“ჯოისის თეატრის” ამფითეატრივით მოწყობილ თეთრ სცენაზე, რომელიც ტენისის კორტს უფრო ჰგავდა, ვიდრე არტპლატფორმას, ყვავილებიანი დაჩითვის რამდენიმე მართკუთხედი, ოდნავ ამობურცული საბანი იდო. მოპირდაპირე მხარეს პარტერში ასევე ფერადყვავილებიანი, მიტმასნილფორმიანი, ნიღბიანი გაშეშებული ფიგურა იჯდა, ხოლო მის შორიახლო – ქალი სკამზე დინამიკებიანი ლეპტოპით, ალბათ მუსიკალური თანხლებისთვის. ყვავილებიანებში სიცოცხლის ნიშან–წყალი არ იგრძნობოდა და მაინც მივხვდი, რომ ორივეგან ცოცხალი ადამიანი იმალებოდა.
მერე კი მჯდომარე ამოძრავდა და სცენიდან აუდიტორიაში დაიწყო ხეტიალი, საბნებიც გამოცოცხლდნენ და თან ისე მოძრაობდნენ, რომ იქ დამალულის თავი ლამის მხოლოდ სპექტაკლის ბოლოსკენ ვიხილეთ…
სცენაზე შემოვიდა სამი, უცნაურად შემოსილი, ფეხშიშველი ფიგურა, რომლებმაც ქაოტური ცეკვა, უფრო სწორედ, სრულიად ასინქრონული მოძრაობა დაიწყეს… ისინი კოსმოსში დაკარგულ უსახლკაროებს ჰგავდნენ, ნაჭრის ფერადოვან ძონძებსა და ლურჯი ცელოფნის ტანსაცმელში, ლურჯი “ლეიკოპლასტირებით” მოთამაშეები, სხვადასხვა ასაკის, გენდერული მიკუთვნებულობისა და წონის. ნიუ იორკმა სცენაზე არასაბალეტო კომპლექციის ადამიანების დინამიზმს დიდი ხნის წინათ მიმაჩვია და ამით ვერ გამაკვირვებ. საეჭვოდ ძალიან უმოძრაო, სწორედ რომ ძალიან მოძრავს მალავს და პირიქით. ეს ამბავი ამ ქალაქის არტსივრცეების კონტრაპუნქტებით გამოწვრთნილმა ჩემმა ინტუიციამ მიკარნახა.
NY Quadrille (ნიუ იორკის კადრილი) “ჯოის თეატრის” პროგრამაა, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა კომპანიები თავის წარმოდგენებს ამფითეატრის მსგავს ფართობზე წარადგენენ. “კადრილი” XVIII საუკუნის ცეკვაა, რომელიც მართკუთხა კონფიგურაციის ტერიტორიაზე სრულდებოდა. თეატრის ეს სამკვირიანი პერიოდი ულტრათანამედროვე საცეკვაო დადგმებს ეძღვნება და მას წელს ხუთი საბალეტო კომპანია წარადგენს, მათ შორის, რიგით პირველი, სახელად “ჯონ ჯასპერსის პროექტები”, რომლის პერფორმანსის სახელად “ქვეყნის შიდა ტერიტორია” დასაწყისი ზემოთ აღგიწერეთ. თავად ქორეოგრაფიც მონაწილეობდა დადგმაში… ბოტასებში. როცა ვკითხე, თუ რატომ, სახსრების ტკივილის გამო, სხვაგვარად ვერ ვიცეკვებდიო. სამ ათეულ წელზე მეტი ხნის წინათ სარა ლაურენსის კოლეჯის კურსდამთავრებულმა ჯონ ჯასპერსმა თავისი კომპანია “ჯონ ჯასპერსის პროექტები” ჩამოაყალიბა და მას მერე აშშ–ის გარდა თავისი დადგმები მსოფლიოს ოცდაათ ქვეყანაში წარადგინა.
ტურბულენტური მოძრაობები, პირველყოფილი ტომების როკვის “ბალეტი”, მძიმე სუნთქვა, მუხლუხოსებრი, უგერგილო ბრუნები, რომელიც მცირედი გამონაკლისის გარდა, ჩემში გაწბილებას იწვევდა. ავტორს უნდოდა ეთქვა რაღაც აპოკალიპტური – სირბილით, სცენაზე გაგორებითა და მუხლებზე დგომით, თუმცა ერთმა ეპიზოდმა – ყველაზე წონიანი ყველაზე გამხდარ არსებას ზევიდან დააწვა და, ფაქტობრივად, მგონი, ცეკვის უნარი დაუკარგა, უკვე ირონიულ ხასიათზე დამაყენა.
როცა კარგა გვარიანად “ღიპიანი” მოცეკვავის პადედეს ვუყურებ, უნებლიედ ვიძაბები, განა მეღიმება, რადგან ვგრძნობ, რომ მისთვის ეს “სიმსუბუქე” “თავს ზევით ძალა არ არის” დაძლევას უფრო ჰგავს (კიდევაც, რომ ჩიტივით ფარფატებდეს), ვიდრე – მისი სხეულის “კომფორტულ ზონას”. ამიტომ ამგვარი “ჩამრგვალებული” მოცეკვავის მოძრაობები, პირადად ჩემთვის, დისკომფორტულია.
როცა ქორეორაფს ვკითხე თუ რა გზავნილი იყო მისი “შიდა ტერიტორია”, მიპასუხა, რომ არანაირი გზავნილი, უბრალოდ, სამყარო, კოსმოსი, მოძრაობა:
“სულაც არაა საჭირო მოცეკვავე რაიმე მესიჯს ცეკვავდეს. მოძრაობა თავადაა ღირებული და ამიტომ მეც ადამიანის სხეულის იმპულსებს ვაკვირდები და მერე სცენაზე გადამაქვს.”
სცენაზე ელექტრონული, ცივი მუსიკის პრევალირება იმის განცდას ბადებდა, რომ იქ, სადღაც, შორეულ პლანეტაზე უცნობი ტომი არსებობს, რომელიც დედამიწაზე შემთხვევით აღმოჩნდა და ახლა სწავლობს სუნთქვასაც, სიარულსაც და ლეიკოპლასტირის გამოყენებასაც, რომელითაც ხან ტანსაცმელს, ხან სახეს “სკოჩავს”, ხან კი აცლის და ერთად კრებს იმისთვის, რომ მერე ისევ განაცალკავოს. დადგმას აკლდა მთავარი – ენერგია, რომელსაც ბოლომდე გაჰყვებოდი, როგორი უცნაური ან საბალეტო ქორეოგრაფიისთვის შეუსაბამო ტექნიკების “კადრილი” არ უნდა გაჩაღებულიყო. ერთი სცენა კი დამამახსოვრდა… ლურჯ ცელოფნებში შეხვეული არტისტები, რომლებიც ერთმანეთთან ჯაჭვად გადაბმას ცდილობდნენ, თან ახერხებდნენ და თან – ვერ.
– “მგონი, პლანეტის დაბნეული, მაწანწალა, უსახლ–კაროები ვიხილე,”– ჩემი აზრი ჯონ ჯასპერსს გავუზიარე.
– “რატომაც არა. მშვენიერი იდეაა იყო უსახლკარო, თან იწანწალო და თან იცეკვო”.