ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

მუსიკა და ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად ნიუ იორკში

მუსიკა და ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად ნიუ იორკში

„მე არ ვარ გიჟი” – ამბობს ლევან ადამიას დოკუმენტური ფილმის „ჩემი ადგილი” (2015) ერთ–ერთი გმირი, ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი: “ექვსი წლის მანძილზე ყოველ რვა თვეს საავადმყოფოში ვატარებდი ახალ წელს, დაბადების დღეს. მე ვიყავი საავადმყოფოში მიჯაჭვული”.

ფილმი სხვადასხვა ფსიქიატრიული დიაგნოზის მქონე ადამიანებზეა, რომლებსაც არა მარტო ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, არამედ – პოსტსტაციონარული ადაპატაციისაც. ისინი თავად ყვებიან თუ როგორ უმკლავდებიან დაავადებას, მათ და მათი ოჯახის წევრებს გამწვავების პროცესში რა სირთულეების გადალახვა უწევთ და როგორი მტკივნეულია საზოგადოებიდან გარიყულობის განცდა. სათემო მომსახურეობის ცენტრები კი, რომელიც საქართველოში არც ისე ბევრია, მაგრამ პროფესიონალებისა და უბრალოდ კეთილი ადამიანების ძალისხმევით მაინც არსებობს, მათ შეძლებისდაგვარად ნორმალური ცხოვრების გაგრძელებისა და „ადამიანად ყოფნის“ განცდის საშუალებას აძლევს. ეს ფილმი ნიუ იორკში მანჰეტენზე განლაგებული არტცენტრის Opera America – ს პლასიდო დომინგოს სახელობის დარბაზში „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერითა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ქართველი პროფესიონალების, აქტივისტების მიერ ორგანიზებულ საღამოზე აჩვენეს. ღონისძიება, სახელწოდებით – „მუსიკა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის” ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების მხარდასაჭერად გაიმართა.

კადრი ფილმიდან “ჩემი ადგილი”

საქართველოში მოღვაწე ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო ცენტრები: “მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი”, “კრიზისული ინტერვენციის ცენტრი” და “ხელი ხელს” ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ წევრებს ემსახურება, ოკეანის გადაღმა ნიუ იორკში გამართული საქველმოქმედო მუსიკალური აქცია კი ერთგვარი მადლიერების გამოხატვა იყო იმ ქართველი ამერიკელებისა და მათი უცხოელი მეგობრების მიმართ, რომლებმაც საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისებს საფუძველი ჩაუყარეს და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე საქართველოში მომსახურების ამგვარი სისტემის განვითარებას მხარს დღესაც აქტიურად უჭერენ.

საქართველოს რეალობა ასეთია: ყოველ მეოთხე ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თვითმკვლელობათა რიცხვმა იმატა; სათემო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე მისაწვდომობა დაბალია ფინანსების ლიმიტირების გამოც. მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის დასაქმების საშუალება დაბალია, ასევე, შეზღუდულია მათი ადვოკატირების სერვისები, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე არსებული მონაცემები და კვლევები არასაკმარისია.

ჯუდი კურიანსკი, ირმა ხაბაზი, ნიკოლოზ ნამორაძე, ალექსანდრე ცომაია, თიკო ცომაია, არჩილ აბაშიძე. ია მერკვილაძის ფოტო

„როცა სისტემა ადამიანებს უსამართლოდ ექცევა, საზოგადოების ნაწილი მოქმედებას სასიკეთო ცვლილების მოსატანად იწყებს“, – ამბობს ღონისძიების ერთ–ერთი ორგანიზატორი, ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტივისტი და “ღია მოძრაობის” (2017) დამფუძნებელი თიკო ცომაია, რომელიც მიყვება, თუ როგორ გახდა ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტივისტი.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს დიდი ხანია ვიცნობ როგორც ყოფილი პედიატრი, ადამიანის უფლებების დამცველი, „ფსიქოტრავმის საზოგადოების” წევრი და ჯიპას ლექტორი, რომელიც ჯანმთელობის გაშუქებასა და სოციალური კამპანიების წარმოების კურსებს ვასწავლი. კოლეგებთან, თანამოაზრეებთან და სტუდენტებთან ერთად ვცდილობ ჩემი საქმიანობით ცვლილებების მასტიმულირებელი ვიყო. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში აქტივიზმი უაღრესად საჭიროა იმიტომ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ ძლიერი სტიგმა არსებობს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული ჯგუფია, ამიტომ მათი უფლებებისთვის ბრძოლა ჩემ ადამიანურ მოვალეობად მიმაჩნია.

