ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

“ბასიანის” ჩაკრულო და ოდოია ნიუ იორკის „თეთრი სინათლის ფესტივალზე”

“ბასიანის”  ჩაკრულო და ოდოია ნიუ იორკის „თეთრი სინათლის ფესტივალზე”
  • „დახვეწილად გადმოცემული… აკვიატებულად მშვენიერი” – New York Times
  • „არაამქვეყნიური, მომაჯადოვებელი წარმოდგენა ანსამბლისგან „ბასიანი“ – New York Music Daily
  • „თითქმის ფსიქოდელიური სიღრმე უჩვეულო ჰარმონიების, რიტმული ინტენსივობისა და სრული სილამაზის” – Sarasota Herald-Tribune
  • „ამაზე ფართე დიაპაზონი არ არსებობს. ანტიკური ხმებით ანსამბლი ბასიანი” წარადგენს ქართულ სიმღერებს, რომლის საფუძველია ძველი, არაევროპული ტრადიციები“ – Wall Street Journal
  • „ბასიანი“ სპეციალიზდება მამაკაცის უჩვეულო ჰარმონიებზე და ქართულ ვოკალურ მუსიკას აღმაფრთოვანებელსა და სულში ჩამწვდომს ხდის” – Los Angeles Times

ამერიკულმა მედიამ ამ სიტყვებით დაახასიათა საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ “ბასიანის” ამერიკული ტურნე, რომელიც ნიუ იორკში უკვე მეორედ მანჰეტენზე მდებარე ანგლოკათოლიკურ ეპისკოპალურ ეკლესიაში (1868), წმინდა ქალწული მარიამის სახელობის ტაძარში ტარდება. 2016 – ში “ბასიანის” კონცერტი იგორ სტრავინსკისა და ბობ დილანის სცენაზე, ლეგენდარულ Town Hall – ში ჩატარდა და მაშინვე  ქალაქის ერთ–ერთ სტუდიაში ჩაიწერა კიდეც ნოვატორული ალბომი “ვოისა”– ქართული ფოლკლორისა და ჯაზის, ფიუჟენისა და მუსიკის სხვა თანამედროვე მიმდინარეობათა ერთობლიობა.

ანსამბლი „ბასიანი“. ფოტო: ლინკოლნ ცენტრი

წელს, გარდა მსოფლიოს დედაქალაქისა, “ბასიანის” ამერიკულ მარშრუტში სან–ფრანცისკოსა (Cal Performances) და ნიუ ჯერსის (Princeton University Chapel) სცენებიცაა. ქართული ანსამბლი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ბევრს მოგზაურობს. მის მიერ გამოცემული ალბომები ჯამში 300-ზე მეტ ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობის ნიმუშს მოიცავს და CD-ბის სახით მთელ მსოფლიოში  ვრცელდება.

13 ნოემბერს, სიკეთის საერთაშორისო დღეს, ეკლესიის თაღებქვეშ, ნიუ იორკისთვისაც კი ძალიან ადრე დაწყებულ ყინვაში, მანჰეტენზე მეგრული ალილოთი და ბისზე შესრულებული “გაზაფხულით” საგალობლის აკუსტიკის არქიტექტურის ტერიტორიამ განსაკუთრებულად ნაღვლიანი ჯადოსნურობა შეიძინა… ჯვარცმული ქრისტესა და წმინდა მარიამის ქვის სკულპტურებს,  რკინის პატარა და არც ისე პატარა ანგელოზების ფიგურებს, მინის მაღალ ვიტრაჟებს, ალბათ, ასეთი ოვაციები და “ბრავო” იშვიათად გაუგონიათ… ამ ორ ქართულ მელოდიას შორის კი იყო 16 სიმღერა, მათ შორის: “წინწყარო”, “წმინდაო ღმერთო”, “ჩვენ მშვიდობა”, “ხასანბეგურა”, “ვაგიორკო მა” და “განდაგანა” ოდნავი წაცეკვებით. ანსამბლის წევრს, ბათუ ლომინაძეს (ბასი) ვკითხე კიდეც ეკლესიის სცენაზე საცეკვაო მოძრაობების შესახებ. მიპასუხა, რომ ყოველთვის არაა აქვს იმის შეგრძნება, რომ აქ და ამჟამად  ცეკვის ადგილი და დროა. ამ განცდას გარემო და შინაგანი ბიძგი მიქმნისო – მითხრა.

ანსამბლი „ბასიანი“. ფოტო: ლინკოლნ ცენტრი

აშშ–ში “ბასიანის” დებიუტი “ლინკოლნ ცენტრის” მიერ ორგანიზებულ “ძირითადად მოცარტის ფესტივალის” ფარგლებში პირველად 2010 წელს გაიმართა, 2017 და 2019 – ში კი კვლავ “ლინკოლნ ცენტრის”, ოღონდ საშემოდგომო ფესტივალზე სახელად “თეთრი სინათლე”, რომელსაც წელს ათი წელი შეუსრულდა. როგორც ფესტივალის დირექტორი ჯეინ მოსი ამბობს, „თეთრი სინათლე” წარმოდგენს მრავალპროფილიან ფესტივალს იმაზე აქცენტით, თუ როგორ  შეუძლია მუსიკას ჩვენი შინაგანი ცხოვრების ასპექტებს ნათელი მოჰფინოს. მათ შორის, ადამიანის სიყვარულის უნარსა და ერთგულებას. პროგრამაში გახლდათ ვივალდის “გლორია” და ვაგნერის “ტრისტანი და იზოლდა”, ვინსონ მარსალესის “აბისინიური მესა”, ჯეიმს მაკმილანის Stabat Mater-ი, სხვა სამყაროს ფოლკლორული სიმღერები ქართული ანსამბლისგან “ბასიანი”… ცხადია, ბახი, ბრუკნერი, მალერი, შუმანი. პირველად ამგვარი ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ინტერაქტიული ლექცია სახელწოდებით  – “მოდით, ვილაპარაკოთ რელიგიაზე”.

„თეთრი სინათლის ფესტივალისთვის“ შექმნილ პროგრამულ ბროშურაში აშშ–ში მოღვაწე ანსამბლ “სუფრულის” ხელმძღვანელის, მომღერალ კარლ ლინიხის სტატიაცაა საქართველოს ისტორიის ძალიან მოკლე მიმოხილვით და “ბასიანის” სარეპერტუარო თოთოეული სიმღერის ისტორიით, ტექსტით – ქართული სიტყვები ინგლისურად და სტროფების ინგლისურენოვანი თარგმანით. კარლ ლინიხი ქართულ ფოკლორულ სიმღერებს თითქმის 30 წელია მღერის, იგი აშშ–ში  ქართული სიმღერის იშვიათი  გულშემატივარია.

„ქართული  სიმღერა  მსოფლიოს მუსიკალური საგანძურია (შესრულების მანერა UNESCO–ს ძეგლთა სიაშია), რომლითაც აღფრთოვანებული იყო XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი კომპოზიტორი იგორ სტრავინსკი, გამოჩენილი ამერიკელი ეთნომუსიკოსი და ფოლკოროსტი ალან ლომაქსი და  ცნობილი გერმანელი რეჟისორი, მსახიობი და ოპერის დირექტორი ვერნერ ჰერცოგი” – ამბობს კარლ ლინიხი, – “ქართული ფოლკლორი არ ჰგავს  სხვა ტრადიციულ მუსიკას. იგი თავისი უნიკალური მასშტაბითა და ხმის სტრუქტურით განსაკუთრებულია. გამორჩეულია მუსიკალური მოძრაობებით, რომელიც მოულოდნელია, თითქმის – წარმოუდგენელი. ჩვენი დასავლური ყურისთვის იგი შეიძლება მოდერნულად ისმის, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას – ქართულ მუსიკაში მთავარი ისაა, რომ იგი ჩვენ გულებთან, სულებთნ საუბრობს,  ჩვენ გონებას კი  აღაფრთოვანებს და აცბუნებს.”

ანსამბლი „ბასიანი“. ფოტო: ია მერკვილაძე

“ლინკოლნ ცენტრის” უფროსმა მენეჯერმა ჯენი კლაუდერმა ჩვენთან საუბრისას კი შემდეგი აღნიშნა:

“ვფიქრობ, რომ ანსამბლ “ბასიანის” გამოსვლა სენსაციური იყო. ეს იყო მართლა განსხვავებული სხვა ნებისმიერი მუსიკისგან, რომელიც მე ოდესმე მომისმენია.  მე სრულად დავიშოკე. მანამდე არასდროს მომისმენია ტრადიციული ქართული მუსიკა, ამ კონცერტმა მე ბიძგი მომცა იმისთვის, რომ მოვიძიო ქართული სიმღერები და მეტი გავიგო მათ შესახებ.  რასაკვირველია, იმედი მაქვს, რომ ქართულ მუსიკას მომავალშიც მოვუსმენ”.

