ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„როცა სახლს ცეცხლი უკიდია” – გაეროს კლიმატური სამიტი და გრეტა თუნბერგი

„როცა სახლს ცეცხლი უკიდია” – გაეროს კლიმატური სამიტი და გრეტა თუნბერგი

2019-ის სასწავლო წელს მსოფლიო ტრაგიკული სტატისტიკით შეხვდა. ალბათ, ისევე, როგორც წინა წლებს. 3 758 ბავშვი სკოლაში ვერ წავიდა, რადგანაც გასულ წელს კონფლიქტების დროს 3 758 ბავშვი დაიღუპა. წლევანდელი სრული სტატისტიკა კი ჯერ უცნობია… სექტემბრის შუა რიცხვებში ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინის მწვანე მდელოზე UNISEF – ის ლოგოიანი 3 758 ცარიელი ცისფერი ჩანთა იდო. ეს რიგები კი ძალიან ჰგავდა ბავშვობაში ჟურნალ “ამერიკაში” ნანახ და დამახსოვრებულ იმიჯს – არლინგტონის სასაფლაოს თეთრი ქვის ფილების რიგებს.

ფოტო: იუნისეფი

გაეროს მთავარი შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს მომცრო ბაღს ძალიან ბევრი, ფაქტობრივად, ყოველდღიური საპროტესტო აქცია ახსოვს, მათ შორის – ქართველების. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქ ლამის ყოველ დღე ვიკრიბებოდით. თუმცა გენერალური ასამბლეის დროს მთელი პერიმეტრის დასაცავად ქალაქში მიმდებარე შტატის საპოლიციო დანაყოფები ჩამოჰყავთ და საპროტესტოდ ახლოს არავინ მიგიშვებს. სხვა დროს აქციები “ხილულ ადგილებზე” ნებადართულია ხან “ტრამპტაუერის” წინ, ხან – ცენტრალურ შესასვლელთან. იქვე რიგდება ირანის, ჩინეთის, პაკისტანისა და ადამიანის უფლებებისადმი “პატივისცემით” გამორჩეული სხვა ქვეყნების (რუსეთის არასოდეს მინახავს) ყოფილი მოქალაქეებისა და მათი მხარდამჭერების მიერ სახელდახელოდ დაბეჭდილი საინფორმაციო ფურცლები ნაწამები ადამიანების სახეებითა და სახრჩობელაზე ჩამოკიდებული ანდა მორგში დასვენებული, დასახიჩრებული სხეულების გამოსახულებებით. გაეროს გენასამბლეისა და სხვა ღონისძიებების  დარბაზები კი ეთმობათ სწორედ იმ ქვეყნის ლიდერებს, რომელთა რეჟიმის უსულო მსხვერპლის ფოტოს მერე საპროტესტო აქციის ადგილზე ქარი აფრიალებს. დატოვებულ ბანერებთან კი სპეციფიური სუნი მაშინვე დგება, როგორც კი ნახევრად შიშველი უსახლკაროები იქვე წვებიან ანდა შემაღლებულზე სექტემბრის მზეს ეფიცხებიან.

უსახლკაროები გაეროსთან. ია მერკვილაძის ფოტო

წელს გაეროს გენერალური ასამბლეის დაწყებას წინ უძღოდა 16 წლის შვედი აქტივისტის, გრეტა თუნბერგის მიერ ინიცირებული გაფიცვა, რომელსაც 21 სექტემბერს ნიუ იორკში 300 000 ადამიანი შეუერთდა, მთელ მსოფლიოში კი – ოთხი მილიონი.  აფრიკასა და ავსტრალიაში, აზიასა და ევროპაში ადამიანები კლიმატური ცვლილების შესაჩერებლად სახელმწიფოსგან მოითხოვენ ქმედითი ღონისძიებების გატარებას. ითხოვენ იმასაც, რომ სიტყვა “ცვლილება” “კრიზისით” ჩანაცვლდეს.

