რაზე ისაუბრა ესმა გუმბერიძემ გაეროს ტრიბუნიდან

2020 წლის გაზაფხულზე გაეროს შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) პირთა უფლებების კომიტეტი გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ რიგით პირველი ანგარიშის წინასასესიო და პლენარულ განხილვას დაიწყებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი ანგარიშებისა და მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი საქართველოს მიმართ დასკვნით რეკომენდაციებს შეიმუშავებს, ანუ საერთაშორისო ექსპერტების მიერ ქვეყანაში კონვენციის იმპლემენტაციის ხარისხი პირველად შეფასდება. ამ ანგარიშის შედგენაში გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ესმა გუმბერიძის წვლილიცაა.

ესმამ სახალხო დამცველის აპარატის მიერ ამა წლის 15 ოქტომბერს თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე უსინათლოთა განათლების უფლების თაობაზე თბილისშიც ისაუბრა. თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღის აღნიშვნა უსინათლოთა საჭიროებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. პროფესიით იურისტი ესმა შშმ პირთა დამცველია, განსაკუთრებით აქტიურია უსინათლოთა უფლებების დაცვასა და მათი საჭიროებების მოგვარებაში. ესმა ბაღდადში დაიბადა, ცხოვრობდა ქუთაისში, მაგრამ რადგანაც მთელს საქართველოში მხოლოდ ერთი უსინათლოთა სკოლა თბილისშია, ოჯახი რვა წლის ესმასთან ერთად საცხოვრებლად დედაქალაქში გადავიდა.

ესმა გუმბერიძე ტელევიზიით, თბილისში “გავრილოვის ღამის” საპროტესტო აქციების “სირცხვილია” –ზე სიტყვით გამოსვლისას გავიცანი. ისე მოხდა, რომ ზუსტად იმ დღეს იგი თავის წინამორბედთან, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის მაშინდელ წარმომადგენლის ლიკა ტორიკაშვილს შეხვდა. ლიკაც “სირცხვილიას” აქციებზე სიტყვით წარსდგა. შემოდგომაზე კი ესმა, უკვე საქართველოს ახალგაზრდობის ელჩის რანგში საუბრობდა გაეროს 74–ე გენასამბლეის სოციალურ–ეკონომიკური (მესამე კომიტეტის) სხდომაზე, რომელზეც მან გაეროს “უჩინარი” პრობლემაც აღნიშნა და თქვა, რომ “აქამდე, გლობალურ ყურადღებას ან ყველაზე მდიდარი, ან ყველაზე ღარიბი ქვეყნები იმსახურებდნენ. არადა საშუალო შემოსავლის მქონე სახელმწიფოები ხშირად აწყდებიან დამალულ, მაგრამ არანაკლებ სერიოზულ გამოწვევებს. მდგრადი განვითარება და მშვიდობა მოიცავს არა მარტო ინდივიდთა კეთილდღეობას – იგი აგრეთვე აუცილებელია მათი სახელმწიფოებრივი არსებობისთვის”.

გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს ახალგაზრდობის ელჩმა მოგვითხრო თავისი უმცროსი თანაკლასელის, გალელი გოგონას ისტორია, რომელიც, ესმას მსგავსად, თბილისში სასწავლებლად უნდა გადასულიყო, მაგრამ – ოჯახის გარეშე.

“იგი იყო გალიდან, საქართველოს რეგიონის, აფხაზეთის ნაწილიდან, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული. აფხაზეთში არაა სპეციალიზირებული სკოლები უსინათლო ბავშვებისთვის; მათ აგრეთვე არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ განათლება საჯარო სკოლაში მიიღონ… ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ ეთნიკურად ქართველი ახალგაზრდები როდი განიცდიან მათი გადაადგილების უფლების, მშობლიურ ენაზე სწავლის, ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის ან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებების დარღვევას. მათთან ერთად, ამ ყველაფრის გადატანა უწევთ აფხაზ ახალგაზრდებსაც, რომლებთანაც მე ნდობის დამყარების შეხვედრებზე ვისაუბრე”– განაცხადა ესმამ.

„ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტოში არსებობს პროგრამები იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ; თავად გაეროში კი არის ახალგაზრდული პროგრამა, რომელსაც საქართველოში ადრე სპორტის, მერე კი განათლების სამინისტრო კოორდინირებდა, ახლა კი პრემიერ–მინისტრთან შეიქმნა სსიპ-ი, რომლის პროგრამები საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი,” – მიყვება ესმა, – “გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენელი ყველა ქვეყანას არა ჰყავს. ამგვარი პოზიციის არსებობა სახელმწიფო ნებაზეა დამოკიდებული. თემატურ ფორუმებზე იმ ქვეყნებს, რომლებსაც ამგვარი ელჩები არა ჰყავთ, კარიერული დიპლომატები წარმოადგენენ. გაეროში დაახლოებით 40–50 ახალგაზრდობის წარმომადგენელია. მაგალითად, რუსეთს, ჩინეთს, გაერთიანებულ სამეფოს არა ჰყავს ახალგაზრდობის წარმომადგენელი. ჰყავთ ძირითადად საშუალო და მცირე ქვეყნებს: იტალიას, პოლონეთს, რუმინეთს, ბულგარეთს; ბალკანეთში – ალბანეთსა  და სერბეთს;  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან კი მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას.

ესმა გუმბერიძე გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან ერთად

ახალგაზრდობის ელჩობა მოხალისეობრივი პოზიციაა – უნდა იმოგზაურო რეგიონებში, ახალგაზრდების საჭიროებები გაიგო, შეკრიბო ინფორმაცია, მერე კი წარსდგე გაეროს სოციალურ–ეკონომიკური საკითხების კომიტეტზე, რომელსაც თავისი დღის წესრიგი აქვს. იგი შემოდგომის პირველი ორი თვე მუშაობს და მისი თემა ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური განვითარებაა. ზოგად დებატებში მონაწილეობისთვის ხუთწუთიანი რეგლამენტი გეთმობა. თუ გადააჭარბე,  მიკროფონი გეთიშება. მე მიკროფონი გამითიშეს, რადგანაც გაფრთხილებული არ ვიყავი, რომ დრო იწურებოდა. კი, ტაბლოზე რაღაც ციმციმებდა, მაგრამ რადგანაც უსინათლო ვარ, საათს ვერ დავინახავდი. სხვათა შორის, მიკროფონი ახალგაზრდობის ბევრ ელჩს გაუთიშეს, მათ შორის, კარიერულ დილომატებსაც.

  • ეს პოზიცია რომელი წლიდან მოქმედებს და კანდიდატმა შერჩევისას რა ეტაპები უნდა გაიაროს?

საქართველოდან გაეროს ახალგაზრდობის წარმომადგენელი 2012 წლიდან ჰყავს და იგი ერთწლიან მანდატზეა გათვლილი. ასაკობრივი მოთხოვნილებაა 18-დან 25 წლამდე, თუმცა იგი ქვეყნის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. საქართველოში მე მერვე ვარ. სხვათა შორის, ჩემმა წინამორბედმა ლიკა ტორიკაშვილმა, რომელიც ვერმონტში კოლეჯში სწავლობდა, აკადემიური შვებულება იმისთვის აიღო, რომ საქართველოში წასულიყო და რეგიონებში ემოგზაურა.

ამ პოზიციის დასაკავებლად გავიარე სამეტაპიანი კონკურსი, სადაც ოცზე მეტი განმცხადებელი იყო. მანამდე კონკურსში მონაწილეობა სამჯერ მივიღე. პირველ ტურში მოგვეთხოვებოდა სივის, ყოველწლიურად განახლებადი სათაურით ესეისა და სამოქმედო გეგმის ჩაბარება, ანუ ტექსტი იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ერთი წლის განმავლობაში 17 ათასი ლარის ბიუჯეტით. დიახ, არ მოგესმათ: ახალგაზრდობის წარმომადგენლის პროგრამის ბიუჯეტი სწორედ 17 ათასი ლარია. ამ თანხით მან უნდა დაფაროს აშშ–ში ორი ვიზიტი – ერთი გენერალურ ასამბლეაზე და ერთიც – სოციალურ – ეკონომიკური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმზე. მეორე ტურში გავიარეთ გასაუბრება, სადაც გვეკითხებოდნენ მდგრადი განვითარების მიზნების, გაეროსა და საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის, ახალგაზრდობის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ბოლო ეტაპი კი ინგლისურ ენაზე საჯარო გამოსვლაა. წელს შესარჩევ კომისიაში განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები იყვნენ.

