ახალი ამბები,ბლოგები |

გულზე შემოგეყრებათ, ისეა შესრულებული – კალაძე მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციაზე

25.12.2019 | 2105 |
გულზე შემოგეყრებათ, ისეა შესრულებული – კალაძე მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია უკამყოფილოა რეაბილიტირებული ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდების გზის საფარით. კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერიის შესაბამის სამსახურს კონტრაქტორი კომპანიის დაბარება და გზის საფარის ხელახლა დაგება კომპანიის ხარჯებითვე მოსთხოვა.

„მინდა შევეხო მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის სარებილიტაციო სამუშაოებს, აქ რამდენიმე დღის წინ დამთავრდა გზის მოწყობითი სამუშაოები და რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიყავით, დავათვალიერეთ სამუშაოები.

დღეს ისეთი დღეა, არ მინდა ჩხუბი და ამ თემაზე  ყურადღების გამახვილება. გულზე შემოგეყრებათ, ისე არის სამუშაოები შესრულებული, გაანსაკუთრებით- საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში. ამიტომ, მშვიდად, ყოველგვარი აღელვების გარეშე დაიბარეთ კომპანია დღესვე და საგზაო ინფრასტრუქტურა ან საგზაო სამუშაოები თავიდან განახორციელოს“ ,- ამბობს კახა კალაძე.

მისივე თქმით, გზა უხარისხოდაა დაგებული, შესაბამისად, ის მოთხოვს, რომ კომპანიამ „თავისივე ხარჯებით აანაზღაუროს ყველაფერი, ააფრეზინეთ [აფრეზვა – ბეტონის საფარის აღება] და თავიდან გააკეთონ ნორმალური საფარი, როგორც განვითარებულ ქალაქებშია“.

მერიამ ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდების, ასევე, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის 20 მარტს დაიწყო.

რეაბილიტაციის პროექტს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებდა, სამუშაოები კი ითვალისწინებდა, მათ შორის, ხიდების განაპირა ბურჯებისა და თაღის მალის ნაშენის ქვის, ასევე, აგურის წყობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს, ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის მოწყობას, გარეგანათების სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და ზაარბრიუკენის ხიდის მოაჯირების რესტავრაციას.

მერია ამბობდა, რომ ამ პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარამდეა.