ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ლიანა ჰიბერის საშიში ისტორიები ვიქტორიანული ეპოქიდან – ინტერვიუ მწერალთან

ლიანა ჰიბერის საშიში ისტორიები ვიქტორიანული ეპოქიდან – ინტერვიუ მწერალთან

ისტორიული ფენტეზის ერთ–ერთი მიმდინარეობის – გაზის ლამპის ჟანრის [Gaslamp fantasy] ცნობილი ამერიკელი მწერალი, სცენარისტი, მსახიობი ლიანა რენე ჰიბერი (1970) სხვა გოთიკური ჟანრის ავტორებთან ერთად ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში გავიცანი. დიდი ვაშლის ქალაქში ჰელოუინი “მძვინვარებდა”, ჰოდა, გადავწყვიტე, რომ ამ “საშინელებათა დღის” ყველაზე შინაარსიანად გატარების ტერიტორია სწორედაც რომ ბიბლიოთეკა უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს იქ ლიტერატურულ საღამოზე,  სახელწოდებით – „სიკვდილამდე შეშინებული: კარგი საიდუმლოების ხელოვნება” ამ ჟანრის ცნობილი მწერლები იკრიბებოდნენ. ჩემ წინ ისხდნენ ამერიკული გოთიკის წარმომადგენლები: მაიკლ რენსონი (“მფატრავი გენის” ავტორი); საიდუმლოებათა ჟანრის მთავარი ლიტერატურული პრიზის –”ენთონის” ჯილდოს მფლობელი  (წიგნი “ცუდი ბიჭის ბუგი–ვუგი”) თომას ფლაკი, რომელიც ამავე დროს ჟურნალ “დამცველთა ანთოლოგიის” რედაქტორია; 19 ნოველის ავტორი მარვინ ქეი, რომელიც ჟურნალ “შერლოკ ჰოლმსის საიდუმლოს” რედაქტორია და შეხვედრის  მოდერატორი, ოცი ნოველის (მათ შორის, “მკვდარი ტბის ენა” და “წყლის შეცდენა”) ავტორი ქეროლ გუდმანი.

ჩემი ყურადღება მაშინვე მიიპყრო ქერა–წითელნაწნავიანმა, ვიქტორიანული ეპოქის სტილიზებულ, ოქროსფერბროშიან, შავ, გრძელ კაბაში  გამოწყობილმა ლიანა ჰიბერმა, რომელიც თავისი ანტურაჟით წინისწინა საუკუნიდან წარმოგზავნილს ჰგავდა. იგი თითქოს ამ შენობაში შემთხვევით მოხვდა და თან “პარანორმალურად” დაემთხვა, რომ იქვე მისი წიგნებიც იყიდებოდა. ლიანა იმდენად შთამბეჭდავი იყო თავისი “ვიქტორიანული” ისტორიების მოყოლისას, მათ შორის, ბავშვობის დროინდელის, რომ გავიფიქრე კიდეც – რა კარგია, რომ პირველი მსოფლიო ომი დაწყებას არ აპირებს. ჩემთვის ვიქტორიანული ატმოსფერო თავისი ფროიდითა და რომანტიზმ–პურიტანიზმით რატომღაც ყოველთვის ამ ომის წინათგრძნობას უკავშირდება.

ლიანა ჰიბერი, ია მერკვილაძის ფოტო 

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ფანტასტიკა თუ ფენტეზი ან გოთიკური ჟანრი ჩემი საყვარელი ლიტერატურაა. შესაბამისად მას კარგად კი არა, საერთოდ  არ ვიცნობ. თუ არ ჩავთვლით ისეთებს, როგორებიცაა ბავშვობისდროინდელი ემილია და შარლოტა ბრონტეები, “რელიგიური ფანატიკოსი”  ფლანელი ო’ კონერი და ისიც მხოლოდ მისი “ძნელია იპოვო კარგი კაცი და სხვა მოთხრობები”; “ფემინისტი არა ვარ, მაგრამ”–ის მაძახებელი მარგარეტ ეტვუდი:  აქა–იქ წაკითხულ–ყურმოკრული და არ წაკითხულები:  “ვამპირისტი” ენ რაისი; შარლოტა ბრონტეზე წიგნის ავტორი ელიზაბეთ გასკელი; ენ რედკლიფზე კი ამბობდნენ, რომ მისი გავლენის ქვეშ ედგარ პო და ჯეინ ოსტინი იყვნენ; ჰიჩკოკის მუზა დაფნა დე მურიე; “ფრანკენშტეინის” “დედა” მერი შელი და ჟანრის შედევრის, “ლატარეას” ავტორი შირლი ჯექსონი…

ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკა “ბრაიანტ პარკს” ესაზღვრება, სადაც საახალწლო ბაზრობაზე შავ, გრძელ, წაწვეტებულ ქუდებში ადამიანი–ჯადოქრები გოთიკურ კოსტიუმებში დასეირნობდნენ. ფანტაზიის ოდნავი დაძაბვაც და  ზემოჩამოთვლილი ავტორების კოლეგა უფროსი თუ უმცროსი, ცოცხალი თუ მკვდარი “და–ძმების” ბიბლიოთეკის სახურავზე ანუ შეკრების ადგილზე დაფრენის წარმოდგენაც ადვილი იყო.

ათასგვარი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ლიანა ჰერბერი ბესტსელერი რომანების ავტორია და გარდა ამისა სერთიფიცირებული  “მოჩვენება – გიდია”. იგი მუშაობს სამოგზაურო კომპანიისთვის Borough of the Dead (სიკვდილის უბანი), რომლის მისიაა ნიუ იორკის ფეხმავალი, პირქუში, ისტორიული მარშრუტების შეთავაზება. გარდა ამისა, იგი კინო და ტელეშოუების ხშირი სტუმარია. თუმცა ლიანასთვის მაინც მთავარი ისაა, რომ ლიტერატურულმა სამყარომ იგი საინტერესო მწერლად აღიარა, ხოლო მისი “უცნაურად ლამაზი ზღაპარი მისის პერსი პარკერის შესახებ” ცნობილმა  ნიუ იორკულმა  გამომცემლობამ Tor Books –ს  გაზის ლამპის ჟანრის ფუძემდებელ ტექსტად გამოაცხადა.

გოთიკური ფენტეზის ჟანრის მწერლობა რამ გადაგაწყვეტინათ? – ვკითხე ლიანა რენე ჰიბერს.

ცხრა წლის ვიყავი, როცა ედგარ ალან პოს კითხვა დავიწყე. მისი სიტყვები, პოეზია და მოთხრობები ჩემი ადრეული შთაგონების წყარო გახდა. სწორედ პოს გამო დავიწყე XIX საუკუნის ისეთი მწერლების მოძიება, როგორებიცაა მერი შელი, ბრამ სტოკერი, ოსკარ უაილდი, დები ბრონტეები და სხვა. 12 წლის ასაკში დავიწყე ჩემი პირველი ნოველის წერა, რომელიც “ოპერის მოჩვენებამ” შთამაგონა. ეს  წიგნი ჩემი საშინელი  ხელწერის დასტურია და იგი ვერასდროს გამოქვეყნდება, მაგრამ სწორედ მან მასწავლა თანმიმდევრული წერის დისციპლინა და მას მერე დიდი ვნებით ვწერ.

  • რატომ ვიქტორიანული ერა? თქვენთვის  ამ ეპოქაში რა იყო მიმზიდველი?

ჩემ არჩევანში პარანორმალური ასპექტი არსებობს. სხვაგვარად ჩემთვის გაუგებარია რატომ მე, ბავშვს, რომელიც თანამედროვე აშშ–ში, სოფლად, ოჰაიოს შტატში იზრდებოდა, ასე მიზიდავდა XIX საუკუნის ევროპა. მე მხოლოდ შემიძლია “წინა ცხოვრებათა” იდეა ვირწმუნო და იმის ძლიერი გრძნობაც მაქვს, რომ ჩემი სული იქ ცხოვრობდა.  უფრო ცხადად რომ აგიხსნათ,  მე ამ ეპოქის რომანტიზირებით არ გავზრდილვარ. იმ დროს დაწერილი წიგნებითა და სტატიებით მე ვიგებდი იმ ხშირი კონფლიქტების, გასაგიჟებელი ფარისევლობისა და ყოველდღიური რეპრესიების შესახებ.  მაგრამ მე ყოველთვის უცნაურად მესმოდა იმ პერიოდის მიმართულებები, სირთულეები, კონფლიქტები და ა.შ.

