ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ამერიკელი ტურისტები, ეთნიკური მარკეტი და საქართველო – ინტერვიუ ვერა პირსონთან

ამერიკელი ტურისტები, ეთნიკური მარკეტი და საქართველო – ინტერვიუ ვერა პირსონთან

ნიუ იორკში, მანჰეტენზე მოქმედი ამერიკული ტურისტული სააგენტო Panorama Travel 1995 წელს დაარსდა და მას მერე თავის კლიენტებს სთავაზობს არა მარტო პერსონალურ მომსახურებას, არამედ ბიზნეს – მოგზაურობებს და კომბინირებულ ტურებსაც. მისი მომხმარებლები არიან ტურისტები, რომლებსაც ნაკლებად ცნობილი ადგილების დათვალიერება სურთ და ასევე ჯგუფები, რომლებსაც უბრალოდ სამშობლოსგან შორს განსხვავებული კერძებისა და ღვინის დაგემოვნება უნდათ. თბილისელი ვერა პირსონ–საღარეიშვილი ნიუ იორკში სწორედ 1995 წელს ჩამოვიდა და სკოლა ამ ქალაქში დაამთავრა, შემდეგ კი ბარუხ კოლეჯის ზიკლინდის ბიზნეს სკოლაში (2005–2009) ჩაირიცხა. ვერა ბოლო ოცი წელია „პანორამა თრეველში“ მუშაობს. მან მდივნის, მიზერული ხელფასიანი სამსახურით დაიწყო და ახლა „პანორამას“ მენეჯერ-დირექტორი და კავკასიის პროგრამების კოორდინატორია. მას კარგად ახსოვს 1990 -იანები, როცა დეპრესიულ ქალაქში სახლის ფანჯრიდან ჩაშავებულ თბილისს თვალს ავლებდა, ოცნებობდა ეცხოვრება იქ, სადაც ღამით ყველაფერი განათებული იქნებოდა. მერე ნიუ იორკში ჩამოვიდა და მისი სკოლის მისამართი ქალაქის ყველაზე განათებულ ალაგს, „თაიმს სქვერზე“ აღმოჩნდა. ჯერ კიდევ „მოხალისის ხელფასზე“ მუშაობისას ვერა ტურისტულმა ბიზნესმა ჩაითრია და იგი თავის პროფესიადაც გაიხადა. ვერა პირსონი პირველი ქართველია, რომელიც არა მარტო ამერიკულ ტურისტულ სააგენტოში დირექტორის პოზიციაზე მუშაობს, არამედ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში საქართველოს ტურების დაგეგმვასა და რეალიზაციაში აქტიურად იღებს მონაწილეობას.

20–21 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთმა საქართველოში ფრენები აკრძალა, ამიტომ ვერა პირსონს ყველა არსებული მგზავრების ავიაბილეთების გადაჯავშნა სხვა ალტერნატიული ავიაკომპანიების მეშვეობით მოუწია იმისთვის, რომ ყველა მგზავრი საქართველოში დროულად ჩაფრენილიყო.

– საქართველოში 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ წავედი. სამშობლოში 13 წელი არ ვყოფილვარ” – მიყვება ვერა პირსონი, – „ომის მიუხედავად, ქვეყნის პროგრესი თვალსაჩინო იყო. 2003 – ში “პანორამას” ხელმძღვანელი აირინ სინო თბილისში ჩაფრინდა და „აირზენასთან“ კონტრაქტი გააფორმა.  ამ პერიოდში „პანორამა თრეველი“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც ამერიკიდან “აირზენას” ავიაბილეთების შესახებ კონტრაქტი გააფორმა. ჩვენ ბილეთების ბლანკები “აირზენას ავიახაზებიდან” რეალიზაციისათვის გადმოგვეცა. 2008 – მდე საქართველოში დაფრინავდნენ ძირითადად ქართველები, ამერიკელი დიპლომატები, ჟურნალისტები და ის მგზავრები, რომლებმაც მსოფლიოს ყველაზე ცნობადი ტურისტული ქვეყნები უკვე მოინახულეს და ახლა ნაკლებად ცნობილი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო აინტერესებდათ.

ვერა პირსონი

  • 2008-ში ამერიკიდან საქართველოში ფრენები პირველად ომის გამო გაუქმდა, არა?

ყველა ფრენა საქართველოსკენ ომის დროს გაუქმდა, თუ არ ჩავთვლით ევროპიდან საქართველოში “აირზენას” რეისებს. მახსოვს, საქართველოში ომის დროს ქართველები ნიუ იორკში გაეროსთან იმისთვის ვიკრიბებოდით, რომ ჩვენი პროტესტი დაგვეფიქსირებინა. ომის პერიოდში ძალიან ბევრი მშობელი მათი შვილების (რომლებიც ამერიკის მოქალაქეები არიან), ჩამოყვანის თაობაზე მირეკავდა. მათ დახმარებას მაქსიმალურად ვცდილობდი. მშობლები ამერიკაში, როგორც წესი, ლეგალური საბუთების გარეშე იყვნენ და შვილებს სამშობლოში აგზავნიდნენ, ხშირად, სწორედ ზაფხულის სეზონზე, ოჯახში დასასვენებლად. ომის დროს აშშ–ში საფრანგეთის საელჩო და კონდოლიზა რაისის ოფისი დაგვეხმარა. ჩვენ მათ ინფორმაციას ვაძლევდით, რადგან აშშ–ის სახელმწიფოს ეს მონაცემები არ ჰქონდა. აშშ–ის წარმომადგენლები საქართველოში ამ ბავშვების ოჯახში რეკავდნენ და ამერიკაში დაბრუნებას სთავაზობდნენ. ამერიკას თავისი მოქალაქეები საომარი მოქმედებების ქვეყნიდან სასწრაფო წესით გამოჰყავდა. მაშინ აშშ–მ დაიწყო უპროცენტო კრედიტების გაცემა ოჯახებზე, რათა ეს ბავშვები ბაქოს ან ერევნის გავლით წამოსულიყვნენ.  ამერიკის მოქალაქე ყველა  ბავშვი, ვინც მაშინ საქართველოში გაიგზავნა, ომის პერიოდში უკან დააბრუნეს. მაშინ ასე ხშირად მხოლოდ ბავშვები დაფრინავდნენ, ახლა კი სიტუაცია  შეიცვალა და დღეისათვის ქართველები ოჯახებთან ერთად მიემგზავრებიან.

  • რა სპეციფიკისაა მარკეტი, რომელიც, მაგალითად, სამშობლოში დასვენებას, მოგზაურობის სეგმენტს მოიცავს? სტატიტიკაში, ალბათ, არ აისახება ის, რომ ათასობით ქართველი უკვე ამერიკული პასპორტითაა ანუ აშშ-ის მოქალაქეა.

ეს ეთნიკური მარკეტია. მაგალითად, როცა ქართველი ამერიკიდან საქართველოში ჩადის, თავის სახლში ჩერდება, მაშინ როცა ამერიკელი, როგორც წესი, დასვენებას ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ამჯობინებს. იგი ძალიან კარგ რესტორანში სამჯერადად იკვებება და გართობაში ასევე დიდ ფულს ხარჯავს. როცა ამერიკელი ასე შორს მიემგზავრება, მას სრული/იდეალური კომფორტი უნდა. გამახსენდა ერთი ამბავი: ამერიკიდან საქართველოში ჟურნალისტები და ტუროპერატორების ათკაციანი ჯგუფი ჩავიყვანე. ბორჯომში ვართ. დავინახეთ ბაღში მოხუცი ქალი ხელნაკეთ სამკაულებს ჰყიდის. ამერიკელებმა მისგან ყველაფერი იყიდეს. არადა ბებოს დიდი – დიდი დღეში ერთი საყურე ან სულაც ვერაფერი გაეყიდა. ამ ქალმა ხელები დამიკოცნა. ამერიკელებს უყვართ ხარისხიანად დასვენება, საყიდლებზე სიარული, რადგანაც იციან, რომ, საქართველოში შეიძლება პირველად და უკანასკნელად არიან და ამ ერთადერთი ვიზიტის დროს ბევრი შთაბეჭდილების (მათ შორის, მატერიალურის) დაგროვება უნდათ.

ასევე არსებობს ე.წ. პაკეტი „გარანტირებული გამგზავრება“ . მაგალითად, ინგლისურენოვანი ან რუსულენოვანი ტურისტული ჯგუფები, როცა ინგლისურად და რუსულად მოლაპარაკე ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთ ადგილეზე, მაგალითად, საქართველოში ჩადიან და ჯგუფურ ტურებს უერთდებიან. ამერიკელებს და ზოგადად, არა მარტო მათ, ძალიან მოსწონთ ტურები, სადაც ნამდვილ, ცოცხალ გამოცდილებას უშუალოდ იღებენ; როცა ხედავენ თუ როგორ კეთდება ოჯახში ლობიო, მწვადი, ხაჭაპური და როგორ იშლება სუფრა.

