ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

დავით პოლ კეის “ჰოუმლენდი” და საკუთარი ფერი

დავით პოლ კეის “ჰოუმლენდი” და საკუთარი ფერი

ამას წინათ მანჰეტენზე გალერეაში სახელად “თეთრი სივრცე”, სადაც ნიუ იორკის ერთ–ერთი უბნის, ტრაიბეკას არტღამეები ტარდება, სხვადასხვა მიმართულების ხელოვანთა ჯგუფური გამოფენა – გაყიდვა გაიმართა. მათ შორის, წარმოშობით ქართველი მხატვრის დავით პოლ კეის, რომელმაც წარადგინა თავისი ნამუშევრები: “მონა ლიზა მესამე”, “შემზარავი სილამაზე”, “გამჟღავნება”, “ათას დოლარიანი ბოთლი”, “უსათაურო”.

“ათას დოლარიანი ბოთლი”

როგორც თავად არტისტი ამბობს, მისი განათლება და კარიერა მრავალფეროვანი და სრულიად ურთიერთშეუსაბამოა. “სკოლა აშშ–ში დავამთავრე და შემდეგ თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ფაკულტეტზე აღმოვჩნდი” – მიყვება დავითი, – “რამდენიმე წლის შემდეგ მეორად პროფესიად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავიმატე, პარალელურად ვმუშაობდი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების პროექტზე; ასევე თბილისში რუსთავი 2– ზე გადაცემა  “დილა მშვიდობისა საქართველო” მიმყავდა, დღეს კი მხატვარი ვარ.

ჩემ ბიოგრაფიაში არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენაა დაფიქსირებული. პირველი და ყველაზე საინტერესო გამოცდილება იყო მაიამის “არტ ბაზელი”. ეს არის  სახელოვნებო კვირეული, როდესაც მთელი ქალაქი ხელოვნების დედაქალაქად იქცევა. მაშინ ავტოკომპანია “კადილაკმა” თანამშრომლობა შემომთავაზა და იმ კვირეულის განმავლობაში ბევრი ცნობილი კოლექციონერის, გალერისტისა და კრიტიკოსის თვალწინ ახალი მოდელი ავტომობილი ძალიან დეტალური ხაზოვანი ტექსტურით მოვხატე. მაშინ  იმ წრეებში  ჩემი სახელი ნაკლებად იყო ცნობილი, მაგრამ ამ ამბავს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა – დგილობრივმა პრესამაც დაწერა და აქაური არტსამყაროს მესვეურებმაც მომაქციეს ყურადღება. ეს ჩემი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სტიმული იყო.

დავით პოლ კეი

  • ცხადია, ჯერ საქართველოში განვითარებულ მოვლენები უნდა აღვნიშნოთ…

სხვათა შორის, სიტყვა “სამშობლო” არ მიყვარს. უცნაურ ასოციაციებს იწვევს. ინგლისური შესატყვისი სიტყვა “ჰოუმლენდი”  (Homeland) უკეთესია. ჩემთვის სიტყვასთან “სამშობლო” საქართველო უკვე დიდი ხანია  აღარ ასოცირდება. ეთნიკურად ქართველი ვარ, იქ გავიზარდე და სადაც არ უნდა ვიყო, რაღაც ფორმით იმ ქვეყნის კულტურას წარმოვადგენ და ყოველთვის ვცდილობ კარგი პასუხები გავცე ყველა იმ კითხვას, რასაც “სამშობლოზე” მეკითხებიან; ხაზგასმას ვაკეთებ კულტურაზე, ტრადიციებზე, ფოლკლორზე, სამზარეულოზე, მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაზე საუბარს ვერიდები. ის, რა კურსიც დღეს საზოგადოების გარკვეულ და საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს აღებული, დამღუპველია მომავალი თაობისთვის. თერთმეტი წლის პაუზის შემდეგ წელს პირველად ჩავედი საქართველოში, ვნახე თაობა, რომელიც დღეს ცდილობს შექმნას ისეთი გარემო, სადაც ღირებულებებია შრომა, თანასწორობა და კანონმორჩილება, მაგრამ ისინი ჯერ უმცირესობას წარმოადგენენ.

