ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ემიგრანტი მწერალი გადარჩენის გზებზე და “რუსთაველის გამომცემლობაზე” – ინტერვიუ

ემიგრანტი მწერალი გადარჩენის გზებზე და “რუსთაველის გამომცემლობაზე” – ინტერვიუ

ამას წინათ ბრუკლინში მდებარე ქართული  კულტურის ცენტრში “მოცეკვავე წერო” ჩიკაგოში მცხოვრებმა მწერალმა მაკა კვერენჩხილაძე–კარტაიზერმა არც ისე დიდი ხნის წინათ მის მიერვე აშშ–ში დაფუძნებული გამომცემლობის Rustaveli Pablishing–ის (2019) პრეზენტაცია გამართა. საღამოზე მან წარადგინა ანსამბლ “ქართული ხმების” დამფუძნებლის, მომღერალ თემურ ჭკუასელის  წიგნი “სიმღერით გამთბარი მიწა”, რომელიც, ფაქტობრივად, რომანი–კინოსცენარია, სადაც მოქმედება ხდება პირველი და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ევროპასა და საქართველოში. პირველი ომის გმირი მამაა, მეორე ომის კი – შვილი. მათ ტრაგიკულ ბედს სიმღერა აერთიანებს. გამომცემელი ამბობს, რომ  ეს არის ძალიან ღრმა და კომპლექსური ნამუშევარი, რომლის ფილმად გადაღებას მხოლოდ ჰოლივუდის სტუდიები თუ შეძლებენ, მაკა კვერენჩხილაძის სურვილი კი სწორედ ამ სცენარის ადრესატამდე მიტანაა.

„სიმღერით გამთბარი მიწა“

თსუ–ის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული მაკა კვერენჩხილაძე – კარტაიზერი თავის თავს ახასიათებს როგორც ემიგრანტს, მწერალსა და გამომცემელს.

“მე იმ თაობის სტუდენტი ვარ, რომელმაც  ცხოვრების ახალი ეტაპი სიმშვიდეში დაიწყო და დანგრეულ ქვეყანაში დაამთავრა. ავბედით 1990-იანს ვგულისხმობ,“ – ამბობს მაკა, –„იმ არეულმა წლებმა ჩვენ შემდეგ ნაბიჯებსაც სათანადო კვალი დაატყო. ოჯახებიც დაუფიქრებლად იქმნებოდა, ძველი მენტალიტეტით. სწავლასა და კარიერაში უფრო მიზანმიმართულნი და  ნათელი გონებით ვიყავით, მაგრამ ომით დამძიმებულმა ცხოვრებამ ბევრი  წინაღობა შეგვიქმნა.

  • რახან ემიგრანტობა ლამის პირველ პროფესიად დაასახელეთ, რა იყო მისი მიზეზი?

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა გაზეთებში: „სიტყვა“ და „ქართულ ქრონიკაში“ დავიწყე. მალე ეს სამსახურებიც ძველი სისტემის მსგავსად დაიკარგა.  ახლებური პოზიციები ჩნდებოდა და მე  გაყიდვების  ოპერატორობას შევეჭიდე. საკაბელო ტელევიზია „აიეტი ტვ“-ში ვმუშაობდი. ემიგრაცია ჩემ ცხოვრებაში გამოკვეთილი გადაწყვეტილებით არ შემოსულა. ის უბრალოდ მოვიდა  წინაპირობებით, რომელმაც გზა ამერიკისკენ გამიკვალა.

