2018 წელს ნიუ იორკის დახლებსა და ერთ–ერთ ქართულ რესტორანში [“ოდა”] ოთხი სახეობის, საერთაშორისო ჯილდოებით დახუნძლული, ქართული ქვევრის ღვინო გამოჩნდა, რომლის დისტრიბუტორია აშშ–ში, კონექტიკუტის შტატში ბაზირებული კომპანია “კორუს იმპორტსი” [Corus Imports]. ღვინოები: “საფერავი”, “ქისი”, “ხიხვი” და “რქაწითელი” მაყაშვილის ოჯახური წესით წარმოებული ღვინოა, რომელიც თავის ისტორიას 1888 წლიდან ითვლის და რომლის მემკვიდრე “ვაზიანის მარანია”.
„მაყაშვილის“ ღვინოების შეძენა–დაგემოვნება ნიუ იორკელებს შეუძლიათ როგორც ბრუკლინის მაღაზია – რესტორნებში, ასევე მანჰეტენის “ლიქიორ მაღაზიებში” [Liquor Store]. ყველა ღვინო ნატურალური წარმოებისაა და სწორედ მათი უნიკალური გემოს გამო „მაყაშვილმა“ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც აშშ–ში, ასევე – ევროპაში.
კომპანია „კორუს იმპორტსი“ 15 წელია არსებობს და ღვინოს აშშ–ის 13 შტატში ჰყიდის. აქედან ბოლო ათი წელი იგი აქაურ ბაზარზე ქართული ღვინის გატანითააა დაკავებული. “კორუს იმპორტსის” პირველი ქართული ბრენდები გახლდათ “ალავერდისა” და “მარანის” ღვინოები. “მაყაშვილის” ღვინოები კი კომპანიის ხელმძღვანელმა მიხეილ კაბილნიცკიმ 2017 –ში საქართველოში ყოფნისას აღმოაჩინა და მომდევნო წელს ამერიკაშიც ჩამოიტანა. წელს “მაყაშვილის” 12 000-ვე ღვინის ბოთლი აშშ–ის სხვადასხვა შტატებში და ცხადია, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ რესტორნებში [ფლორიდა, ტექსასი, კალიფორნია, ჩრდილოეთ კაროლინა, ვაშინგტონი] გაიყიდა და ამჟამად ახალი პარტიის ჩამოსვლას ელოდებიან.
“მაყაშვილის” ეს ღვინოები, ასევე მისი “მწვანე”, ძალიან ბევრი ჯილდოთი აღინიშნა”, – მიყვება კომპანია “კორუს იმპორტსის” მფლობელი მიხეილ კაბილნიცკი, – “ამ ღვინოებს კი ის გამოარჩევთ, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში მზადდება და მხოლოდ ქართული წესით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყურძნის წვენი და ნაყოფი ერთად დუღს და ეს პროცესი ექვსი თვე გრძელდება. დამზადების წესის გამო მათ ამერიკაში უწოდებენ “ფორთოხლისფერ ღვინოს” [Orange Wine], რომლის ქართული/ევროპული შესატყვისია “ქარვისფერი ღვინო” [Amber Wine]. ცნობილია, რომ ქართული წესი ევროპულისგან სწორედ ამით განსხვავდება – ევროპული წესი მხოლოდ წვენის დუღილია. ეს განსხვავებულობა ქართულ ღვინოს თავის უნიკალურ გემოს ანიჭებს და თან თუ ღვინო ქვევრისაა, მითუმეტეს. ამგვარად ღვინის წარმოების ტექნოლოგია “იუნესკომ” მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ დამზადების წესი ქართული რვაათასწლიანი ღვინის წარმოების განმავლობაში, როგორც მინიმუმი, ბოლო ათასი წელი მაინც არ შეცვლილა.
- “მაყაშვილი” ამ ოთხი სახეობის გარდა, კიდევ რომელი ყურძნისგან მზადდება?
კახეთში წარმოებულ “მაყაშვილის” ღვინოებს დაემატა ასევე ფრანგული “კაბერნე სავინიონი” და იტალიური “მონტეპულჩიანო”, რომელიც ასევე დიდი პოპულარულობით სარგებლობს არა მარტო გემოს, არამედ მისი სიახლის, გნებავთ, ეგზოტიკურობის გამო. ამ ორ ღვინოს განსაკუთრებულ გემოს სძენს სწორედ ის, რომ ევროპული ყურძნის ჯიშები ქართული წესით იწარმოება და იგი სწორედაც რომ ქვევრის ღვინოა. მაგალითად, “მონტეპულჩიანო” მართლაც უნიკალურია. იგი წითელ ღვინოს ჰგავს, აქვს მალინისა და მაყვლის გემო და ამ გემოს პირში დიდხანს ინარჩუნებს. მიირთმევა ხორცთან, თევზთან ერთად და არ სჭირდება მაცივარში შენახვა.
- “მაყაშვილის” ღვინოები არც ისე ცნობილია არათუ აშშ–ში, საქართველოშიც კი. თქვენ როგორ გახდით მისი თაყვანისმცემელი?
შეუძლებელია ერთხელ მაინც გასინჯო და არ შეიყვარო “მაყაშვილის” “ხიხვის” თხილისა და თაფლის ფაქიზი გემო ანდა “საფერავის” მოცხარის, შავი ქლიავისა და შინდის გასაოცარი ნაზავი, რომლის გემო პირში ტანინების იდეალური ბალანსის გამო დიდხანს გაგყვებათ. ღვინომ საქართველო ძალიან შემაყვარა, საქართველოს წელიწადში ორჯერ მაინც ვსტუმრობ და საიდუმლოსაც გაგიმხელთ – იქ სახლი მინდა ვიყიდო.
______________
მთავარ ფოტოზე: “კორუს იმპორტსის” მფლობელი მიხეილ კაბილნიცკი.