ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

გიორგი გიგაშვილის წარმატებული საკონცერტო დებიუტი ნიუ იორკში

გიორგი გიგაშვილის წარმატებული საკონცერტო დებიუტი ნიუ იორკში

1966 წელს ნიუ იორკში, ზედა მანჰეტენზე, პარკ ავენიუ 680-ზე მდებარე, დღეისათვის კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობა (რომელშიც ადრე გაეროში სსრკ–ის წარმომადგენლობა იყო განთავსებული) ნავთობის მაგნატების შვილმა, მარგარეტ როკფელერმა დანგრევას გადაარჩინა, იყიდა და “ამერიკის საზოგადოებას” (Americas Society) საჩუქრად გადასცა. ამ ორგანიზაციის (1965. დამაარსებელი დეივიდ როკფელერი) მისია გახლდათ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის პოლიტიკურ – ეკონიმიკური, სოციალურ – კულტურული დიალოგისა და სხვადასხვა სახის, მათ შორის, საგანმანათლებლო/სახელოვნებო პროგრამების განვითარება. იგი აშშ–ში კანადის, ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის კულტურის გავრცელების ერთგვარი ცენტრია, რომლის მიზანია აშშ–სა და დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა.

“ამერიკის საზოგადოება” ცნობილია თავისი ხშირი საკონცერტო სერიებითაც, რითაც არა მარტო ამერიკელ, არამედ მთელი მსოფლიოდან უკვე ცნობილ და დამწყებ მუსიკოსებსაც ეხმარება. ისე დაემთხვა, რომ ამა წლის 12 ნოემბერს “ამერიკის საზოგადოებამ” 19 წლის ქართველი პიანისტის, გიორგი გიგაშვილის ამერიკული დიბიუტიცა და დაბადების დღეც ერთად აღნიშნა. თან აღმოჩნდა, რომ გიორგი გიგაშვილი პირველი ქართველია, რომელსაც ამ ისტორიული შენობის საკონცერტო დარბაზმა უმასპინძლა.

პროგრამაში იმ დღეს იყო შოპენის, ლისტის, ხინესტერას, გუარნიერის, ბეთჰოვენისა და პროკოფიევის ნაწარმოებები. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაწარმოებები, საშემსრულებლო ტექნიკის თვალსაზრისით, მარტივ კომპოზიციებს არ წარმოადგენენ, თუმცა გიორგის სკრუპულოზურად ზუსტმა ბგერამ და სუფთა შესრულებამ ისევ ცხადყო, რომ დღეს ქართულ საფორტეპიანო ხელოვნებას ღირსეული ახალი თაობა ჰყავს. ბისზე შესრულებული შოპენის ვალსი (ლა მინორი) კი ამის ცხადი დასტური იყო.

„ – გიორგი ექსტრაორდინალური მუსიკოსია”, – ჩვენთან საუბარში განაცხადა “ამერიკის საზოგადოების” სამუსიკო დირექტორმა, კომპოზიტორმა და დირიჟორმა სებასტიან ზუბიეტამ, “– მე გიორგის შესახებ ესპანეთის ქალაქ ვიგოში მიმდინარე საფორტეპიანო კონკურსის შემდეგ შევიტყვე, ჟიურიში კი ისეთი სახელგანთქმული პიანისტები იყვნენ, როგორებიც არიან მართა არგერიხი და ნელსონ ფრეირი. ჩვენ წელს გიორგი ლათინო – ამერიკული კულტურის კვირეულის ფარგლებში წარვადგინეთ. ნიუ იორკში მისი გამოსვლა მართლაც განსაცვიფრებელი იყო; ტექნიკურად უნაკლო, სავსე ექსპრესიითა და მრავალფეროვნებით. სამწუხაროდ, მე ცოტა რამ ვიცი ქართული კლასიკური სცენის შესახებ, თუ არ ჩავთვლით გია ყანჩელს. მაპატიეთ, რადგანაც ჩემი სამსახური მავალდებულებს ყურადღება უპირატესად ოკეანის აქეთ მხარეს მიმდინარე ამბებზე შევაჩერო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი შთამბეჭდავი გზავნილია იმ პიანისტებისთვის, ვისაც ქართველი პედაგოგები ასწავლიან.

სებასტიან ზუბიეტა და გიორგი გიგაშვილი

  • რატომაა თქვენთვის მნიშვნელოვანი ახალგაზრდების მხარდაჭერა?

პიანისტის კარიერა ძალიან მძიმე სამუშაოა იმისგან დამოუკიდებლად, თუ სად ცხოვრობს არტისტი და ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსები იპოვოს და მათ განვითარებას ხელი შეუწყოს. ამას გარდა “ამერიკის საზოგადოებისთვის” ფრიად აქტუალურია, რომ კლასიკური სფეროს ვარსკვლავები ერთმანეთს გავაცნოთ, მათ შორის, ლათინო – ამერიკულ მუსიკოსებსაც წარვუდგინოთ. ჩვენ გვინდა, რომ კარიერული წინსვლისას მათ გვერდით ვიყოთ. სხვათა შორის, 1975 წელს, სწორედ ჩვენი ორგანიზაციის სცენაზე შედგა დებიუტი ცნობილი ბრაზილიელი პიანისტის, ნელსონ ფრეირისა, რომელიც ვიგოს კონკურსისას გიორგი გიგაშვილის ერთ–ერთი შემრჩევი გახლდათ“.

გიორგი გიგაშვილმა თბილისის 151-ე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე წელს დაამთავრა. მისი სამუსიკო განათლება კი 2007-ში, თბილისის მე–18 სამუსიკო სასწავლებელში დაიწყო. გიორგის ძალიან უყვარს კითხვა და კინო. მისი რჩეულებია ჰოფმანის ,,კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია” და ბულგაკოვის ,,ოსტატი და მარგარიტა”; კინოდან – “შვიდი” და Pulp Fiction. მისი ჰობია ხატვა და მოუცლელობის გამო, მეგობრებთან ერთად დროის გატარებაც.

გიორგი გიგაშვილი

„ჩემმა პედაგოგმა ბელა ფრანგიშვილმა უამრავი საჭირო უნარი შემძინა,” – გვიყვება გიორგი, – „კლავიშთან შეხება, ბგერის მოსმენა, გააზრება. ამ ყველაფერს მოგვიანებით მივხვდი. 2014 წელს ,,ნიჭიერთა ათწლედში” გადავედი, თავიდან პედაგოგ ლალი რჩეულიშვილთან, ერთი წლის მერე კი, მის მეუღლესთან, ემერიტუს რევაზ თავაძესთან, რომლისგანაც ვისწავლე ყველაფერი მუსიკასა და იმაზეც, რაც მუსიკის მიღმა არსებობს. მან მასწავლა, როგორი უნდა იყოს პიანისტი, როგორი ვარ თავად მე და ძალიან ბევრ კითხვაზე შემაძლებინა პასუხის გაცემა. 2019 წლის ზაფხულში კი ჩავირიცხე თბილისის კონსერვატორიაში, სადაც თავს ძალიან ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ.

  • პროგრამა ნიუ იორკისთვის როგორ შეარჩიეთ?

ნიუ იორკის კონცერტისთვის პროგრამა ჩემი შერჩეულია, რაშიც ჩემი პროფესორი რევაზ თავაძე დამეხმარა. პირველი განყოფილებისთვის ავარჩიეთ უფრო ,,სასიამოვნო” მუსიკა, რომელსაც დავუმატეთ ორი სამხრეთ – ამერიკელი კომპოზიტორის ნაწარმოები: ხინასტერა და გუარნერი, რამაც პროგრამას თავისებური სიცხარე შესძინა. მეორე განყოფილებაში კი ორი სონატა (ბეთჰოვენის 30 –ე და პროკოფიევის მეშვიდე) შევასრულე. ეს ორი სონატა თითქოს აპოკალიფსის იდეას გადმოსცემს. პირველში აპოკალიფსი და ადამიანი ჟღერს, მეორეში კი – აპოკალიფსი და მსოფლიოს ნგრევა. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ეს მსმენელისთვის საინტერესო იქნებოდა.

  • როგორია თქვენი საერთაშორისო კონკურსების ნუსხა?

საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა 2012 წლიდან დავიწყე და პარალელურად თბილისის საქალაქო კონკურსებზეც გამოვდიოდი. დედაქალაქის მერიის მიერ გამართულ ყოველწლიურ კონკურსზე პირველი პრემია ორჯერ ავიღე; ერთხელ კი – პრიზი ,,კლასიკური სონატის საუკეთესო შესრულებისთვის”.

შემდეგ წარმატებას საქართველოს ფარგლებს გარეთ ბევრ კონკურსზე მივაღწიე და გავხდი ლაურეატი: ნიუ იორკში, გერშვინის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე; ნარვაში, შოპენის სახელობის ახალგაზრდა პიანისტების საერთაშორისო კონკურსზე; ლორეტ დე მარიში, კონკურსზე Fiestalonia Milenio და ა.შ. მაგრამ ჩემი მთავარი გამარჯვებები 2017 წელს დაიწყო: თბილისის საერთაშორისო კონკურსზე მეორე პრემია ავიღე, 2019 წლის აპრილში ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ კონკურსზე ვარსკვლავური ჟიურის ვარსკვლავმა, მართა არგერიხმა პირველი პრემია გადმომცა, ხოლო ნელსონ ფრეირემ – თავისი სპეციალური ჯილდო, რომელიც გახლავთ 2020–ის ზაფხულში დაგეგმილი კონცერტი ბრაზილიაში, სან-პაულოს თეატრში. 2019 წელს ბუზონის საერთაშორისო კონკურსზე მესამე პრემია და მსმენელის სიმპათიის ჯილდო დავიმსახურე.

გიორგი გიგაშვილი

12 ნოემბერს კი ნიუ იორკში, მანჰეტენის ცენტრში ვიგოში მოგებული პრიზის წყალობით აღმოვჩნდი, რამაც ძალიან გამახარა იმიტომ, რომ ნიუ იორკი არის ადგილი, სადაც თავს ვგრძნობ, რომ ვარ ნამდვილი მე, გიორგი. ასეთია ეს ქალაქი და რაც მთავარია, აქ არის მუსიკა… ეს ქალაქია, სადაც ხალხი მუსიკას აღიქვამს, ისე, როგორც დაიწერა და არა ისე, როგორადაც შესრულდა. ამიტომ აქ იმის შესაძლებლობა მაქვს, რომ მაქსიმალურად ვიყო ჩემი თავი. იმედი მაქვს, რომ მსმენელის აღფრთოვანებიდან გამომდინარე, კიდევ აუცილებლად შევხვდებით, ხოლო მომავალში ჩემ ოცნებასაც ავისრულებ და “კარნეგი ჰოლში” დავუკრავ.

გიორგი გიგაშვილი