ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„მსოფლიო ტალანტები“ და „ლალე“ კარნეგი ჰოლში

„მსოფლიო ტალანტები“ და „ლალე“ კარნეგი ჰოლში

ალბათ კი არა, დანამდვილებით, “კარნეგი ჰოლის” ისტორიაში პირველად მის სცენაზე  ქართული “ლალე” იმღერეს და თან დარბაზის მოთხოვნით. ამ ლეგენდარული არტსივრცის კადლებში ქართული ნაწარმოებები არც ისე ხშირად კი არა, უბრალოდ, არ სრულდება. 13 წლის გორელმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა, რომელიც “კარნეგიში”, Weill Recital Hall-ში მარიო ლანცას, ლუჩანო პავაროტის, რობერტინო ლორეტის (მან სწორედ 13 წლის ასაკში დაიწყო თავისი კარიერა) და სხვა ცნობილი თუ უცნობი მომღერლების სიმღერებით წარსდა, ფავლოს “უთხარით” (Dicitincello Vuje), დე კურტსის ნეოპლიტანური “დაბრუნდი სორენტოში” (Torna a Surriento) შეასრულა და დარბაზიც იმწამს თავისი ვოკალური მონაცემებით და შესრულების მანერით ადვილად მონუსხა. იტალიური რომანსებისა და ზოგადად ნეოპოლიტანური ნეომელოდიკის სიმღერების ბუმი დიდი ხანია ჩაცხრა, მაგრამ როგორც კი ყური ამ “წრის” ჰარმონიების პირველ ბგერებს იჭერს, რომანტიკული განწყობა და სამოთხის სამხრეთ–დასავლეთის ტერიტორიაზე – სორენტოში მოგზაურობის წარმოდგენა გარანტირებულია.

ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც ოთხი წლის ასაკიდან კლასიკური მუსიკის გუნდში სოლისტის რანგში მღეროდა, ამჟამად სოფელ რუისის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს. მას არაერთი პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის 10–11 წლის ასაკში ისეთი კონკურსების გამარჯვებულია, როგორიცაა “ბრავო”, “მზიანი საქართველო”, “ოქროს მუზა”, “ოქროს ვარსკვლავი”; იგი ფინალისტია კონკურსების – Georgia’s Got Talent და “რანინა”. სოციალური მედიის მომხმარებლებს კი ალექსანდრე, ალბათ, უფრო უკრაინაში ჩატარებული კონკურსით The Voice Kids (2019) დაამახსოვრდათ, ამიტომაც, აშშ–ში მის კონცერტებზე ქართველების გარდა ბევრი უკრაინელი მოვიდა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი და ნანა დოღონაძე

ალექსანდრე ზაზარაშვილი ამჟამად გორის სამუსიკო სკოლაში სოლფეჯიოს სწავლობს. როგორც თავად ამბობს, მისი პედაგოგის, მაყვალა ხორბალაძის მეშვეობით არტისტმა კონკურსში “თამარიონი – მომავლის ვარსკვლავები” იმღერა, გაიმარჯვა და ამგვარად შანსი მიეცა მონაწილეობა მიიღოს იტალიაში, პიზაროში დაგეგმილ კონკურსში. დღეისთვის კი ქართული ფილმის -“მოჟღურტულე ბეღურები” (რეჟისორი ნიკო ბაღაშვილი) პროტაგონისტადაა შერჩეული. უყვარს კლასიკური მუსიკა, რადგანაც პატარა არტისტისთვის იგი ბედნიერების წყაროა, ჰოდა, ბედნიერების მისაღწევად მან კლასიკური მუსიკა აირჩია… და, ცხადია, მადლობას უხდის თავის პირველ მასწავლებელს ნანა სამხარაძეს.

“კარნეგი ჰოლში” და აშშ–ის სხვა ქალაქებში გამართული კონცერტების შემდეგ ალექსანდრე ჰოლივუდში მიიწვიეს. იგი ყვება, რომ მისი დედა დიასახლისია, მამა – ტაქსის მძღოლი. ჰყავს ერთი ბიოლოგიური და ნაიკო ზაზარაშვილი და ოთხი – მინდობით აღზრდაში მყოფი ოჯახის წევრები, რომლებზეც არტისტის მშობლები ბოლო ექვსი წელია ზრუნავენ, რადგანაც, როგორც თავად ამბობს – “სხვისი შვილები არ არსებობენ”.

2018 წელს საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ორგანიზაციის “მსოფლიოს ტალანტები” (2002) ხელმძღვანელის, ტენორის დავით ღვინიანიძის თაოსნობით და პროექტის “მუსიკალური გალერეა – გზა კარნეგი ჰოლისკენ” ფარგლებში ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების შესარჩევი ტურები მოეწყო. ალექსანდრე ზაზარაშვილი თბილისში გამართულ კონკურსში მონაწილეობდა, შეირჩა და ისევე როგორც სხვა, ცხრა გამარჯვებული, ქართველი კონკურსანტი სრული დაფინანსებით აშშ–ში საკონცერტო ტურისთვის გაემგზავრა. “მსოფლიოს ტალანტები” აშშ–ში  ყოველწლიურ კონკურსებსაც აწყობს, გამარჯვებულები კი იღებენ როგორც ფულად ჯილდოებს, ასევე საკონცერტო ტურების გამართვის, კონტრაქტებისა და “კარნეგის” სცენაზე გამოსვლის შანსსაც. 2018–ში გამარჯვებული, გრან–პრის მფლობელი კორეელი ტენორი იოიანგ იონი “კარნეგი ჰოლში” სხვა ქართველ არტისტებთან ერთად გამოვიდა. მან დონიცეტის “პოლკის ქალიშვილიდან” ტონიოს არია შეასრულა; დავით ღვინიანიძესთან და ალექსადრე ზაზარაშვილთან ერთად  კი – დი კაპუას “ო, ჩემო მზეო” (O.Sole Mio).