თავიდან სამი წელი ექვს–ექვსი თვე საქართველოსა და აშშ–ს შორის წინ და უკან სიარულში გავატარე. შესაბამისად, ნელ-ნელა ადგილს ვკარგავდი სამშობლოში და ამავე დროს უცხოეთშიც ვერ ვპოულობდი. მერე სამივე შვილიანად მორიგი ექვსთვიანი ვიზიტით წავედი  უკან დაბრუნების გეგმით, მაგრამ  თვითმფრინავის ბილეთების დაკარგვა ნიშნად მივიჩნიე და დავრჩით. ემიგრანტობამდე ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მისვლის წინაპირობა კი ჩემი აშშ–ში ყოფნისას შვილის დამწვრობა აღმოჩნდა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქართული ემიგრაცია უზომოდ გამძლე და ბუნებრივად ალღოიანი გამოდგა. აქ ასეთი შედარების გაკეთება შემიძლია –  თვალახვეულებს რომ შეადგებენ სადმე ტყეში, ისე შეგვაგდო ცხოვრებამ უცხო კულტურებსა და მენტალიტეტში. მერე ჩვენ ავუღეთ ალღო ადამიანებს, ენას, კულტურას,  სწავლას, ურთიერთობებს და  მიუხედავად  ბევრი უარყოფითისა, რასაც აქა–იქ ემიგრანტები სჩადიან,  ძალიან ბევრი წარმატების გზას დაადგა, პროფესიონალიზმით გამოჩნდა და დაფასდა.

 

„გაყოფილი სული“

  • წერის სურვილიც ემიგრაციის დამსახურებაა?

პატარ-პატარა ჩანაწერებს, თარგმანებს, დღიურებს ვწერდი ხოლმე, მაგრამ ეს იყო უფრო იმ გაზეთებში ხანმოკლე მუშაობისას ან ჩემთვის, ჩემ თავთან საუბრის სტილით. თუმცაღა, 1999 – ში “ამერიკული დღიურებიც” დავბეჭდე. ამ ტექსტებს ამერიკიდან ვაგზავნიდი. ცხოვრებამ მალევე ჩამაბა მარათონში სამი შვილით, რასაც ჩემმა გურულმა ხასიათმა ფეხი მალევე აუწყო. კარგა ხანი არ ვიცოდი, რომელი რომელს ვასწრებდით. იმ წლებში მე არ მეცალა არც საწერად და არც ჩემი თავისთვის. მერე ამერიკელზე გავთხოვდი. არ აღმოჩნდა იოლი ნაბიჯი ორი სხვადასხვა  კულტურის (გერმანული წარმომავლობის ამერიკული და ქართული), ორი ლიდერის, ორი მარტოხელა მშობლის ჭიდილი. სამ–სამი მოზარდი შვილით ბევრ მოგზაურობასაც ვგეგმავდით და უამრავ საქმესაც. ამ ყველაფერმა მე ქართული ენისა და კულტურის  ფხიზელ მცველად მაქცია. საქმეს ისიც ართულებდა, რომ  მე რომანტიკოსი, იდეალისტი ვიყავი, ჩემი მეუღლე კი – უფრო პრაგმატული აზროვნების, ბიზნესსამყაროს წარმომადგენელი.

ამ განსხვავებებმა ერთ მშვენიერ დღეს ჩემ შინაგან მეამბოხე ბუნებაში პიკს მიაღწია და, აი, წერის სურვილმა სწორედ მაშინ ნიაღვარივით ამოხეთქა.  სასწრაფოდ დავიწყე წერა. ეს იყო პასუხები იმ ხალხის მიერ დაუნდობლად დასმულ კითხვებზე, რომლებიც ასე მწირავდნენ საქართველოში, ამერიკაში კი ცნობისმოყვარეობის გამო, საკუთარ ცხოვრებაში მამოგზაურებდნენ, საკუთარ თავთან კითხვებს მასმევინებდნენ: რატომ მიატოვე სამშობლო? რატომ მიატოვე მშობლები? რატომ წაიყვანე შვილები? სადაა საქართველო? აქ რამ მოგიყვანა? მოკლედ, ასე დაიწერა „ბილიკები ამერიკისკენ“  (გამომცემლობა “უნივერსალი“, თბილისი, 2012). მერე იყო ლექსების კრებული „სული სივრცეში“ (“ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება”, თბილისი, 2014);  „ლეპტოპიადა“ („საუნჯე“, თბილისი, 2016). 2017 წელს კი, ჩიკაგოში გამოცემის ახლებური მეთოდით, რომელსაც “თვითგამომცემლობა” ეწოდება, ინგლისურ ენაზე „გაყოფილი სული”  გამოვეცი.