  • დოლართან მიმართებაში ლარის ვარდნის პირობებში 17 000 ლარი დაახლოებით ექვსი ათასი დოლარია, რამდენად რეალურია ეს თანხა ვალდებულების შესასრულებლად? ეს ზოგი ქართველი ჩინოვნიკის რესტორანში ერთხელ ვიზიტის მენიუა, ხოლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელფასი თვეში გაორმაგებული 17 000–ია.

ცხადია, არარეალური თანხაა. ამერიკაში ჩამოსვლა–წასვლის ბილეთი 900 ევრო დაჯდა. მაშინაც, როცა ჩემი ნიუ იორკში გამგზავრება გადაწყდა, ფული ჯერ გადმორიცხული არ იყო და ბილეთი ახალგაზრდობის სააგენტომ ვალად ამიღო. ბილეთის აღებაც სწორედ ამ პრობლემის გამო დამიგვიანდა. გარდა ამისა, თუ სხვებს აშშ–ში სამუშაო ვიზიტებისთვის მეტი დრო აქვთ, მე, რახან უცხო ქალაქში ღონისძიებებზე წასასვლელად გამცილებელი მჭირდება, ყოფნის დღეები შემიმცირდა, თუმცა სხვებს გაცილებით მეტი დრო აქვთ ხოლმე. ამ თანხით მე ჩემი მოხალისეების გუნდიც უნდა ჩამოვაყალიბო. მადლობა გაეროში ჩვენი ელჩის მოადგილეს, ელენე აგლაძეს და მადლობა საქართველოს ამერიკელ მეგობრებს – ჯილიან და ბობ ედინსებს, რომლებმაც რამდენიმე დღე შემიფარეს. ამით სასტუმროს ხარჯები დაიზოგა. პრობლემა ისიცაა, რომ ჩვენ გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ გაეროში ახალგაზრდობის ელჩის პოზიცია არ გაუქმდეს.

  • რატომაა ეს პოზიცია მნიშვნელოვანი?

გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენლის პროგრამა თუნდაც იმის გამოა საჭირო, რომ რიგით მოქალაქეს, ახალგაზრდას საშუალებას აძლევს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური სამყაროს მუშაობის პრინციპებში ჩაიხედოს და შემდეგ იქ მიმდინარე მოვლენათა შესახებ, მაგალითად, დებატების თაობაზე, ინფორმაცია საზოგადოებას „ადამიანური ენით“  მიაწოდოს. მინდა ვთქვა, რომ სხვა მისიებთან შედარებით, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ძალიან ღიაა ახალგაზრდობის წარმომადგენლების საქმიანობისადმი და მათ როლს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მაგალითად, უკრაინის ახალგაზრდობის ელჩმა თავისი დრო უკრაინელ კარიერულ დიპლომატს გაუნაწილა, შესაბამისად, სასაუბროდ, სათქმელის მსმენელამდე მისატანად მას უფრო ცოტა დრო ჰქონდა. ჩემგან განსხვავებით მათ არც რუსეთის წარმომადგენლისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა მიეცათ. ახალგაზრდობის რამდენიმე წარმომადგენლის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელის მოწერაც რომ მინდოდა, გაეროში საქართველოს მისიამ ჩემ მიერ ამ დოკუმენტის ხელის მოწერასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ანუ თანხმობა  ბევრ სხვა ახალგაზრდობის ელჩების ქვეყნების მისიებთან შედარებით უფრო სწრაფად მომაწოდა.

წესით, ახალგაზრდობის წარმომადგენელი არაა ვალდებული მხოლოდ ახალგაზრდობის უფლებებზე მსჯელობდეს. შეუძლია შეეხოს ქალთა უფლებებს, ასაკოვანთა უფლებებს, ნებისმიერ სხვა თემას. გაერო წევრ ქვეყნებს ჯერ კიდევ 1980 –იანი წლებიდან მოუწოდებს, რომ თავის დელეგაციებში ახალგაზრდობის ელჩები ჩართონ. თუნდაც იმიტომ, რომ ამგვარი აქტივისტი მოქმედი დიპლომატი არაა, მსოფლიოში გამუდმებით არ მოგზაურობს, ადგილობრივ რეალობას უკეთესად იცნობს და საერთაშორისო დისკუსიებში სუფთა ჰაერი შემოაქვს. დიპლომატების საუბრები, როგორც წესი, ძალიან ზოგადია და წყლის ნაყვას ჰგავს. ახალგაზრდობის წარმომადგენელს კი ხელსაყრელი საშუალება აქვს, რომ ინფორმაცია პირველწყაროდან მოიპოვოს და გაავრცელოს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გენასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის გარდა ახალგაზრდობის წარმომადგენლებს ღონისძიებების ორგანიზება მისიებთან კოორდინაციით შეუძლიათ  და ასევე სხვა ქვეყნების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრებაც. ვესწრებოდი ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა “განათლების უფლება ქალებისა და გოგონებისთვის”, “ღირსეული დასაქმება ახალგაზრდებისთვის”, “დაავადებათა პრევენცია”. გარდა ამისა, შევხვდი გაეროში ანტიგუა და ბარბუდას ელჩს აუბრეი უებსონს, რომელიც უსინათლოა და რომელიც რამდენიმე წელია ამ პოსტზეა. ეს ზოგადად გაკვირვებსაც იწვევს და ამავე დროს  სტიმულიცაა.