დღეს საქართველოში არსებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისებს შენარჩუნება და გაძლიერება ძალიან სჭირდება. შარშან ყურადღების მისაპყრობად “ღია მოძრაობის” ფარგლებში კონცერტის მოწყობა გადავწყვიტეთ. რატომ მუსიკა? იმიტომ, რომ დამტკიცებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე მუსიკის დადებითი გავლენა. დავუკავშირდი ჩემს ბიძაშვილს, ამერიკაში მოღვაწე პიანისტს – სანდრო ცომაიას, სხვა არტისტებს და თანამოაზრეებს – ლაშა ბუღაძეს, ლელი ბლაგონრავოვას და პირველი ღონისძიება შარშან თბილისში, კონსერვატორიის დარბაზში ჩავატარეთ. გაყიდული ბილეთებით შემოსული თანხა სათემო სერვისს “ხელი- ხელს” გადავურიცხეთ.

წელს, ჩვენმა მოძრაობამ გლობალური სახე მიიღო და ნიუ იორკში ჩავატარეთ ამერიკაში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორებისა და შემსრულებლების საქველმოქმედო კონცერტი იმ მიზნით, რომ ნიუ იორკელებისთვის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის საუკეთესო პრაქტიკისა და საჭიროებების შესახებ მოგვეთხრო და ამ სერვისების გასავითარებლად მათთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოგვეხატა. ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისი – „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი” (2011) ქართველი ამერიკელების დახმარებით სახელმწიფოსთან და “ღია საზოგადოების ფონდთან” თანამშრომლობის ფორმატში განვითარდა. გვინდა, რომ ეს მაგალითი გადამდები გახდეს. “ღია მოძრაობა” კი მიზნად ისახავს ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის გლობალური სოციალური კაპიტალის შექმნას: ადამიანებს თავისი შესაძლებლობის გაზიარებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისათვის სასიკეთო ცვლილებების ხელის შეწყობა შეუძლიათ. “ღია მოძრაობას” უკვე ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, როგორც ხელოვნების, ისე ბიზნესის წარმომადგენლები, რისთვისაც მათ დიდ მადლობა ვუხდით“ – ამბობს თიკო ცომაია.

თამარ ჭელიძე. ია მერკვილაძის ფოტო

თამარ ჭელიძე გაეროში, საქართველოს მისიაში მუშაობს, როგორც ჯანდაცვის, სოციალური და ინოვაციური საკითხების ექსპერტი და ამჟამად ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში დოქტორანტურაზეც მუშაობს. იგი ამბობს, რომ “მენტალური ჯანმრთელობა ადამიანის ცხოვრების ხარისხის ფუნდამენტალური შემადგენელია; ინდივიდის, ოჯახის, თემის, ზოგადად ერის პროდუქტიულობას განსაზღვრავს და ადამიანს საზოგადოების შემოქმედებით წევრად ხდის. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მენტალური პრობლემები აქვს, მისი ასაკის, გენდერული, ეთნიკური და რელიგიური მიკუთვნებულობის მიუხედავად, უფლება აქვს, რომ ჰქონდეს ღირსეული მკურნალობა, შესაბამისი მკურნალობის თანაბარი შესაძლებლობა. ერონული სამოქმედო გეგმა მიმართულია იმისკენ, რომ შეიქმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის დაბალანსებული მომსახურება, რომელიც იქნება გარდამავალი რგოლი ჰოსპიტალური სისტემიდან ფსიქიატრიული მკურნალობის იმ სისტემამდე, რომელიც მოიცავს სათემო სერვისებს, კრიზისში ინტერვენციის ცენტრებს, დისპანსერულ კლინიკებს, სოციალურ სერვისებს და ექიმებისა და ფსიქოლოგების მობილურ გუნდებს, რომელიც პაციენტებს სახლში ეწვევიან.