ოჯახში სტუმრობები, ცხადია, არაა მოულოდნელობა, არამედ ტურის დაგეგმილი ნაწილია. ტურისტი ხედავს არა მარტო ვენახს და ღვინოს, არამედ დაწურვაშიც და ჩურჩხელის გაკეთებაშიც იღებს მონაწილეობას. ამგვარი ღვინის ტურები ძალიან პოპულარულია. მაგალითად, ცნობილია ამერიკელი ჯონ უერდმანის ვენახი კახეთში, სიღნაღში, მის სახლში, სადაც ამერიკელი ტურისტები ღვინის და კერძების დასაგემოვნებლად მიგვყავს. ღვინო “ხოხბის ცრემლები” (Pheasant Tears) კი მხოლოდ მათ ოჯახში იყიდება. ასევე შესაძლებელია ადგილზე ქვევრის ღვინის (Bio Wine) დაგემოვნებაც.

ღვინის დაწურვა ამერიკელ სტუმრებთან ერთად კახეთში

  • ამერიკულ, ე.წ. ტურისტულ მედიაში საქართველოს შესახებ არაერთი საინტერესო სტატია გაჩნდა…

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქართველო მეტ უცხოელ ჟურნალისტს დავათვალიერებინოთ და მათ ჩვენი ქვეყანა რეალურ დროში „გამოსცადონ“; მნიშვნელოვანია მოვაწყოთ ე.წ. ინფოტურებიც. ერთხელ Huffpost –ის ჟურნალისტი საქართველოში ჩავიყვანეთ და მან ჩვენ ქვეყანაზე ძალიან კარგი ვიდეობლოგი გადაიღო, რომელიც ერთგვარი დოკუმენტური ფილმიცაა. ამიტომ საქართველოს ტურისტულ სააგენტოსთან ერთად ვცდილობთ ყველა ტური მრავალფეროვანი და დატვირთული იყოს. რაც ამ საქმეს ვაკეთებ, ჯერ საყვედური ან უკმაყოფილება არავის გამოუხატავს. ვინც კი მიიღო მონაწილეობა საინფორმაციო ტურში, საქართველოს შესახებ დადებით ემოციებსა და შთაბეჭდილებებს მაშინვე ავრცელებს.

  • „აეროფლოტს” რა წილი უჭირავს ამ ტურებში თუ საჰაერო მიმოსვლაში?

ყველაზე უმნიშვნელო, შეიძლება ითქვას, რომ  “აეროფლოტი” ყველაზე ბოლო ადგილზეა. ეთნიკურ მარკეტზე კი – ყველაზე მიზერული. ზოგადად ბილეთების ყიდვისას ადამიანები იმას აქცევენ ყურადღებას, თუ რამდენი ჩანთის უფასოდ წაღების საშუალებას იძლევა ავიაკომპანია. თურქეთით ძალიან მოსახერხებელია, რადგანაც ორი ჩანთის წაღების გარდა (ეს წესი უკრაინულ ავიახაზებსაც აქვს) თურქეთის ავიახაზები დღეში ორ–სამჯერ დაფრინავს. ბევრ ევროპულ ავიაკომპანიას ასეთი ფუფუნება არა აქვს. ყატარის ავიახაზებითაც ორი ჩანთის უფასოდ რეგისტრირებაა შესაძლებელი, მაგრამ გზა ყატარით 3–4 საათით  მეტხანს გრძელდება.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება ამერიკელმა ან ქართველმა „აეროფლოტით” მგზავრობა მოინდომოს? მით უმეტეს, თუ სტამბოლიდან თუ პრაღიდან თბილისამდე ფრენის ხანგრძლივობა თითქმის იგივეა, რაც – მოსკოვიდან?

რუბლის კურსის დაცემის გამო. შარშან, როცა რუბლი ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა, ბილეთი 200 დოლარით ნაკლები ღირდა. თუმცა ქართველების უმრავლესობა „აეროფლოტით” მგზავრობას ერიდება.

  • ამერიკელები და რუსულენოვანები როგორ ტურებს ყიდულობენ?