ნიუ იორკის გარდა საპროტესტო აქციები გაიმართა აშშ–ის დედაქალაქსა და  მინიაპოლისში. ამ “კლიმატური გაფიცვების” ორგანიზატორები და მოტივატორები თინეიჯერი გოგონები არიან: 17 წლის მექსიკელი საია ბატიდა, 19 წლის ამერიკელი კეტი ედერი, 15 წლის სომალელი  ჯუვარია ჯამა და 13 წლის კანადელი აუტუმ პელტიერი. მათ დედამიწის ადვოკატებს, კლიმატის აქტივისტებს უწოდებენ… ზოგს კი “ვიწრო სპეციალიზაციაც” აქვს. მაგალითად, აუტუმ პელტიერი „წყლის ადვოკატია“. ისე ჩანს, რომ ამ გოგონებმა ესტაფეტა პაკისტანელი ნობელიანტი მალალა იუსაფზაისგან აიღეს. მალალა გოგონებისთვის და ქალებისთვის განათლების ხელმისწავდომობისთვის იბრძოდა და ამიტომაც გახდა პაკისტანის “თალიბანის” სამიზნე. სამი წლის წინათ გაეროს გენასამბლეზე იგი თავის მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა და ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელსაც  პაკისტანსა და სხვა ქვეყნებში მისი ასაკისა და მასზე უმცროსები და უფროსები აწყდებიან.

აქცია ნიუ იორკში. კადრი ვიდეომასალიდან

გაეროს ცენტრალურ ეზოში იქ, სადაც იტალიელი სკულპტორის ამალდო პომოდოროს ოქროსფერი გლობუსი და შვედი სკულპტორის კარლ რეიტორსვორდის “გაკვანძული იარაღი” (მისი  31 ანალოგი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებშია მიმოფანტული) დგას, სხვადასხვა ფერებით აღნიშნულია მილენიუემის მიზნები. მათ შორის პირველი – “სიღარიბის აღმოფხვრა” და მეშვიდე – “ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა”. იქვე გაეროს პარტნიორი ორგანიზაციის Write the Wrong ინსტალაციაა – გარედან თეთრი, შიგნით კი სარკეებიანი ცარიელი “საკლასო ოთახი” ფერადი სკამებით, რომლის კედლები ცარიელ სკამებს ამრავლებს. გარედან “საკლასო ოთახზე”  წარწერა გვამცნობს, რომ დღეისთვის 260 მილიონი ბავშვი სკოლაში არ დადის. ცხადია, ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი თაობის 260 მილიონი ადამიანი ვერ წაიკითხავს წიგნს, წამლის შემადგენლობას, ვერ დაწერს რომანს, ახალ კანონებს და იმასაც ვერ გაიგებს, რომ ამ სევდიანი სტატისტიკის სტატისტია.

Write the Wron-ის ინსტალაცია. ია მერკვილაძის ფოტო

არასაომარი ტერიტორიის – შვედეთის მოქალაქე გრეტა თუნბერგი სკოლაში დადიოდა, მაგრამ შარშან დროდადრო სკოლის გაცდენა დაიწყო. მიზეზი მისი პროტესტი იყო – იგი კლიმატურ ცვლილებებსა და პოლიტიკოსებისა და არაპოლიტიკოსების უმოქმედობას შვედეთის პარლამენტის წინ აპროტესტებდა. მანჰეტენზე, Battery Park –ში  შეკრებილ ადამიანებს ნიუ იორკში უგამონაბოლქვო, იალქნიანი გემით, ატლანტიკის ოკეანის გადალახვით ჩამოსულმა გრეტამ განუცხადა: “ჩვენს სახლს ცეცხლი უკიდია! ჩვენ უბრალოდ მოწმეები ვერ ვიქნებით!”. მან დონალდ ტრამპს, რომელმაც აშშ “პარიზის შეთანხმებიდან” (2015) გამოიყვანა და რომელიც კლიმატის ცვილებებს “ჩინელების მიერ გამოგონილ სისულელსა და ტყუილს” უწოდებს, წერილი გაუგზავნა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. “ჩემ გზავნილში მე უბრალოდ ვუთხარი, რომ ჯობს მან მეცნიერებს მოუსმინოს, რასაც იგი, როგორც ჩანს, არ აკეთებს”- თქვა გრეტამ.

გაეროს სამიტის შემდეგ გრეტამ თავის 15 მეგობართან ერთად  გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში შეიტანა პეტიცია, სადაც ხუთ ქვეყანას – გერმანიას, საფრანგეთს, ბრაზილიას, არგენტინისა და თურქეთს ადამიანის უფლებების დარღვევაში უჩივის, რადგანაც, მათი აზრით, კლიმტური ცვლილებებში შეტანილი დიდი წვლილის გამო ეს ქვეყნები ადამიანის უფლებებს მასობრივად არღვევენ.