საქართველომ მიიღო სახელმწიფო კონცეფცია, რომელიც ლაკონურია და სრულად შეესაბამება საერთაშორისო გამოცდილებას. 2018 წელს საქართველოში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ბიუჯეტი (სულ ჯანდაცვის პროგრამებზე 983.3 მილიონი ლარია გამოყოფილი) ხუთი მილიონითაა გაზრდილი და 21 მილიონ ლარს შეადგენს. გაისად კიდევ სამი მილიონის დამატება იგეგმება. მომატებული თანხა მიმართული იქნება ამბულატორიულ და სათემო სერვისებზე. ცხადია, ეს ძალიან კარგია, მაგრამ არაა საკმარისი იმის გასაკეთებლად, რაც დაგეგმილია. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმის სტრატეგიის იმპლემენტაცია”.

ალექსანდრე ცომაია და ჰაიმე გორგოხო. ია მერკვილაძის ფოტო

შეხვედრაზე “ღია საზოგადოების ფონდმა” საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის მენეჯერმა ირმა ხაბაზმა ისაუბრა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების პოსტჰოსპიტალური რეაბილიტაციის პრობლემებზე და სათემო სერვისების განვითარების აუცილებლობაზე; ბალტიმორში მოღვაწე ორგანიზაციის „ადამიანები წაახალისებენ ადამიანებს“ წარმომადგენლებმა არჩილ აბაშიძემ და აჩიკე ორანიემ ხაზი გაუსვეს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო ორგანიზაციების მაღალ პროფესიონალიზმსა და თავდადებას. გაეროში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ გაიხსენა ფორმანის ფილმი “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” და ის ბავშვობისდროინდელი იარლიყები, როცა ზედმეტსახელი “გიჟი” ადამიანის სტიგმატიზაციის მოსახერხებელი საშუალება იყო; ამერიკელებმა, კლინიკურმა ფსიქოლოგმა ჯუდი კურიანსკიმ და ორგანიზაციის “ბედნიერი ხალხი ბედნიერი პლანეტა” წარმომადგენელმა რასელ დეიზიმ მუსიკალური პერფორმანსიც მოაწყვეს, როცა სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად, სიტყვა “მადლობის” წამღერებას ჰაერში ცისფერი, გასაბერი ბურთი–პლანეტები ააგდეს და აუდიტორიაც აიყოლიეს.

ჯუდი კურიანსკი. ია მერკვილაძის ფოტო

იმ საღამოს ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ჟღერდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების მუსიკა და მას ქართველი შემსრულებლები და მათი მეგობრები ასრულებდნენ. უკრავდა პიანისტი და კომპოზიტორი, უილამიტის უნივერსიტეტის პროფესორი არსენ გულუა, რომელიც ორეგონიდან თავის შვილთან, 13 წლის პეტრესთან ერთად ჩამოვიდა. არსენმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ნაწარმოები “უსახელო” დაწერა და შეასრულა. პეტრესთვის, პორტლენდის ჯაზ სკოლის სტუდენტისთვის ნიუ იორკში პირველად საქსოფონზე სოლო შესრულება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. “ამ გამოსვლამ შესაძლოა მთლიანად შეცვალოს მისი ცხოვრება”, – აღნიშნა არსენმა.

2018 წლის “ჰონენსის” კონკურსის გამარჯვებულმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ნიკოლოზ ნამორაძემ თავისი სამი ეტიუდი დაუკრა; პალმ ბიჩის სახელმწიფო კოლეჯის პროფესორმა გიორგი (გუგა) ჩხიკვაძემ, რომელსაც წლების წინ ბოსტონის საზოგადოებრივმა რადიომ „18 წლის სენსაცია“ უწოდა, ქართველი ავტორების ყანჩელის, ლაღიძისა და ლონდარიძის კომპოზიციები დაუკრა; საღამოზე ცინცაძის კომპოზიციები შეასრულეს პიანისტმა ალექსანდრე ცომაიამ და მევიოლინემ, პროფესორმა ჰაიმე გორგოხომ. საღამო კი ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის სიმღერით დაიხურა. მან თავდაპირველად გიტარაზე “რა კარგი ხარ რა კარგი” შეასრულა, მეორე სიმღერას – “ო რერო, რერო” კი უკვე ყველანი ერთად მღეროდნენ.