  • თქვენ ამბობთ, რომ თქვენი ჟანრი რეალისტურ–მემუარულია …

საქართველოში ეს ჟანრი ახლაც უცხო ხილია. არადა, უცხოეთში რომანებსა თუ მოთხრობებების მიმართ ინტერესი მცირდება და მკითხველს უფრო ნამდვილი ადამიანების ისტორიები აინტერესებს თავიანთი სირთულეებით, მათი გადალახვითა და გამარჯვებებით. დღევანდელი მსოფლიო იმდენად სწრაფად იცვლება და ცხოვრების რიტმი ისე ჩქარდება, რაიმეს  გამოგონება ნამდვილად აღარაა საჭირო.  ლამის ყოველი მეორე ადამიანის ცხოვრება ცოცხალი, საინტერესო წიგნია: პიროვნული ზრდა, დაცემა, წამოდგომა, წარმატება. ცოცხალი მაგალითები უფრო მაინტერესებს – სულიერი ტკივილები, განცდები.

ჩემი წიგნებიც ასეთი გამოდგა. თუმცა, ეს სტილი სპეციალურად არ ამირჩევია. ეს თავად ჩემმა ცხოვრებამ განსაზღვრა. იგი იმ ნამდვილი გრძნობებიდანაა ამოხეთქილი, უამრავ ადამიანს ღრმად რომ  აქვს ჩაკირული და არც იცის როგორ შეეხოს. ჩემი წიგნის კითხვისას კი მკითხველები ასე  მწერენ: „თითქოს ჩემს სათქმელს ამბობთ“, „თითქოს ჩემს ტკივილს ამოთქვამთ“, „მგონია, რომ მე ვლაპარაკობ“ – მეუბნებიან ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები. ქართველები მიჩვეულნი ვართ სახელების დარქმევას: ჟანრი, სტილი. ჩემ ლექსებს ვერ შეურჩიეს ჟანრი და ამიტომ მე დღევანდელი პოეტების გემოვნებას არ შევესაბამები. თუმცა სხვა ჩვეულებრივი მკითხველისთვის ისინი მათ სულს შეხებული სიტყვებია, რომელიც მათსავე სათქმელს ამოთქვამს.

“ეს ლექსი რა სტილია?” – მკითხა სულ პირველად ერთმა სერიოზულმა ლიტერატურულმა კრიტიკოსმა; თუმცა, ჩემმა ერთმა მეგობარმა ისინი უფრო სონეტებს შეადარა. ქართველ პოეტებს სურთ რითმებისა და რიტმების ტკბილხმოვანებასა თუ მუსიკალურობის  ჩარჩოებში ჩაგსვან. მე კი ვფიქრობ, რომ თუ ლექსი სათქმელს ამბობს,  მის რითმულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.

  • რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული აშშ–ში წიგნის გამოცემა?

