“მე ვერ ვიგებ როგორ შეიძლება საქართველო დადანაშაულდეს რუსეთის წინააღმდეგ აგრესიაში საკუთარი ტერიტორიების დაბრუნების მცდელობისას? ეს ჯორჯ ორუელის მაგვარი პროპაგანდაა “, – ამბობს პაიამ ახავანი, კანადაში მცხოვრები საერთაშორისო საჯარო სამართლის სპეციალისტი, რომელიც 2008–11 წლებში ჰააგაში საქართველოს ინტერესებს იცავდა.
ჰარვარდის იურიდიული სკოლის დოქტორი, პროფესორი პაიამ ახავანი ადამიანის უფლებების დამცველი პროფესიონალი აქტივისტია. იგი 1994–2000 წლებში მუშაობდა საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის პროკურორის ოფისში, რომელიც ჰააგაში ყოფილი იუგოსლავიის და რუანდის საქმეებს განიხილავდა. პაიამ ახავანი არაერთი წიგნის ავტორია და ფუნდამენტურ იურისპრუდენციაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. ახავანი არის „ირანის ადამიანის უფლებების დოკუმენტური ცენტრის” დამფუძნებელი, “გაერთიანებული სამეფოს ბავშვთა სექსუალური ძალადობის ტრიბუნალის” პროკურორი და სხვა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრი. 2008–11 წლებში იგი საქართველოს ინტერესებს ჰააგაში, საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში იცავდა.
2008 წლის 12 აგვისტოს საქართველომ საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. საქართველო სარჩელში ამტკიცებდა, რომ რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების საშუალებით დაარღვია კონვენცია, რომელიც რასიზმის აღმოფხვრას ეხება. საქართველოს მტკიცებით რუსეთმა დაარღვია 1965 წლის საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზე (CERD) ”სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისი ინტერვენციის სამი მკაფიო ფაზის დროს” 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტოს პერიოდში.
საქართველომ ასევე სთხოვა სასამართლოს რუსეთისთვის დროებითი ზომები დაეკისრებინა, რუსული ძალების მიერ 2008 –ის აგვისტოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად. ეს მოთხოვნა საერთაშორისო სასამართლომ დააკმაყოფილა, თუმცა 2011 წელს მიიღო გადაწყვეტილება არ დაიწყოს საქმის არსებითი განხილვა იმ არგუმენტით, რომ საქართველოს რუსეთთან ეთნიკურ წმენდაზე მოლაპარაკებები მანამდე არ უცდია. ამიტომ, სასამართლომ საქართველოს ჯერ ეს მცდელობა შესთავაზა.
საერთაშორისო სამართლის იურისტების რჩევა ასეთი იყო – საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაეწყო და მერე ისევ სასამართლოსთვის მიემართა. წინა ხელისუფლების პირობებში ეს პროცესი დაიწყო, თუმცა მას შემდეგ საქართველოს ჰააგის სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ამ საკითხებზე და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე ვესაუბრეთ პაიამ ახავანის:
- როგორ ეხმარებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში?
საერთაშორისო სასამართლოში მხარის წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილების მქონე საერთაშორისო ექსპერტებმა შეძლეს დაგხმარებოდნენ ამ სასამართლოს იურისპრუდენციისა და პრაქტიკის გაგებაში.
- რა იყო, ასე ვთქვათ, საერთაშორისო იურიდიულ ველზე საქართველოს მთავარი პრობლემა როგორც 2008 წელს აგვისტოს ომის დროს, ასევე – მას შემდეგ?
იყო აშკარა პრობლემა საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ განხორციელებული აგრესიის. ასევე იყო საკითხები, რომელიც ეხებოდა ომის კანონების დარღვევას – ომის წარმოების საშუალებებისა და მეთოდების კუთხით; ასევე სამოქალაქო პირების მიმართ, კერძოდ კი, ეთნიკურად ქართველების მიმართ, რომლებიც სამხრეთ ოსეთში ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი გახდნენ.
- რა ბარიერები არსებობდა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის პროცესში, მაგალითად, გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში, ჰააგაში?
რუსეთი არ აღიარებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გენერალურ იურისდიქციას, შესაბამისად ერთადერთი საფუძველი სარჩელის შეტანისა იყო რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის 1965 წლის კონვენცია, რომელიც მოიცავს ეთნიკურ წმენდასა და ამგვარ დისკრიმინაციულ ქმედებებს.
- თქვენ წარმოადგენდით საქართველოს ადვოკატს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში. საქართველომ რა სახის შეცდომები დაუშვა/ სწორი ნაბიჯები გადადგა თუ ომის დასაწყისში თუ – მოგვიანებით?
