მორჩილი და  რაღაც მიუღებლის, ცუდის აღმნიშვნელია. ძველი დროიდან ამუშავებული მითი “ცუდ ქალზე”, “ისტერიულ ქალზე” დღემდე არსებობს.

ამერიკელი ფემინისტის შარლოტ პერკინს გილმანის “ყვითელი შპალერი”  XX საუკუნის  ამერიკულ საზოგადოებაში ქალის როლს სწავლობს. “ყვითელ შპალერში” გილმანი გამოხატავს მთხრობელის სიგიჟეს, როგორც  იმ ეპოქის ქალების სამედიცინო და პროფესიული ჩაგვრის პროტესტს.  ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქმრები და კაცი – ექიმები კეთილი ზრახვებით მოქმედებდნენ, როცა ქალებს წარადგენდნენ სუსტ და ფსიქიკურად მოწყვლად არსებებად. ამავე დროს ქალი–ადვოკატები თვლიდნენ, რომ ქალების სიბრაზის დიაგნოსტირება, როგორც ფსიქიკური დაავადების, იმიტომ  ხდება, რომ მათ არ იციან სწორად როგორ ითამაშონ დომინანტი კაცების მიერ მინიჭებული სოციალური როლი.

ქალებს არ წაახალისებდნენ, რომ ეწერათ, რადგანაც ქალების წერილები მათ პიროვნებად ჩამოაყალიბებდა და წერა საბოლოოდ დაუმორჩილებლობის ფორმად გადაიქცეოდა. გილმანი მიხვდა, რომ წერილები იყო იმ მცირედ ფორმათაგანი, რომელიც ქალს უკანონობის ეპოქაში არსებობის საშუალებას აძლევდა. მწერალმა “ყვითელი შპალერი” გამოგონილი ამბებითა და გაზვიადებებით იმისთვის დაწერა, რათა მისთვის დასმული არასწორი დიაგნოზის გასაჩივრების თაობაზე მოეთხრო.

“Campo-Santo”. თეონა იამანიძის ნამუშევარი

  • თქვენი ახალი ნამუშევარი რა თემას ეხება?

ჩემი ახალი ნამუშევარი, რომელიც “დამალულის” გაგრძელებაა, არის მცდელობა გამოვხატო გაუცხოების განცდა, რომელიც ჩემი წარსულის ტრაგიკულ ფაქტებს უკავშირდება. გამომსახველობის მეტაფორული ენით მე იმ ველურობასა და ძალადობას ვხატავ, რომელიც ჩემი ოჯახური ისტორიის ნაწილია და მას სამოქალაქო იმი ჰქვია. მინდა, რომ სხვადასხვა მასალისგან ავკინძო გამოგონილი ისტორია ჩვენი ცხოვრების იმ არაერთი ამბისგან, რომელიც ჩემი ოჯახის კუთვნილებაა. ამჟამად არა მაქვს სამომავლო გეგმები. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ის საგანი, რომელიც ავირჩიე, დეტალურად უნდა შევისწავლო; მიზანი კი ასეთია – საკითხები, რომელიც მე მაინტერესებს, კიდევ უფრო დიდ აუდიტორიას წარვუდგინო.

“კონფლიქტს შორის”. თეონა იამანიძის ნამუშევარი