დავით პოლ კეი

ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, დამღუპველია ქვეყნის მომავლისთვის. სახელმწიფო ადამიანის უფლებებს არ იცავს. სექსუალურ უმცირესობებზე ნადირობას აცხადებს ქვეყნის ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი – საპატრიარქო, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი ქვეყნის ხელისუფლება, ახალიც და ძველიც. ქვეყანაში, სადაც გეუბნებიან ან ჩაგქოლავთ ან აქედან წაეთრიე, ამ თემაზე დიალოგიც შეუძლებელია. სიტყვა “სამშობლოს” რომ დავუბრუნდეთ… ნუთუ ესაა სამშობლო? ეს არ არის ჩემი ღირებულებები, ეს არ არის ბევრი იმ ადამიანის ღირებულებები, რომლებიც დღეს საქართველოში ცხოვრობენ და ან შიშით ხმას ვერ იღებენ ან კი უპირისპირდებიან ამ მოძალადე მასას საკუთარი სიცოცხლის და უსაფრთხოების ფასად. მშობლები შვილებს კარგავენ, ნიჭიერი ახალგაზრდები ტოვებენ ქვეყანას, მტრები კი ქრისტეს სახელით ქადაგებენ ზიზღსა და სიძულვილს, ეროვნულ ღირებულებებთან აიგივებენ ძალადობასა და აგრესიასთან. ეს არ არის ქართველობა, ეს არის ქართველურობა!

  • თვითდამკვიდრებისთვის ემიგრაციაში რა ეტაპები გაიარეთ?

ბევრი ისეთი რამ ვისწავლე და გამოვცადე, რაც, ალბათ, ადრე სრულიად უცხო იყო ჩემთვის. დამოუკიდებელი ყოველთვის ვიყავი, მაგრამ ამ პროცესში ბევრი რამ გადავაფასე და დროის დაფასებაც უკეთ ვისწავლე; ვისწავლე ადამიანების ცნობა, ნდობა, კომპრომისი და თავდაცვითი ინსტინქტები; პირველ რიგში – თავისუფლება, რაც ჩემთვის და, ალბათ, ყველასთვის უმნიშვნელოვანესია და ეს იყო ყველაზე დიდი მიღწევა. ჩემი თაობა საბჭოთა რეალობაში გაიზარდა, აკრძალვებითა და სტრესებით დახუნძლულებს არასრულფასოვნების კომპლექსს სისხლის უჯრედებში გვინერგავდნენ. რეაბილიტაციას კი დიდი დრო დასჭირდა. საბედნიეროდ, შეერთებული შტატები და განსაკუთრებით კი  გენიალური ქალაქი ნიუ იორკი იმის საშუალებას გაძლევს, რომ მხრები გაშალო, ჩაისუნთქო და ამოისუნთქო. ყველაზე დიდ მიღწევად ის მიმაჩნია, რომ აქ ცხოვრებამ ყველაფრის საკუთარი თვალით დანახვა მასწავლა – ნება და არა იძულება, ფიქრი და არა კარნახი, გეგმა და არა დოგმა.

დავით პოლ კეი

  • ვინ არიან თქვენი უშუალო და, ასე ვთქვათ, არაუშუალო მასწავლებლები?

პირველ რიგში ჩემი უშუალო პედაგოგით მინდა დავიწყო. მართალია სამხატვრო აკადემიაში არ მისწავლია, მაგრამ ადამიანი, რომლის დამსახურებაც არის ის, რომ მე დღეს ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, არის ქართველი მხატვარი ავთანდილ ტატანაშვილი. იგი იყო მამის, გურამ ხაბურძანიას მეგობარი, რომელმაც თავის სკოლაში მაშინ მიმიყვანა, როდესაც ძალიან პატარა ვიყავი და ფანქრის ხელში დაჭერა, ფიგურის აგება, კალიგრაფია, მედიუმი, კომპოზიცია, პერსპექტივა, შუქი – ჩრდილი და ძალიან ბევრი სხვა ის ფუნდამენტური ნიუანსი მასწავლა, რაც, ალბათ, ყველა მხატვრის განვითარებისთვისაა აუცილებელი. გენიალური ადამიანი იყო. სამწუხაროდ, მისი სახელი ისეთი ცნობილი არ არის, როგორსაც იმსახურებს. მაგრამ ჩემი მიზანია მივაღწიო იმას, რომ თუ ოდესმე ისტორია ჩემზე ისაუბრებს, ჩემით მასზეც ისაუბროს.