ვფიქრობ, რომ საქართველომ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა იმით, რომ ძალიან სწრაფად შეკრა საქმე და ომის განმავლობაში შეაგროვა მტკიცებულებები. დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იყო, მაგრამ ძალიან ტექნიკურ საკითხზე, იურისდიქციასთან დაკავშირებით, ორად გაყოფილმა სასამართლომ არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო. მათი შემოთავაზება, რომ სამხედრო თავდასხმისა და მიმდინარე ეთნიკური წმენდის პირობებში საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკება უნდა ეცადა; წინა 17 წლიანი მოლაპარაკებების იგნორირება, ჩანს (როგორც სხვა მხრივ, ასევე არსებითად), რომ ეს ძალიან ძლიერი საქმის თავიდან მოშორება იყო. ეთნიკური წმენდის თაობაზე კი იმდენად მყარი მტკიცებულებები იყო, რომ წარმატება გარდაუვალი იყო.
- 2011–ში თქვენ Huffington Post-ში დაწერეთ, რომ კოსოვოზე საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქართველოს “ქეისი” წინ წასწია …
კოსოვოს საკონსულტაციო ხასიათის მოსაზრებებს სეპარატისტები გამოიყენებდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმის დასარწმუნებლად, რომ მათაც აქვთ უფლება გამოყოფის და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გახდომის. მაგრამ საერთაშოროსო სისხლის სამართლის სასამართლოს არ განუხილავს საკითხი, ჰქონდა თუ არა კოსოვოს ცალმხრივი წესით გამოყოფისა და თავისი დამოუკიდებლობის გამოცხადების უფლება.
- საქართველოს საქმის მსგავსი საქმე თუ შეგხვედრიათ საერთაშორისო სასამართლოში ანდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, როცა საქმე მსხვერპლმა მოიგო?
საქართველოს შემდეგ უკრაინამ გამოიყენა იგივე კონვენცია რუსეთის მხრიდან დისკრიმინაციასთან, ასევე ყირიმელ თათრებთან დაკავშირებით და ეს იყო საქართველოს მაგალითზე ნასწავლი გაკვეთილი. შესაძლოა მათ უკეთესი შედეგი ჰქონდეთ. კატარმა ასევე გამოიყენა ეს კონვენცია არაბთა გაერთიანებული საემიროების წინააღმდეგ მათი მოქალაქეების გაყრის საფუძველზე, მაგრამ, ალბათ, განხილვისთვის ეს სარჩელი არ მიიღება იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეების გაყრა იგივე არაა, რაც ეთნიკური თუ რასობრივი მიკუთვნებულობის საფუძველზე დისკრიმინაციული ქმედება.
- დაცვის რა ფორმა გამოიყენა რუსეთმა სასამართლოში საქართველოს სარჩელის განხილვისას?
რუსეთს უნდოდა ეს პოლიტიზირებულ საქმედ წარმოედგინა და იგნორირებას უკეთებდა ეთნიკური წმენდის მთავარ განცხადებას. მათ დაახლოებით საერთაშორისო სამართლის სასამართლოს ნახევარი დაარწმუნეს ამაში, მაგრამ მეორე ნახევარმა მხარი საქართველოს დაუჭირა. ძნელია არ მიხვიდე იმ დასკვნამდე, რომ პოლიტიკა სამართლის აღსრულებაში ფაქტორს წარმოადგენდა. ძალიან ბევრი მკვლევარი სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით გამო კრიტიკულად იყო განწყობილი.
- საქართველოს ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი (ყოფილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი) ამავე დროს ავტორია წიგნის “საქართველოს ტრაგედია 2003–2008″ (2009). მან დაწერა, რომ 2008-ში საქართველომ დაიწყო ომი და საკუთარი მოსახლეობა დაბომბა. როგორ შეიძლება რუსეთმა ეს ფურცლები გამოიყენოს და რა შედეგების ჯაჭვი შიძლება დადგეს საქართველოსთვის?
არ ვფიქრობ, რომ ეს რელევანტურია საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის საკითხთან მიმართებაში. ვისაც არ უნდა დაეწყო ომი, ქართული სოფლების სისტემატიური ნგრევა არ იყო გამართლებული. არის ასევე საქართველოს საკითხი, რომელიც თავის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა. საქართველო თავს არ დასხმია რუსეთის ტერიტორიას, ამგვარად საქართველოს აგრესიაზე საუბარი უბრალოდ არასწორია, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებით რუსეთის ძალას თუ შევადარებთ.
- არის რაიმე სახის ალბათობა იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ან გენერალიტეტი/არმია აგრესიასა და ოსების ეთნიკურ წმენდაში დადანაშაულდეს?