ყოველთვის ვამბობდი, რომ მე ვარ “ძველი სული” და ვგრძნობდი, მოწოდებულ ვარ იმ ეპოქასთან კავშირების იმპულსებით ეს ყველაფერი თანამედროვე მკითხველისთვის გადავთარგმნო. მინდა  ამ რთული ეპოქის კულტურისადმი ჩემი ვნება მძაფრი, საუცხოო თავგადასავლებით გაგიზიაროთ. პარანორმალური და საუცხოო გზები მე და ჩემ პერსონაჟებს მეტ შესაძლებლობებს გვაძლევს.

ვინაიდან მე ბავშვობიდან ასეთი მიჯაჭვული ვიყავი ვიქტორიანული გოთიკის რომანებზე, რომელთა უმეტესობა თავისი ბუნებით პარანორმალური და ფანტაზიურია, ჩემი ხმა და სტილიც სწორედ ამას ასახავს. თითოეული ჩემი რომანი კლასიკური გოთიკური ლიტერატურისადმი პატივისცემითაა გამსჭვალული. ყველანი ისინი პარალელურ სამყაროში არსებობენ და ჩემი პერსონაჟები ერთი სერიიდან მეორეში გადადიან.

  • რატომაა ვიქტორიანული ტანსაცმლით სიარული თქვენთვის მნიშვნელოვანი?

მიყვარს იმ დროის მოდა. ჩემი აზრით, ის ძალიან ლამაზია, საინტერესო, მოკრძალებული და შთამბეჭდავი. ჩემი წინა ცხოვრების შეგრძნება ჩემი ტანსაცმლის სტილზე გავლენას ხომ უნდა ახდენდეს… თან მე თავს სხვა ეპოქის ტანსაცმელში უფრო კომფორტულად ვგრძნობ. ის, თუ როგორ ვიცვამ, ასევე გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ურთიერთობენ ადამიანები ჩემთან. იწყება  შესანიშნავი საუბარი, რომელიც აუცილებლად მიდის ჩემი ინტერესებისა და წიგნების განხილვამდე.

  • ვიქტორიანულმა ეპოქამ ზიგმუნდ ფროიდი შვა. თქვენს ტექსტებში ფროიდისტული თეორია თუა და თქვენი გმირებიც ამ თეორიის ნაწილი ხომ არ არიან?

სრულიად გულახდილად გეტყვით, რომ მე არ ვარ ზიგმუნდ ფროიდის ფანი. ვფიქრობ, რომ მისი თეორიები შეზღუდულია და ხშირად სექსისტური. ეს ძალიან ვიქტორიანული რამაა: შეზღუდულობა და სექსიზმი, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ ჩემ ნამშრომში შევეწინააღმდეგო მას და დავანგრიო ეს შეზღუდული და არასრული თეორია. ჩემი გმირები გახსნილი ტვინის ადამიანები არიან  და მუშაობენ ბევრ სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან მათი ცხოვრების, რწმენის, რასის, იდენტობისა და კლასის მიუხედავად. იდენტობა და ფსიქოლოგია არის ფართო სფერო, რომელიც  ვერ განისაზღვრება ერთი ადამიანის მიდგომით. ჩემი მთავარი გმირები ძალიან გავლიანიანი, ექსტრასენსორული პერსონაჟები არიან და მათ ფროიდის ვიწრო თეორიები ვერ ახსნის.

  • თქვენს ლექციებს გოთიკურ ფანტაზიასა და პარანორმალურ თემებზე ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტში კითხულობთ, როგორიცაა ნიუ იორკის უნივერსიტეტი, ასევე –  აშშ–ის მასშტაბით ჩატარებულ კონფერენციებზეც. რატომაა ეს თემა XXI საუკუნეში კვლავ აქტუალური და ლიტერატურულ კრიტიკაში რა სახის სახელოვნებო ნაკადს ინვესტირებს?