გაეროს კლიმატურ სამიტზე გრეტა თუნბერგი მიმართავდა არა მარტო მსოფლიო ლიდერებს, არამედ იმ უბრალო მოკვდავებსაც, რომელთა ნიჰილიზმისა და არამოქალაქოებრივი პოზიციის გამო პლანეტა რეალური საფრთხის წინაშე დგას.

კლიმატის სამიტზე 60–მდე ქვეყნის ლიდერი სიტყვით გამოვიდა. საქართველოს წარმომადგენელს, როგორც ჩანს, არაფერი ჰქონდა სათქმელი. არადა სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს საქართველოში ტყის ხანძრის 241 შემთხვევა დაფიქსირდა, 2015 –ში – 291, 2016 –ში – 132, 2017 – ში – 494 (მათ შორის, ბორჯომის ტყის 100 ჰექტარი დაიწვა),  2018 წელს – 113 შემთხვევა. ხანძრები გაჩაღდა თიანეთში, აჭარაში, ატენის ხეობაში, წაღვერში, ლენტეხში…

საარაკო გახდა საქართველოს არაფორმალური მმართველის დენდროლოგიური ვნების გამო ხეებისთვის მოწყობილი “ოდისეების” გასწვრივ–გარშემო  მწვანე საფარის,  ხის  საქარე ზოლების გაჩეხვა – განადგურება; სამშენებლო მიზნებისთვის კლდეების “მოტეხვის” პრაქტიკა კი ეკოსისტემის განადგურების “წარმატებული ფორმულაა”. აღარაფერს ვამბობ ჟანგბადის კრიზისზე თბილისში.

მსოფლიოს წამყვანი ეკოლოგები განგაშს ტეხენ, რადგანაც ზოგადად მთელ მსოფლიოში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ინდუსტრიალური ეპოქის დასაწყისიდან ვიდრე დღემდე 1,5–2-ჯერ გაიზარდა, რაც ე.წ. სითბური გაზების მომატებას,  ყინულების დნობასა და წყლის დონის მომატებას იწვევს. ტემპერატურის მატება კი ხანძრის გაჩენის იდეალური პირობაა.

ექსპერტების პროგოზით, 2050 წლისთვის ტემპერატურამ ორი გრადუსით უნდა მოიმატოს, თუმცა ტერმინის “გლობალური დათბობის” შემოღებიდან ვიდრე დღემდე გამართულ  სხვადასხვა ყრილობებზე, კონფერენციებზე თუ რეზოლუცია – შეთანხმებებში (“პარიზის შეთანხმება” გლობალური დათბობის ინტენსივობის შემცირებას ისახავს მიზნად) გაეროს წევრი ქვეყნების ლიდერები ფიცს დებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ტემპერტურამ 1,5 გრადუსზე მეტად არ მოიმატოს.

გაეროს არაერთი ქვეყნის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მათი ქვეყნების ქუჩებში ელექტრომობილების  რაოდენობა მოიმატებს, თუმცა გაუგებარია ელექტროენერეგია, რომელიც ნახშირითა და სხვა ენერგომატარებლებით უნდა შეიქმნას (ყოველ შემთხვევაში არსებული რეალობიდან გამომდინარე), როგორ გახდება კლიმატური ცვლილებისგან ჩვენი დამზღვევი? ერთგვარი კაფკიანური “ნარატივია”, როცა გაეროს ეკოლოგიური ყრილობა ტარდება ნიუ იორკში, რომელიც ქალაქის მერის “მწვანე პოლიტიკოსობის” მიუხედავად, თავისი სიბინძურით გამოირჩევა, თუ მეტროში მძრომიალე სპილოსხელა მღრღნელებით, თუ ნაგვის მთებით ქალაქის არაპრესტიჟულ უბნებში. ცხადია, აქაური თუ სტუმრად ჩამოსული პოლიტიკური გლამურის მხედველობის არეში ვირთხები და მიწისქვეშეთის გაზების ოხშივარი ვერ მოხვდება. ეს ყველაფერი კოსმოსური სიჩქარით მიმავალი ექსკორტის შავი ჯიპებიდან “ძნელი” შესამჩნევია.