რამდენადაც მე ვიცი, არა. მე არ მჯერა, რომ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულებები, რომ საქართველო ეთნიკური წმენდის პოლიტიკას ატარებდა ანდა სისტემატურად ანგრევდა ოსურ სოფლებს. იყო დიდი პროპაგანდა, რომ საქართველომ ჩაატარა ოსების “გენოციდი”, მაგრამ ეს იყო სუფთა წყლის ფალსიფიკაცია. რუსეთი ამტკიცებდა, რომ ქართველებმა დაახლოებით 5 000 ოსი დახოცეს. რუსულმა მხარემ ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარადგინა. საქართველოს ჰქონდა ძალიან ხანმოკლე იერიში და შესაბამისად ამგვარ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.
- ერთი წუთით დავუშვათ, რომ ქართველები საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ. რა ეფექტი ექნება ამას ნამდვილი მსხვერპლისთვის (ადამიანები, ქვეყნის რეპუტაცია)?
დიახ, ეს, რასაკვირველია, ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს მაღალჩინოსნებს, როცა საკუთარ სახელმწიფოს აგრესიაში დადანაშაულება ხდება. საკუთარი ტერიტორიის აღსადგენად (ამ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთში) ძალის გამოყენება უცხო ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიად მიიჩნიო, უაზრობაა.
- იხსენებთ შემთხვევას, როცა სახელმწიფოს მაღალი რანგის ოფიციალური პირი საკუთარ ქვეყანას შეიარაღებულ აგრესიაში ბრალს დებდეს? რა სახის საშიშროებას შეიცავს ამგვარი რამ?
ეს გარემოება, რასაკვირველია, არ დაგეხმარებათ, განსაკუთრებით თუ ამაში არანაირი სიმართლე არაა. მე ვერ ვიგებ როგორ შეიძლება საქართველო დადანაშაულდეს რუსეთის წინააღმდეგ აგრესიაში საკუთარი ტერიტორიების დაბრუნების მცდელობისას? ეს ჯორჯ ორუელის მაგვარი პროპაგანდაა! მე არ მაფიქრდება სხვა სიტუაციები, როცა პოლიტიკური ლიდერები საკუთარ ქვეყანას აგრესიაში ადანაშაულებენ, განსაკუთრებით, როცა ეს მცირერიცხოვანი ქვეყანაა თავის გავლენიან მეზობელთან შედარებით. მე არ მესმის რა პოლიტიკური მოტივაციაა ამ მძიმე ბრალდებების უკან, მაგრამ საერთაშორისო სამართლისა და რეალური ფაქტების მიხედვით მას აზრი არა აქვს.
- როგორ ფიქრობთ, რატომ არ გაითვალისწინა საქართველომ უცხოელი ექსპერტების რჩევა და არ დაუბრუნდა საერთაშორისო სამართლის სასამართლოს?
ახლაც შესაძლებელია ამ სასამართლოში დაბრუნება თუ საქართველო გამართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან ადგილნაცვალი ეთნიკური ქართველების დაბრუნების თაობაზე. არ ვიცი რატომ არ დაუბრუნდა საქართველო საერთაშორისო სასამართლოს. ალბათ, იმ დროისთვის სხვა რამით იყო დაკავებული?
- ყოველ წელს გაეროში კენჭისყრაზე ქართველ “დევნილთა დაბრუნების” რეზოლუციას უშიშროების საბჭოს წევრი რუსეთი ხმას წინააღმდეგ აძლევს. ამიტომ, ნებისმიერი მცდელობა ამ თემაზე მოლაპარაკებების, იმთავითვე ამაოა. ეს გაერომ ყველაზე კარგად იცის.
დიახ. ცხადია ასეა. მაგრამ მთელმა საქართველო უნდა შეეცადოს დაელაპარაკოს რუსეთს და შემდეგ მიუბრუნდეს გაეროს სასამართლოს. მე ისევ იმედი მაქვს, რომ საქართველო ამას გააკეთებს და მე ძალიან მოხარული ვიქნები მას ამაში დავეხმარო.
- რა იურიდიული მექანიზმი არსებობს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად?
ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთ–ერთი შემადგენელი საერთაშორისო სამართალშია.
- დღეისათვის როგორ სამართლებრივ და მეგობრულ რჩევას მოგვცემდით?
მე ვფიქრობ, რომ საქართველო საერთაშორისო სასამართლოში ეთნიკური წმენდის ქეისს უნდა დაუბრუნდეს და თავისი მოქალაქეების დარღვეული უფლებები, რომელიც სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულებების დროს შეილახა, აღადგინოს. ეს პრინციპული საკითხია. ეს სამართლიანობის საკითხია. ეს ასევე დაეხმარება მიმდინარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული გამოიძიოს. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთთან დაახლოების პოლიტიკური განზომილება არსებობს, მაგრამ მე ვარ ადამიანის უფლებების ადვოკატი, ასე რომ ჩემი თვალთახედვა საერთაშორისო სამართლით ხელმძღვანელობის აუცილებლობითაა განპირობებული.