მესამე წელია ნიუ იორკში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრი “ფესვები” “თბილისობის” დღესასწაულს აწყობს. წინა ორი დღესასწაული, რომელზეც საერთო ჯამში ექვს ათასზე მეტი ქართველი იმყოფებოდა, „სტეიტენ აილენდზე” (ქალაქის კუნძულოვანი რაიონი, რომელიც ნიუ იორკს ხიდითა და ბორანით უკავშირდება) გაიმართა, წელს კი შტატის ერთ–ერთი, თუ შეიძლება ითქვას, ყველაზე ცნობილი სათემო სასწავლებლის, ბრუკლინში მდებარე “კინგსბოროუ სათემო კოლეჯის” (აქ ბევრი ქართველი სწავლობს) დიდი ტერიტორია ქართულ დღესასწაულს დაეთმო.
ღონისძიებაზე, რომლის მუსიკალური დირექტორი ირაკლი ბეგლარაშვილი გახლდათ, 25 – მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. მოღრუბლული, ქარიანი ამინდის მიუხედავად, კოლეჯის დიდ, მწვანე ველზე სხვადასხვა შტატებიდან ჩამოსული ქართველები მაინც შეიკრიბნენ. მათი რაოდენობა კი ამის წინა ორი ნიუ იორკული „თბილისობის“ ჯამურ რიცხვს თითქმის უტოლდებოდა.
„თბილისობის” სტუმრებს, გარდა ტრადიციული ქართული კერძებისა, რომელიც ექვსმა ქართულმა რესტორანმა და ქართული არაალკოჰოლური სასმელების კომპანიამ წარადგინა, დახვდათ არა მარტო ამერიკაში მოღვაწე თანამემამულეების პროდუქცია, არამედ – საქართველოდან აშშ–ში სტუმრად ჩამოსულებისაც. ქართულ დღესასწაულზე შეკრებილებს მიესალმნენ საქართველოს გენერალური კონსული დიანა ჟღენტი და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა, რომელმაც ისაუბრა ჩრდილოეთ ამერიკის ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ათი წლის იუბილეს აღნიშვნის მნიშვნელობაზე. “თბილისობაზე” პატარა სპორტსმენები გამოვიდნენ და თავიანთი “კლასი” აჩვენეს; ლატარეის საფუძველზე კომპანიების პროდუქციაც გათამაშდა, დასასრულს კი ჯონ კანდერის სიმღერა “ნიუ იორკი, ნიუ იორკი” და რევაზ ლაღიძის “თბილისო” შესრულდა.
თითქმის ოცი წლის წინათ ნიუ იორკში დაფუძნებული ქართული ცეკვის ანსამბლის, “ფესვების” ხელმძღვანელები შორენა ბარბაქაძე და ვანო გოდერძიშვილი ნიუ იორკის შტატის 47–ე რაიონის ხელმძღვანელობამ წლის წყვილად დაასახელა.
“ფესვების” საფუძველზე მოგვიანებით შეიქმნა “ქართული კულტურის ცენტრი”, რომელმაც წლევანდელ “თბილისობაზე” თავისი 70 აღსაზრდელის ცეკვა გვიჩვენა. სცენაზე ქართველი ვოკალისტებისა და ინსტრუმენტალისტების გარდა ნიუ იორკში დაარსებული ქართული კულტურის ცენტრი “მოცეკვავე წერო” და ფილადელფიაში მოქმედი “გრ. ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრის” ქართველი აღსაზრდელები გამოვიდნენ. შესრულდა ქალაქური სიმღერები და საოპერო არიები. ცხადია, ამ “თბილისობაზე” გია ყანჩელის მუსიკაც აჟღერდა. ახლახანს გარდაცვლილი ქართველი კომპოზიტორის მელოდიები შემოდგომის ყვითელი ფოთლების ფარფატს სევდიანად ესადაგებოდა და “თბილისობაზე” სამშობლოდან გადახვეწილთა ასეთ თვალხილულ რაოდენობას კიდევ უფრო დრამატულს ხდიდა. ქართული ემიგრაცია ხომ “სიღარიბის დაძლევის” ემიგრაციაა…