რაც შეეხება სხვა, მეტაფორულ მასწავლებლებს. აინშტაინით დავიწყებ. ფიქრის ექსპერიმენტი არის პროცესი, რომლითაც ვხსნი იმას, რასაც ვაკეთებ ან განვიცდი. ყველაფერი ცნობისმოყვარეობით იწყება და ამგვარი დამოკიდებულება რომ ავიკვიატე, სწორედ ამ გენიალური კაცის დამსახურებაა.

ჩემი მასწავლებელია ნიკოლა თესლაც, ბავშვობიდან ამოჩემებული მქონდა ციფრი სამი. არ ვიცოდი რატომ ვაგებდი ყველაფერს ამ ციფრის გარშემო: ფაქტსაც, ფიგურასაც, ფორმასაც, აზრსაც. თესლა სასტუმროს იმ ნომერში არ ჩერდებოდა თუ ნომერი სამზე არ იყოფოდა. ეს ნიკოლას უცნაური აკვიატება იყო. მე მისი ბიოგრაფია შევისწავლე და  ძალიან ბევრი საინტერესო პარალელი გავავლე იმასთან, თუ როგორ ვხედავდი სამყაროს მე, თუ როგორ ვცდილობდი აუხსნელის ამოხსნას.  ყველაფერი ენერგიაა, აზრიც, ბგერაც, ფერიც, ფორმაც, მოქმედებაც. ხელოვნება ელექტრომაგნეტიზმია, რომელიც ჩვენთვის ამ ეტაპზე მიღებულ და ცნობად წესებს ნაკლებად ემორჩილება.

ჩემი ქვეცნობიერი პედაგოგია პაბლო პიკასო, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირადი ბიოგრაფია, როგორც ადამიანის, დიდად არ მხიბლავს. როგორც შემოქმედი იგი იყო და არის გენიალური. პიკასო ეზიზღება ბევრს, ბევრისთვის კლიშეა პიკასოს სიყვარული, ჩემთვის კი თავისუფლებაა. ეს კაცი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა შეუჩერებლივ უსმენდე იმას, რაც შენში  ისმის და არა შენს გარშემო. “გარნიკა” ჩემთვის ყველაზე ძლიერი ნაწარმოებია. შემდეგ აღმოვაჩინე აქაური გიჟები: ბასკია, ჰარინგი, უორჰოლი და მათი ეპოქა. ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი ზეგავლინა მოახდინა, ადამიანზე, რომელიც საბჭოთა ენციკლოპედიებში ნანახ რენესანსისზე  გავიზარდე. მე უცებ სულ სხვა სამყაროში მოვხვდი, სადაც ხელოვნებამ ნებისმიერი სახე შეიძლება მიიღოს.

“ძველებიდან”, ჩემი “პედაგოგია” გოია, გადმოცემით ვიცოდი, რომ მამაჩემის საყვარელი მხატვარი იყო. მე სამი წლის ვიყავი, როცა იგი გარდაიცვალა. მამა ხელოვნებით, თეოლოგიით, ფოტოგრაფიითა და ჭადრაკით იყო გატაცებული. როცა გავიზარდე შემდეგ მივხვდი თუ რატომ გოია. ორი გოია არსებობდა: ერთი, რომელიც ლამაზ და ბრჭყვიალა დაკვეთებს ასრულებდა და მეორე, ნამდვილი გოია, რომელიც იმ რეალობას ამოისუნთქავდა, რაც მის გარშემო ხდება. ამ მეორემ ბევრი რამ მასწავლა.