ამერიკელებს აინტერესებთ კულტურა, საჭმელი და ღვინო, რუსულოვანებს ძირითადად – საჭმელი და ღვინო. განა იმიტომ, რომ კულტურა არ აინტერესებთ. უბრალოდ, უკვე ნანახი აქვთ, რადგანაც ისინი საქართველოში ადრე იყვნენ. მიკავშირდებიან რუსები და მეუბნებიან: 30 წლის წინ ვიყავი საქართველოში,  ეს ყვეყანა კარგად მახსენდება  და კიდევ მინდა იქ წასვლაო. ცხადია, მათ საბჭოთა საქართველო ახსოვთ. მათ წარმოსახვაში საქართველოს შესახებ არაფერი შეცვლილა. რუს ტურისტს უფრო კულინარიული კლასები აინტერესებს, სახლში გაშლილი სუფრა, “ჰარი–ჰარალო” და თამადის სადღეგრძელოები. ამერიკელის ინტერესი უფრო სხვა რამეზეა ფოკუსირებული. ისინი ისეთ ბრენდებში ისვენებენ, როგორიცაა „მარიოტი”, „რედიოსონი”, „შერატონი” და სხვა. მე კი მათ ვთავაზობ, რომ  ადგილობრივი დიზაინის სასტუმროში, „რუმ ჰოტელებში“ დაისვენონ. ცხადია, თბილისის „მარიოტი“ სხვაა, ვიდრე – ნიუ იორკის, მაგრამ მე მაინც ვცდილობ, რომ ქართული ბრენდები გავარეკლამო.

გერგეთის ეკლესია. ფოტო: მაიკლ შაპირო/Huffpost

  • ბოლო წლებში როგორ ტენდენციას ამჩნევთ?

ტენდენცია ასეთია – ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით საქართველო უფრო და უფრო პოპულარული ხდება. კარგი ჟესტია საზღვარზე, აეროპორტში ღვინის ბოთლის ჩუქება. 2015 – ში ამერიკულ გაზეთ Travel Weekly-ის ჟურნალისტმა დაწერა – სადაც არ ვყოფილვარ ან ძალით ღიმილი ან უღიმილოდ დამხვდნენ, საქართველოში კი გულითადი ღიმილითა და ღვინის ბოთლითო. ამერიკელებს ძალიან მოსწონთ ინფოტურები – თბილისი, კახეთი და ყაზბეგი.

  • რამდენადაა ამის ხელშემწყობი, მაგალითად, ნიუ იორკში გახსნილი ქართული რესტორნები?

რესტორანში ჩვენი კერძების დაგემოვნების შემდეგ ბევრი ჩვენი არსებობით ინტერესდება და მერე იმაზე ფიქრსაც იწყებს, რომ საქართველოში სტუმრად ჩავიდეს. ნელ – ნელა იგებენ, რომ ჩვენი „ჯორჯია“ ამერიკის შტატი არაა.

ჟურნალისტები საქართველოს შესახებ კარგ სტატიებს წერენ, ფოტოგრაფები გვსტუმრობენ, მაგალითად, „ფორბსის“ ფოტოგრაფი ადამ მორგანსტერნი, რომელიც საქართველოში ორჯერ იყო. ამავე დროს მნიშვნელოვანია, როცა ადამიანები უბრალოდ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ.

  ყაზბეგი. ფოტო: ენ აბელი/ Forbes

  • თავად თქვენ ტუროპერატორებს როგორ არჩევთ?

ამერიკული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში საინფორმაციო ტურებში დამყავს. ცხადია, ვარჩევ იმათ, ვისაც იმის პოტენცია აქვს, რომ საქართველოს ტურები გაყიდოს. ვცდილობ, რომ ინტერესი უფრო მეტ მომხმარებლებს გავუღვიძო. მაგალითად, ამას წინათ ფლორიდიდან ტურისტული კომპანიის საშუალებით ორმოცი ტურისტი საქართველოში გაემგზავრა. ასევე დიდი პოტენციაა ანტიკური ქრისტიანული კულტურის ტურებში (ე.წ. რელიგიური ტურები). ამ მხრივ ვმუშაობთ საქართველოსა და სომხეთის ერთობლივ მარშრუტზე. ამ კომბინაციას ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა, განსაკუთრებით ამერიკელებისგან.

მინდა აღვნიშნო, რომ „პანორამა თრეველის“ საქართველოსთან თანამშრომლობა ძალზედ ნაყოფიერია და ამას უკან დაბრუნებული ტურისტების მონაყოლიც მოწმობს; მსმენია საუბარი იმაზე, თუ რაოდენ შთამბეჭდავი და შესანიშნავია საქართველოში დასვენება. ყოველ წელს კმაყოფილი ვიზიტორების რიცხვი უფრო და უფრო იმატებს. ჩემი დაკვირვებით, ქართული ტურიზმის განვითარება ისეთი ტემპით მიმდინარეობს, რომ ჩვენი და ჩასული ტურისტების მოლოდინს აჭარბებს, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევაა.