ახალი ამბებიბლოგები

გოგო იძულებითი ქორწინებისგან თავის დასაღწევად სახლიდან გაიქცა – საფარი

23.12.2019 |
გოგო იძულებითი ქორწინებისგან თავის დასაღწევად სახლიდან გაიქცა – საფარი

„ოჯახი უკვე თანახმა იყო, საქმე ნიშნობამდე იყო მისული. მას ეს არ უნდოდა, მივიდა მასწავლებელთან დახმარებისთვის, რადგან, როგორც წესი, რეგიონებში, გოგოებს შიში აქვთ, რომ პოლიციელები მათ არ მიხედავენ“, – ასე გვიყვება თოზუ გულმამედოვა არასრულწლოვანი გოგოს ისტორიას, რომელიც ნაადრევი ქორწინებისგან თავის დასაღწევად სახლიდან გაიქცა.

გულმამედოვა ამბობს, რომ გოგო ერთ-ერთ რეგიონის სკოლის მოსწავლე იყო, დაახლოებით, 16-17 წლის, კაცი კი -მასზე დიდი. მისი თქმით, გოგოს ოჯახი ნიშნობას რამდენიმე ხნით ადრე გეგმავდა, გოგომ კი იძულებითი ქორწინებისგან თავის დასაღწევად ჯერ მასწავლებელს მიმართა, შემდეგ კი- „საფარის“.

“საფარიმ” მას იურიდიული დახმარება გაუწია, რის შემდეგაც გოგო თავშესაფარში გადაიყვანეს.

„ახლა ეს გოგო თავშესაფარშია და იქ ძალიან კარგად გრძნობს თავს“, – ამატებს თოზუ გულმამედოვა ნეტგაზეთთან საუბარში. მისივე ინფორმაციით, შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმირებულია სამართალდამცავი ორგანოებიც, გამოძიება კი ქორწინების იძულების [სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლი] მუხლით მიმდინარეობს.

საქართველოში ადრეული ქორწინების პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია. მაგალითად, სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2018 წელს მშობლად დარეგისტრირდა 715 არასრულწლოვანი დედა, არასრულწლოვან მამათა ოდენობა 23 იყო.

ამასთანავე, როგორც ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, ამავე წელს ადრეული ქორწინების 115 შემთხვევა იქნა შესწავლილი, მაშინ, როდესაც ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზით სკოლა გაცილებით მეტმა პირმა მიატოვა