დავით პოლ კეის ნამუშევარი

დავით პოლ კეის ნამუშევარი

  • ზემოხსენებული მასწავლებლებიდან გამომდინარე ეკლექტური ნიუ იორკიც მათ სიაში  უნდა იყოს…

კი, ნამდვილად ამ ქალაქით უნდა დავიწყოთ. ტელევიზორში ნანახი ნიუ იორკი მოსაბეზრებელი და ცარიელია, ნამდვილი კი საინტერესოა: გიჟი მეტრო, ეკლექტიკა, არაფერი გაკვირვებს; აქ არსებობს ემოციებისგან დაცლილი ენერგიით სავსე, მრავალფეროვანი შეუჩერებელი ადამიანებისგან შექმნილი ფენომენი, რომლის შესაფერისი მსოფლიოში, ალბათ, არ არსებობს. ეს ქალაქი შთამაგონებელია იმიტომ, რომ არათუ იდენტობა არ გააჩნია, არამედ ყოველ დღე ახალი იდენტობით იღვიძებს. მისი ტემპი, მრავალფეროვნება და “დრაივი” მაგიჟებს. ნიუ იორკი მაგარია!

შთაგონება აქ ნებისმიერი მიმართულებიდან შეიძლება წამოვიდეს. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელმაც შემთხვევით სადღაც შემომხედა, მე კი ის სახე ვერ ამოვიგდე თავიდან მანამ,  სანამ იმ მომენტის ჩემეული ვერსია არ დავხატე. ან ეს შეიძლება იყოს ფაქტი, რომელიც ჩემ გონებაში ღრმა ბავშვობიდან ჩარჩა და რომელზეც ბევრს ვფიქრობ. მერე კი ერთ დღესაც ტილოზე გადამაქვს. ან ეს შეიძლება იყოს მელოდია, რომელიც მოვისმინე და მან საოცრად დიდი, უცნაური ენერგიის ნაკადით ამავსო. ეს ყველაფერი ცერებრალურია, ის რაც ჩემი გონების, აზრის და ანალიზის პროცესს ასტიმულირებს, შთამაგონებელია.

დავით პოლ კეი

  • საკუთარი ფერის მფლობელი როგორ აღმოჩნდით?

ეს ამერიკული გლამურული კალმებისა და აქსესუარების ბრენდის “მონ ბლას” დამსახურებაა, ჩემთვის კი – დიდი პატივი. ერთხელაც დილით გავიღვიძე, მეილი შევამოწმე და ამ ბრენდის არტ ფონდის პრეზიდენტისგან წერილი აღმოვაჩინე. იგი პროექტზე Resolutions (ჩანაფიქრები) თანამშრომლობას მთავაზობდა. ამ პროექტის ერთ ნაწილი სწორედ ჩემი სახელის ფერთა სერიის შექმნას გულისხმობდა. საბოლოო ჯამში დიდი ფორმის ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გამოგვივიდა. ჰამბურგიდან ჩამოვიდა გადამღები ჯგუფი და ჩემზე გადაიღო მცირე მეტრაჟის სარეკლამო რგოლი, სადაც ნაჩვენებია სამი დიდი პანელისგან შემდგარი ნახატის შესრულების პროცესი. შემდეგ მე ჩავედი ჰამბურგში, შევხვდი შემოქმედებით გუნდს და ბრენდის ხელმძღვანელებს; შემდეგ ბარსელონასა და ლონდონში დავხატე მათი შენობების ფასადები. ეს ყველაფერი მრავალსტუმრიანი ღონისძიებებით დასრულდა. ამავდროულად ამ ბრენდის ამერიკულ გუნდთან ერთად ვითანამშრომლეთ კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც U2 -ს ფრონტმენის – ბონოს “რედ” ფონდთან ერთად განხორციელდა. ახლა ის ტილო, რომელიც ამ ბოლო პროექტისთვის დაიხატა, ბონოს ოფისში ჰკიდია.

დავით პოლ კეის ნამუშევარი

დავით პოლ კეის ნამუშევარი