“დიდი ხანია “თბილისობის” გამართვაზე ვოცნებობდი, მაგრამ ამისთვის საკმარისი თანხა არასდროს მქონდა,“ – მიყვება შორენა ბარბაქაძე, – “პირველი და მეორე “თბილისობიდან” შემორჩენილ ვალებს ჩვენი ოჯახი დღემდე იხდის… იმ პირველ ორზე ბილეთები არ იყიდებოდა. მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, ვთვლი, რომ ამგვარი დღესასწაული ჩვენ, ემიგრანტებს ძალიან გვჭირდება. იგი ჩვენი ერთიანობის, შეიძლება ითქვას, ხმაურიანი სიმბოლოა და გარდა ამისა უნიკალური შანსია ამერიკელებს ქართული ხელოვნება, გნებავთ, კულინარიული ხელოვნება გავაცნოთ; გავაცნოთ თბილისის ისტორია და ნიუ იორკის ამ ძალიან მრავალფეროვან ეროვნულ პალიტრაში უფრო ხილულნი გავხდეთ. ერთ მშვენიერ დღეს შტატის 47–ე რაიონის ასამბლეის წევრის უილიამ კოლტონის პოლიტიკურ საკითხთა მრჩეველი ნინო მაღალაშვილი დამიკავშირდა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. უილიამ კოლტონმა ოქტომბერში დაგეგმილ “ეროვნებათა აღლუმზე” დაგვპატიჟა. ჩვენ დავთანხმდით, ჰოდა, ეროვნებათა ამ ფესტივალზე საქართველო პირველად წარსდგება. გეგმა კი ასეთია – აღლუმს სწორედ “ფესვების” ცეკვა დაასრულებს. უილიამ კოლტონისგან “თბილისობა–2019″–ზე განსაკუთრებული საჩუქარიც მივიღეთ. ესაა ნიუ იორკის სპეციალური პროკლამაცია, რომელიც აღნიშნავს “ფესვების” მნიშვნელოვან როლს არა მარტო ქართული თემის, არამედ – შტატის კულტურულ განვითარებაშიც.
“კინგსბოროუ სათემო კოლეჯის” ტერიტორიაზე “თბილისობის”გამართვა ჩემი იდეა იყო. ვფიქრობ, განათლების ტერიტორიაზე ამგვარი ღონისძიების ტრადიციის დამკვიდრება მნიშვნელოვანია, რადგანაც “თბილისობა” გარდა გასართობი/სავაჭრო მისიისა, შემეცნებით დატვირთვაც ატარებს. ცხადია, ეთნიკურად ქართველების გარდა ამ დღესასწაულს ბევრი სხვა ეროვნების ადამიანიც სტუმრობდა. მადლობა მინდა გადავუხადო უკლებლივ ყველას, ვინც დაგვეხმარა თუ ფინანსურად, თუ ადამიანური რესურსით, თუნდაც ძალიან მცირედით. განსაკუთრებული მადლობა ჩემ აღსაზრდელებს, რომლებიც ამ დღეს არა მარტო არტისტები იყვნენ, არამედ დამლაგებელ–დამსუფთავებლებიც”.
“თბილისობაზე” წარდგენილი იყო კომპანია “წიგნების თარო”, რომელიც გახლავთ აშშ–ში ქართული წიგნების პირველი ინტერნეტ – მაღაზია და რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ქართველებმა წიგნები ნებისმიერი შტატიდან გამოიწერონ. დღეისთვის ონლაინ მაღაზიას 25 დასახელების წიგნი აქვს და მზადაა მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით მკითხველს ნებისმიერი ქართული წიგნი მიაწოდოს.
გაზეთ “ცნობის ფურცლის” პირველი ნომერი 2019 წლის პირველ მაისს გამოვიდა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. გაზეთი მოწოდებულია დაეხმაროს როგორც ახალჩამოსულებს, ასევე “ძველ ემიგრანტებს” საკანონმდებლო ინფორმაციის მიწოდებით, ასევე – აქაურ ქართულ–ამერიკულ რეალობაში ორიენტირებაში. “ცნობის ფურცლის” დახლზე კომპანიის სიმბლოკის ჭიქების, მაისურებისა და სხვა ატრიბუტიკის ნივთების შეძენა შეგეძლოთ .