“ჩვენ ბევრს ვმოგზაურობთ, როგორც ევროპაში, ასევე აზიაში”, – ამბობს “ბასიანის”  ხელმძღვანელი ზურაბ წკრიალაშვილი, – “თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აშშ–ს ტურნესთვის ყოველთვის განსაკუთრებით ვემზადებით. აშშ–ში მეოთხედ ვართ, “ლინკოლ ცენტრის” ეგიდით კი – მესამედ.

ამერიკელი მსმენელი ძალიან ფრთხილი, კრიტიკული, მომზადებულია და ყოველთვის მოუთმენლად გველოდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უძველესი კულტურა ამ, ასე ვთქვათ, ახალ კონტინენტზე წარმოვაჩინოთ. ამერიკელები ძალიან გულთბილად გვიღებენ, აღფრთოვანებას არ მალავენ. მათთვის ჩვენი მუსიკა ეგზოტიკაა, ბევრ კითხვებს გვისვამენ, ბევრი რამ აინტერესებთ, მაგალითად, “კრიმანჭულზე”. მაგრამ ჩვენთვის მთავარი მაინც ისაა, როცა გვეკითხებიან – “ისევ როდის ჩამოხვალთ?”

“ბასიანი” თავის პროგრამას ყოველ წელს განაახლებს. რეპერტუარში, ცხადია, მუდმივი კომპოზიციებიც გვაქვს, მაგალითად, “ჩაკრულო”, “მრავალჟამიერი” და “ხასანბეგურა”, თუმცა მსმენელს, ყოველ ჯერზე, მაგალითად, “ხასანგებურას” სხვა ვარიაციას ვთავაზობთ. ვცდილობთ მრავალფეროვნება შევიტანოთ. რახან აჭარული საფერხულოა, ცეკვის მცირედ ელემენტსაც ვამატებთ. ჩვენი ტურნეები არ იგეგემება მხოლოდ იქ, სადაც ქართული დიასპორაა. ჩვენ საუნივერსიტეტო დარბაზებიც გვეპატიჟებიან, მაგრამ, ცხადია, უზომოდ გვიხარია, როცა კონცერტებზე ქართველები მოდიან. ორი წლის შემდეგ ისევ იგეგმება ჩვენი ამერიკული ტური, მათ შორის, ჩიკაგოში და იმედია, კვლავ შევხვდებით”.

აპლოდისმენტები ანსამბლ „ბასიანს“. ფოტო: ია მერკვილაძე

ბისზე შესრულებულმა “გაზაფხულის“ (ირაკლი ტყვაცირიას პირველი ხმა და ზვიად მიჩილაშვილის მეორე ხმა) შემდეგ რამდენიმე წამით უნაკლო სიმშვიდემ, სიჩუმემ დაასადგურა, აი, ისეთმა, ამოსუნთქვითაც რომ არ გინდა დაარღვიო, რადგანაც გრძნობ, რომ ეს ლევიტაციის დრო იყო… და სიმძიმის ძალა რომ იგრძნო, გვერდით მსხდომ მეგობარს გახედავ, მისი ცრემლები კი მიწას გაბრუნებენ…

კონცერტის დასრულების შემდეგ სცენის მიღმა “მრავალჟამიერი” ისევ იმღერეს… გარეთ კი, ნიუ იორკის ნოემბრის მკაცრი და მსუყე სუსხის მიუხედავად, თითქოს საიდანღაც დები იშხნელების “გაზაფხულის” ხმების ექოც მოიზიდეს და ქალაქის პოლიციის მუდმივად მკივანა მანქანების, მოგრიხინე მეტროს ჭის სახურავებიდან და ცხაურებიდან ამოსულ ოხშივარშიც ნელ – ნელა მიმქრალ ფრაზებს მიაყურებდი: “გაზაფხული მოდის, მართობს. გაზაფხული რა ნაზია, ალმასია, ლამაზია… რა ტურფაა გაზაფხული… ვენაცვლები გაზაფხულსა… რა კარგია გაზაფხული”…