ია მერკვილაძის ფოტო

გაეროს გენმდივანმა, პორტუგალიელმა ანტონიო გუტერეშმა, რომელიც  ამ ერთდღიანი კლიმატური სამიტის მასპინძელი გახლდათ, გახსნისას განაცხადა: “მოქმედება მყისიერადაა საჭირო! დედამიწა გამყინავად ყვირის – გაჩერდით. თუ ახლავე არ შევცვლით ცხოვრების წესს, საკუთრივ სიცოცხლეს გამოვუთხრით ძირს”.

სამიტის გახსნისას სიტყვით გამოვიდა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG)  ადვოკატი და გაეროს კეთილი ნების ელჩი, იდოელი მსახიობი დია მირზა. ტრიბუნიდან საუბრობდნენ როგორ სახელმწიფო ჩინოვნიკები, ასევე სამოქალაქო ატივისტები, კერძო ბიზნესის წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის, ეკოლოგიის (მათ შორის, National Geographic –ის მკვლევარი), ფინანსების  ექსპერტები. ყველამ აღნიშნა, რომ დიდი ქვეყნების მიერ გამომუშავებული სითბური გაზებითა და სხვა ეკოლოგიისთვის მავნე  ეფექტებით ყველაზე მეტად ზარალდებიან პატარა ქვეყნები, პატარა ერები, პატარა კუნძულები და ის ადამიანები, რომლებსაც არაფერი აქვთ დასაკარგი ანუ სოციალურ – ეკონომიკური მარგინალები. გაჟღერდა  შემაშფოთებელი სტატისტიკა. დღეისათვის მსოფლიოს ჰყავს 20 მილიონზე მეტი ეკომიგრანტი, ხოლო მსოფლიოში კლიმატური ცვლილებების მიზეზით გამოწვეული დაავადებებით ყოველ წუთს 13 ადამიანი იღუპება.

2019 წლის უამრავი შემაშფოთებელი საქსპერტო დასკვნითა თუ სამყაროს გადარჩენის მგზნებარე მოწოდებებით დახუნძულილი კლიმატური სამიტი, ვფიქრობ, ისტორიას გრეტა თუნბერგის სიტყვების გამო დაამახსოვდება. როგორც კი ქუჩებში ახალგაზრდა ეკოაქტივისტები გამოჩნდნენ, გამხნევების პარალელურად დაიწყო მათი დაცინვისა და შეურაცხყოფის კამპანია; სოციალურ მედიაში ამ ნაწნავიანი, სერიოზული, წარშეჭმუხნული, შეწუხებული, გაბრაზებული გოგონას ბულინგმა კი ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.  მას ხან ავადმყოფს, ხან მშობლების მანიპულაციის მსხვერპლსა და “საერთაშორისო მემარცხენეების” შეთქმულების იარაღს უწოდებენ. ამერიკული ტელეარხის Foxnews–ის ეთერში გრეტას “მენტალურად დაავადებული შვედი ბავშვი” უწოდეს, რაზეც მოგვიანებით არხმა ბოდიში მოიხადა.

გრეტა თუნბერგი

დონალდ ტრამპი, რომელიც არ აპირებდა სამიტზე დასწრებას, მას მერე, რაც გრეტამ თავისი გამოსვლა დაასრულა და კორიდორში გამოვიდა, სამიტზე  შეირბინა, გრეტასაც ლამის შეეჩეხა და ღონისძიებას 15 წუთით დაესწრო. მოგვიანებით კი 73 წლის ამერიკის 45–ე პრეზიდენტმა 16 წლის სკოლის მოსწავლე გრეტა თუნბერგი თავის ტრადიციულ ტვიტერში ცინიკურად ახსენა: “როგორც ჩანს იგი (გრეტა) ძალიან ბედნიერი ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც მოუთმელად ელის ნათელ და მშვენიერ მომავალს”. გრეტამ  მას ასევე ტვიტერით უპასუხა:  “(მე ვარ) ძალიან ბედნიერი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მოუთმენლად ელის ნათელ და მშვენიერ მომავალს”.