ქართულმა კომპანიამ “გეფერენი” ტრადიციულად წარადგინა ჩანთები, რომელიც იყიდება როგორც ონლაინ, ასევე ნიუ იორკის “ჩელსი მარკეტში”. მისმა წარმომადგენელმა დავით ლაგვილავამ ასევე წარადგინა ქართული ნატურალური წვენები კომპანიიდან “ნადი”, რომლის პოპულარობის ცოცხალი მოწმე თავად გახლდით.
ფოტოარტისტი ევა კაპანაძე “თბილოსობასა” და სხვა ღონისძიებებზე, როგორც წესი, ფოტოგრაფის რანგში იმყოფება. წელს იგი ამ სტატუსს მასპინძლისასაც უთავსებდა. მის მაგიდაზე იხილავდით თბილისის ხედების ფოტოებს, საათის ციფერბლატებში ჩასმულ დედაქალაქის მიკროიმიჯებს, ბალიშის პირებს, ასევე დიზაინერულ კახურ ქუდებს.
ნინო ჩაკვეტაძის გობელენები კი ნიუ იორკული “თბილისობის” ყველაზე დიდი გამოფენა იყო და ამ ნოსტალგიურ ატმოსფეროს კიდევ უფრო ხავერდოვნად ნაღვლიანს ხდიდა. გვერდით იყიდებოდა მარიკა ზაალიშვილისა და ნინო გიორგაძის ნაქსოვი ჩანთები, ქუდები და აქსესუარები. მხატვარი დავით ივანიშვილი ნიუ იორკულ “თბილისობას” საქართველოს დედაქალაქიდან სტუმრობდა. იგი “დიდი ვაშლის” ქალაქის არტ–ექსპოებზეც იფინება.
მხატვარმა ნინო გოგოჭურმა თავის შვილთან, დიზაინერ მარი მელიქიშვილთან ერთად თავისი ნამუშევრები გამოფინა. მარი რიგში ჩამდგარ ბავშვებს ლოყებზე საქართველოს დროშებსა და ყვავილებს ახატავდა.
“თბილისობაზე”, ცხადია, გამოფენილი იყო როგორც თანამედროვე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი, ასევე ქართული ტარდიციული ჩოხა–ახალუხი, ჩიხტიკოპი, ყაბალახი, ფაფახი, სვანური/თუშური ქუდები და ქართული ორნამენტებით მორთული ნივთები. ქართულ დღესასწაულზე წარმოდგენილი იყო საფოსტო გზავნილებისა და ტურისტული კომპანიები; ასევე ამერიკული სადაზღვევო კომპანია, სადაც ქართველი მუშაობს.
ჩვენთან საუბრისას უილიამ კოლტონმა განაცხადა, რომ აქაური ქართული ეკლესიის წევრები გაიცნო, ქართული ღვინოც დააგემოვნა და სჯერა, რომ კარგ სამეზობლოს, საზოგადოებას განსხვავებული კულტურის ადამიანების მიერ ბავშვებზე ზრუნვა, ერთმანეთის ღირებულებებისა და ტრადიციების პატივისცემა ქმნის.
“ამგვარი დღესასწაულები, სადაც ადამიანები ერთად მუშაობენ, მხარდაჭერას საჭიროებს. ნიუ იორკი ყოველთვის იყო ემიგრანტების ქალაქი, მთელი მსოფლიოდან ადამიანები აქ ჩამოდიან. ჩვენ ვსწავლობთ როგორ ვისიამოვნოთ სხვების კერძებით, დღესასწაულებით, ტრადიციებით. რაც მეტს ვსწავლობთ ერთმანეთის შესახებ, მით უფრო მეტ კარგ, მნიშვნელოვან რაღაცეებს ერთად ვაკეთებთ და ეს ისაა, რაც თითოეულ კულტურას უნდა. გვინდა კარგი განათლება ბავშვებისთვის, უსაფრთხო ქუჩები, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს ერთმანეთთან სოციალიზაციის საშუალება ექნებათ. თუ ჩვენ ერთმანეთის კულტურა, ტრადიციები გვეცოდინება, ჩვენ ერთად მუშაობას აუცილებლად შევძლებთ” – განაცხადა ნიუ იორკის ოფიციალურმა პირმა.