გოთიკა არის ქვეჟანრი, რომელიც არსებობს კლასიკური ჰორორის, რომანსისა ანდა თრილერის ქოლგის ქვეშ. ეს მიმდინარეობაა, რომელიც იკვლევს ინტენსიურ ფსიქოლოგიურ მოთხრობას, რომელსაც ამოძრავებს შიში და რომელშიც ხშირად ჩართულია ზებუნებრივი ელემენტები ანდა ჰიპოთეზები. გოთიკური ფანტასტიკა საკუთარ თავს წარადგენს რამანტიული, საზარელი, მგზნებარე თხრობით ანდა კიდევ უფრო საშინელი და საზარელი პალიტრით, რომელიც დამოკიდებულია ისტორიაზე და ასაკობრივ დიაპაზონზე. მე გოთიკური ჟანრის მწერლის კარიერა დავიწყე უფრო ლირიული და რომანტიულიდან (“უცნაურად ლამაზები”) უფრო ბნელისკენ და სევდიანისკენ (“ეტერნას ფაილები”) და მერე ორივე ერთმანეთს შევუთავსე (სერია “ჯადოსნური ყველაზე ბინძური” და “სპექტრალური ქალაქი”). მაგრამ მთელ ამ  ჩემს ნაშრომს აქვს შიშისა და ფსიქოლოგური ცენტრის მთავარი მამოძრავებელი – გოთიკურ ისტორიაში გარემოა წამყვანი და ეს უნდა იყოს მისი თავისთავადი მახასიათებელი.

რადგანაც ფიკუსირება ხდება ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე, შიშისკენ სწრაფვაზე, შიშზე და მხატვრულ გაფორმებაზე/გარემოზე, გოთიკა ხდება საზოგადოების შფოთვის სარკე და აქვს ტენდენცია გამოჩნდეს განსაკუთრებული გაურკვევლობის პერიოდებში – შიშების, შფოთვის, კონფლიქტებისა და საზოგადოებრივი ცვლილებებისას. მე ვფიქრობ გოთიკის გმირებზე, როგორც საზოგადოების დიდი შიშებისა და ქვანახშირის მაღაროებზე შემომსხდარ კანარის ჩიტებზე (მაცნეებზე). როგორც წესი, ხშირად ეს მაცნეები ქალები არიან. კლასიკურ ისტორიულ გოთიკაში ქალის მოქალაქეობის მეორეხარისხოვნობა, ძალიან შეზღუდული თავისუფლებები და  მოქმედების  უნარის ნაკლებობა მათ აყენებს დიდი რისკის, იმ საფთხეების წინაშე, რომელსაც მათ კონტექსტი უქმნით. ზოგი ამას იყენებს, როგორც სარკეს, რომელიც მიმართულია ქალთა შეჭირვებულ მდგომარეობაზე, ფერადკანიანებზე და საზოგადოების ნებისმიერი მარგინალიზებული ჯგუფებზე მაშინ, როცა ზოგიერთნი, ისედაც მოწყვლადნი, დამცირებას გაურბიან. თუმცა მაინც წინ წამოწიეს თავიანთი მსხვერპლთშეწირვა და სიკვდილი, როგორც ჰორორის განუყოფელი ნაწილი.

თანამედროვე გოთიკური მწერლებისთვის საკვანძოა ფსიქოლოგიური და ასევე ატმოსფერული სიტუაციის გამოყოფა და იმის განსაზღვრა, რომ შიშები და შფოთვა რეზონირდება ჩვენს მიმდინარე კონტექსტში, თუნდაც გარემო ისტორიული იყოს. დღეს ჩვენ ისევ ვებრძვით XIX საუკუნის განწყობებსა და შფოთვებს. მე კი მაინტერესებს გამოვყო პარალელები და მივცე ჩემს პერსონაჟებს ხელსაყრელი საშუალება შინაარსისა და მიმართულების შეჯანჯღარების, რათა გამოექცნენ სხვადასხვანაირ ციხეებს და საკუთარ ბედზე სრული და  უტყუარი გავლენა  მოიპოვონ.

ლიანა ჰიბერი

  • როგორია აუდიტორიაში გოთიკაზე წაკითხული ლექციების უკუკავშირი?