ეს კი გაეროში გრეტას სიტყვაა:

„ყველაფერი ეს არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო. მე უნდა ვიყო სკოლაში ოკეანის სხვა მხარეს. თქვენ ყველანი ჩვენთან, ახალგაზრდებთან მოხვედით იმედისთვის? როგორ ბედავთ ამას! თქვენ მე თქვენი ცარიელი სიტყვებით  ჩემი ოცნებები და ბავშვობა წამართვით. ჯერ – ჯერობით მე ვარ იღბლიანი. ადამიანები იტანჯებიან. ადამიანები კვდებიან. მთელი ეკოსისტემა იშლება. ჩვენ მასობრივი განადგურების დასაწყისში ვართ და თქვენ ყველანი საუბრობთ ფულზე და მუდმივ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ!

30 წელია უტყუარი სამეცნიერო ფაქტები გვაქვს. როგორ ბედავთ თვალის არიდებას და აქ მოსვლას. თან ამბობთ, რომ საკმარისს აკეთებთ, მაშინ როცა პოლიტიკოსები და საჭირო გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ არ ჩანს. თქვენ ამბობთ, რომ “გესმით” ჩვენი და გესმით ამ თემის გადაუდებლობა. მაგრამ როგორი სევდიანიცა და გაბრაზებულიც არ უნდა ვიყო, მე არ მინდა ამის დაჯერება. რადგანაც თუ თქვენ სრულად აცნობიერებთ სიტუაციას და მაინც ვერ მოქმედებთ, მაშინ თქვენ ბოროტები ხართ. მე კი არ მინდა ამის დაჯერება!

პოპულარულია იდეა იმის შესახებ, რომ ათი წლის განმავლობაში ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების ორჯერ შემცირება მოგვცემს 50%-იან ალბათობას იმისა, რომ პლანეტაზე ტემპერატურა 1.5 გრადუსზე მეტად არ გაიზრდება (XXI საუკუნის ბოლომდე). შესაძლოა თქვენ გაწყობთ 50 პროცენტი. მაგრამ ეს პროგნოზი გათვლილია იმაზე, რომ ჩემი თაობა და ჩემი თაობის ბავშვები გაწმენდენ ჰაერს თქვენი ასობით მილიარდი ტონის ნახშიროჟანგის აირისგან ტექნოლოგიების დახმარებით, რომლებიც თითქმის არც არსებობს. 50%-იანი რისკი ჩვენ არ გვაწყობს – რადგან სწორედ ჩვენ გვექნება საქმე შედეგებთან.

67-პროცენტიანი შანსისთვის, რათა 1,5 C დათბობისთვის არ გადაგვეჭარბებინა, კლიმატის ცვლილებების ექსპერტების საერთაშოროსო ჯგუფის გამოთვლებით, მსოფლიოს 42 გიგატონა ნახშირორჟანგის მარაგი ჰქონდა დარჩენილი 2018 წლის იანვრისთვის, დღეს ეს რიცხვი 320 გიგატონამდეა დასული. როგორ ბედავთ თვალთმაქცობას, რომ ამას ჩვეულებრივი ბიზნესით მოაგვარებთ და რამდენიმე ტექნიკური ხერხით. დღევანდელი ემისიების გათვალისწინებით დარჩენილი ნახშირორჟანგის მარაგი 8,5 წელზე ნაკლებ დროში ამოიწურება. თქვენ დღეს აქ არ განიხილავთ ამ რიცხვების შესაბამის გადაწყვეტილებებსა და გეგმებს, რადგანაც ეს რიცხვები თქვენ უხერხულობას გიქმნით და თქვენ კი ჯერაც არა ხართ ისე მომწიფებული, რომ სიმართლე აღიაროთ.

თქვენ გვამარცხებთ ჩვენ. მაგრამ ახალგაზრდებმა დაიწყეს თქვენი ღალატის გაცნობიერება. მომავალი თაობის მზერა თქვენკენაა მომართული და თუ თქვენ ჩვენ დამარცხებას  ირჩევთ, მე გეუბნებით, რომ ჩვენ ამას არასოდეს გაპატიებთ! თქვენ ამას თავს ვერ აარიდებთ. აქ და ამჟამად ჩვენ ამ ხაზს ვატარებთ. ცვლილების დრო დგება, მიუხედავად იმისა, მოგწონთ ეს თქვენ ეს თუ არა!“