ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან | | |

მუსიკა ქველმოქმედებისთვის და კლიპი, რომელშიც გაეროს ელჩები მღერიან

26.04.2020 | 572 |
მუსიკა ქველმოქმედებისთვის და კლიპი, რომელშიც გაეროს ელჩები მღერიან

 1747 წელს გეორგ ჰენდელმა დაწერა Foundling Hospital Anthem [მიტოვებული ბავშვის საავადმყოფოს ჰიმნი], რომლის შესრულებასაც ლონდონში არსებული მიტოვებული ბავშვებისა და ობლების საქველმოქმედო საავადმყოფოსთვის თანხა უნდა შეეგროვებინა. მას მერე კლასიკური მუსიკის შემსრულებლები, როკ/პოპ/ჯაზ მუსიკოსები, ცნობილი თუ არც ისე ცნობილი არტისტები და მედიაპერსონები საქველმოქმედო კონცერტების თუ სოციალური რეკლამის ორგანიზებით სტიქიით, შიმშილით, ომით თუ სხვა კატაკლიზმებით დაზარალებულ ადამიანებისთვის თანხას აგროვებენ. ხელოვანები ასევე აქტიურად მონაწილეობენ სოციალურ პროექტებში, იქნება ეს ქალთა უფლებების დაცვა, ეკოსისტემის გადარჩენა, ანტიბულინგური კამპანია თუ დაავადებულთა [ლეიკემია, შიდსი და სხვა] მხარდაჭერის ფონდის დაფუძნება.

გლობალიზაციამ და ინტერნეტმა ამგვარ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ აქტივობებში ჩართულობა უფრო ოპერატიული და მასშტაბური გახადა. ამავე დროს მათში მონაწილეობა შესაძლებელი გახდა ინდივიდუალურად – „ჰეშთეგებით”, “იუტუბით”, “ზუმით” თუ “ფეისბუკლაივის” ჩართვით.

ჩემი თაობის ადამიანებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ჰუმანიტარული აქცია გახლდათ გაერთიანებული სამეფოს მუსიკოსების მიერ ინიცირებული კონცერტი სახელწოდებით Live Aid [“ცოცხალი დახმარება”- 1985], რომლის მიზანი ეთიოპელების შიმშილისგან ხსნა იყო და რომელმაც 125 მილიონი დოლარის მობილიზება შესძლო. იმავე წელს კი ამერიკელი პოპმომღერლების მიერ დაწერილმა და შესრულებულმა სინგლმა We Are the World [„აშშ აფრიკას”] 63 მილიონი დოლარი შეაგროვა.

„We Are the World“

კლასიკური მუსიკის მემატიანე ინახავს მოგონებებს ძალიან წარმატებულ პროექტზე “სამი ტენორი” [1990], რომლის იდეა „ლეიკემიით დაავადებულთა საერთაშორისო ფონდისთვის“ თანხის მობილიზება იყო და რომელიც ყოველ კონცერტზე ნახევარ მილიონ დოლარს აგროვებდა.

სამი ტენორი

ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული, საქველმოქმედო, სოციალური გზავნილის შემცველი აქციები, კონცერტები, კლიპები თუ ფლეშმობები თანამედროვე სამყაროს ინფორმირებულობისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და არც ისე რთულად დასამზადებელი საშუალება აღმოჩნდა, იქნება ეს „მწვანეთა“ თუ Metoo მოძრაობის “მესიჯბოქსები”.

დღეს არაა აუცილებელი ტელევიზორს უყურო ან რადიოს უსმინო იმისთვის, რომ გაიგო სად, რა პრობლემაა მეინსტრიმული. ამისთვის საკმარისია სოციალური მედიის, იუტუბის მომხმარებელი იყო. ამავე დროს თავადაც შეგიძლია იყო არა მხოლოდ ინფორმაციის პასიური მომხმარებელი, არამედ პრობლემის აქტუალიზირების ინიციატორი მყისიერად გახდე და ამით მის გადაწყვეტას შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყო. ამისთვის კი არაერთი უფასო (ან ფასიანი) ინტრენეტ რესურსი არსებობს, მაგალითად, ხელმოწერებისთვის – change.org, თანხის შეგროვებისთვის– gofundme.org. ანდა ფეისბუკზე შექმნა “ივენთი” ან ჯგუფი, სადაც სახლიდან დაუსვლელად თუ ტელეფონზე “ჩამოკიდების” გარეშე ოპერატიულად გეგმავ ღონისძიებასაც და თანხასაც რიცხავ/აგროვებ.

„მუსიკის საშუალებით, რომელიც პირდაპირ ეთერში ტრანსლირდება და მთელს მსოფლიოში მილიონებით ჩაჭიდულ ხელს აერთიანებს, ჩვენ მოვეხვევით დაჭრილი დედამიწის მფეთქავ გულს, ამ მსოფლიოს ლამაზ შემოქმედს, რომელიც იტალიური სიამაყის მიზეზია”– თქვა ნდრეა ბოჩელიმ, რომელიც “ბოჩელის ფონდის” საშუალებით იტალიის საავადმყოფოებს სამედიცინო აპარატურის შეძენაში ეხმარება. კათოლიკური აღდგომის დღეს მან მილანის საკათედრო ტაძარში “ავე მარია”, “სანტა მარია” და ჯონ ნიუტონის “გასაოცარი მადლი” კონცერტზე “მუსიკა იმედისთვის” ცარიელ დარბაზში იმღერა. დღეის მონაცემებით იტალიაში კორონავირუსმა 26 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ანდრეა ბოჩელი

იმისდა მიუხედავად, რომ კორონაპანდემიამ ადამიანები დიდი ხნით სახლებში გამოკეტა და, ფაქტობრივად, მაქსიმალურად შეზღუდა არა მარტო შეკრებისა და გამოხატვის, განათლების სრულფასოვნად მიღების თუ შემოქმედებითი უფლებები (ფოტო/თეატრალური/კინოინდუსტრია, მუზეუმები, გალერეები და ა.შ.), ადამიანთა ფიზიკური/სოციალური დინამიზმიც მინიმუმადე დაიყვანა, მაგრამ რასაც ვერაფერი დააკლო, ესაა მოყვასის თუ უცხოს, სხვათა დახმარების მოტივაცია და უნარი. ამის მაგალითია ორგანიზაცია Global Cityzen-თან თანამშრომლობით ლედი გაგას მიერ ორგანიზებული ვირტუალური კონცერტი „ერთი სამყარო: ერთად სახლში“, რომელიც აშშ–ის ტელევიზიებმა „პრაიმ თაიმში“ აჩვენეს, ცხადია ამას ონლაინ მედია ტრანსლაციებიც დაემატა.

„ერთი სამყარო: ერთად სახლში“

პოლ მაკარტნის, ელტონ ჯონის, „როლინგ სთოუნის” და სხვების საშუალებით შეგროვდა 128 მილიონი დოლარი, რომელიც კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობისა და ვაქცინის შემუშავებისთვის დაიხარჯება. საიდუმლოს არ გავცემ თუ ვიტყვი, რომ ვარსკვლავების ამ პერფორმანსმა შეიძლება გაგაწბილოთ. შეიძლება კი არა, მოლოდინებს ნამდვილად გაგიცრუებთ, მაგრამ, დამეთანხმეთ, ამ აქციის მიზანი სულაც არაა საშემსრულებლო ხელოვნების მაღალი სტანდარტების დემონსტრირება, არამედ, პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობითაც სიცოცხლის გადარჩენა. Covid-19–მა მთელ მსოფლიოში  196 000 ადამიანი უკვე შეიწირა… დაინფიცირებულებს უკვე აღარც ვითვლით, ისინი ცოცხლები არიან. ვიცით, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გარდაცვლილების საერთო რაოდენობაზე მეტია, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია.

ძალიან კონკრეტული გზავნილების სოციაური მესიჯების კლიპები ჰოლივუდის მსახიობებმაც გაავრცელეს. ნიუ იორკი სიკვდილიანობით არა მარტო აშშ–ის, არამედ მსოფლიოს ეპიცენტრი და “ანტილიდერი” გახდა. სახლში დარჩენისა და სოცდისტანცირების 24/7 საათიანი მოწოდების მიუხედავად, სასიკვდილო ვირუსის საფრთხე, სამწუხაროდ, ბევრმა ჯეროვნად არ თუ ვერ გააცნობიერა. “ჩვენ ყველას გვჭირდება დავრჩეთ სახლში, შევწყვიტოთ ვირუსის გავრცელება. ამის გაკეთება კი მხოლოდ ერთად შეგვიძლია და არა მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად, არამედ ყველა იმ ასაკოვანი ადამიანის, რომელიც თქვენ გიყვართ. გთხოვთ. მე გხედავთ თქვენ” – მოგვმართა რობერტ დე ნირომ. სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს დენი დე ვიტომ და ბენ სტილერმაც, რომლებიც ნიუ იორკის შტატის გუბერნატორ ანდრიუ კუომოს ეხმარებიან.