როდესაც ინგლისურენოვანი წიგნის – „გაყოფილი სული, თანამედროვე ემიგრანტის მემუარი“ ამერიკაში გამოცემის ფაქტის წინაშე დავდექი, მივხვდი, რომ დროებისთვის ფეხი უნდა ამეწყო. ტრადიციული გამომცემლობა (ანუ გამომცემლობის ის მოდელი, რომლითაც დღეს წიგნებს საქართველოში გამოვცემთ) სულ ცოტა ხუთწლიანი და მრავალათასდოლარიანი გზა იყო.  მე უკვე წიგნის დამუშვებისთვის რამდენიმე კოლეჯის კლასიც მქონდა აღებული; ამ თემაზე  წიგნებიც ბლომად ნაყიდი და ნაკითხი; სათანადო მწერალ-რედაქტორებსაც წლების მანძილზე ვეძებდი და ბოლოს მივაგენი, მაგრამ წინ კიდევ დიდი თანხის დანახარჯი და, სულ ცოტა, ხუთი წლის ლოდინის პერსპექტივა მქონდა, რის შემდეგაც გამომცემლობას შეიძლებოდა სულაც უარით გავესტუმრებინე. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ აქ გამომცემლებს უამრავი წიგნის შეეთავაზება აქვთ. ამიტომ ავირჩიე უფრო რთული, მაგრამ მოკლე გზა – თვითგამომცემლობის.  გზების გაკვალვა რომ მუდამ თან მდევს, ეს ჩემი ცხოვრებით დავადასტურე. ჰოდა, 2017 წლის სექტემბერში ჩემი წიგნი გამოვეცი. შემდეგ გავაგრძელე მამაჩემის, რეპრესირებული მწერლების მკვლევარის, მწერალ რევაზ კვერენჩხილაძის საქართველოში უკვე გამოცემული წიგნების ინტერნეტში ატვირთვა და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში “ამაზონის” საშუალებით ქართველი მკითხველისთვის მიწოდება.  შემდეგ საბავშვო ილუსტრირებული წიგნების გაკეთების იდეაც მოვიდა.

2018 წლის გაზაფხულიდან მხატვარ ილია ჭრელაშვილის დახმარებით, “ამაზონით” მკითხველს უკვე მიეწოდება „ქათული სიბრძნე, რომლითაც აღვიზარდე მე“. ეს სერიების გამაერთიანებელი სათაურია. გამოვეცით ორი წიგნი: სულხან–საბას „ძალა ერთობაშია“ და ი. გოგებაშვილის „ჯიუტი თხები“ ქართულად და ინგლისურადეს იდეა ლოგიკური გაგრძელება იყო იმ საუბრებისა, ჯერ კიდევ 2009 წლიდან რომ მქონდა ოჯახის მეგობარ, ამერიკელ საბავშვო მწერალ შენონ გურსნისთან. მე მას ვუხსნიდი, თუ რა  საინტერესო იქნებოდა ქართული სიბრძნეები აქაურ ბავშვებსაც რომ ეკითხათ. შემდეგში კი ეს იდეა თავად განვახორციელე.

  • გარდა წმინდა საგამომცემლო საქმიანობისა, რა მიზნები აქვს “რუსთაველის გამომცემლობას”?

“რუსთაველის გამომცემლობის” მიზანია, ხმა მიაწვდინოს მსოფლიოში მიმოფანტულ ქართველ თუ არაქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ცხოვრების რთულ პროცესებს ეჭიდებიან;  მისცეს პლატფორმა, რათა მათ გააზიარონ და გააჟღერონ თავიანთი გულისტკივილი, ემიგრანტული შემოქმედება, მათ მიერ განვლილი გზები წიგნად გამოსცენ. იქნებ დაღლილი გულებიც მოიოხონ. “რუსთაველის გამომცემლობა” მათ ამ მიზნის განხორციელებაში დაეხმარება.

2017 წლის  სექტემბერსა და ნოემბერში მე თესალონიკისა და ამსტერდამის ქართული კულტურის ცენტრებს ვეწვიე, თუმცა მაშინ ჩემი გამომცემლობა „მაკა კარტაიზერის“ სახელით იყო დარეგისტრირებული. შემდეგ ვიფიქრეთ, რომ გაგვეზარდა ავტორების რიცხვი. ეს სახელი საქმიანობის აღმნიშვნელად საკმარისი არ იქნებოდა  და „რუსთაველის გამომცემლობა“  გადავარქვი.

  • არსებობს ე.წ. ემიგრანტრული ლიტერატურის ანალოგები?