ესმა გუბერიძე და აუბრეი უებსონი

  • რუსეთის წარმომადგენელმა რა გიპასუხათ, როცა “რუსეთი” და “ოკუპაცია” ახსენეთ?

როცა ეს სიტყვები ვახსენე, რუსეთის კარიერული დიპლომატი გამომეხმაურა. მან მიმითითა, რომ ეს პლატფორმა პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოვიყენო, რადგანაც ეს სოციალური პლატფორმააო; რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი ქვეყანა და ყველა ის პრობლემა, რომელიც იქ არსებობს, ადამიანის უფლებრივი კუთხით, თურმე  ქართულმა და  აფხაზურმა მხარემ ორმხრივი მოლაპარაკებით უნდა მოაგვაროს. ვუპასუხე, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია, რომ რუსეთს იქ აქვს ეფექტური კონტროლი, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით დასტურდება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და განჩინებით, სადაც პირდაპირ წერია, რომ რუსეთი ამ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს აწარმოებს; რომ სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი იქ არსებულ ჰუმანიტარულ/ სოციალური მდგომარეობაზე; რომ მცოცავი ოკუპაცია და მისგან გამომდინარე პრობლემები ინვესტორებს აფრთხობს. უკრაინის მხრიდან კი რუსეთის ანალოგიურ ბრალდებებს უკრაინის კარიერულმა დიპლომატმა უპასუხა.

  • რა პრინციპზეა დაფუძნებული ანგარიშების მოსმენის თანმიმდევრობა? ალბათ, უფრო დასამახსოვრებელი იქნებოდა, მაგალითად, საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენელთა ანგარიშების ერთად მოსმენა…

არა, თანმიმდევრობა იმისდა მიხედვით ლაგდება, თუ გამოსვლისთვის ვინ როდის დარეგისტრირდება. თემა უნდა ეხებოდეს გლობალურ გამოწვევებს – კლიმატის საკითხებს  და თან შენი ქვეყნის რეალობა უნდა ასახო, ამისთვის კი სულ ხუთი წუთი გაქვს. თან ნერვიულობ, რომ არაფერი გამოგრჩეს, რათა მნიშვნელოვანი თემა დავიწყებას არ მიეცეს. გრეტა თუნბერგმა შეძლო და ყურადღება მიიქცია. 16 წლის აუტიზმის სპექტრის მქონეს, სამშობლოში, შვედეთში ისეთი განათლების მიღების შანსი და სერვისები ჰქონდა, რომ მან უცხო ენის სწავლა მოახერხა. საქართველოში კი 16 წლის მუშა მშენებლობიდან გადმოვარდა და დაიღუპა შრომის უსაფრთხოების წესების არარსებობის გამო.

  • საქართველოში რას საქმიანობთ?