ჰოლივუდისა და ამერიკის პოპვარსკვლავები მილიონობით დოლარით ეხმარებიან კორონავირუსით დაზარალებულებს, ზოგი ფულს სამეცნიერო ინსტიტუციებს ურიცხავს, ზოგი – შეჭირვებულებს ბინის ქირას უხდის, ზოგი ციხეებს პირბადეებით ამარაგებს, მაგალითად, მადონა. ნიუ იორკში, განსაკუთრებით კი მანჰეტენზე უკვე თვეზე მეტია, რაც საღამოს შვიდ საათზე ადამიანები ფანჯრებიდან, აივნებიდან თუ სახურავებიდან ტაშს უკრავენ, სტვენენ, ქვაბებზე არახუნებენ… ერთი სიტყვით დადუმებულ ქალაქში, სადაც მხოლოდ სასწრაფოების სირენა ისმის, სახლში ჩაკეტილები ამდაგვარად მხარს უჭერენ და აგულიანებენ სამედიცინო პერსონალს და იმათ, ვინც კორონასთან ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზეა… ნიუ იორკში პირველი მარტიდან ვიდრე დღემდე კორონამ 16 ათასზე მეტი შეიწირა…

***

მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად ქართულ ინტერნეტშიც გაჩნდა კორონაპანდემიის თემასთან დაკავშირებული არაერთი კლიპი, მათ შორის ჯგუფ “ბათუმელების” ჩანაწერი მოწოდებით – #დარჩისახლში, მაგრამ ამ კლიპმა რატომღაც ყურადღება დიდად არ მიიპყრო. არადა იგი უფრო კრეატიული და აქცენტირებულია, ვიდრე ქართული “ესტრადის” წარმომადგენლების პროდუქტი, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული, არაკორექტული ფორმის გახლდათ და, პირადად ჩემთვის, სრულიად უგემოვნო და უკონტექსტო. შედეგი კი ასეთი იყო – მან თავისი შექმნის მიზნის საპირისპირო ეფექტი გამოიწვია. შეიძლება ითქვას, რომ იგი ქრესტომათიული მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს სოციალური შინაარსის შემცველი გზავნილი.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გაჩნდა გაეროს მოქმედი და ყოფილი ელჩების მიერ ჩაწერილი კლიპი „განვკურნოთ მსოფლიო“, რომელშიც 26 დიპლომატთან ერთად მაიკლ ჯექსონის ამ სიმღერას გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძეც მღერის.

კადრი გაეროს მიერ მომზადებული კლიპიდან

„ამ კლიპის ჩაწერა გაეროში რუმინეთის ყოფილი ელჩის სიმონა მიკულესკუს იდეა იყო. რამდენიმე დღის წინ მან თავისი ინიციატივის შესახებ ყველას აცნობა. თუმცაღა მხოლოდ 26 – ნი გამოვეხმაურეთ. სხვათა შორის, ამ ელჩებიდან ოთხნი, სიმონას ჩათვლით, სხვადასხვა დროს საქართველოს სტუმრობდნენ. სიმღერა ყველამ ჩვენ სახლებში ჩავწერეთ და დასამონტაჟებლად მას გავუგზავნეთ. ექვსი–შვიდი წლის წინათ, სიმონამ სხვა ელჩებთან ერთად ჩაწერა რამდენიმე სიმღერა, რომელიც გაეროს დღეს ეძღვნებოდა. CD– ზე გადატანილი სიმღერები საქველმოქმედო მიზნებისთვის გაიყიდა. მერე შეიქმნა როკ-ჯგუფი UN Rocks, სადაც სიმონა წამყვანი მომღერალი იყო. ერთი პერიოდი ამ ბენდში გაეროში აშშ–ის ყოფილი ელჩი სამანტა პაუერიც მღეროდა. მერე კი ბენდი დაიშალა. ამას წინათ კი კორონაპანდემიასთან ბრძოლის პათოსით სიმონა მიკულესკუმ ადამიანების მორალური მხარდაჭერის იდეა შემოგვთავაზა. მართალი გითხრათ, ამ კლიპში ჩემი მონაწილეობის მთავარი მოტივი კი მაინც ის გახლდათ, რომ მხარდაჭერის პოსტერზე სიტყვების ქართულად დაწერის შანსი მომეცა“  – განაცხადა კახა იმნაძემ.

კახა იმნაძე