რადგანაც ვცდილობ ვიყო საინტერესო, ვნებითა და ენთუზიაზმით დატვირთული, ყოველთვის ვიღებ კარგ უკუკავშირს. მე თეატრალური ადამიანი ვარ და ჩემ პრეზენტაციებზე დროის ხალისიანად გატარება მინდა. მინდა ჩემმა მკითხველმა და  მნახველმა იგივე იგრძნოს. მინდა გაერთონ კიდეც და ამავე დროს ისწავლონ რაღაც საინტერესო. ძალიან მიყვარს ჩავყვინთო ზედმიწევნით დაგეგმილ ფანტასტიკაში და ადამიანები ამ მოგზაურობაში გავიყოლიო. თუ ისტორია საინტერესოა, იგი შეიძლება იყოს საგანმანათლებლო და ნათელის მომფენიც. ეს არის დამატებითი სარგებელი და იმედი მაქვს, რომ ჩემი შრომა გაგრძნობინებთ თუ როგორ საინტერესოა გაქცევა სხვა  დროში, სადაც ყველაფერია შესაძლებელი. იმედი მაქვს, რომ ჩემი წიგნები ქმნიან ისეთ სახასიათო ადამიანებს, რომლებსაც შეყვარება მართლაც შეუძლიათ, თან ისე, როგორადაც ეს მე მემართება. ესაა ჩემი ჭეშმარიტი სურვილი, რომ სხვები შთავაგონო, ჰქონდეთ ფანტასტიკური ოცნებები ნიჭიერ მეგობრებთან, ოჯახთან ერთად, რათა ბნელ დროებაში  იმედი ავანთო.

  • თქვენ მსახიობიც და მწერალიც ხართ. ეს ორი საქმე როგორ თავსდება ერთმანეთთან? მსახიობი რეჟისორის ნებას აღასრულებს, მწერალი კი “ნების პროდიუსერია”, ანუ მასზე სხვები არიან დამოკიდებულნი.

მე კლასიკურად განსწავლული მსახიობი ვარ, რომლის ადრეული კარიერა ვითარდებოდა თეატრების რეგიონალურ ქსელში, რომელიც შექსპირისა და Period Production–ის (პიესაში აღწერილი დროის შესაბამისი კოსტიუმებისა და დეკორაციების დადგმა) წარმოდგენებში მონაწილეობდა. მთელ ჩემ არარსებულ თავისუფალ დროს კი რომანებს ვწერდი. თეატრისა და წერის შეთავსება სირთულეს წარმოადგენს ჩემი, როგორც მთხრობელის, ცხოვრებაში.

ჩემი წიგნების ატმოსფერული, ლირიული და მგზნებარე დრამის მოყვარულებს არასოდეს უკვირთ ის, რომ მე თეატრალური სფეროდან ვარ. ჩემი თხრობითი ოსტატობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ რეჟისორები, სცენარისტები და თეატრალები. ფანტასტიკის ჟანრში ჩემი უნარ–ჩვევების გაშალაშინება მაშინ დაიწყო, როცა მე ჩემი სასცენო კარიერა მწერლის კარიერაზე გავცვალე და თან ამ დროს იმ ცოდნას ვიმდიდრებდი,  რომელიც დაკავშირებული იქნებოდა იმ გარემოსთან (მედიუმთან), რომელიც მე მაინტერესებდა.

რახან იმისთვის ვმუშაობ, რომ მოვამზადო ახალი წიგნის, ასე ვთქვათ, გარე და შიდა ნიადაგი, ვცდილობ დავიმახსოვრო იმ მასალის ფიზიკური მახასიათებლები, რომელსაც მივყავარ იმ სამყაროში, რომელზეც ვწერ და მივმართავ ჩემ გმირებს ისევე, როგორ ამას გავაკეთებდი, როგორც მსახიობი. ჩემი გმირების გულების, სხეულის, ალკოჰოლისა და ტვინების “ჩაცმა” ჩემი მეორე ნატურა გახდა და ეს მეხმარება  მოძრაობაში, ნაბიჯების გადაგმაში და ა.შ.

ჩემ წიგნზე ისე ფიქრი, როგორც რეჟისორი მსახიობის  თამაშზე იფიქრებდა, სასარგებლოა: ხასიათების მოძრაობის სტრუქტურირებას, სცენაზე სიარულს, მათ მოქმედებას და დროის არჩევას სჭირდება გარე თვალი, რომელიც რეჟისორის “ნება” თავს გახვევს. ეს გეხმარება წიგნზე, როგორც სრულ მოგზაურობაზე, ისე იმუშაო. ჩემი სამსახიობო განათლება კი  მეხმარება ვსრულყო წიგნის შინაარსი იმისთვის, რომ გმირები უფრო რეალურები იყვნენ.

  • XXI საუკუნეში რა სახის სტერეოტიპები არსებობს, რაზე შეიძლება წეროს ქალმა მწერალმა და რაზე არა? როგორ ფიქრობთ, თქვენ არღვევთ სტერეოტიპს იმაზე, რომ ქალი კარგი ჰორორის მწერალი ვერ იქნება? თუ ეს ამბები წარსულს ჩაბარდა?