“მსოფლიო ტალანტების” ეს ქართული პროექტი მსოფლიო სამუსიკო სივრცეში  ჩვენი ინტეგრაციის წარმატებული მცდელობაა” – მიყვება დავით ღვინიანიძე, რომელიც თავადაც, მის მიერ შექმნილ ინტერნაციონალური შემადგენლობის კოლეგების ჯგუფთან ერთად იმ დღესაც “კარნეგის” სცენაზე საოპერო ჰიტებსა და ბროდვეის ფავორიტებს მღეროდა.

დავით ღვინიანიძე

„ 2018 – ში  გადავწყვიტე ამგვარი კონკურსის ნიადაგზე შერჩეული ქართველები სრული დაფინანსებით აშშ–ში ჩამომეყვანა და “კარნეგიში”  წარმედგინა, რადგანაც ამ სცენაზე გამოსვლა იმის სრული გარანტიაა, რომ არტისტი სცენას არ მიატოვებს და წარმატებულ კარიერაზე იზრუნებს. 2018 – ში, ასევე ჩემი ფონდის ორგანიზებით, ქუთაისში საოპერო ფესტივალი გავმართეთ. ცხადია, ყველა კონკურსი თუ სცენა ძალიან კარგი გამოცდილებაა, მაგრამ “კარნეგი ჰოლი” მაინც განსაკუთრებულად მასტიმულირებელი სივრცეა. მართალი გითხრათ, როცა პროექტს “გზა კარნეგი ჰოლისკენ”  ვაკეთებდი, აზრადაც არ მომდიოდა, რომ მას ასეთი რეზონანსი ექნებოდა, ხოლო ალექსანდრე ზაზარაშვილს America’s Got Talent!–ში მიიწვევდნენ. დამიკავშირდა ამ კონკურსის პროდიუსერი… სამწუხაროდ, იმ პერიოდისთვის ალექსანდრეს აშშ–ის ტერიტორია უკვე დატოვებული ჰქონდა, მას ერთჯერადი ვიზა ჰქონდა და უკან ქვეყანაში შემოსვლას ასე მალე ვერ მოახერხებდა. თუმცა არსებობს მოლაპარაკება, რომ გაზაფხულზე სწორედ ალექსანდრე ზაზარაშვილი გახსნის ამერიკულ საბავშვო კონკურსს Little Big Shots -ს (ტელეკომპანია NBC –ის სამუსიკო შოუ–სერიალი) და ასევე არსებობს America’s Got Talant! –ში მონაწილების შემოთავაზებაც.

ქართველების კონცერტს ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. გარდა იმისა, რომ კონცერტი სრული ანშლაგით  ჩატარდა ფილადელფიაში, ბოსტონში, ჰარტფორდში და ნიუ იორკში,  სამუსიკო მედიაც ძალიან პოზიტიური იყო. კარგი შეფასება დაიწერა, რაც ჩემი ორგანიზაციისთვის და, ცხადია, კონკურსანტებისთვის და მუსიკის მოყვარულებისთვის რეალური მოტივაციაა” – ამბობს დავით ღვინიანიძე.

საქველმოქმედო ფონდის – „მსოფლიო ტალანტების” საქართველოში ჩატარებული კონკურსის „მუსიკალური გალერეა – გზა კარნეგი ჰოლისკენ“ (პროექტის დირექტორი, კონცერტმეისტერი ნანა დოღონაძე, ქუთაისი) შედეგად შეირჩა 11 მუსიკოსი, თუმცა აშშ–ში ცხრა ჩამოვიდა. ყველანი ისინი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონკურსების მონაწილეები, ლაურეატები/გამარჯვებულები თუ “აღმოჩენად” დასახელებულები არიან. თინეიჯერ ვოკალისტებთან ალექსანდრე ზაზარაშვილთან და მარიამ კუჭავასთან (კოლორატურული სოპრანო) სცენაზე თავიანთი და ცხადია, სამუსიკო სკოლების პროფესიონალიზმი წარადგინეს ამავე ასაკობრივი ჯგუფის ინსტუმენტალისტებმა: ამირან ბერიძემ (ფლეიტა), ანამარია ხინგავამ (ვიოლინო), ანრი კაკაბაძემ (ფორტეპიანო), ლიზი მეგრელიშვილმა (ფორტეპიანო), ნიკა ნიქაბაძემ (ფორტეპიანო), საბა მიქელაძემ (ფორტეპიანო), სოფიო გიორგაძემ (ვიოლინო) და თამაზ მჟავანაძემ ( ფორტეპიანო).

ამირან ბერიძე და ნანა დოღონაძე

“მსოფლიო ტალანტები” კვლავ გააგრძელებს ქართველი ნიჭიერი მუსიკოსების მხარდაჭერას. მინდა, რომ არტისტების ახალ თაობას გზა გავუკვალო და წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ეს ჩემი ფონდის ძალიან მნიშვნელოვანი მისიაა” – ამბობს დავით ღვინიანიძე, რომელიც ამას წინათ ფილადელფიაში გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით “ქართული ბრენდის დღე” პრიზით  – “წარმატებული ქართული ბრენდი” დაჯილდოვდა.

____________

მთავარ ფოტოზე: „კარნეგი ჰოლში” გამართული კონცერტის მონაწილეები