ემიგრანტულ ლიტერატურას, ისევე როგორც ემიგრანტებს, ცოტა ალმაცერად გვიყურებდნენ. იქნებ, ახლაც. მაგრამ თვალსა და ხელს შუა ყალიბდება ახალი რეალისტური ლიტერატურა, რომელიც იხვეწება, მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, ლექსები შეიძლება “ტექნიკურად გამართული” არ იყოს. ამგვარი პოეზია თუ პროზა დაგროვილ ტკივილებს გამოხატავს. სხვა სიტყვებით ისინი  გადამრჩენის როლს ასრულებს. ასე, რომ ჩვენ ეს ადამიანები უნდა წავახალისოთ, ხელი შევუწყოთ, ვაღიაროთ. ბოლოსდაბოლოს, ხომ სწორედ ისტორია გადააფასებს ღირებულს; იმას, რაც საუკუნეებს გაუძლებს? ვფიქრობ, ეს ძველი შეხედულებაა, როცა „ღირებული“ და „არაღირებული“ ჩვენნაირი მოკვდავების მიერ  განისჯება, მითუმეტეს მაშინ, როცა თავად საქართველოში ყველანაირი კრიტერიუმი, ღირებულება, სტანდარტი, შეფასება, კრიტიკა აღრეულია და არარსებულიცაა.  რეალურად კი, ყველას აქვს უფლება წეროს, ხატოს, შექმნას, სული გაიბედნიეროს. დღეს მსოფლიოში საკუთარი მეს გამოხატვის – გამოღვიძების ხანაა და რა უფლება აქვს ქართველს, მეორე ქართველში ეს სურვილი ჩაკლას?

ანალოგი თუ არსებობს?  ჩვენ როცა ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილებს და ლექსებს გვასწავლიდნენ, მოგვწონდა და ვიცოდით, რომ ეს ნაწარები საუკეთესო იყო,  მაგრამ ალბათ, იმ დარდს, რაც მის ტექსტებში იყო, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდით. ალბათ, მსგავს სიღრმეებს სამშობლოს, ახლობლებს მოკლებული ადამიანი თუ დაწერს.

მე ამ კუთხით კიდევ ერთი გაბედული ნაბიჯი გადავდგი. 2012 წლის იანვარში, როცა თბილისიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, ჩემი ინიციატივით დაარსებულ ემიგრანტულ ჯგუფში იდეა გავაჟღერე იმის თაობაზე, რომ ემიგრანტებს მოეწოდებინათ ლექსები, ჩანაწერები და შეგვექმნა წიგნი. ეს წიგნი ერთი წლის შემდეგ გამოვეცით „სამშობლოს სურნელის სახელით“ (საუნჯე“, თბილისი, 2013). მათ შეკრებაში დიდი წვლილი პოეტ და მხატვარ თამარ ლომიძესა და პოეტ მარინა ხარხელაურს მიუძღვით. ამ კრებულის გამოცემის შემდეგ საზოგადოებამ ემიგრანტილ ლიტარატურას უფრო მეტი ყურადღება მიაქცია.

  • ჰო, მაგრამ, ხომ არსებობს ასე ვთქვათ, კარგის, საინტერესოს ანდა ცუდის, უინტერესოს შეგრძნების უნარი, გნებავთ, ლიტერატურული ინტუიცია და, ცხადია, ამის კრიტიკაც გამოხატვის თავისუფლების სფეროა.

კი, რა თქმა უნდა.  კრიტიკა და გარჩევა კარგისა და ცუდისა უნდა არსებობდეს პოეზიაში, პროზაში, ისევე როგორც ყველაფერში. ზემოხსენებული წიგნის შემთხვევაში ეს ასეც იყო. შეირჩა მეტ – ნაკლებად უკეთესი ლექსები. მაგრამ  ჩვენ არ უნდა დავკარგოთ სამართლიანად განსჯა-გარჩევის უნარი. ნუ ვიქნებით ძალიან მკაცრნი ემიგრანტულ პოეზიაზე საუბრისას. არ დაგვავიწყდეს, რომ თავად საქართველოც 1990 – იანების შემდეგ თითქოს ერთ დიდ „ექსპერიმენტულ სკოლად“  გადაიქცა. როგორც აღვნიშნე, დაიკარგა ადრე არსებული, ასე ვთქვათ, შეფასების ერთიანი კულტურა. ცხადია, ყველანი არა, მაგრამ ზოგი მწერალი  ან წარსულში ჩარჩა ან არადა, ისე აუბა ფეხი ახლებურ თავისუფალ სტილსა და მიმართულებას, ლამის მეორე უკიდურესობაში გადავარდა.