ინტენსიურად ვატარებ ტრენინგებს, მაგალითად, კარიერულ დაგეგმვაზე; კონფერენციებს, რათა უსინათლოების პრობლემები უფრო ხილული გავხადო. ასევე, მოხალისეობრივ საწყისებზე მიმყავს ონლაინ რადიო, რომელიც ორგანიზაცია “ჰელპინგ ჰენდის” [დამხმარე ხელები] ეგიდითაა. ვიწერ ახალგაზრდა მეცნიერებს, შშმ პირებს, სტუდენტებს, ვსაუბრობთ ქალთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობაზე, სექსუალურ შევიწროებაზე, სოციალურ პრობლემებზე. ხანდახან უბრალოდ გარშემო მყოფ ადამიანებს ვესაუბრები და ბევრი პრობლემა სწორედ ამ საუბარში იკვეთება. აი, მაგალითად, მასაჟზე დავდივარ და  მასაჟისტი ქალის პრობლემები ვიცი. იგი დღეში 11 საათი მუშაობს, თვეში 700 ლარი აქვს ხელფასი და წელიწადში მხოლოდ ერთკვირიანი შვებულება. ამას გარდა  მე ვარ ახალგაზრდა ევროპელი ელჩი – რეგიონებში დავდივარ და ევროკავშირის საინფორმაციაო კომპანიის ფარგლებში ვყვები ევროპაზე არსებული ნეგატიური მითების შესახებ, ვამსხვრევ ყალბ წარმოდგენებს და ახალგაზრდებს ვუყვები, თუ რა შესაძლებლობებს იძლევა ევროკავშირი. ანუ ვაწვდი ინფორმაციას, რომელიც ახალგაზრდებს პრაქტიკულად შეიძლება გამოადგეთ. ამ ურთიერთობებში კი ძალიან მარტივად ვიგებ ახალგაზრდების საჭიროებებს. სამწუხაროდ, ელჩად ჩემი შერჩევის შემდეგ გაეროს გენასამბლეამდე რეგიონალური ტურის ჩატარება ვერ მოვასწარი, რადგანაც განათლების სამინისტროდან დანიშვნის პროცედურა გაჭიანურდა და შესაბამისად – თანხის გადმორიცხვაც.

ესმა გუბერიძე მარნეულელ ახალგაზრდებთან

  • როგორია შშმ ქალთა დასაქმების შანსები?

თავად იურისტი ვარ, თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ბაკალავრიატი და ჩემი პროფესიით არა ვარ დასაქმებული. ზოგადად შშმ პირის დასაქმება უფრო გამონაკლისია, ვიდრე  წესი და ძალიან სერიოზული პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ უფრო კაცებს ვიცნობთ დასაქმებულებს, ვიდრე – ქალებს. პარლამენტში არც ერთი შშმ ქალი არა გვყავს, თუმცა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ვიდრე დღემდე სამი შშმ პარლამენტარი მამაკაცი გვყავდა. არც ერთი ქალი არაა თბილისის მუნიციპალიტეტის შშმ უფლებების საბჭოში. საქართველოში სულ 49 მუნიციპალიტეტია და მხოლოდ 16-ის საბჭოში არიან ქალები, როგორც წევრები. პოლიტიკაში ქალების ჩართვა დიდ ფულთანაა დაკავშირებული და ამიტომ ეს შშმ ქალებისთვის, ფაქტობრივად, გამორიცხულია. იყო ზუგდიდის საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატი ივეტა წითაშვილი, მაგრამ ვერ გაიმარჯვა. სამწუხაროდ, სისტემა შშმ პირებს მხოლოდ ბენეფიციარებად აღიქვამს და არა – პროფესიონალებად.

  • სკოლის სახელმძღვანელოები რამდენადაა მორგებული, მაგალითად, უსინათლოთა საჭიროებებზე?

განათლების სამინისტრომ იმის გასარკვევად თუ რამდენადაა სახელმძღვანელოები ადამიანის უფლებებთან შესაბამისობაში, სამი სახელმძღვანელოს წაკითხვა მთხოვა. აქედან მხოლოდ ერთის წაკითხვა შევძელი. სხვები ძალიან არეული შრიფტით იყო და გამხმოვანებელმა პროგრამამ ვერაფერი გაიგო. უსინათლოთა სკოლებში სახელმძღვანელოები მასწავლებელისთვის და ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებისთვის გამოუყენებელია და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.

  • ესმა, რისი იმედი გაქვთ?

იმედი მაქვს, რომ საქართველო რუსეთს არ დაემსგავსება. ცვლილებები ჩვენ ქვეყანაში ძალიან ნელა, მაგრამ მაინც ხდება. ადრე მასწავლებლები სახელმძღვანელოებს ხელით გვიწერდნენ, ახლა ეს ასე არაა. შრომის შედეგი შეიძლება მაშინვე ვერ შევიგრძნოთ, მაგრამ, მჯერა, იგი ცვლილება აუცილებლად მოხდება. მიხარია, რომ ქვეყნის რეფორმირებაში მცირედი წვლილი მეც შემაქვს და ამიტომ საქართველოდან სხვაგან საცხოვრებლად წასვლა არ მინდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი