ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან | |

ეკლესია, პანდემია და სახელმწიფო – როგორ გადაწყდა საკითხი ავსტრიაში

20.04.2020 | 793 |
ეკლესია, პანდემია და სახელმწიფო – როგორ გადაწყდა საკითხი ავსტრიაში

სოფიო გოზალიშვილი ვენაში ცხოვრობს და ვენის უნივერსიტეტის კათოლიკური თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია.

  • ავსტრიაში როდის და როგორი სახელმწიფო გზავნილით/ბრძანებით მოხდა ეკლესიების დახურვა  და როგორი იყო მრევლის რეაქცია?

Covid-19 გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ზომების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება მედია საშუალებებით ეტაპობრივად მოხდა. უშუალოდ შეზღუდვები დაიწყო 10 მარტიდან, 16 მარტიდან კი ავსტრიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რელიგიური საკრებულოების წარმომადგენლებთან შეხვედრა, საუბარი მოხდა 13 მარტს კანცლერის ოფისში და შეთანხმების შედეგად, 16 მარტიდან რიგი შეზღუდვები დაწესდა. ვენის საეპარქიოს დადგენილება შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. რამდენადაც ყველა სახის თავყრილობა (როგორც ჩაკეტილ, ასევე ღია სივრცეში) ვირუსის გავრცელების დიდი რისკის შემცველია – უქმდება.
  2. ღვთისმსახურება განხორციელდება მორწმუნეთა ფიზიკური დასწრების გარეშე. თუმცა ეკლესია არ წყვეტს ლოცვასა და წირვის აღვლენას. მორწმუნეები მოწოდებულნი არიან მედია, პირდაპირი ტრანსალაციის საშუალებით სახლიდან მიიღონ მონაწილეობა.
  3. ნათლობის, ქორწინების და ა.შ. აღნიშვნა გადავადებულია.
  4. დაკრძალვა დაშვებულია მხოლოდ პატარა ჯგუფის თანამონაწილეობით, საეკლესიო ლიტურგიის გარეშე.
  5. სხვა სახის შეკრებები (ბიბლიის, ახალგაზრდების, ზიარების მოსამზადებელი და სხვა სახის ჯგუფური შეხვედრები) გაუქმებულია.
  6. ეკლესიები პირადი ლოცვისათვის (ტაძარში მხოლოდ ერთი ადამიანი ლოცულობს) დღის განმავლობაში რჩება ღია.

ჩემდა გასაკვირად, საეკლესიო ცხოვრება ლოცვის ახალ სტილზე საკმაოდ სწრაფად გადაერთო. კათოლიკური სტუდენტური საკრებულოს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ყოველდღიური წირვა თუ სხვადასხვა შეხვედრები ლოცვით, ბიბლიის ჯგუფებში, კომპიუტერული პროგრამების საშუალებით (ZOOM, Skype, Facebook) კვლავაც გაგრძელდა, ცხადია სახეცვლილი, თუმცაღა ჩვეული ფორმატით.

[green_box]ეკლესია და კორონავირუსი – გერმანიის მაგალითი[/green_box]

  • როგორ დაახასიათებდით საერო და რელიგიური ძალაუფლების ურთიერთმიმართებას ავსტრიაში და როგორ ხდება მისი რეგულირება?

ბოლო კვირებში გამოჩნდა, რომ სამოქმედო სფეროების საზღვრები ორივე მხარისთვის აშკარაა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება ამა თუ იმ საკითხში აქვს მას, ვინც  უფრო კომპეტენტურია.

  • როგორ ფიქრობთ, რაზე იყო დამოკიდებული  ეპიდემიაზე რეაქციის ოპერატიულობა და რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს საეკლესიო ელიტის/მრევლის განათლების/ფანატიზმის საკითხი?

ვფიქრობ, გამოწვევის წინაშე აღმოჩენისას სათანადო რეაქციის მოხდენისათვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ინფორმაციაზე (ვირუსის რაობა, გავრცელების მასშტაბები და. ა.შ.) ხელმისაწვდომობა, შემდეგ უკვე საკუთარ ქვეყანაში არსებული რესურსებისა და შესაძლო საფრთხის ურთიერთმიმართების ობიექტური შეფასება. ჩემი დაკვირვებით, სწორედ, ამ ორი „ცვლადის“ მნიშვნელობა იყო ავსტრიის ხელისუფლებისათვის გადამწყვეტი. რეაქციის ოპერატიულობას არ განსაზღვრავს მრევლის განათლება/ფანატიზმი, თუმცა იგი მიღებული ზომების შესრულების ხარისხზე ახდენს გავლენას. მრევლის განათლება მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როდესაც გადაწყვეტის მიმღებნი (ხელისუფლება და ეკლესია) ურთიერთსაწინააღმდეგო მოწოდებებს აკეთებენ (ისე როგორც საქართველოში).

[green_box]როგორ ხვდებიან პანდემიის დროს აღდგომას მართლმადიდებლები საბერძნეთში – ინტერვიუ[/green_box]

  • თქვენი დაკვირვებით, პრობლემაზე რეაგირეგირების სიჯანსაღეზე ქვეყნის წყობას ჰქონდა მნიშვნელობა?

ასე ცალსახად ვერ ვიტყოდი. ანუ სხვა წყობა რომ ყოფილიყო სხვა შედეგი იქნებოდა?! ვფიქრობ, თავად პოლიტიკური წყობის ხარისხია მნიშვნელოვანი. ყოველი შემთხვევისთვის, ქვეყანაში არსებულ წყობას რეაგირების სიჯანსაღის მთავარ საზომად არ მივიჩნევ. მსგავსი პრობლემა აპრილის დასაწყისში აშშ-შიც შეიქმნა (კონკრეტულად ეკლესიის Solid Rock Church of God–ის საკრებულოში).  პოსტსაბჭოური ეპოქა და ზოგადად ქვეყნის წარსული სწორედაც რომ მნიშვნელოვანია აწყმოს ასახსნელად/გასაგებად.

[green_box]ჯიპებმა სამღვდელოების დიდი ნაწილის სიდუხჭირე მიჩქმალა – დეკანოზი ილია ჭიღლაძე[/green_box]

  • როგორ ფიქრობთ, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა  ეკლესია ბიუჯეტიდან და როგორია თქვენთვის იდეალური ეკლესია?

დაფინანსება /არ დაფინანსების საკითხი წარმოადგენს ურთიერთობის დარეგულირების პრაქტიკულ მხარეს. ოპტიმალური, სასიკეთო გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია დიალოგის მეშვეობით. გააჩნია რამდენად არის ეკლესია ჩართული ქვეყნის კულტურულ-სოციალურ ცხოვრებაში. იმის გათვალისწინებით, რომ, იგი არა მარტო ჩართულია საზოგადოების ცხოვრებაში, არამედ მისი მიზანია ემსახუროს საზოგადოების კეთილდღეობას, ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა (დაფინანსება) საჭიროა. თუმცა საქართველოს შემთხვევაში ეს საკითხი ასე ცალსახა არ არის და დასარეგულირებელია.

იდეალური ეკლესიაა ის, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი როლი და დანიშნულება როგორც ქვეყნის, ასევე ადამიანის ცხოვრებაში; ასევე, საკუთარი რესურსები ადამიანის ადამიანად, პიროვნებად/სუბიექტად (და არა ობიექტად) ჩამოყალიბების საქმეში და ეს რესურსები ადამიანისკენ აქვს მიმართული.

[green_box]დაკეტილი ეკლესიების ქველმოქმედება იტალიაში პანდემიის დროს – ინტერვიუ[/green_box]