ემიგრანტულ მწერლობაზე საუბრისას უნდა გავითვალიწინოთ ერთი რამ: ესაა უპირველესად უფრო გადარჩენის სტრატეგია. ვინ იცის, იქნებ მეორე ადამიანის, ემიგრანტის გადარჩენაცაა. ცხადია, ეს მიმართულებაც  უნდა დაიხვეწოს. და სწორედ ამიტომაც ემიგრანტული ლიტერატურის კონკურსები წამოვიწყეთ.

  • “ქალები და ემიგრაცია” – რა ფენომენია ეს და განსხვავდება თუ არა იგი “კაცები და ემიგრაციისგან”?

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ფენომენს  “ქალი და ემიგრაცია”,  ალბათ, რამდენიმე ნაწილად თუ დავყოფდი ანდა ქვეყნებად, კონტინენტის ნაწილებადაც კი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ შევხვედრივარ ემიგრანტ ქალებს  სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა შტატში. როგორც ჩანს, თავად ქვეყნის (თუ შტატის) კულტურა მათ სხვადასხვა შესაძლებლობებსა და, შესაბამისად, ღირებულებათა სისტემას  აძლევს.

ქართველი ქალები ჩვენდაუნებურად აღმოვჩნდით სისტემებისა და მენტალიტეტების ქაოსში. ქალები ჩამოვიდნენ ოჯახების გადასარჩენად, ქალი ხომ თავისი ბუნებით მზრუნველია. სამშობლოში შვილებ და მშობლებმიტოვებულ დედას კი ყველაფერთან ერთად დიდ სიმძიმედ დანაშულის გრძნობაც აეკიდა. იგი შვილებს ფულით უნაზღაურებდა მოკლებულ სიყვარულს, სითბოს, ურთიერთობას. თითქოს შვილებთან თავს ამით მაინც იმართლებს. ამასობაში, ზოგადად ადამიანური ბუნება ასეთი ყოფილა – იოლად მოსულს ადამიანი  ვერ აფასებს, ეჩვევა და უფრო მეტს და მეტს ითხოვს… მოხდა ის, რომ ამ ქალების სრულიად კეთილი ზრახვები არასწორად იქნა გამოყენებული. ბევრჯერ  ტრაგიკულად დასრულებულა ასე “იოლად” მიღებული თანხის მიმღების ბედი. წრე შეიკრა, ქალებმა შვილები, ქმრები გაათამამეს, “კარგ ცხოვრებას” მიაჩვიეს, გააფუჭეს. თავად კი საკუთარი ცხოვრება, თვითრეალიზაციის შანსი აღარ აქვთ. იქ დარჩენილ ოჯახის წევრებს კი სურვილები და ინტერესები ეზრდებათ, უფრო მეტს და მეტს ითხოვენ. დედა უკვე უმეტესად მხოლოდ ფულის წყაროსთან ასოცირდება. ასეთია ზოგადი სურათი.

ემიგრანტი მამაკაცები კი, ალბათ, მაინც უფრო პოულობენ თვითრეალიზაციის გზას. ბევრი პროფესიულად დაკავებულია, ფიზიკურადაც მუშაობს, საკუთარი ბიზნესი დააარსა. ასეც და ისეც, ემიგრანტები შექების ღირსნი არიან. ისინი ცხოვრების ჭაპანს ორმაგი სიმძიმით ექაჩებიან, სამშობლოსაც აცოცხლებენ და მიმღებ ქვეყანასაც ემსახურებიან.