საბედნიეროდ,  განსაკუთრებით ურბანული ფენტეზის ჟანრის (რომელიც ბევრ პარანორმალურსა და საიდუმლოს შეიცავს) წინ წამოწევის გამო, ბევრი ქალი უკვე წერს ფენტეზის სხვადასხვა პარამეტრებით, მათ შორის, ჰორორის ელემენტებით. ეს სფერო ფანტასტიკის ჟანრში თავის სვლას აგრძელებდა, ჰოდა, ისე აღმოჩნდა, რომ მე უკვე ვცხოვრობდი ამ სივრცეში. ფანტასტიკას, გოთიკას და საიდუმლოებათა ჟანრს აქვს ქალი–ნოვატორების ისტორიები – ამას მე ყოველთვის გრძნობდი ანუ ვგრძნობდი, რომ მყავდა დიდი დედები იმისთვის, რომ ჩამომეყალიბებინა ჩემი დამოკიდებულება ისტორიული ფენტეზის, გოთიკის, დაძაბულობისა და ჰორორის ელემენტებით. მოხარული ვარ, რომ  მე არ შევესწარი ამ მხრივ რეგრესიულ ბიძგს,  ჩემი მიზანი კი გახდა უფრო მეტი აუდიტორიის მოზიდვა.

  • საკუთარ თავს რომელ გმირთან აიგივებთ ?

ვფიქრობ, რომ  მე ჩემს თითოეულ მთავარ გმირთან ვაიგივებ ჩემ თავს. ასე რომ ახლა მე ვარ  ივ ვიტბი, მიზანდასახული, მამაცი, შეყვარებული, კეთილი და შრომისმოყვარე ქალი, რომელიც გამოწვევას გრძნობს, პატივისცემას ბადებს და თავად გარშემორტყმულია ნიჭიერი ადამიანებით. ეს ყველა ის თვისებაა, რომელსაც მე ასე ვუფრთხილდები.

  • როცა არ წერთ, რას აკეთებთ?

ვიკვლევ ისტორიულ ადგილებს, ვკითხულობ, ვუყურებ დეტექტიურ და ფენტეზის ჟანრის შოუებს, ისტორიულ დრამებს და ბუნებაში ვსეირნობ. ასევე დავდივარ საფლავებზე. ყოველთვის ვცდილობ გამოვიყენო ეს ადგილები ჩემი მომავალი ტექსტებისთვის.

  • თქვენ გახდით სერთიფიცირებული მსახიობი ხმლით ბრძოლის,  ორთაბრძოლისა და  ხელჩართული ბრძოლის. რატომ აირჩიეთ ამ სახის ცოდნა? იყენებთ ამ უნარ–ჩვევებს თქვენ ტექსტებში?

თეატრალური დადგმისადმი ჩემი მიზიდულობა ყოველთვის ფიზიკური დამოკიდებულება იყო და როცა ჩემმა კოლეჯმა სცენური ომის გაკვეთილებისთვის შერჩევა დაიწყო, მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ კურსებზე ჩაეწერა.  როცა ჩემი თეატრალური განათლება კლასიკური სახით, ძირითადად, შექსპირულ სამსახიობო სტილში გავაგრძელე, აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის ყველაზე დამაკმაყოფილებელი როლები, სწორედ ეს  როლები იყო, ანუ როლები, რომელიც დიდი ფიზიკურ დატვირთვებს მოიაზრებდნენ. მე მომწონდა საბძოლო წრთვნა; ასევე ის, რომ ხანდახან შემეძლო მეთამაშა როლი, რომელიც თავიდან მამაკაცებისთვის იყო დაწერილი.

მე მიყვარს ეს საბრძოლო ენერგია და  მიყვარს, როცა ხმლით ბრძოლას მთავაზობენ. თუმცა მოძალადე ადამიანი არ ვარ, სულაც არ მინდა, რომ რეალურ საბრძოლო სიტუაციაში მოვხვდე, არამედ მხოლოდ ინსცენირებულში, სადაც ათლეტიზმი და ფიზიკური დაპირისპირება ძალაა და სადაც ზიანი არავის ადგება (იდეალურია, უბედური შემთხვევების გამოკლებაც). მე მომწონს საბრძოლო სიტუაციის შექმნის უნარ-ჩვევა,  ოღონდ ზიანის მიყენების გარეშე. ეს არის იშვიათი სასწაული. სამწუხაროდ, თავი დავანებე  სასცენო ბრძოლებს, რადგანაც სამწერლო კარიერა ავირჩიე, მაგრამ სწორედ ამ ბრძოლის დისციპლინის გამოძახილია ის, თუ როგორ მიჭირავს თავი სცენაზე და მის გარეთ.

  • თქვენი სერთიფიცირებული მეომრობის გამო შემდეგი კითხვა სპორტზე უნდა დაგისვათ; მერე წიგნებზე, კინოზე, მუსიკასა და კერძებზე…

მიყვარს ოლიმპიადა. მიყვარს სხვა ქვეყნების ასპექტების შესწავლა, ენების, კულტურებისა და ტრადიციების. მიყვარს, ვხედავდე ადამიანის ძლიერ სულს და ყველა იმ სასწაულს, რომელიც ადამიანის სხეულს ძალუძს. ჩემი აზრით, ოლიმპიური თამაშები  წარადგენენ ჰუმანურობისა და მშვიდობის საუკეთესო ასპექტებს, რომელიც იმისთვის გვაერთიანებს, რომ ერთმანეთს პატივისცემასა და  კეთილი ზრახვებში შევეჯიბროთ.

ჩემი საყვარელი არამხატვრული წიგნია ისტორიული საფლავების სახელმძღვანელო, სადაც მე შემიძლია ვიკვლიო საფლავის ქვების არსი და ადგილობრივი ისტორიები. რეპროდუქციებით დატვირთული “1892 წლის ქალაქ ნიუ იორკის გზამკვლევი მეფეებისთვის”  (The Kings Guide to New York 1892)  ჩემი საყვარელი წიგნია, რადგანაც მე მას კვლევებში მუდმივად ვიყენებ ანუ იგი ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია.

გილერმო დელ ტორო ჩემი საყვარელი რეჟისორია, მისი “ალისფერი მწვერვალი” და “ფავნის ლაბირინთი” ყველაზე მეტად მიყვარს. მეორე  ჩემი საყვარელი ფილმია  ხუან ბაიონას ფილმი “თავშესაფარი”. დელ ტორო ამ რეჟისორს ამერიკაში ფილმის დისტრიბუციაში დაეხმარა. მიყვარს ფსიქოლოგიური მოქმედება, თავგადასავალი, დაძაბულობა და ჰორორის ჟანრის ფილმები, მაგრამ არა ისეთები, რომლებიც ზედმეტად სისხლიანია და ძალიან დაუნდობელი.

კლასიკური მუსიკა ჩემი საყვარელი სამუსიკო ჟანრია. მე მას დღისითა და ღამით ვუსმენ. ჩემი საყვარელი კომპოზიტორებია: რალფ ვაუგან უილიამსი, დვორჟაკი და ჩაიკოვსკი. რაც შეეხება  თანამედროვე მუსიკას, ჩემი საყვარელი ჯგუფია Darkwave / Electronica VNV Nation (VNV ნიშნავს “გამარჯვება, მაგრამ არა შურისძიება”).

მიყვარს ყველანაირი სახის გემრიელი ვეგეტარიანული სამზარეულო. ყველა ცხოველი გულწრფელად მიყვარს,  ამიტომ ხორცის არც ერთ სახეობას არ ვჭამ. პასტა, ბლინები, პიცა, ახალი ხილი ჩემი საყვარელი საკვებია.

  • თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.

ჩემი შემდეგი წიგნი  საგიდან “უცნაურად ლამაზი” არის “მის ვიოლეტა და დიდი ომი”, რომელსაც წელს, 26 თებერვალს Tor Books-ი გამოსცემს. ასევე, მინდა დავასრულო ჩემი სერია “სპექტრალური ქალაქი”, წიგნი ამ სერიიდან  – “სულების ნაკრძალი”, 2019 წლის ოქტომბერში გამოდის. ასე რომ მე  მესამე წიგნისთვის უკვე მზად ვარ და თუ ის საკმარისად კარგი გამოვა, მე მეტს დავწერ. ჰორიზონტზე სხვა ჩემი პროექტებიც ჩანს, ყველა მათგანი ფენტეზისა და ისტორიას უკავშირდება და, იმედი მაქვს, რომ ამ მოგზაურობაში ყველანი წამომყვებით.